დღეს, 21 ივნისს 15:00 საათზე ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან (გულუას 10) ჟურნალისტური ეთკის ქარტია გამართავს საპროტესტი აქციას "ნუ გვესვრი!".

"მედიის წარმომადგენლები ვაპროტესტებთ აქციის დროს ჟურნალისტების უფლებების შელახვას. დაშავებულია 10-ზე მეტი ჟურნალისტი", — წერს განცხადებაში ქარტიის დირექტორი ნატა ძველიშვილი.

20 ივნისის აქცია

პარლამენტის წინ აქციის დაშლის დროს 240 ადამიანი დაშავდა, მათგან 80 სამართალდამცავია. ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, ამ დრომდე კლინიკაში 102 პაციენტი რჩება. ერთის მდგომარეობა მძიმეა, ორს კი თვალი ამოაჭრეს.

მოქალაქეების პროსესტი საქართველოში რუსი დეპუტატების ჩამოსვლას მოჰყვა. მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის ფარგლებში, რომელიც 19-22 ივნისს უნდა გამართულიყო, საქართველოში 25 ქვეყნის დელეგაცია ჩამოვიდა, მათ შორის რუსეთის დუმის სამი დეპუტატი. ასამბლეის წაყვანის დროს სერგეი გავრილოვი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე იჯდა, რასაც ოპოზიციისა და სამოქალაქო სექტორის მხრიდან პროტესტი მოჰყვა. ოპოზიციის წევრები პლენარულ სხდომათა დარბაზში შევიდნენ და თავმჯდომარის ადგილი დაიკავეს, გავრილოვს კი დარბაზში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ისინი ამბობდნენ, რომ თავმჯდომარის ადგილას ოკუპანტი ქვეყნის დეპუტატი, რომელმაც აფხაზეთი და ცხინვალი დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარა, არ უნდა იჯდეს.

საბოლოოდ ასამბლეის სესია შეწყდა და რუსმა დეპუტატებმა ქვეყანა დატოვეს. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ სხდომა ასამბლეის გენერალურ მდივანს, ბერძენ დეპუტატს უნდა წაეყვანა და ეს პროტოკოლის მიხედვით იყო განსაზღვრული. მათ ისიც ახსენეს, რომ გავრილოვის მხრიდან ეს იყო მიზანმიმართული პროვოკაცია.

გავრილოვის მიერ სკამის დაკავებას საპროტესტო ტალღა მოჰყვა. მოქალაქეებმა ანტისაოკუპაციო აქციები მოაწყეს. დღის ბოლოს კი პარლამენტის წინ შეიკრიბნენ. ოპოზიციის წევრები ითხოვდნენ ირაკლი კობახიძის, ვახტანგ გომელაურისა და გიორგი გახარიას გადადგომას. აქციის მონაწილეების ნაწილმა პარლამენტში შესვლა სცადა და ცენტრალურ გამზირზე მობილიზებულმა სპეცნაზმმა მათი დაშლა დაიწყო.

სამართალდამცავებმა მოქალაქეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენეს. დაშავებულია ათეულობით მოქალაქე, ორს თვალი აქვს დაკარგული. დაკავებულების ზუსტი რაოდენობა უცნობია.