რატომ არ უნდა დაგვავიწყდეს 9 აპრილი
მეფის რუსეთის და საბჭოთა იმპერიის ყველაზე დიდი იარაღი საქართველოს წინააღმდეგ არა რუსული ტანკები და წითელი არმია, არამედ დამახინჯებული რეალობა და პროპაგანდა იყო. დღემდე ოკუპირებული საქართველო არამხოლოდ მავთულხლართების, არამედ ჰიბრიდული ომის მსხვერპლია.
კრემლი ყოველდღიურად ჭრის და კერავს საქართველოს ისტორიის იმ ნაწილებს, რომელიც რუსულ აგრესიას უკავშირდება და მუდმივად ცდილობს გაამართლოს ის სამხედრო დანაშაული, რომელსაც საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდა. ამისთვის "საუკეთესო" საშუალებას მიაგნო — დანაშაული არა თავად, არამედ იმ ხალხს ამართლებინა, ვისგანაც უფრო "დამაჯერებლად" ჟღერდა. ამ პროცესში არაერთი ქართველი პოლიტიკოსი, საზოგადო მოღვაწე და ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი იყო ჩართული.
გმირები კი არა, შოუმენებიო
ამჯერად, კრემლის ინტერესების წისქვილს წყალი ცნობილმა ფოტოგრაფმა და ყოფილმა კულტურის მინისტრის მოადგილემ, იური მეჩითოვმა დაასხა. ფოტოგრაფმა, რომლის გადაღებული კადრი დღემდე 9 აპრილის სიმბოლოდ მიიჩნევა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სისხლიან აქციას "შოუ" უწოდა. მისი თქმით, 21 ადამიანი სასანგრე ნიჩბებით კი არ დაჩეხეს, არამედ "ასფიქსიით", ჭყლეტისას გარდაიცვალნენ.
მეჩითოვმა ისიც კი თქვა, რომ რუს სამხედროებს არავის მოკვლა უნდოდათ და 9 აპრილის შედეგები აქციის ორგანიზატორებს დააბრალა. ამაზე ფოტოგრაფმა Al Jazeera-ს დოკუმენტურ ფილმში ისაუბრა და მსოფლიოში არა ოკუპაციისა და აგრესიის მსხვერპლებად, არამედ "შოუმენებად" წარგვადგინა.
შოუ კი არა, თავისუფლებისთვის თავგანწირვა
მეჩითოვის განცხადება უპასუხოდ არ დაუტოვებია მისივე ფოტოს გმირს, ნანა მახარაძეს. თავის ფეისბუქგვერდზე ნანა მახარაძემ 9 აპრილს გადაღებული კადრი გააზიარა და დაწერა, რომ მეჩითოვს აქვს ნიჭი ერთი თითს დაჭერით შეაჩეროს წამი, თუმცა დაავიწყდა ამ დღის მნიშვნელობა.
"ბატონო იური, დღეს ჩვენ ყველაფერზე შეგვიძლია ვიკამათოთ, მაგრამ არა — 9 აპრილთან დაკავშირებით. ეს სისხლით მორწყული თარიღი, მუდამ თავისუფლების სიმბოლოდ დარჩება იმ გმირების სახელებთან ერთად, რომელთა ხსოვნას ჩვენ "შოუში" მონაწილე ადამიანები შთამომავლობას გადავცემთ", — უპასუხა მეჩითოვს 9 აპრილის მონაწილემ.
გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით
9 აპრილის ტრაგედიამდე 3 კვირით ადრე აფხაზეთში ე.წ. ლიხნის ასამბლეა ჩატარდა, რომელზეც საქართველოს აფხაზი მოსახლეობის ნაწილმა საქართველოსგან გამოყოფა და რესპუბლიკის სტატუსი მოითხოვა. აფხაზეთში სეპარატისტული განწყობების გაძლიერების პარალელურად, სეპარატიზმისა და მოსკოვის ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციები დაიწყო. 4 აპრილს მთავრობის სახლის წინ ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა. შიმშილობა დაიწყეს. მეორე დღეს რაოდენობა უფრო გაიზარდა.
9 აპრილის მოვლენების ქრონოლოგია იმაში დაგარწმუნებთ, რომ 1989 წელს რუსთაველზე არა "შოუში" მონაწილე ახალგაზრდები, არამედ ქვეყნის მომავლისა და თავისუფლებისთვის მებრძოლი გმირები იდგნენ.
9 აპრილს, გამთენიას რუსულმა არმიამ რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ხალხის დარბევა დაიწყო. მშვიდობიან,ხელაწეულ დემონსტრანტებს მომწამლავი ქიმიური საშუალებები, ცეცხლსასროლი იარაღი, სასანგრე ბარები, ჯავშანტრანსპორტიორები და ტანკები დაუპირსპირეს.
ბლოგ ბურუსზე რამდენიმე წლის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში 9 აპრილს ტრაგედიის თვითმხილველები იხსენებენ.
კონსტანტინე შენგელია: "მორბოდა ტანსაცმელდაგლეჯილი ხალხი, გაზისაგან სახეგაშავებული ბიჭები. ჩვენი სახლის ეზოში დაჭრილი შემოიყვანეს. ხალხი იხვეწებოდა, სადარბაზოს კარები არ ჩაკეტოთ რამე რომ მოხდეს, შიდა ეზოს შევაფარებთ თავსო. ვინ დახურავდა... გაზის ამპულები წვიმასავით მოდიოდაო, ჯარისკაცები ყვიროდნენ: "ვოტ, ვამ ზა სტალინა, ზა ბერია!" [აი, თქვენ სტალინისთვის, ბერიასთვის] თან დუჟი მოსდიოდათ პირიდან".
მხატვარი ნატო შენგელია იმ დროს 11 წლის იყო. მის მოგონებებში 9 აპრილი ხმაურით, დასისხლიანებული ხალხით და შიშით დარჩა: "დილის 5-ის ნახევარი იქნებოდა. ჭავჭავაძის გამზირზე მანქანის სიგნალის გაბმული ხმა ისმოდა. ოცი წუთის შემდეგ ხმა გაძლიერდა. მანქანის ღია ფანჯრებიდან ბიჭები მთელი ტანით იყვნენ გადმოწეულები და ყვიროდნენ: "გაიღვიძეთ, ხალხს ხოცავენ, გამოდით".
სახლში ყველას ეძინა, ჩემი და მამაჩემის გარდა. უცებ კარზე ზარის ხმა გაისმა. მამაჩემმა კარი გააღო, სასტუმრო ოთახში გავედი და დავინახე ბიძაჩემი შოთა ფეხშიშველი, დახეული შარვლითა და პერანგით, სახეზე ფერი აღარ ედო. ძლივს ამოილუღლუღა, ხალხი დახოცესო. შევძრწუნდი. ძნელი იყო ასეთი რამის დაჯერება. უცებ საშინელი ყვირილი და სტვენა ატყდა გარეთ. ხალხი, რუსთაველის გამზირის გარდა, ვარაზის ხევიდანაც მორბოდა. ტელევიზიასთანაც დაერბიათ მშვიდობიანი მომიტინგეები".
დაგვიხოცეს შვილები სამართალი ვერ ვიპოვეთ
სისხლიანი დილა საბჭოთა არმიამ თბილისის ქუჩებიდან გადარეცხა, მაგრამ კვალი ვერ წაშალა და ხალხიც არ დადუმდა.
9 აპრილს თბილისის ქუჩებში უფრო მეტი ადამიანი გამოვიდა და დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი. სისხლიანი რუსთაველი ტიტებმა, სანთლებმა და ცრემლებმა დაფარა.
იმ ღამის დარბევას 20 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ერთი მოქალაქე კომენდანტის საათის დროს მოკლეს რუსმა ჯარისკაცებმა. ამ დღეს ასობით ადამიანი დასახიჩრდა, დემონსტრანტების დიდი ნაწილი მოიწამლა. უცნობია დაზარალებულების ზუსტი რიცხვი და ასევე, რა ზიანი მიადგა მათ ჯანმრთელობას.
დანაშაულზე რუსეთს პასუხი არ უგია. თუმცა, საბჭოთა ხელისუფლების აგრესიულმა ნაბიჯმა საყოველთაო დაუმორჩილებლობა გამოიწვია, რაც, საბოლოოდ, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დასრულდა.
კითხვაზე, რატომ არ უნდა დავივიწყოთ 9 აპრილი, პასუხი მარტივია: იმიტომ, რომ გავიაზროთ დამოუკიდებლობის ფასი და რუსულმა პროპაგანდამ თავისუფლება არ წაგვართვას.
ამავე თემაზე:
- 9 აპრილი: ტრაგედიის ქრონოლოგია
- 20 მიზეზი, თუ რატომ არ უნდა ვენდოთ და ვემეგობროთ რუსეთს
- ინფორმაცია, რომელიც წამლავს - რუსული ჰიბრიდული ომის საფრთხეები საქართველოში
- პუტინის გრანტით დაფინანსებული მედიაფორუმი საქართველოში — რუსული ჰიბრიდული ომის კომპონენტი
- რუსეთის რბილი ძალის მორიგი დარტყმა: მედვედევის შექმნილი ფონდი თბილისში ფორუმს გამართავს
კომენტარები