დემოკრატიიდან სიწითლემდე
პირველი ფოტო 1918 წლის 26 მაისს არის გადაღებული — მაშინ საქართველო დამოუკიდებლობის გამოცხადებასა და დემოკრატიული რესპუბლიკის შექმნას ზეიმობდა. მეორეში კი გასაბჭოების "საზეიმო" ღონისძიებაზე მარშით მიმავალი მშრომელები ჩანან. ორივე საქართველოს ისტორიის ნაწილია, უბრალოდ, ერთი თავსმოხვეული და წითელია.
1920 წლის 7 მაისს მოსკოვში ბოლშევიკურ რუსეთსა და დამოუკიდებელ საქართველოს შორის სამშვიდობო და სამოკავშირეო ხელშეკრულება გაფორმდა. თუმცა, მიცემული პირობის დარღვევა რუსეთისთვის უცხო არ ყოფილა და არც ამჯერად უღალატა ტრადიციას.
1921 წლის 11 თებერვალს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ჩვეული ცხოვრების რიტმი აირია, საბჭოთა წითელი არმია საქართველოში შემოიჭრა და ღამით სადახლოს რაიონში ქართულ ჯარს თავს დაესხა. ომის დაწყებისთანავე მთავრობის თავმჯდომარემ, ნოე ჟორდანიამ რადიოთი მიმართა საბჭოთა ბოლშევიკური ძალების ლიდერებს, ლენინსა და ტროცკის და საომარი მოქმედებების შეწყვეტა, მოლაპარაკებების გამართვა მოითხოვა, მაგრად პასუხად რამდენიმე მიმართულებაზე საბჭოთა ჯარების იერიში მიიღო.
ეროვნული გვარდია თავგანწირულად იბრძოდა და წარმატებით იგერიებდა შეტევებს, მაგრამ წითელი არმია სულ უფრო წინ მიიწევდა.
"საქართველო მოკვდება, მაგრამ ის მტერს არ დანებდება", — თქვა ნოე ჟორდანიამ 1921 წლის 16 თებერვალს და ქართველ ხალხს საბჭოთა ბოლშევიკური ჯარების წინააღმდეგ ბრძოლისკენ მოუწოდა.
ეს სიტყვები სრული მზადყოფნის მანიშნებელი იყო, ამიტომ 17 თებერვალს დილის 5 საათზე გვარდიის გენერალმა, გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ. 22-23 წლის იუნკერებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის "დიდების" ფონზე შეხვდნენ, ხალხი მათ ცრემლითა და ყვავილებით აცილებდა.
19 თებერვლისთვის საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწია და გამარჯვების აღსანიშნავად 1 500 საბჭოთა ტყვე გაატარა თბილისის ქუჩებში. 20-21 თებერვალს რუსებმა ეროვნულ გვარდიაზე, მათ შორის იუნკერების დანაყოფებზე ორჯერ მიიტანეს იერიში. დიდი დანაკლისის ფასად ქართველებმა ისინი მოიგერიეს, თუმცა ამ ბრძოლამ იუნკერების დიდი ნაწილი იმსხვერპლა.
24 თებერვლისათვის ვითარება მეტისმეტად დაიძაბა. უთანასწორო ბრძოლაში პირველი დამოკრატიული რესპუბლიკა დამარცხდა. 25 თებერვალს თბილისში მე-11 წითელი არმია შემოვიდა.
საქართველოს გაწითლების გეგმა
საქართველოზე რამდენიმეწლიანი ბატონობის ისტორიამ რუსეთს ასწავლა, რომ ქართველები მარცხს მარტივად არ ეგუებოდნენ და მოგერიების რეჟიმში მოუწევდათ ყოფნა. ამიტომ გამარჯვებისთანავე მოქმედებაში მოიყვანეს საქართველოს გაწითლების გეგმა.
იმისთვის, რომ ქართველებს აჯანყებების სერია არ წამოეწყოთ, საჭირო იყო ძალის დემონსტრირება. გეგმის ეს ნაწილი თავისუფლების მოედანზე წითელი არმიის აღლუმით შესრულდა.
რაიმე სახის პროტესტის ორგანიზების შანსების გამოსარიცხად კი ბოლო ბრძოლების დასრულებიდან ორ დღეში, 20 მარტს სამხედრო მდგომარეობა გამოცხადდა.
საბჭოთა ხელისუფლებამ კარგად იცოდა, რომ იმპერიალისტურ რუსეთს ქართველების "მორჯულებაში" ყველაზე მეტად ნაციონალისტურმა და ეროვნულმა იდეებმა შეუშალა ხელი. თვითონ ამ შეცდომის დაშვებას არ აპირებდნენ და თავიდანვე გამოუცხადეს ბრძოლა ყველაფერს, რაც ქართველთა თვითმყოფადობას ასახავდა. მათი ბრძანებით, გაუქმდა პირველი რესპუბლიკის დროშა და გერბი. ქვეყანაში მეწამული წითელი ფერის დროშები აფრიალდა.
ტრადიციული ქართული ერთობის დასამარცხებლად საჭირო ნაბიჯი იყო ისიც, რომ დაპყრობილებს საერთო მიზანი ჰქონოდათ და თავი რაღაც მნიშვნელოვანის ნაწილად ეგრძნოთ. ამიტომ, საბჭოთა ხელისუფლება აქვეყნებდა გულისამაჩუყებელ განცხადებებს იმის შესახებ, თუ როგორ სჭირდებოდათ მათ მუშათა და გლეხთა თანადგომა ქვეყნის ასაშენებლად და რა კარგი იქნებოდა საერთო მომავალი.
"მხოლოდ და მხოლოდ სწორედ ეს ხელისუფლებაა ერთადერთი დასაბამი, ერთადერთი წყარო თქვენი საბოლოო განთავისუფლების, თქვენი საბოლოო ბედნიერების", — წერდა საბჭოთა ხელისუფლება.
მომდევნო ნაბიჯი მტრის ხატის შექმნა იყო, ამიტომ პირველი რესპუბლიკის ხელისუფლების "გაშავება" დაიწყეს. საბჭოთა გაზეთები აქტიურად წერდნენ იმის შესახებ, თუ როგორ დაემხო "მტარვალი, ვერაგი და ფლიდი" მთავრობა, რომელმაც "შური და ღვარძლი დათესა" და არწმუნებდნენ ხალხს, რომ ამის გამო ყველა ეროვნებისა და რწმენის მუშა და გლეხი ხარობდა.
ამ დროისთვის საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრები და მთავრობა მტერს ხან ქუთაისში ემალებოდა, ხან — ბათუმში. ემიგრაციაში გამგზავრებამდე ისინი ყველანაირად ცდილობდნენ ეროვნული ძალების მობილიზებას, რის გამოც საბჭოთა ხელისუფლება პროპაგანდას აძლიერებდა.
"მშრომელი ხალხის დაუძინებელი მტრები, საზოგადოების მავნე პირები, უნამუსო პროვოკატორები, ბურჟუაზიის და მუქთა-ხორების დაქირავებული აგენტები, გაბოროტებული მენშევიკები, ვერ ისვენებენ...
ისინი არავითარი ცისილწამების და სიცრუის წინაშე არ იხევენ, ოღონდ კი თავის ბნელ ზრახვებს მიაღწიონ, ოღონდ კი საერთო არევ-დარევა შექმნან...
ძირს უნამუსო ცილისმწამებლები! ზიზღი მათ!" — აცხადებდა სოციალისტური პარტია.
გეგმამ შედეგი გამოიღო. საქართველო საბოლოოდ გაწითლდა, თან იმდენად, რომ ანექსიის თარიღი, 25 თებერვალი გასაბჭოების დღესასწაულად აღიარა.
რა თქმა უნდა, საბჭოთა ხელისუფლება მხოლოდ აღიარებით არ შემოფარგლულა და სრული ცინიზმით 25 თებერვალს საზეიმოდ აღნიშნავდა. პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცულია ფოტომასალა, რომლებზეც გასაბოჭოების 15 წლისთავის მასშტაბური ღონისძიებები ჩანს.
აღსანიშნავია, რომ "საზეიმო გაწნყობის" დროსაც საბჭოთა ხელისუფლებას არ ავიწყდებოდა ხალხისთვის იმის შეხსენება, რომ წითელი არმია უმაგრებდათ ზურგს.
მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენებაც, რომ მუშათა კლასი უკვე შეკრული და ერთიანი იყო. ამიტომ მსვლელობებზე ერთფეროვანი წარმატებული მშრომელები ამაყად მიაბიჯებდნენ.
70 წლის განმავლობაში ყოველი მომდევნო დღე საბჭოთა ხელისუფლებისთვის ახალი ომი იყო, რომელიც საქართველოსთვის უნდა მოეგო. ამას უმეტესად წარმატებულად ახერხებდა, მაგრამ მაინც დამარცხდა.
1991 წელს საქართველოს დამოუკიდებლობა აღდგა და საბჭოთა კავშირი დაიშალა. მას შემდეგ, უკვე 29 წელია კრემლი საქართველოზე გავლენის დაბრუნებას ცდილობს, თუმცა რბილი თუ უხეში ძალის მიუხედავად, აღარ გამოსდის ცნობიერებიდან იმის ამოშლა, რომ ოკუპანტია.
კომენტარები