რა ხდებოდა სისხლიანი 9 აპრილის შემდეგ თბილისში - AP-ის ჟურნალისტის მოგონება
9 აპრილის შესახებ მასალებზე მუშაობისას დავინტერესდი, როგორ გააშუქეს თბილისის ტრაგედია მაშინდელ უცხოურ მედიაში. გუგლის პრესარქივში 1989 წლის აპრილის გამოცემები “Tbilisi”-ით დავძებნე, შედეგად უამრავი სტატია ამოვარდა.
რეპორტაჟები, ძირითადად, ნაკლებად ცნობილ გაზეთებში იყო დაბეჭდილი, თითქმის ყველა მათგანი - 16-17 აპრილს, ტრაგედიიდან 7-8 დღის შემდეგ.
ავტორიტეტულ და საქვეყნოდ ცნობილ გამოცემებს, რომლებსაც იმ პერიოდში ამბის ოპერატიულად იმავე, ან შემდეგ დღეს, გაშუქების რესურსი ჰქონდათ, თავიანთი არქივები დახურული აქვთ და მათზე წვდომა გარკვეული ფასის გადახდის შემდეგაა შესაძლებელი. თუმცა, ნაკლებად ცნობილ გაზეთებში აღმოჩენილმა სტატიებმა ერთი საინტერესო ცნობა მაინც მომცა.
ყველა მათგანი ერთი კორესპონდენტის, ანა იმსის მასალის მიხედვით იყო მომზადებული. ანა იმსი Associated Press-ის ჟურნალისტი იყო, რომელიც მოსკოვში მუშაობდა და იქ მომზადებულ მასალას სააგენტოს საშუალებით მთელი მსოფლიოს პრესას აწვდიდა.
ანას Facebook-ზე მივაკვლიე. გადავწყვიტე მისთვის მიმეწერა და 1989 წლის 9 აპრილის ღამის და მომდევნო დღეების ამბები გამომეკითხა.
“ტრაგედიის შესახებ მეორე დილას შევიტყვე, ერთ-ერთმა მოქალაქემ დარეკა თბილისიდან”, - იხსენებს ანა, “მორიგე ვიყავი და არასოდეს დამავიწყდება, რა შოკში ჩავვარდი, როდესაც იმ ადამიანის მონათხრობს ვისმენდი.”
მისი თქმით, თავიდან ვერც მიხვდა რას ეუბნებოდა ადამიანი, რომელიც ტელეფონზე რეკავდა: “They killed people Lapatami?” - რამდენჯერმე ვკითხე, მერე ჩვენს თარჯიმანთანაც დავაზუსტე, სწორად მესმოდა თუ არა ის, რასაც ეს ადამიანი მეუბნებოდა.” ანას თქმით, მის გაოცებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც თარჯიმანმა დაუდასტურა, რომ თბილისიდან კავშირზე გამოსული ადამიანი, დემონსტრაციის მონაწილეთა ნიჩბებით დახოცვაზე ყვებოდა. “იქამდე ასეთი არაფერი მსმენოდა.”
ამ ზარის შემდეგ ანამ და მისმა თანამშრომლებმა მათთვის ხელმისაწვდომ და ნაცნობ ყველა პირს დაურეკეს თბილისში - რიგით მოქალაქეებს, ჟურნალისტებს, ჩინოვნიკებს. ყველა მათგანმა დაადასტურა ის ინფორმაცია, რომელიც AP-ს გააჩნდა. მოსკოვის ბიურომ მაშინვე დაიწყო ინფორმაციის გავრცელება თავისი არხების საშუალებით.
“ჩვენ უკვე გვქონდა კომპიუტერული კავშირი მოსკოვის ბიუროში, შესაბამისად, ყველანაირი დაბრკოლებისა და ცენზურის გარეშე ვგზავნიდით ყველა მასალას მსოფლიოს გარშემო.” - იხსენებს ანა.
