რა ხდებოდა რუსთაველზე 9 აპრილის შემდეგ
"ჯავშანტექნიკა რუსთაველის სახელობის თეატრამდე ჩავიდა და გაჩერდა, რითაც შემოგარენის მეორე ხაზი შექმნა. მთავრობის სახლთან კიბეების გასწვრივ ტერასა იყო ხშირი ბუჩქებით. ერთ-ერთი "აწევის" დროს დავინახე, რომ იქ რაღაც უცნაური ხდებოდა. ჯერ მომეჩვენა, რომ დესანტები ბუჩქებს ნიჩბებით ჩეხავდნენ. შემდეგ ბუჩქებში დამალული ადამიანები დავინახე", — იური როსტი, ჟურნალისტი
მრავალათასიანი მიტინგის დასარბევად თბილისში 2 500-ზე მეტი ჯარისკაცი, ჯავშანტექნიკა, საბრძოლო და სახანძრო მანქანები მუშაობდნენ. 9 აპრილის ღამეს საბჭოთა ძალამ 20 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კიდევ ერთი იმავე დღეს, კომენდანტის საათის გამოცხადების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
იმდროინდელი საბჭოური გაზეთები წერდნენ, რომ 9 აპრილის ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა "არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს" ეკუთვნოდათ, რომელთაც "ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება".
მეორე დილას რუსთაველის გამზირი ცარიელი იყო. მოძრაობდა ჯავშანტექნიკა და ირგვლივ ნაგავი ეყარა. ასფალტს წინა დღეების ბრძოლა და სისხლი ეტყობოდა, რომელიც საქართელომ თავისუფლების ფასად გაიღო. მიმოფანტულ ნივთებს შორის იყო საბნები, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, გაზეთები, ბანერები და სხვა ათასი რამ.
მიუხედავად იმისა, რომ 9 აპრილს საღამოს კომენდანტის საათი გამოცხადდა, დაღუპულთა სამოქალაქო პანაშვიდზე ხალხი მაინც მოდიოდა.
შემდგომ დღეებში მოქალაქეები რუსთაველის გამზირზე მიდიოდნენ. დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების პატივსაცემად ტიტებს აწყობდნენ და სანთლებს ანთებდნენ.
დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონტრაციის დარბევისას ჯარიკაცებმა ქიმიური საშუალებები, სასანგრე ბარები, ცეცხლსასროლი იარაღი და ჯავშანტექნიკა გამოიყენეს. დაღუპულების გარდა იყო ასობით დაჭრილი, მოწამლული და დასახიჩრებული ადამიანი, თუმცა დღემდე უცნობია კონკრეტულად რამდენი ადამიანი დაშავდა.
გარდა ამისა, გაურკვეველია, დარბევის დროს რომელი მომწამვლელი გაზი გამოიყენეს საბჭოთა ჯარისკაცებმა.
ამავე თემაზე:
კომენტარები