2018 წლის ზაფხული რომ იწურებოდა, ანაკლიის სანაპიროს უზარმაზარი გემი "ათენა" მიადგა. მაშინ სანაპიროზე ბევრი არაფერი დახვდა - მხოლოდ სპეცტანსაცმელში ჩაცმული ადამიანები, რომლებსაც უდიდესი პროექტის დაწყებისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ჰქონდათ ჩატარებული. მითოლოგიური ღმერთის მატარებელი გემი ჰოლანდიური წარმოშობისაა და კომპანია "ვან ოორდს" ეკუთვნის. ის საქართველოს განსაკუთრებული მისიით ესტუმრა. ათენას ანაკლიის პორტისთვის ნაპირის დაღრმავების სამუშაოების შესრულება ევალებოდა.

რამდენად წარმატებულად შეასრულა მითოსურმა პერსონაჟმა მისი საქმე? - ამის გადასამოწმებლად ანაკლიაში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" ჯგუფთან ერთად გავემგზავრეთ. ადგილზე ჩასულებს, შუა ზღვაში გაჩერებული "ათენა", აქტიურ ფაზაში მყოფი სამუშაოები, სრულიად შეცვლილი პანორამა და არაჩვეულებრივი ამინდი დაგვხვდა.

სხვათაშორის, "ათენა" სწორედ ის გემია, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუძღვის სუეცი არხის გაფართოებასა და "დუბაის პალმების" მშენებლობაში.

ფოტო 1: NYP / ფოტო 2: Wikimedia


აშენდება თუ არა ანაკლიის პორტი? - ამ საკითხის გარშემო წლების განმავლობაში უამრავი მითქმა-მოთქმა არსებობდა. ადამიანების ნაწილს სჯეროდა, რომ ეს შესაძლებელი იყო, უმრავლესობა კი პესიმისტურად უყურებდა. ახლა ამ კითხვაზე პასუხი უკვე არსებობს - ანაკლიის პორტის მშენებლობა დაწყებულია და სულ მალე პროექტის პირველი ფაზა დასრულდება. ჯამში მშენებლობის ცხრა ფაზა უნდა ჩატარდეს, რომელსაც რამდენიმე ათწლეული დასჭირდება, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ამ დროის განმავლობაში ანაკლიის პორტი უფუნქციოდ იქნება.

ეს არ არის მხოლოდ ღრმაწყლოვანი პორტი, ეს უზარმაზარი კვანძის შექმნაა და განაცხადი, რომ ჩვენ ვართ შუა წერტილი ევროპასა და აზიას შორის და ეს მხოლოდ ისტორიული მოცემულობა აღარაა,

მამუკა ხაზარაძე, ჟურნალი "ანაკლია"

პირველი ფაზის დასრულების შემდეგ, ანაკლიისთვის სრულიად ახალი სიცოცხლე იწყება. ახალაშენებული პორტი გემების მიღებას 2020 წლის ბოლოს დაიწყებს და პარალელურად, მისი განვითარებაც გაგრძელდება. ასეთ მოკლე ვადებში რომ ამ მიზნის მიღწევა შესაძლებელია, სწორედ "ათენას" დამსახურებაა. ჰოლანდიურმა გემმა ანაკლიაში უდიდესი სამუშაოები შეასრულა. 2 თვის განმავლობაში მან ზღვიდან 5 მლნ კუბური მეტრი ქვიშა ამოიღო და ნაპირზე განათავსა, სადაც მომავალში საპორტო ინფრასტრუქტურა აშენდება.

ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

ფოტო: ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

შედარებისთვის, "ათენას" გარეშე ამ შედეგის მიღწევას მინიმუმ ორი წელი დასჭირდებოდა, თანაც ძალიან ინტენსიური სამუშაოების ფონზე, 500 000 სატვირთო მანქანის ჩართულობით. სწორედ ამიტომაც არის "ათენა" თავის სეგმენტში საუკეთესო ხუთეულის წევრი. 2 თვის წინ ამ ტერიტორიაზე ფაქტობრივად არაფერი იყო, ახლა კი 110 ჰექტარია დამუშავებული და მისი სახე სრულიად შეცვლილია.

ცვლილებების კარგად დანახვაში ეს ვიდეო დაგეხმარებათ, სადაც აღბეჭდილია, თუ როგორი იყო პორტის ტერიტორია დასაწყისში და როგორია ახლა.

პროექტის შემდეგი ეტაპი ანაკლიის პორტის ფსკერის საოპერაციო სიღრმემდე, ანუ -16 მეტრამდე დაღრმავება იქნება, რაც იქაურობას ღრმაწყლოვან პორტად აქცევს. სამუშაოების დაწყება 2019 წელს იგეგმება და მას ისევ ათენა ან მისი ტყუპისცალი და, "არტემისი" შეასრულებს. "არტემისის" შესაძლებლობები ზუსტად ისეთივეა, როგორიც "ათენასი".

რა ვიცით ანაკლიის პორტის შესახებ?

ბევრისთვის უცნობი ფაქტია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობის იდეა ჯერ კიდევ მეოცე საუკუნეში, 1960-იან წლებში გაჩნდა. პირველი ნახაზები, რომელმაც დღევანდელ დღემდე მოაღწია, 1974 წლით არის დათარიღებული. ფაქტია, მაშინ ეს პროექტი ვერ განხორციელდა სხვადასხვა მიზეზებით. 2016 წელს კი, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და სახელმწიფომ ერთობლივად დაიწყეს პროექტზე მუშაობა. ჯერ ანაკლიის პორტის საპროექტო ტერიტორიის კვლევა ჩატარდა, შემდეგ კი მშენებლობისთვის მოსამზადებელი სამუშაოები.

მასშტაბების თვალსაზრისით, ანაკლიის პორტი არამხოლოდ რეგიონში, არამედ მთელ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული იქნება. სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ, ის 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე იქნება გაშლილი, რომელსაც 32 ნავმისადგომი ექნება. ანაკლიის პორტის გამტარუნარიანობა, წელიწადში, 100 მლნ ტონა იქნება, რაც რამდენიმე ათეული მილიონით აღემატება ფოთის პორტის მაჩვენებლს.

პანამაქსის ტიპის სატვირთო გემი

პანამაქსის ტიპის სატვირთო გემი

ფოტო: Seatrade Maritime

აღსანიშნავია ისიც, რომ ანაკლიის პორტის მთავარი სეგმენტი დიდი საკონტეინერო გემებია, როგორიცაა პანამაქსი და პოსტპანამაქსი. შესაბამისად, შიში, თითქოს ანაკლიის პორტი ფოთისას ბაზარზე არსებობის საშუალებას არ დაუტოვებს, არარელევანტურია. ფოთის პორტი შედარებით მცირე ზომის სატვირთო გემებს ემსახურება და ანაკლიის პორტთან გადაკვეთის წერტილები ძალიან მცირე შეიძლება ჰქონდეს.

პორტის განვითარების პარალელურად, შეიქმნება დამატებითი ინფრასტრუქტურა. სახელმწიფო უზრუნველყოფს სამანქანო გზისა და რკინიგზის გაყვანას ანაკლიის პორტამდე, რაც ნავსადგომის პროექტს კიდევ უფრო მასშტაბურს ხდის. გარდა ამისა, განვითრდება ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესი, მათ შორის კვების, სასტუმროებისა და მაღაზიების ბიზნესი. საერთო ჯამში, ცხრა ფაზის დასრულების შემდეგ, პროექტში განხორციელებული ინვესტიცია 2.5 მილიარდს მიაღწევს, რაც საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ინვესტიცია იქნება.

კავშირი აფხაზეთთან

ანაკლიის პორტს მასშტაბურობას მატებს ისიც, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ის სულ რამდენიმე ათეული კილომეტრის დაშორებითაა. პორტის ტერიტორიიდან კარგი ამინდის შემთხვევაში აფხაზეთის კონტურებიც კი მოსჩანს. ცხადია, არავის აქვს ილუზია, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობით კონფლიქტი მოგვარდება, თუმცა სახალხო დიპლომატიისა და ურთიერთობების დარეგულირების საკითხში კი, პროექტი შესაძლოა მართლაც საკვანძო აღმოჩნდეს.

ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, ე.წ. საზღვართან, და არა იმიტომ, რომ აფხაზეთს კუნთები დავანახვოთ, არამედ იმიტომ, რომ ვუთხრათ: ჩვენ აქ ვართ, ვაშენებთ, გვინდა, შენთან ერთად ავაშენოთ... ბიზნესი გავაკეთოთ ერთად... მთავარია, ჩვენ შორის "საზღვარი" გონებაში წავშალოთ. თორემ, დღეს ფიზიკური საზღვარი მსოფლიოში აღარ არსებობს,

მამუკა ხაზარაძე

ანაკლიის პორტი პირველ ეტაპზე რამდენიმე ასეულ ადამიანს დაასაქმებს, სრულად დასრულების შემდეგ კი რამდენიმე ათასს. პროექტში გათვალისწინებულია, რომ დასაქმებულთა 90% ქართველი იქნება, მათ შორის უმრავლესობა კი, ადგილობრივი. შესაბამისად, სამეგრელოში ეკონომიკური მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გაჩნდება მუდმივი სამუშაო ადგილები და ადამიანების აღარ იქნებიან მხოლოდ ზაფხულის სეზონზე დამოკიდებულნი.

ეკონომიკური განვითარება კი, უპირველესია, რაც დე ფაქტო საზღვრის პირას მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაციის საშუალებას იძლევა. მამუკა ხაზარაძის თქმით, სახალხო დიპლომატია და აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებთან კომუნიკაცია, კიდევ უფრო გამარტივდება ანაკლიის პორტის აშენების შემდეგ.