რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ირონიული პოსტით გამოეხმაურა, სადაც მან დამცინავად მიმართა საქართველოს პრეზიდენტს, პოლიტიკოსებსა და მოსახლეობას.

ფეისბუქზე გამოქვეყნებული პოსტის დასაწყისში ზახაროვა აკრიტიკებს სალომე ზურაბიშვილს იმის გამო, რომ ქვეყანაში მიმდინარე დესტაბილიზაციის ინიციატორად რუსეთი დაასახელა. სპიკერი რჩევებს აძლევს ზურაბიშვილს იმაზე, თუ როგორ უნდა იქცეოდეს პრეზიდენტი.

"საქართველოსთვის ასეთ ტრაგიკულ სიტუაციაში თქვენგან საჭირო მხოლოდ ის იყო, რომ გამოსულიყავით და გეთქვათ, რომ უზრუნველყოფდით საქართველოს ქუჩებში უსაფრთხოებას — პრეზიდენტის უფლებამოსილებით, ხალხის მიერ მოცემული ძალაუფლებით, პირადად, ბოლოს და ბოლოს, როგორც გენებოთ. მაგრამ თქვენ ძველი სიმღერა გაუშვით ოკუპანტების შესახებ. ვის მიყავხართ ამ აზრამდე?", — წერს ზახაროვა.

გარდა ამისა, მან ირონიულად მოიხსენია პოლიტიკოსები. მისი თქმით, ქვეყანაში განვითარებული მოვლენები მათი არათანმიმდევრულობის ბრალია. მან 1989 წლის 9 აპრილის მოვლენებთანაც კი გაავლო პარალელი და თქვა, რომ მაშინ დემონსტრანტებმა "კანონი დაივიწყეს". ის წერდა: 2019 წელს საქართველოს გულში ხალხი მზად იყო დაეხოცა არა მტერი, არამედ ერთმანეთი".

სალომე ზურაბიშვილმაქ 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შეფასებისას განაცხადა, რომ ქვეყნისა და საზოგადოების გახლეჩვა და შიდა დაპირისპირება სხვას არავის უწყობს ხელს, თუ არა რუსეთს. ზურაბიშვილი წერდა, რომ ვინც შიდა დაპირისპირებას აქეზებს და ხელს უწყობს, ის ნებსით თუ უნებლიეთ, რუსეთის პოლიტიკის გამტარებელი და მისი გეგმების შემსრულებელი.

20 ივნისის აქცია

პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.

მოქალაქეების პროტესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ, ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცრაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია