გაიცანით ქართველი იუნკრები, რომლებმაც დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას შესწირეს თავი
1921 წლის 11 თებერვალს საბჭოთა წითელი არმია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას თავს დაესხა. 17 თებერვალს დილის 5 საათზე გენერალმა გიორგი კვინიტაძემ ბრძანება გასცა, საბრძოლო პოზიციები სხვა სამხედრო ნაწილებთან ერთად, საქართველოს იუნკერთა სკოლის მსმენელებსაც დაეკავებინათ. 22-23 წლის იუნკრებს სამხედრო სკოლის ეზოში საქართველოს ჰიმნის ფონზე შეხვდნენ, ხალხი მათ ცრემლითა და ყვავილებით მიაცილებდა.
დღეს იუნკერთა ხსოვნის დღეა. 99 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ისინი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში საბჭოთა არმიას ემსხვერპლნენ. მათი ხსოვნის პატივსაცემად, საქართველოს მთავრობა საარქივო მასალებზე დაყრდნობით ავრცელებს ფოტომასალასა და ისტორიულ ფაქტებს იუნკრებზე.
კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლა
იუნკრებს თბილისის მისადგომების დაცვა დაევალათ. კურსანტებმა 7 კილომეტრის საბრძოლო პოზიცია კოჯორ-ტაბახმელასთან დაიკავეს.
იუნკერთა პოზიციებზე პირველი მასირებული შეტევა 19 თებერვალს დაიწყო. ბოლშევიკების იერიშების მიუხედავად, იუნკრებმა პოზიციების შენარჩუნება შეძლეს. საქართველოს შეიარაღებული ძალები, გენერალ კვინიტაძის სარდლობით თბილისს 1 კვირის განმავლობაში იცავდა.
მე-11 არმიამ შეტევა გააძლიერა და ტაბახმელისკენ გადაისროლა წითელ კურსანტთა ბრიგადა, რომელიც ყველაზე აგრესიული მებრძოლებისგან შედგებოდა. ბრძოლაში დამატებითი ძალების ჩართვის მიუხედავად, რუსებმა ტაბახმელა ვერ აიღეს, მაგრამ შეავიწროეს ქართული ნაწილები.
მას შემდეგ, რაც თბილისს ალყის საფრთხე დაემუქრა, მთავარსარდალმა დედაქალაქის დაცლისა და მთავრობის ევაკუაციის გადაწყვეტილება მიიღო. იუნკრების მიერ პოზიციების დატოვების თაობაზე ბრძანება 24 თებერვალს, ღამის 12 საათზე მიიღეს.
1921 წლის 17-24 თებერვალს იალღუჯასთან, კოჯორთან და ტაბახმელასთან საქართველოს თავისუფლებისთვის ბრძოლაში ათეულობით იუნკერი დაიჭრა და დაიღუპა. იუნკრებთან ერთად დაიღუპა მოხალისე მოწყალების და მარო მაყაშვილი. ის საარტილერიო დაბომბვას შეეწირა.
ქართველი იუნკრები
სანამ ტაბახმელის ბრძოლის გმირი გახდებოდა შალვა ერისთავი თბილისში ფეხბურთის საუკეთესო მოთამაშე იყო. თბილისის სამხედრო სკოლაში სწავლა მან 1919 წელს დაიწყო. კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლის დროს 24 წლის იყო.
1921 წლის 24 თებერვალს, როცა წითელარმიელებმა სანგარი დაიკავეს, ღია მინდორზე კონტრიერიშზე გადასულ ქართველ იუნკრებს ტყვიამფრქვევით უპასუხეს. იუნკერთა ასეული სიკვდილისგან შალვა ერისთავმა იხსნა.
ერისთავმა, რომელიც სამხედრო სკოლაში სწავლის დაწყებამდე თბილისში განთქმული ფეხბურთელი და მორბენალი იყო, ტყვიამფრქვევამდე არსებული მანძილი სწრაფად გაირბინა, ხიშტით განგმირა მემიზნე და საკუთარი სიცოცხლის ფასად საცეცხლე პოზიცია გააუვნებელყო, რითაც თანამებრძოლებს საშუალება მისცა კონტრშეტევა წარმატებით დაესრულებინათ.
კონტრშეტევას მის გარდა ორი იუნკერი, ოთარ ლორთქიფანიძე და იოსებ ჯანდიერი შეეწირა. დაიჭრა სამი ოფიცერი და 15 იუნკერი.
იმავე რაზმში იბრძოდა და იქვე დაიღუპა იუნკერი იოსებ ჯანდიერიც.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში ინახება ტაბახმელასთან ბრძოლის შემდეგ გადარჩენილი დაჭრილი იუნკრების ფოტო, რომლებიც წმინდა მიხეილის სახელობის ლაზარეთში მკურნალობენ.
გადარჩენილ იუნკერთა მნიშვნელოვანი ნაწილი დამხობილი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელისუფლებასა და სამხედრო ელიტის წარმომადგენლებთან ერთად ემიგრაციაში წავიდა. ისინი სასწავლებლად პოლონეთის, საბერძნეთისა და საფრანგეთის სამხედრო სასწავლებლებმა მიიღეს. 50-მდე იუნკერი პოლონეთის პოდხორონჟთა სკოლის კურსანტი გახდა. ბევრი მათგანი სკოლის დასრულების შემდეგ ოფიცრის წოდებით ამ ქვეყნის არმიაში შევიდა.
23 თებერვალს გაზეთ რესპუბლიკაში გამოქვეყნდა განცხადება "სამშობლოსთვის ბრძოლის ველზე დაღუპულ გმირთა" დაკრძალვის შესახებ.
23 თებერვალს იუნკერთა ხსოვნის პატივსაცემად სხვადასხვა ღონისძიებები იმართება. დღეს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა იუნკრების მემორიალი ყვავილებით შეამკეს და მათ მოსახსენიებელ პარაკლისს დაესწრნენ
კომენტარები