ზუგდიდის მე-6 სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიების შეწყვებას ბაჩანა შენგელია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მისი ბრძოლა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა დამნაშავე არ დაისჯება. შენგელია წერს, რომ ამ საქმის გამოძიება, დამნაშავე მთავრობის ცვლილებაზე გადის:

"ეს არის ამ ხელისუფლების სამართალი, მაგრამ ამ ყველაფერს რეალობასთან არანაირი კავშირი არ აქვს, საქმეს დაემატა ახალი დამნაშავეები იმ პროკურორების და გამომძიებლების სახით, ვინც ამ საქმის ფაბრიკაციაში მიიღო მონაწილეობა და ისინი მთავარ დამნაშავეებთან — გახარია-ბატიაშვილთან და მათ ზონდერებთან ერთად აუცილებლად გასამართლდებიან".

დღეს, 23 აგვისტოს მთავარმა პროკურატურამ განცხადება გაავრცელა, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმეზე გამოძიება შეწყდა. საგამოძიებო უწყება ამის მიზეზად "დანაშაულის არარსებობას" ასახელებს.

პროკურატურა აცხადებს, რომ გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა ყველა პირი, მათ შორის, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი და "შედეგად, არ დადასტურდა, რომ ზუგდიდის #6 საჯარო სკოლაში ჩატარებული ინსპექტირებისას ადგილი ჰქონდა ია კერზაიას მიმართ უკანონო მოპყრობას".

ია კერზაიას გარდაცვალების საქმე

ზუგდიდის სკოლის დირექტორი, ია კერზაია ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა და ის 9 დეკემბერს გარდაიცვალა.

მანამდე ია კერზაია რუსთავი 2-თან ჰყვებოდა, რომ მას შემდეგ რაც არჩევნებში პედაგოგების ჩართვაზე უარი თქვა, ანონიმური წერილის საფუძველზე სკოლაში გენერალური ინსპექციის ორი თანამშრომელი ჩავიდა და სკოლა შეამოწმა. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, შემოწმების დღეს რეგიონს წყალი არ მიეწოდებოდა და სკოლაშიც საპირფარეშოები იყო გაუმართავი. ამ მიზეზის გამო კი თანამდებობიდან დირექტორის გათავისუფლებას აპირებდნენ.

სკოლის დირექტორზე ზეწოლაზე საუბრობენ გარდაცვლილის ოჯახის წევრები და ოპოზიცია. აღნიშნულ საკითხს გამოეხმაურა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი და აღნიშნა, რომ ამ საქმის პოლიტიზირება მიუღებელია.