მთვარეზე შექმნილი ლიტერატურის ორიათასწლოვანი ისტორია
მანათობელი და კრატერებით დაფარული მთვარე საუკუნეების განმავლობაში უამრავი მწერლის და მეცნიერის შთაგონების წყარო გამხდარა. ჩვენს თანამგზავრს ბევრ უცნაურობას მიაწერდნენ: მას მწერლები ახლებურ ნორმებზე მოწყობილ საზოგადოებათა გამოგონებისთვის და დედამიწაზე არსებული პოლიტიკური თუ ეკონომიკური სისტემების კრიტიკისთვის იყენებდნენ; ამასთანავე, ის მეცნიერული და ტექნოლოგიური სპეკულაციებისთვისაც შესანიშნავ სატესტო მიწას წარმოადგენდა.
მთვარეზე მხატვრული ნაწარმოების ჩვენთვის ცნობილი პირველი შემქმნელი მეორე საუკუნის სატირისტი, ლუკიანე სამოსატელია. მის რომანს, ნამდვილ ამბავს, ხშირად სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის პირველ ნაწარმოებადაც მოიხსენიებენ. მასში მეზღვაურთა მოგზაურობის ამბავი ფანტასტიკურ ხასიათს იღებს, როცა გემს ქარბორბალა მთვარეზე გადაისვრის. დედამიწაზე ლუკიანეს დროს მიმდინარე ტერიტორიული კონფლიქტების გამშარჟებელ ამ სატირულ თხზულებაში პერსონაჟები მთვარისა და მზის მობინადრეებს შორის გაჩაღებულ ომში აღმოჩნდებიან. მწერლის წარმოსახვით შექმნილი მთვარის მაცხოვრებლები შუშისგან მოქსოვილ სამოსში გამოწყობილი მაღალი ჰუმანოიდები არიან, რომლებიც ბაყაყებით იკვებებიან.
ბერძენი ბიოგრაფის, პლუტარქოსის ას წელს დაწერილი მორალიები კი პირველ ისეთ ტექსტადაა მიჩნეული, სადაც მთვარე მეცნიერული განხილვის ობიექტს წარმოადგენს. მასში აღწერილი დიალოგი დედამიწის ორბიტაზე მოძრაობისას სხვადასხვა ფაზაში მყოფი მთვარის ზედაპირის ვიზუალური ცვლილებების ახლო დაკვირვებას ეყრდნობა, რაც ასტრონომიის ადრეულ ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს.
მთვარეზე ლიტერატურულ ნაწარმოებთა რაოდენობა რენესანსის პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, მეჩვიდმეტე საუკუნეში კი ამ ტენდენციამ მწვერვალს მიაღწია. ამის გამომწვევი მიზეზი გალილეო გალილეის მთვარეზე დაკვირვებები, ჰელიოცენტრიზმის ცნების ეტაპობრივი დამკვიდრება, იმპერიალისტური ცენტრებიდან მოგზაურების მიერ ამერიკის კონტინენტების აღმოჩენა და იქაურ ადგილობრივ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება გახლდათ. გერმანელმა ასტრონომმა, იოჰანეს კეპლერმა იწინასწარმეტყველა, რომ საფრენი აპარატების გაუმჯობესება მთვარის კოლონიზაციის საწინდარი გახდებოდა. მან 1634 წელს ლუკიანეს და პლუტარქოსის გავლენით შექმნილი მხატვრული ნაწარმოები, სომნიუმი (იგივე სიზმარი: ანუ მთვარის ასტრონომია) გამოაქვეყნა. კეპლერი მასში მოთხრობილ ამბავს გვაწვდის როგორც სიზმარს, რომელიც ისლანდიელი ბიჭის, სახელად დურაქოტუსის შესახებ ესიზმრა. დურაქოტუსი, რომელიც დემონმა დედამიწის გრავიტაციული ველის მიღმა გადასტყორცნა, უზარმაზარი არსებებით დასახლებულ კუნძულ ლევანიაზე (იმავე მთვარეზე) მოგზაურობს. იქ ის მთვარის ორივე ნახევარსფეროს მოივლის და დედამიწას ახალი პერსპექტივით შეხედავს. ამ ნაწარმოებში კეპლერი კოპერნიკული ასტრონომიის შესანიშნავ ცოდნას ავლენს.
