საქართველოს საპატრიარქო კმაყოფილია, რომ მთავრობამ კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი პარლამენტიდან გამოიწვია. შესაბამისი განცხადება საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა.

განცხადებაში ნათქვამია, ეკლესიისა და საზოგადოების რეაქციის გათვალისწინებით, კანაფის კონტროლის შესახებ ინიციატივას ხელისუფლება პარლამენტიდან გაიწვევს, რის გამოც საქართველოს საპატრიარქოც გამოხატავს კმაყოფილებას.

"საუბრისას ყურადღება გამახვილდა ბოლო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებულ პრობლემურ დადგენილებებზეც და აღინიშნა, რომ აუცილებელია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებები იყოს მაქსიმალურად მაღალი ლეგიტიმაციით უზრუნველყოფილი, რისთვისაც სათანადო ნაბიჯები უნდა გადაიდგას", — ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

ხელისუფლების გადაწყვეტილებები მეორე ტურის წინ

28 ოქტომბრის შედეგების შემდეგ მმართველმა გუნდმა "შეცდომების გამოსწორებაზე" დაიწყო საუბარი. მეორე ტურისთვის მოსამზადებლად საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ცენტრალურ ოფისში პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილსაც შეხვდნენ.

ქართული ოცნების მიერ მხარდაჭერილი კანდიდატისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის მიცემული ხმების ნაკლებობა დეპუტატებმა სხვადასხვანაირად ახსნეს. მაგალითად, დეპუტატი კარლო კოპალიანი მიიჩნევს, რომ თუ "ხალხს მოეფერებიან" და მათი პრობლემებით დაინტერესდებიან, მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებენ.

გია ჟორჟოლიანს მიაჩნია, რომ 28 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნებზე მოსახლეობის უმეტესობამ უკმაყოფილება გამოხატა მმართველი გუნდის პოლიტიკის, კერძოდ, ეკონომიკური პოლიტიკის და არა სალომე ზურაბიშვილის მიმართ.

კიდევ ერთ მიზეზად კანაფის კულტივაციის კანონპროექტი დასახელდა. რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი ზოიძე და კიდევ რამდენიმე დეპუტატი ითხოვდნენ, რომ კანონპროექტი უკან გაწვეულიყო. ამის შემდეგ კი შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია და პარლამენტის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე პატრიარქს შეხვდნენ და კანონი უკან გაიწვიეს.

კიდე ერთი ინიციატივა, რომელიც მეორე ტურის წინ მმართველმა გუნდა დააანონსა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების შეზღუდვაა. კობახიძის თქმით, იმსჯელებენ ცვლილებებზე, რომელიც ნარკოპოლიტიკის საკითხებში საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს შეზღუდავს.

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული კანონპროექტი "მცენარე კანაფის კონტროლის" შესახებ სამედიცინო მიზნით მარიხუანის დათესვას, მოყვანა და კულტივაციას გულისხმობს. კანონპროექტის მიხედვით, მარიხუანის მხოლოდ ექსპორტი იქნება დაშვებული, ხოლო იმპორტი აკრძალული. ასევე აიკრძალება არასამედიცინო მიზნით კანაფის კულტივაციაც.

დოკუმენტი 131 გვერდიანია და დამტკიცების შემდეგ, სულ მცირე 10 კანონში გამოიწვევდა ცვლილებას. კანონპროექტს როგორც ეკლესიიდან, ისე საზოგადოებისგან კრიტიკა მოჰყვა. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნა, რომ სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია და მრევლი ეწინააღმდეგება ნებისმიერი მიზნისთვის მარიხუანის რეალიზაციის ლეგალიზებას.

კანონპროექტის გადავადების გადაწყვეტილება უმრავლესობამ მას შემდეგ მიიღო, რაც აღნიშნულ ინიციატივას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დაუპირისპირდა. პარლამენტში კანონპროექტის უკან გაწვევაზეც მსჯელობდნენ. ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს.