ანტისაზოგადოებრივი, მოხულიგნო ელემენტების შეკრება — როგორ "აშავებდა" საბჭოთა მედია აპრილის აქციებს
ტრაგედია, რომელმაც რკინის ფარდა გაარღვია და საბჭოთა ხელისუფლების სახე აჩვენა მსოფლიოს 9 აპრილს არ დაწყებულა. სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები თბილისში 4 აპრილს დაიწყო და მალევე დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა.
5 დღის განმავლობაში მოშიმშილე ახალგაზრდები, ეროვნული მოძრაობის ლიდერები, სტუდენტები და მოსწავლეები რუსთაველის მოედანზე მღეროდნენ, ცეკვავდნენ, ერს კონსოლიდაციისკენ მოუწოდებდნენ და თავისუფლებას ითხოვდნენ. თუმცა ისტორიის მსგავსი ფორმულირება მხოლოდ მოგონებებს და ფოტოფირებს შემორჩა. მაშინდელი პრესა მოვლენებს სულ სხვაგვარად, საბჭოთა ხელისუფლების ინტერესების შესაბამისად, აშუქებდა.
პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1989 წლის აპრილის რამდენიმე გამოცემა ინახება. მათი ნაწილი საბჭოთა ხელისუფლების ეგიდით გამოიცემოდა და პროპაგანდის ძლიერ იარაღად გამოიყენებოდა.
გაეცანით, რას წერდნენ ეროვნულ მოძრაობაზე 30 წლის წინ.
გაზეთი თბილისი
6 აპრილი
საქართველოს კომპარტიის, თბილისის საქალაქო კომიტეტისა და სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს საღამოს გაზეთ თბილისში მიმდინარე მოვლენები მხოლოდ 6 აპრილს შეიმჩნიეს და გამოაქვეყნეს სამწინადადებიანი განცხადება სახელად "მიტინგი თბილისში".
"4 აპრილს თბილისში გაიმართა ახალგაზრდობისა და ინტელიგენციის წარმომადგენელთა ხალხმრავალი უსანქციო მსვლელობა, რომელიც გადაიზარდა მიტინგში მთავრობის სახლთან. შეკრებილებმა შეშფოთება გამოთქვეს აფხაზეთის ასს რესპუბლიკაში მომხდარ ამბებთან დაკავშირებით. 5 აპრილს მიტინგი გრძელდებოდა", — წერდა გაზეთი.
პარალელურად კი აქტიურად შუქდებოდა თბილისში ჰაერის დაბინძურების პრობლემა, კინოთეატრ ამირანის რემონტი, გორბაჩოვის ვიზიტი კუბაში და "დავითიზმის" არსი, რომელიც აღმაშენებლის მოღვაწეობას ეხებოდა.
7 აპრილი
მეორე დღეს გაზეთმა კიდევ ერთი მოკლე განცხადება გამოაქვეყნა. აქ განმეორებული იყო, რომ ახალგაზრდების პროტესტი აფხაზეთში მიმდინარე მოვლენებმა გამოიწვია, თუმცა იქვე დაიწყო აქციის დისკრედიტაცია.
"ამ საერთო სულისკვეთებას, ვფიქრობთ, არ ემთხვევა ზოგიერთი ანტისაბჭოთა ლოზუნგი და მოწოდება, რომლებსაც მიტინგის მონაწილენი წარმოთქვამენ", — წერდა "თბილისი".
8 აპრილი
პროტესტის მეხუთე დღეს გამოცემაში გადაწყვიტეს არშემჩნევის პოზიცია შეეცვალათ და პირველივე გვერდზე ვრცელი დამრიგებლური შინაარსის სტატია გამოაქვეყნეს სათაურით "გვმართებს ზომიერება, სიდინჯე". რედაქცია ნიღბავდა იმ ფაქტს, რომ აქციის მონაწილეები დამოუკიდებლობას მოითხოვდნენ. გაზეთში მხოლოდ იმის ამოკითხვა შეიძლებოდა, რომ მიტინგზე იყენებდნენ "ზოგიერთ ანტისაბჭოურ ლოზუნგს".