ფანტაზიათა ფრენა
მთვარის კეპლერისეული ხედვა ინგლისელმა ისტორიკოსმა, ფრენსის გოდვინმა 1638 წელს გამოქვეყნებული წიგნით, კაცი მთვარეზე, განავრცო. ის ესპანეთიდან დევნილ დომინგო გონსალესზე მოგვითხრობს, რომელიც ავტორის წარმოსახვით შექმნილ სახეობის წარმომადგენელს, ველურ გედს მთვარისკენ მიჰყავს. ჰაერიდან დანახული დედამიწის აღწერისას გოდვინი სინათლეზე, პლანეტების მოძრაობასა და მთვარის "მიმზიდველ ძალაზე" მაშინდელი მეცნიერული ცოდნის გამოყენებით საუბრობს. გოდვინის უტოპისტური უცხოპლანეტელები კომუნიკაციას "მელოდიების და უნცაური ხმების" გამოცემით ამყარებენ. ამაზე უფრო მნიშვნელოვანი კი ისაა, რომ თხრობა ასტრონომიის ახალ ასპექტებს - მაგლითად, ციური სხეულების ორბიტების აღწერას - შეიცავს.
ამ ნაწარმოებების მეშვეობით მთვარემ ნელ-ნელა დამოუკიდებელ სამყაროდ დაიწყო ჩამოყალიბება.
რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, კერძოდ კი 1657 წელს, ფრანგი მწერლის სირანო დე ბერჟერაკის რომანი, სხვა სამყარო: მთვარის შტატების და იმპერიების კომიკური ისტორია (იგივე მოგზაურობა მთვარეზე), გამოქვეყნდა. მასში სირანოს მხატვრული ორეული მთვარეზე მოხვედრას ძალიან უცნაური მეთოდით ცდილობს - ის მზის ენერგიის მოსაპოვებლად ნამით სავსე შუშის ბოთლებით აღიჭურვება. როცა ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება, ის აფრენას "ხომალდზე" - პრიმიტიულ რაკეტაზე - მიმაგრებული ფეიერვერკების მეშვეობით შეძლებს. სირანო მთვარის მოსახლეობასთან დროებითი თანაცხოვრებისას მაგნიტიზებული საფრენი მოწყობილობების არსებობის შესახებ გაიგებს და აუდიოწიგნების გამოყენების მომსწრეც კი გახდება. პროტაგონისტს იქაური მოსახლეობა დედამიწისეულ კულტურაზე ისეთი უნდობლობით უსვამს კითხვებს, რომ ის საკუთარი ადამიანური იდენტობის ნამდვილობაში ეჭვის შეტანასაც კი იწყებს.
მთვარეზე ამბების თხრობით გამოწვეულმა პერსპექტივათა ცვლამ დედამიწის ახალებურად აღქმას დაუდო დასაბამი. ინგლისელი მწერლის, დანიელ დეფოს 1705 წელს გამოქვეყნებულ რომანში, კონსოლიდატორი, პროტაგონისტი მთვარეზე ბუმბულებით დაფარული ეტლით მიემგზავრება. იქ ის აღმოაჩენს მოსახლეობას, რომელმაც რამდენიმე ოპტიკური ინსტრუმენტი გააუმჯობესა. მთვარის "სათვალეების" გამოყენებით რომანის გმირი ამ ახალ სამყაროს და დედამიწის მოსახლეობის შეზღუდვებსა და სისუსტეებს განსჭვრეტს.
კაპიტან სამუელ ბრანტის ფსევდონიმით ცნობილი მწერალი, რომლის ნამდვილი ვინაობაც უცნობია, 1727 წელს აქვეყნებს რომანს, მოგზაურობა კეკლოგალინიასკენ, სადაც მთვარის მშვენიერ მაცხოვრებლებს, სელენაიტებს ვხვდებით. ეს არსებები ბრანტს მატერიალური საგნების ნაცვლად სიბრძნეს შესთავაზებენ. ამ სიუჟეტური ხაზით ავტორი იმ პერიოდში გახშირებულ კომპანიების საფინანსო თაღლითობათა შემთხვევების გაშარჟებას ცდილობს.
კოლონიალური იგავები
სამხრეთის ზღვების კომპანია სწორედ მსგავს თაღლითურ საქმიანობას ეწეოდა და ტრანსატლანტიკური მონათვაჭრობის სისასტიკის თანამონაწილე გახლდათ. მეთვრამეტე-მეცხრამეტე საუკუნეებში მთვარეზე შექმნილ მხატრულ ლიტერატურაში კოლონიზატორ იმპერიათა რეალური სახის გამჟღავნების ტენდენცია გრძელდება. ამერიკელმა მწერალმა, ვაშინგტონ ირვინგმა, 1809 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, ნიუ-იორკის ისტორია, სწორედ ანტიიმპერიალისტური ხედვა გადმოსცა. თავდაპირველად ის ამერიკის მკვიდრი მოსახლეობისადმი ევროპელების საშინელ მოპყრობას აღწერს, შემდეგ კი მკითხველებს საბრძოლო ხელოვნებაში გაწაფულ მთვარის ბინადრების დედამიწაზე ისეთი თავდასხმის წარმოდგენას აიძულებს, რომლისგან თავის დაცვის საშუალებაც ჩვენი პლანეტის მკვიდრებს არ გააჩნიათ.
მწერალი ჯორჯ ფაულერი 1813 წელს გამოქვეყნებულ წიგნში, მთვარეზე გაფრენა, კოლონიალურ შეხედულებას, რომ აბორიგენ მოსახლეობასთან კონტაქტის დამყარება უკონფლიქტოდ შეუძლებელია, ეჭქვეშ აყენებს. ამ რომანის გმირს, კოსმოსში მოგზაურ რანდალთუსს, აოცებს ის ფაქტი, რომ მთვარის მოსახლეობა დედამიწელებისგან დიდად არ განსხვავდება. ის მთვარის დაბნელებასა და მის ფიზიკურ მახასიათებლებზე ინფორმაციას თანამგზავრის მკვიდრებს ნებაყოფლობით უზიარებს და გამოვლენილი ასტრონომიული და "ბუნების კანონების" ცოდნის გამო უცხოსამყაროელ მსმენელებში აღტაცებას იწვევს.
მთვარეზე შექმნილ ნაწარმოებებში მწერლებმა თანდათანობით მედიათი გავრცელებული მეცნიერული მიღწევების ჩაქსოვა იწყეს. ამ სიმბიოზურ ურთიერთობას 1835 წელს მთვარის თემაზე გავრცელებულმა დეზინფორმაციის ორმა შემთხვევამ ჩრდილი მიაყენა. ერთი შემთხვევა უკავშირდება ჟურნალისტს, რიჩარდ ადამს ლოკს, რომელმაც ნიუ-იორკში გამომავალ გაზეთში, The Sun, ექვსი სტატია გამოაქვეყნა. ვითომდა ცნობილი ასტრონომის, ჯონ ჰერშელის მიერ სამეცნიერო ჟურნალში, Edinburgh Journal of Science, გამოქვეყნებულ აღმოჩენებზე დაფუძნებულ ამ სტატიებში ჰერშელის ახალი ტელესკოპის ტექნიკური დეტალების გარდა ამ ტელესკოპით დანახული მთვარეც იყო აღწერილი. კერძოდ კი ეწერა, რომ დედამიწის თანამგზავრზე "ყავისფერი ოთხფეხა არსებები" და ფრთიანი ჰუმანოიდები შენიშნეს.
ყალბი ინფორმაციის გავრცელების მეორე შემთხვევა უკავშირდება ედგარ ალან პოს, რომელმაც ჟურნალში, Southern Literary Messenger, ვინმე ჰანს პფაალის არაჩვეულებრივი თავგადასავალი გამოაქვეყნა და იქ მოთხრობილი ისტორია რეალურ ამბად გაასაღა. მასში კოსმოსის ვაკუუმის ჟანგბადად გარდამქნელი მონგოლფიერით, იმავე საჰაერო ბურთით, მთვარემდე მგზავრობაა აღწერილი. ამ მოთხრობაში დედამიწის, ვულკანური მთვარის და იქაური ქალაქის "მახინჯი პატარა ადამიანების" მოკლე დახასიათებაც გვხვდება. თუმცა პფაალი დაპირებულ მეცნიერულ აღმოჩენებს საბოლოოდ ვერ გვიზიარებს, რაც ამბის სიუჟეტის შავბნელი განვითარებითაა გამართლებული.
ტექნოლოგია და კონფლიქტები
სამი ათწლეულის შემდეგ, 1865 წელს მთვარეზე კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, ჟიულ ვერნის დედამიწიდან მთვარემდე, გამოიცა. მასში მოგზაურობის დაგეგმვის თანამედროვე მიდგომაა აღწერილი და ფრენისთვის ფინანსების მოძიების ისტორიასაც კი ვეცნობით. ამას გარდა, ნაწარმოებში ტექნოლოგიური და მეცნიერული დეტალების ამბიციური აღწერაც გვხვდება. ამბავი ხომალდ კოლუმბიადას გარშემო ვითარდება, რომელიც ფლორიდაში აშენებული უზარმაზარი ქვემეხით მთვარეზე უნდა გაიტყორცნოს (გაზეთ The Pall Mall Gazette-ში 1880 წელს გამოქვეყნებულ ამ ნაწარმოების რეცენზიაში პირველად გამოიყენეს ტერმინი კოსმოსური ხომალდი). ვერნმა თხზულებაში ხომალდის დახრის კუთხისა და სიჩქარის გამოთვლები დეტალურად გაწერა. მოგვიანებით ბრიტანელმა მწერალმა, ართურ კლარკმა, ჰერბერტ უელსის 1901 წლის რომანის, პირველი ადამიანები მთვარეზე, 1993 წლის გამოცემის წინასიტყვაობაში ეს გამოთვლები სარკასტულად გააკრიტიკა.
თავად უელსი ზემოთხსენებულ ნაწარმოებში მათემატიკურ გამოთვლებს თავს არიდებს და, სანაცვლოდ, ანტიგრავიტაციულ ნივთიერებას, კავორიტს იგონებს, რომელსაც ფოლადისგან ნაშენი სფერული ხომალდის მთვარემდე გასროლა შეუძლია. ორი ასტრონავტი, ბედფორდი და კავორი, მთვარეზე გონიერ, მწერების მსგავსს არსებებს, სელენიტებს შეხვდებიან, რომლებიც მიწისქვეშ ცხოვრობენ და სათვალეებსა და ჩაფხუტებს ატარებენ. ფუტკრების მსგავსად, ისინი ევსოციალურობის საფეხურზე იმყოფებიან, უამრავი ფორმისანი არიან და ერთი მმართველი ჰყავთ.
რაკეტის როგორც მთვარეზე გაფრენის საშუალების ტროპს უბრუნდება გერმანელი მწერალი, ტეა ფონ ჰარბოუ, რომლის 1928 წელს გამოქვეყნებულ რომანში, რაკეტა მთვარემდე, მთვარეზე ოქროს ძიების ისტორიაა აღწერილი. ამ წინგზე დაყრდნობით რეჟისორმა ფრიც ლანგმა 1929 წელს რეალურ და გამოგონილ ფაქტებზე დაფუძნებული ფილმი, ქალები მთვარეზე, გადაიღო. ფილმმა საავიაციო ინჟინერი, ვერნერ ფონ ბრაუნი შთააგონა და ის მოგვიანებით, 1953 წელს გამოცემული წიგნის, მთვარის დაპყრობა, თანაავტორი გახდა. მასში ნათქვამია, რომ იმდროინდელი ინფრასტრუქტურის გამოყენებით 1978 წლისთვის კოსმოსური სადგურის გვერდით მთვარის ხომალდების განლაგება იქნებოდა შესაძლებელი.
1950-იანი წლებისთვის მთვარე დედამიწისეული პოლიტიკური კონფლიქტებისა და დაძაბულობების გადათამაშების სცენად იქცა. რობერტ ჰაინლაინის 1947 წელს გამოქვეყნებულ და მოზარდ მკითხველებზე გათვლილ სამეცნიერო ფანტასტიკურ რომანში, სარაკეტო ხომალდი გალილეო, სამი თინეიჯერი მთვარეზე მოგზაურობისას ფაშისტების საიდუმლო ბანაკს აღმოაჩენს და ბირთვული აფეთქებების კვალსაც წააწყდება. კლარკის 1995 წლის რომანის, დედამიწის შუქის მოქმედება ასევე მთვარეზე მიმდინარეობს და მზის სისტემის პლანეტებზე არსებულ კოლონიებსა და დედამიწის ცენტრალიზებულ მმართველობას შორის დაპირისპირების აღწერით ცივი ომის კონფლიქტების დრამატიზებას ახდენს.
ჰაინლაინისგან განსხვავებით, კლარკმა, რომელიც მწერლის გარდა ფიზიკოსიც იყო, ტექსტი მთვარის ატფოსმერული და გრავიტაციული მონაცემების შემცველი ინფორმაციითაც დატვირთა. ეს თხზულება იმასაც ააშკარავებს, რომ პროგრესირებადი მეცნიერული ანალიზი და ახალ-ახალი აღმოჩენები მთვარის კოლონიზაციაზე წინასწარ შექმნილ წარმოდგენებს მუდმივად ცვლიდნენ. მართლაც, 1951 წელს გამოქვეყნებულ რომანში, კოსმოსის პრელუდია, მწერალი მიზანმიმართულად ცდილობს, მკითხველს კოსმოსში გამგზავრების რეალურობა დაანახოს და ამისათვის მთვარეზე გაფრენის მისიას კვაზი-მეცნიერული თხრობით აღწერს. კლარკის იმედების გამართლებას სულ რაღაც ორი ათწლეული დასჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ აპოლოს პროგრამა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში უნიკალურ შემთხვევად იქცა, მან კოსმოსის კოლონიზირების იდეას სარწმუნოობის ელფერი შესძინა. მას შემდეგ ეს თემა ურსულა ლე გუინის, ნალო ჰოპკინსონის, პამელა სარჯენტის, კიმ სტენლი რობინსონისა და ბევრი სხვა მწერლის სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებებში გამოიკვეთა და რეალური კოსმოსური მოგზაურობებისადმი საზოგადოების ინტერესიც ხელახლა გააღვივა.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ, ადამიანებს, მთვარეზე ოცნება ჯერ არ დაგვიმთავრებია.
კომენტარები