საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ დეოკუპაციისთვის საქართველოს სჭირდება საერთაშორისო საზოგადოებისა და პარტნიორების მტკიცე მხარდაჭერა.

"საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის მიერაა ოკუპირებული. აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში არის მძიმე მდგომარეობა უსაფრთხოების, ადამიანთა უფლებებისა და ჰუმანიტარული მიმართულებებით. შრომითი უფლებები არ არის გამონაკლისი. ჯერ კიდევ მიმდინარეობს სამხედრო ინფრასტრუქტურის მოწყობა ე.წ. სასაზღვრო პუნქტებთან. არალეგალური დაკავება და გატაცებები ხშირია საოკუპაციო ხაზის ირგვლივ, ინტენსიურად ხდება ეთნიკური ნიშნით ადამიანების უფლებების დარღვევა, მათ ართმევენ ყველაზე მთავარს - სიცოცხლის უფლებას. უზღუდავენ განათლების მიღების უფლებას, მათ შორის, ქართულ, აფხაზურ და ოსურ ენაზე. და ეს ხდება რუსიფიკაციის აქტიური პოლიტიკის გატარების გზით", — აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის განცხადებით, არსებული მდგომარეობის საერთაშორისო მონიტორინგი შეუძლებელია და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, რომელსაც საქართველოს სრულ ტერიტორიაზე აქვს მუშაობის მანდატი, რუსეთის ფედერაციისგან არ აქვს ოკუპირებულ რეგიონებში გადაადგილების უფლება.