სტატიის ავტორს რამდენიმე დაწესებულების ხელმძღვანელი ჰყავდა ჩაწერილი. ისინი ამტკიცებდნენ, რომ აქციებს სამუშაო პროცესი არ შეუფერხებია. ამბობდნენ, რომ აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ცუდია, მაგრამ რესპუბლიკის ხელმძღვანელობა "ყველანაირად ცდილობს მოგვარებას". რესპონდენტები ასევე ამბობდნენ, რომ "გაუმართლებელია ყველაფერი, რამაც დაარღვია დედაქალაქის ნორმალური ცხოვრება". ისინი აპელირებდნენ აქციაზე მოსწავლეებისა და სტუდენტების დასწრებაზე და მოუწოდებდნენ თანამოქალაქეებს "გონიერებისკენ".
10 აპრილი
ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში გაზეთ თბილისის 9 აპრილის ვერსია არ ინახება. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია გაზეთი იმ დღეს რა მიზეზით არ დაიბეჭდა. მომდევნო ნომერი, 10 აპრილისაა და პირველივე გვერდზე გვხვდება "საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის, რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა და მინისტრთა საბჭოს ცნობა".
განცხადებაში რესპუბლიკის ხელმძღვანელობა თავს იმართლებს და პასუხისმგებლობას სხვას აკისრებს. ნიჩბებით ჩეხვას, მომწამლავ გაზსა და 17 დაღუპულს ისინი "კომპეტენტური ორგანოების კანონის შესაბამის გადაწყვეტილებას" უწოდებენ და აცხადებენ, რომ ყველაფერი "უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და გაუთვალისწინებელი შედეგების თავიდან აცილების მიზნით" მოხდა. საბჭოთა ხელისუფლება აქტიურად აპელირებდა იმაზე, რომ ჯარს ცეცხლსასროლი იარაღი არ გამოუყენებია და მარტო მომიტინგეები კი არა, სამართალდამცავებიც დაშავდნენ.
აქვე აღნიშნული იყო, რომ პასუხისმგებლობა ეკისრებოდა "უკიდურესი მიმართულების არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებს, რომლებმაც თავიანთი მიუღებელი, აღვირახსნილი, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებებით უაღრესად დაძაბეს საზოგადოებრივი ატმოსფერო, შექმნეს აშკარა პოლიტიკური ისტერიის ვითარება". რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამტკიცებდა, რომ ზემოთხსენებულმა პირებმა ისარგებლეს სტუდენტებისა და ახალგაზრდების გამოუცდელობით, გამოიყენეს მათი "გულწრფელი ემოციები" და "კატასტროფამდე მიიყვანეს ჩვენი საზოგადოება, მთელი ხალხი, რესპუბლიკა".
ამავე განცხადებით პასუხისმგებლობა დაეკისრათ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებმაც შესაბამისი "აღმზრდელობითი მუშაობა" ვერ გასწიეს. საზოგადოებას, რომელიც "გულგრილი" იყო "პრობლემის მიმართ". ყველას, იმ პირების გარდა, ვინც დაგეგმა და განახორციელა მასობრივი ძალადობა.
ტექსტი გრძელდებოდა იმაზე საუბრით თუ როგორ მოუწოდებდნენ მიტინგზე სისხლისღვრისკენ, რაც კიდევ ერთხელ წარმოაჩენდა ჯარის შეჭრის აუცილებლობას.
