5 ფაქტი ანაკლიის პორტის შესახებ
ანაკლიის პორტი შენდება და მისი პირველი ფაზის დასრულებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. შემოდგომაზე ნაპირის დაღრმავების სამუშაოები მსოფლიოში გამორჩეულმა გემმა, "ათენამ" შეასრულა. ამის შესახებ ჩვენ ერთხელ უკვე მოგიყევით და გითხარით, რომ "ათენამ" 2 თვის განმავლობაში ზღვიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიღო და ნაპირზე განათავსა, სადაც მომავალში საპორტო ინფრასტრუქტურა აშენდება.
ანაკლიის პორტი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პროექტია საქართველოში, რომელიც ქვეყანას არამხოლოდ ეკონომიკურ, არამედ პოლიტიკურ და სოციალურ სარგებელს მოუტანს. ჩვენ გადავწყვიტეთ გამოვყოთ 5 გამორჩეული ფაქტი ანაკლიის პორტის შესახებ, რომელიც მის მასშტაბურობაში დაგარწმუნებთ.
1. ანაკლიის პორტი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს შექმნის
პორტის მშენებლობის ერთ-ერთი მთავარი პლუსი ისაა, რომ ის პირდაპირ და არაპირდაპირ ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის. მშენებლობის სხვადასხვა ფაზაზე უამრავი პროფესიის წარმომადგენლები დასაქმდებიან, ხოლო მას შემდეგ რაც პორტი ოპერირებას დაიწყებს, ათასობით ახალი მუდმივი სამუშაო ადგილი შეიქმნება.
სამუშაო ადგილები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ანაკლიის ეკონომოკურ მდგომარეობას, ხელს შეუწყობს ადგილობრივი წვრილი და საშუალო ბიზნესის განვითარებასა და სოციალური პრობლემების გადაჭრას.
2. პორტის მშენებლობის ფარგლებში სრულად შეისწავლეს ადგილობრივი ფლორა, ფაუნა, ზღვის ფსკერი და ნიადაგი
საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან ერთად, ანაკლიის პროექტის თანამშრომლები და დარგის სპეციალისტები, ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ რა გავლენა ექნებოდა პორტის მშენებლობას გარემოზე. ამ პროცესში ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა მკვლევრებთან ერთად 50-ზე მეტი კვლევა ჩაატარა. შეისწავლეს ადგილობრივი ფლორა, ფაუნა, ზღვის ძუძუმწოვრები, ნიადაგი და წყალი.
ჩატარებული კვლევები მნიშვნელოვანია არამხოლოდ გარემოზე ზემოქმედების შესაფასებლად, არამედ ადგილობრივი ფლორა და ფაუნის შესწავლისთვის.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში შეისწავლეს ეკონომიკური და სოციალური გარემოც, რაც ახალი სტრატეგიების შემუშავების საშუალებას იძლევა. პორტის მშენებლობის ერთ-ერთი მიზანი ხომ სწორედ ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაა.
3. პროექტის ფარგლებში განხორციელდება $2,5 მილიარდის ინვესტიცია
ანაკლიის პორტის პირველი ფაზის მშენებლობისთვის განხორციელდება 600 მილიონის ინვესტიცია, სულ, 9 ფაზის დასრულებისთვის - 2,5 მილიარდის ინვესტიცია. ანაკლიის პორტის პირველი ფაზა სრულდება 2020 წელს. ამ დროისთვის პორტი პირველ გემების მიღებას შეძლებს.
4. ანაკლიის პორტი ქვეყნის საკონტეინერო გამტარუნარიანობას გაასამმაგებს
საქართველოს პორტების არსებული ინფრასტრუქტურა შესაძლებლობას იძლევა ქვეყანამ გაატაროს დაახლოებით 550 000 TEU (20 ფუტიანი კონტეინერი). ანაკლიის პორტის ინფრასტურქტურა პირველი ფაზის დასრულების შემდე 1,000,000 TEU-ს გადამუშავებას შეძლებს, რაც ფაქტობრივად ასამმაგებს ქვეყნის საკონტეინერო ტვირთის გატარების პოტენციალს.
დღეისათვის, საქართველო შავ ზღვაში მოძრავი საკონტეინერო გემების 75%-ს ვერ იღებს, რადგან ქვეყანას არ აქვს ღრმაწყლოვანი პორტი. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი, თავისი შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ყველაზე დიდ, Panamax-ისა და Post-Panamax-ის გემებს მოემსახურება.
5. ანაკლიის პორტი სატრანზიტო ჰაბად ქცევის აუცილებელი წინაპირობა იქნება
ანაკლია ერთი მხრივ, არის იმ ცენტრალური აზიის 160-მილიონიანი ქვეყნების კარიბჭე, რომლებსაც ზღვაზე გასასვლელი არ აქვთ. მეორე მხრივ, წარმოადგენს საკვანძო სავაჭრო წერტილს, რომელზეც ჩინეთიდან ევროპისკენ დამაკავშირებელი სავაჭრო მარშრუტი გადის და პირიქით - ევროპას ცენტრალურ აზიასთან აკავშირებს.
ამავე თემაზე:
კომენტარები