მისი თქმით, თბილისში ჩამოსვლა მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მოახერხა, რადგან მაშინ უცხოელ ჟურნალისტებს სხვა რეგიონში გასამგზავრებლად საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს ნებართვა სჭირდებოდათ. ნებართვას, როგორც წესი, სამი დღის შემდეგ გასცემდნენ, რის შემდეგაც ჟურნალისტებს თავისუფლად მგზავრობა შეეძლოთ, მაგრამ ანა ამბობს, რომ მოსკოვმა თბილისში გამგზავრების ნებართვა დაახლოებით 2 კვირის შემდეგ მისცა.
ამ პერიოდის განმავლობაში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტრო უარყოფდა მომწამვლელი გაზის გამოყენებას, თუმცა ეს ინფორმაცია ჟურნალისტს გივი გუმბარიძემ, საქართველოს ცეკას ახალმა პირველმა მდივანმა დაუდასტურა.
ანა იმსი იხსენებს, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა შოკირებული იყო მომხდარით. გარდა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევისა და ხალხის ამოხოცვისა, საბჭოთა ძალები უარს ამბობდნენ ეცნობებინათ ექიმებისთვის, თუ რომელი გაზი გამოიყენეს მომიტინგეთა წინააღმდეგ, ამის გამო მოწამლულებს დროული სამედიცინო დახმარება ვერ აღმოუჩინეს. მისი თქმით, ხალხში რევოლუციური განწყობა იგრძნობოდა და ამ მუხტის ოდნავ გასანეიტრალებლად საქართველოს ცეკას ხელმძღვანელობა შეცვალეს.
“მიკვირდა იმ ინფორმაციის რაოდენობა და გახსნილობა, რომელსაც ოფიციალური პირები იძლეოდნენ”, - ამბობს ანა, “მაგალითად, გუმბარიძის აღიარება, რომ გაზი მართლაც გამოიყენეს. ის ფაქტი, რომ ასეთი მაღალი რანგის თანამდებობის პირი ასეთ ინფორმაციას იძლეოდა, აჩვენებს, თუ რამდენად შეიცვალა საქართველო იმ 2 კვირაში.”
ჩემს კითხვაზე, საბჭოთა უშიშროება აკონტროლებდა თუ არა მის ურთიერთობას წყაროებთან, მუშაობასა და გადაადგილებას, ანა პასუხობს, რომ ღიად არავის შეუშლია მისთვის ხელი. თუმცა დარწმუნებულია, რომ მასაც და იმ თბილისელებსაც, რომლებთანაც სატელეფონო ინტერვიუები ჰქონდა, KGB აქტიურად უსმენდა.
“მეც და ის ადამიანებიც ვინც ტელეფონზე მესაუბრებოდნენ, დარწმუნებული ვიყავით და, რა თქმა უნდა, მოსალოდნელია, რომ გვისმენდნენ, მაგრამ არც ერთი ჩვენგანისთვის ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდა”, - იხსენებს ანა.
ჟურნალისტის თქმით, მიუხედავად შოკისა, რომელიც მან ამ მოვლენების გაშუქებისას მიიღო, ის ცდილობდა, ბოლომდე შეენარჩუნებინა სიმშვიდე და ყველა ინფორმაცია გადაემოწმებინა:
“საბჭოთა ხელისუფლების დადანაშაულება საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენებაში სერიოზული ბრალდება იყო, რასაც AP გადამოწმების გარეშე არ გაუშვებდა თავის არხებზე, ამიტომ უამრავი მოწმის ჩვენებისა და ოფიციალური პირის გამოკითხვა მომიხდა.”
ანა მოგვითხრობს, რომ 9 აპრილიდან ორი კვირის მერე თბილისში ჩამოსულს, აქაურობა რადიკალურად შეცვლილი დახვდა:
“ყველგან დამოუკიდებელი საქართველოს დროშები იყო გამოფენილი.”
კომენტარები