ამავე დღეს გამოქვეყნდა სსრ კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება საკანონმდებლო აქტში ცვილებებისა და დამატების შესახებ. კერძოდ, ცვლილებები შევიდა მუხლებში საბჭოთა სახელმწიფოს წყობილების საჯაროდ დამხობის მოწოდებისა და სამშობლოს ღალატის, დივერსიის მოწყობისა თუ ტერორისტული აქტის ჩადენისთვის. ცვლილებები რესპუბლიკის ხელმძღვანელობამ 8 აპრილს დაამტკიცა, მაშინ, როცა გაიაზრა, რომ მიტინგს ვეღარ აკონტროლებდა.
11 აპრილი
მომდევნო გამოცემაში გვხვდება მოხსენება სათაურით "გუშინ რესპუბლიკაში". ხელისუფლება უკმაყოფილებას გამოხატავდა იმის გამო, რომ თბილისში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია და 2 დღის შემდეგაც კი საზოგადოებრივი პროტესტი არ წყდება.
"ქალაქის სხვადასხვა ნაწილში — საბურთალოში, ვაკეში, ლენინის მოედნის მიმდებარე ქუჩებსა და სხვა ადგილებში გროვდებიან ადამიანთა ჯგუფები, ძირითადად, ახალგაზრდობა, აგრესიულად გამოხატავენ უკმაყოფილებას მომხდარი ამბებით", — აცხადებდა რეჟიმი.
ამავე დღეს დაიბეჭდა მიმართვა სახელად "მწუხარე არის, ვით გლოვის ზარი". გამოცემამ სამძიმრის ტექსტი იმისთვის გამოიყენა, რომ მუქარისშემცველი და გამაფრთხილებელი შინაარსის განცხადება გაევრცელებინა. ავტორი წერს, რომ სათქმელი პირდაპირ და მკაცრად უნდა ითქვას, რადგან თავის დროზე ყველაფრისთვის თავის სახელი რომ დაერქმიათ სატირლად არ ექნებოდათ საქმე.
"ერთი კი უეჭველია, ყველა ავტორს კალამი ხელში ერთმა სურვილმა ააღებინა: გონიერებისაკენ მოუწოდოს თავის ერს, ახალგაზრდობას, რათა დაღვრილ სისხლთან ერთად დასაღვრელმა სისხლმაც დაგვაფიქროს და სწორი დასკვნები გამოგვატანინოს".
12 აპრილი
ამ დღეს საქართველოს მოსახლეობას საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა და საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის თავმჯდომარემ, მიხეილ გორბაჩოვმა მიმართა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პატივს სცემს ქართველი ხალხის ისტორიასა და ტრადიციებს და მათ დიდი წვლილი შეიტანეს რესპუბლიკის მშენებლობაში, მაგრამ "ყალბმა ორიენტირებმა თავგზა აუბნიეს ადამიანთა ერთ ნაწილს და დაიწყო უწესრიგობანი".
"რესპუბლიკის კომუნისტებს, თითეულ მცხოვრებს დღეს მოეთხოვებათ ერთგულება მოქალაქეობრივი მოვალეობისადმი, დიდი პასუხისმგებლობა თავისი ხალხისა და ისტორიის წინაშე. არ უნდა დავუშვათ, რომ ლახვარი ჩაეცეს ყოველი საბჭოთა რესპუბლიკის საარსებო ინტერესებს", — აცხადებდა გორბაჩოვი.
13-16 აპრილი
მომდევნო დღეების გამოცემებში საბჭოთა ხელისუფლება ხალხს ჩვეულ რეჟიმში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. ამავდროულად იბეჭდებოდა განცხადებები იმის შესახებ, რომ მუშათა ნაწილმა "გონივრულად აწონ-დაწონეს სიტუაცია" და "განწყობა შეიცვალეს", ანუ სამსახურში გავიდნენ და რესპუბლიკის აღმშენებლობას დაუბრუნდნენ.
17 აპრილი
როგორც ჩანს, ტაქტიკამ არ იმუშავა, რადგან 17 აპრილს საბჭოთა ხელისუფლებას მსხვილი ასოებით დაბეჭდილი მოწოდებითი სათაურის გამოქვეყნება დასჭირდა: "სიმშვიდე, დისციპლინა, აღვადგინოთ ნორმალური რიტმი". მასალაში საუბარია იმაზე, რომ ტკივილის მოშუშება ძნელია, მაგრამ საერთო სიკეთისთვის საჭიროა.
19-20 აპრილი
ამ დღიდან ხელისუფლების რიტორიკა უკვე მთლიანად შეიცვალა. თბილისი ბეჭდავდა მიმართვებს სახელით "დავძლიოთ კრიზისი, აღვადგინოთ ნდობა", "დიალოგის გზით — ნდობისკენ" და ა.შ.
"ასე განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას იძენს უშუალო ურთიერთობა, გულახდილი დიალოგები, დისკუსიები მოსახლეობისა სხვადასხვა სოციალური ფენისა და ჯგუფების მონაწილეობით. უნდა დავუახლოვდეთ ადამიანებს, მოვეთათბიროთ მათ. მხოლოდ ასე შეიძლება დავძლიოთ ურთიერთობის დეფიციტი, რომელმაც მწვავედ იჩინა თავი ბოლო წლებში", — 20 აპრილს გამოცემული გაზეთის პირველი გვერდი.
ამავე ნომერში იყო მოწოდება იმის შესახებ, რომ ტკივილის მიუხედავად, ყველამ უნდა გააგრძელოს ის საქმე, რომელიც ერის "სასიცოცხლო მოთხოვნილებად ესახებათ". აზრის განსამტკიცებლად კი მოყვანილი ყავდათ სხვადასხვა ფაბრიკის მუშების კომენტარები, რომლებიც საერთო კომუნისტურ საქმეს გადაჭარბებული გეგმით ასრულებდნენ. ამ ფორმით გააგრძელა გაზეთმა ბრძოლა ეროვნული მოძრაობების წინააღმდეგ.
გაზეთი კომუნისტი
12 აპრილი
ამავე პერიოდში გამოდიოდა საბჭოთა ხელისუფლების, კერძოდ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის, საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს და მინისტრთა საბჭოს გაზეთი კომუნისტი. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 1989 წლის 12 აპრილამდე გამოსული ნომრები არ იძებნება. ამ ნომერში კი გვხვდება იგივე განცხადებები და იმავე სულისკვეთების სტატიები რაც გაზეთ თბილისში.
16 აპრილი
"დავუბრუნოთ სიმშვიდე საქართველოს", — ეს მოწოდება გამოაქვეყნა გამოცემამ 16 აპრილს.
"სხვათა რჩევა — ბავშვებს მაინც ნუ აიყოლიებთო არაფორმალურ გაერთიანებათა ლიდერებმა არაფრად ჩააგდეს და მიაღწიეს იმას, რომ ქუჩებში მოეწყოთ ექსტაზში შესულ მეხუთე-მეექვსე კლასელთა გაუთავებელი სვლა მათთვის გაუგებარი ლოზუნგებითა და შეძახილებით. ნორჩებმა არც კი იცოდნენ ხეირიანად როგორი საქართველოსკენ მოუწოდებენ უფროსი თაობის წარმომადგენლები. შედეგი? იმ საბედისწერო ღამეს უდანაშაულო მსხვერპლთა შორის აღმოჩნდნენ დედები, რომლებიც დაიღუპნენ მხოლოდ იმიტომ, რომ მიტინგის მონაწილეებში შუაღამისას შვილებს დაეძებდნენ", — წერდა კომუნისტი. განცხადების ტექსტი ჰგავდა იმ საერთო მესიჯს, რომელსაც საბჭოთა ხელისუფლება გაზეთ თბილისის მეშვეობით ავრცელებდა.
16 აპრილს კომუნისტში კომენდანტის ცნობა გამოქვეყნდა, რომელიც იუწყებოდა, რომ "მოხულიგნო ელემენტებმა" ქალაქში მოქალაქეებისადმი მიმართვის ტექსტებს გადააკრეს ანტისაბჭოური ლოზუნგები, დაწვეს ხარაჩოები გეორგიევსკის ტრაქტატის 200 წლისთავის ძეგლის გარშემო და აკრძალვის მიუხედავად აგრძელდებდნენ აქციებსა და მანიფესტაციას.
19 აპრილი
19 აპრილიდან კომუნისტი საზოგადოებას მოუწოდებდა "აღვადგინოთ შრომითი ცხოვრების რიტმი", "დავრაზმოთ მთელი ძალები, ავანაზღაუროთ დანაკარგი!". ამასთანავე, უამბობდა საზოგადოებას იმაზე, რომ მშრომელს საგაზაფხულო მინდორი უხმობს და "კოოპერატორები ხნავენ". ამავე პერიოდში იბეჭდებოდა კომპარტიის იგივე განცხადებები, რაც გაზეთ თბილისში.
კომუნისტი დეტალურად წერდა, რომელ საწარმოში რამდენი მუშა მივიდა და რა მიზეზით გააცდინეს სხვებმა. ასევე ახსენებდა, რომ "პროვოკატორები" სამუშაო პროცესის ჩაშლას ცდილობდნენ და მუშებს დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდებდნენ.
გაზეთი ლიტერატურული საქართველო
21 აპრილი
1989 წელს გამოიცემოდა გაზეთი ლიტერატურული საქართველოც, რომელიც საქართველოს მწერალთა კავშირს ეკუთვნოდა. ბიბლიოთეკაში წინარე პერიოდის ვერსიები არ ინახება. 21 აპრილის ნომერში კი გამოქვეყნებულია მწერლების წერილი მიხეილ გორბაჩოვისადმი. მწერლები საბჭოთა ხელისუფლებას პირდაპირ სდებდნენ ბრალს დანაშაულებრივ ქმედებაში და მწვავე კრიტიკით ამხილებდნენ 9 აპრილამდე არსებულ არამართლზომიერ დამოკიდებულებას ქართველი ერის მიმართ.
მწერლებმა აქციის დარბევას ბარბაროსული აქტი უწოდეს და განაცხადეს, რომ ხელმძღვანელობა თავიდანვე ცდილობდა "უკუღმართად წარმოესახა" მომხდარი. მათ საბჭოთა მედიის წვლილიც აღნიშნეს და საკავშირო საინფორმაციო პროგრამა "ვრემია" გააკრიტიკეს. მათი თქმით, გადაცემაში არამარტო დამახინჯებულად წარმოადგინეს ტრაგედიის სურათი, არამედ მტრულად განაწყეს საზოგადოება ქართველი ერისადმი "ცინიკური გამოხდომებით".
"რა ცინიკურად, ბოროტ დაცინვად გაისმა ფრაზა, რომ ასეთი შემთხვევებისთვის საგანგებოდ გაწვრთნილი ჯარისკაცები თურმე "განსაკუთრებული მზრუნველობით ცდილობდნენ არაფერი ევნოთ ბავშვებისა და ქალებისთვის". ალბათ ამ გადაჭარბებული "მზრუნველობის" ბრალია, რომ ბარბაროსულად მოკლულ ქალთა შორის ყველაზე ახალგაზრდა თექვსმეტი წლისაა, ყველაზე ხნიერი კი — სამოცდაათის", — აცხადებდნენ ხელმომწერები.
მწერლებმა საბჭოთა ხელისუფლება გააკრიტიკეს იმისთვისაც, რომ კომენდანტის საათი 11 საათზე შევიდა ძალაში და ხალხს ამის შესახებ რამდენიმე წუთით ადრე გააგებინეს.
"განა არ შეიძლებოდა ბატონი სარდალი თუნდაც ერთი საათით ადრე გამობრძანებულიყო ტელევიზიით და რადიოთი. რასაკვირველია შეიძლებოდა, მაგრამ მაშინ ხომ ვეღარ იპოვნიდნენ ქუჩებში საკბილოს, მაშინ ხომ კიდევ ერთხელ ვეღარ გვაგრძნობინებდნენ თავიანთ ძლევამოსილებას!"
განცხადებას ხელს აწერდნენ მუხრან მაჭავარიანი, ჭაბუა ამირეჯიბი, მურმან ლებანიძე, ხუტა ბერულავა და ათეულობით სხვა ქართველი მწერალი.
21 აპრილი
ამ დღეს გაზეთში გამოქვეყნებული იყო მწერლებისა და პოეტების ჩანაწერები, რომლებიც ასევე ღიად აკრიტიკებდნენ სადამსჯელო ოპერაციას.
"საქართველო, რომელსაც თითქოს ყოველი ჯურის მკვლელი ენახა, გააოცა მანქურთი ჯალათების გაუგონარმა, კანიბალურმა, ვანდალურმა სისასტიკემ. ამნაირ მკვლელობათა მასობრივი სურათი აღწერილი არაა არანაირ ლიტერატურაში, მათ შორის არც სამედიცინოში", — წერდა ტარიელ ჭანტურია.
მწერალი ამბობდა, რომ საქართველო მხოლოდ ჭირისუფალი კი არა, უღმერთოდ დახოცილთა ჭირისუფალი იყო და არ გაემტყუნებოდა, რომ დაკრძალვასთან ერთად იმ დღეებში შურისძიებაზეც ფიქრობდა.
ამავე ნომრებში იბეჭდებოდა დაღუპულთათვის მიძღვნილი ლექსები და ჩანახატები.
"დებო, მერწმუნეთ ყველა წვეთი დაღვრილი სისხლის
არის ტანჯული საქართველოს ცრემლების ღირსი", — წერდა ჯანსულ ჩარკვიანი.
9 აპრილი
მედიაში 9 აპრილის თემას არც წლების შემდეგ დაუკარგავს აქტუალობა. დამოუკიდებელმა გაზეთმა "ფაქტი, აზრი, კომენტარი" სპეციალურად ამ დღისთვის დამატება გამოსცა. ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაზეთის 1993 და 1997 წლის ვერსია ინახება.
"არც თუ ისე დიდი დრო გავიდა 9 აპრილიდან დღემდე, მაგრამ ქართველმა ერმა იმდენი თავსდატეხილი უბედურება და ღთვთის წყრომა განიცადა, რომ შეიძლება ვინმე შემოგვედავოს კიდეც: რაღა დროს 9 აპრილია, ტრაგედიებიდან თავი ვერ დაგვიღწევიაო. ვინაც რა უნდა ისა თქვას, მაგრამ 9 აპრილი ყოველთვის იქნება ერის მოურჩენელი ტკივილი. ვისთვის ეროვნული მოძრაობის საყოველთაო დასაწყისი, ვისთვის ტანკებით გადათელილი ქართველთა გულები და მაინც ერთ მუშტად შეკრული საქართველო, გაუტეხელი, ამაყი, ძლიერი", — წერდა გაზეთი.
რედაქცია აცხადებდა, რომ მათი მიზანი არა მოვლენების შესწავლა ან ვინმეს სამსჯავროზე გაყვანა, არამედ ტრაგედიის მონაწილეების და მოწმეების მიერ ამ მოვლენათა შეფასება იყო. გაზეთში დაბეჭდილია დემონსტრანტების, მათი ოჯახის წევრების, ეროვნული მოძრაობის ლიდერების და იმდროინდელი ხელმძღვანელი პირების მოგონებები.
ამ ნომერში გხვდება აქციის ღამეს, მაშინდელი მთავრობის სასახლესთან მომუშავე სამართალდამცავის დაკითხვის ოქმიც, რომელშიც ის დეტალურად იხსენებს როგორ განვითარდა მოვლენები.
