დღეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა სიღარიბის 2025 წლის მაჩვენებელი, რომელიც 7.1 პროცენტამდე შემცირდა. ეს ნიშნავს, რომ 2025 წელს, 7.5%-იანი ეკონომიკური ზრდის ფონზე, სიღარიბე 90 ათასმა ჩვენმა თანამოქალაქემ დაძლია, — ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, 2020 წლის შემდეგ, საქართველოში სიღარიბე ზუსტად სამჯერ — 21.3 პროცენტიდან 7.1%-მდე შემცირდა.

"ამ 5 წლის განმავლობაში, სიღარიბის საშუალო წლიურმა კლებამ 2.84 პროცენტული პუნქტი შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ 2012 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა 1,120,000-ზე მეტი ჩვენი თანამოქალაქე ცხოვრობდა, 2025 წელს კი ეს მაჩვენებელი 280 ათასს ჩამოცდა.

ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ეროვნული ამოცანა საქართველოში სიღარიბის სრულად აღმოფხვრაა. ვიდრე 280 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე ჯერ კიდევ სიღარიბის ზღვარს მიღმა ცხოვრობს, ბუნებრივია, ჩვენ არ გვაქვს ყურადღების მოდუნების უფლება", — აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.