"რაღაც მოდის" — რა იციან მეცნიერებმა პოტენციური "სუპერ" ელ-ნინიოს შესახებ
ფოტო: რენდი ოლსონი, National Geographic
აშშ-ის ოკეანური და ატმოსფერული ადმინისტრაცია (NOAA) ამბობს, რომ ივლისისთვის ელ-ნინიოს განვითარების ალბათობა დაახლოებით 80%-ია. ეკვატორული წყნარი ოკეანის ელ-ნინიოს საკვანძო ზონებში ზღვის ტემპერატურა სწრაფად იზრდება, ხოლო ზედაპირის ქვეშ გროვდება უჩვეულოდ თბილი წყლის უზარმაზარი მასა.
რა არის ელ-ნინიო?
ელ-ნინიო (El Niño) — გრძელვადიანი ფენომენი, რომელიც დაახლოებით ყოველ ორ-შვიდ წელიწადში ერთხელ ვლინდება — ცნობილია იმით, რომ ცვლის დედამიწის ატმოსფეროში ტენის ნაკადებს, რაც ზოგიერთ ადგილას გვალვას, ზოგიერთ ადგილას კი ძლიერ ნალექებს იწვევს. წარსულში ელ-ნინიო უკავშირდებოდა სუსტ მუსონებს, მშრალ სეზონებსა და მოსავლის ჩავარდნას. მაგრამ მეცნიერები ამბობენ, რომ ამინდის ეს მოდელი ასევე შეიძლება გაუთვალისწინებელი იყოს — ნალექების საერთო რაოდენობა შემცირდეს, მაგრამ უფრო ექსტრემალური წვიმის მოვლენები გახშირდეს.
ჩვეულებრივ, წყნარ ოკეანეზე ძლიერი ქარები უბერავს აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ — ანუ სამხრეთ ამერიკიდან აზიისკენ. ეს ქარები ზედაპირის თბილ წყალს აზიის მხარეს აგროვებს და სამხრეთ ამერიკის სანაპიროზე ცივი, ღრმა წყალი ზედაპირზე ამოაქვს.
ელ-ნინიო იწყება მაშინ, როდესაც ეს ქარები სუსტდება.
ქარების შესუსტებისას თბილი წყალი უკან მოდის — ოკეანის ცენტრისა და აღმოსავლეთ ნაწილის ზედაპირი უჩვეულოდ თბება. ეს კი ატმოსფეროს ცვლის: სადაც ადრე ცივი წყალი იყო, ახლა თბილი წყალია, ამიტომ ჰაერი სხვანაირად მოძრაობს, ნალექები სხვაგან მოდის, ამინდი მთელ პლანეტაზე იცვლება.
მარტივად რომ ვთქვათ: წყნარი ოკეანე "თბება იქ, სადაც არ უნდა თბებოდეს", და ეს ჯაჭვური რეაქციით მთელი მსოფლიოს ამინდს არყევს — ზოგან გვალვაა, ზოგან წყალდიდობა, ზოგან სიცხე.
რამდენიმე წამყვანი მეტეოროლოგიური სამსახური პროგნოზირებს, რომ წყნარი ოკეანის ტემპერატურა წლის ბოლოსთვის საშუალო მაჩვენებელზე 2.5°C-ით ან მეტით გაიზრდება — ეს განსაკუთრებით მაღალი პროგნოზია.
დიდი ბრიტანეთის მეტეოროლოგიური სამსახურის გრძელვადიანი პროგნოზების ხელმძღვანელმა ადამ სქეიფმა განაცხადა, რომ ეს ელ-ნინიო შეიძლება იყოს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი, ან "თუნდაც რეკორდული სიძლიერის".
"რაღაც ნამდვილად მოდის. ამაში ძალიან დარწმუნებულები ვართ და ყველაფერი მიუთითებს, რომ ეს დიდი მოვლენა იქნება", — განუცხადა მან AFP-ს.
ყველაზე ძლიერი ელ-ნინიოების დამახასიათებელი ნიშანია ეკვატორზე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მიმავალი მუდმივი ქარების (პასატების) შესუსტება. მაგრამ ეს ქარები არაპროგნოზირებადია და მოულოდნელად შეიძლება გაძლიერდეს, — ამბობს ლ'ერო.
"როდესაც ეს ხდება, ელ-ნინიოს ზრდა ჩერდება ან თუნდაც უკან იხევს", — განუცხადა მან AFP-ს — "საბოლოო ჯამში ამ მოვლენის სიძლიერეზე, სავარაუდოდ, ისეთი დეტალები იქონიებს გავლენას, როგორიცაა დაბალი დონის ქარები, რომელთა პროგნოზირება თვეებით ადრე შეუძლებელია".
სიცხე მოდის
ელ-ნინიო პიკს ჩვეულებრივ დეკემბრისკენ აღწევს, მაგრამ ოკეანის სიცხე ნელა თავისუფლდება და შემდეგ წლებში გლობალური ტემპერატურების ზრდას განაპირობებს. ბევრი რეკორდულად ცხელი წელი — მათ შორის 1998, 2010, 2016, 2023 და 2024 — მოჰყვა მსხვილ ელ-ნინიო მოვლენებს ან მათთან ერთად განვითარდა.
AFP-სთან საუბარში კლიმატის მეცნიერებმა განაცხადეს, რომ გლობალური სიცხის რეკორდები 2026 წელს შეიძლება დამყარდეს, მაგრამ სანახაობის წელი 2027 იქნება.
სქეიფის თქმით, თუ წელს ექსტრემალური ელ-ნინიო ჩამოყალიბდება, "2027 წელს ადვილად შეიძლება დადგეს გლობალური სიცხის ახალი რეკორდული დონე".
ჯერ გაურკვეველია, ახდენს თუ არა დედამიწის დათბობა ელ-ნინიოს ინტენსივობაზე გავლენას. 2023-24 წლების ბოლო მოვლენა 1982-83 და 1997-98 წლების ეპიზოდებზე სუსტი იყო, რაც ტენდენციის დადგენას ართულებს.
მეცნიერები ხაზს უსვამენ, რომ უფრო ძლიერი ელ-ნინიოები უფრო მძიმე შედეგების ალბათობას ზრდის, მაგრამ მათ დადგომას აუცილებლად არ უზრუნველყოფს.
მიუხედავად ამისა, თუნდაც სუსტი მოვლენა ახლა კლიმატური ცვლილებით გარდაქმნილ სამყაროში ვითარდება, სადაც დამატებითი სიცხე და ტენი უკვე გახურებულ ატმოსფეროსა და ოკეანეებს კიდევ უფრო ტვირთავს.
ეს ნიშნავს, რომ ელ-ნინიოს შედეგები შეიძლება უფრო ექსტრემალური გახდეს, თუნდაც თავად ფენომენი უფრო ძლიერი არ ხდებოდეს.
რა არის მუსონი და როგორ ემუქრება მას ელ-ნინიო?
მუსონი არის ქარების სეზონური ცვლა, რომელიც ზამთარსა და ზაფხულში ხდება, როდესაც ხმელეთსა და ოკეანეს შორის ტემპერატურული სხვაობა წვიმას, ან მშრალ ჰაერს მიაქანებს ხმელეთისკენ. ყველაზე დიდი და ცნობილი მუსონი ინდოეთშია და ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში წლიური ნალექების 90%-ს შეადგენს. ქვეყნის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა უკვე გამოაცხადა ნორმაზე დაბალი მუსონური სეზონი, თუმცა მკვლევრებმა დაადგინეს, რომ ნალექების საერთო შემცირებასთან ერთად, ექსტრემალური წვიმის მოვლენები პარადოქსულად იზრდება. ამერიკის სამხრეთ-დასავლეთში თბილმა ზამთარმა და გაზაფხულმა, შეიძლება, ელ-ნინიოს შემაკავებელი ეფექტის მიუხედავად, მუსონური სეზონი გააძლიეროს.
ფართოდ გავრცელებული შედეგები
მძიმე ელ-ნინიოს შეიძლება ძლიერი შედეგები ჰქონდეს: მოსავლის ჩავარდნა, გვალვა, ხანძრები, სიცხის ტალღები და მსოფლიოს ტროპიკულ რეგიონებში ცხოვრებისა და მრეწველობის რიტმების დარღვევა. 1983 წელს ელ-ნინიოსთან დაკავშირებულმა სუსტმა მუსონმა ხელი შეუწყო თანამედროვე ისტორიაში მსოფლიო მოსავლის ყველაზე დიდ ჩავარდნას.
წყნარი ოკეანე 1982-83 წლების ზამთარში, რუკა აჩვენებს ელ-ნინიოს დროს არსებულ ზღვის ზედაპირის ტემპერატურის მნიშვნელოვან ანომალიას
ფოტო: Maulucioni via Wikimedia Commons
"ეს ძალიან რთული პერიოდი იქნება", — ამბობს NOAA-ს გოტშალქი — "ახლა ჩანს, რომ მნიშვნელოვანი უარყოფითი შედეგები იქნება მთელ მსოფლიოს ტროპიკული მუსონური რეგიონების დიდ ნაწილში".
ყოველი ელ-ნინიო განსხვავებულია, მაგრამ მსხვილი მოვლენები ხშირად ნაცნობ ნიმუშებს მიჰყვება: გვალვა ამაზონიის, ინდონეზიისა და ავსტრალიის ნაწილებში, ინდოეთის მუსონების დარღვევა და ნალექების ცვლა მთელ ტროპიკებში.
კლიმატური ცვლილება არსებით ნიადაგს იმდენად დრამატულად ცვლის, რომ "ისტორია სეზონური პროგნოზებისთვის სუსტი სახელმძღვანელოა", — განუცხადა AFP-ს ავსტრალიის მეტეოროლოგიის ბიუროს კლიმატოლოგმა ფელისიტი გემბლმა.
"ის, რაც ელ-ნინიოს მოვლენის დროს 20 წლის წინ ხდებოდა, დღეს, სავარაუდოდ, სრულიად განსხვავებულად გამოიხატება".
ამის მიუხედავად, ავსტრალია პროგნოზირებს, რომ ელ-ნინიომ შეიძლება 2.8°C-ს მიაღწიოს — რაც 2°C-ის ზღვარს მნიშვნელოვნად გადააჭარბებს და სწორედ ეს განასხვავებს ჩვეულებრივ ელ-ნინიოს "სუპერისგან". თუ ეს პროგნოზი გამართლდა, 2026 წელი შეიძლება გახდეს ათწლეულების განმავლობაში ყველაზე ძლიერი ელ-ნინიოს წელი.
კომენტარები