"4 საათზე დაიწყო სამხედროების შემოტევა მომიტინგეებზე. ლენინის მოედნის მხრიდან პირველი წამოვიდნენ სახანძრო მანქანები. მათ მოყვა ტანკები და ბეტეერები. ხალხმა გაატარა ტექნიკა და რუსთაველის პროსპექტი ისევ შეივსო ხალხით. გატარებულმა სამხედრო ტექნიკამ პირველი სკოლის მხრიდან ალყაში მოაქცია მომიტინგეები. პიონერთა სასახლის კედლიდან ისტორიის მუზეუმის კედლამდე ორ მწკრივად ჩადგნენ ხელკეტებით, ნიჩბებით და ფარებით შეიარაღებული სამხედროები. გაიცა ბრძანება და ფარებზე ხელკეტების ბრახუნით (რომ შეექმნათ ხმაურის ეფექტი) მწკვრივი მიუახლოვდა მომიტინგეებს და გაჩერდა. ეს რომ დაინახა იქვე მდგომმა გენერალმა, უმკაცრესად უბრძანა სამხედროებს, გამოეყენებინათ მათ წინ მჯდომი სპორტსმენებისა და ავღანეთში მყოფი მეომრების მიმართ ხელკეტები.
როდესაც ხელკეტები დასცხეს მჯდომარე ბიჭებს, ისინი იძულებული იყვნენ უკან დაეხიათ. სამხედრო მწკვრივი ნელ-ნელა მიიწევდა წინ მოშიმშილეებისკენ. ბეჭი-ბეჭზე მიდებული ვიწრო მწკრივით სამხედროებმა ისე შეკუმშეს ხალხი, რომ მათ შორის ნემსიც არ ჩავარდებოდა. მწკვრივის უკან მაღალი ჩინის ოფიცრების ბრძანებით იქმნებოდა ათეულები. ხელკეტებითა და ნიჩბებით თავგაჩეხილ და გაბრუებულ ადამიანებს, რომლებიც რჩებოდნენ მწკვრივის უკან და ითხოვდნენ შველას, სამხედროების ათეულს გამოყოფილი ჯარისკაცი ნიჩბით ჩეხავდა. სხვები შეკუმშულ ხალხზე "ჩერიომუხას" [მომწამლავი გაზი] ისროდნენ", — იხსენებს სამართალდამცავი.
ამ ნომერში გვხვდება ეროვნულ დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარის, გიორგი ჭანტურიას შეფასებაც. ის ამბობს, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობის ფაქტორი ყველასთვის თანაბარია.
"რაც შეეხება დამნაშვეს ამ შემთხვევაში პასუხისმგებელი კრემლი და მოსკოვია. მის ლაბირინთებშია არაერთი სიურპრიზი მომზადებულა საქართველოსათვის. იმდროინდელი ხელისუფლება კი მარიონეტული იყო, რომელსაც დამოუკიდებლად არ შეეძლო მოთხოვნების გადაწყვეტა საქართველოს სასიკეთოდ", — აცხადებდა ჭანტურია.
პასუხისმგებლობა რუსულ ჯარს აკისრებს საბჭოთა კავშირის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი და საქართველოს მეორე პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძეც. კითხვაზე, ვინ არის დამნაშავე 9 აპრილის ტრაგედიაში, მან ასე უპასუხა:
"დამნაშავეა ის დრო, ის მოვლენები და რა თქმა უნდა, რუსული ჯარი, რომელმაც არასწორად განავითარა მოვლენები".
საბჭოთა ხელისუფლების დანაშაულებები, რომელსაც საბჭოთა მედია ოსტატურად ნიღბავდა "ანტისახელმწიფოებრივი" მიტინგების იარლიყით, მაინც არ დაიმალა. ფოტოგრაფებმა, რეჟისორებმა, ხელოვანებმა და ყველამ, ვისაც საერთაშორისო ასპარეზზე ხელი მიუწვდებოდა, მსოფლიოს აჩვენეს, როგორ გაუსწორდა რუსული ჯარი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილ მოქალაქეებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები