უკრაინის მიმართ რუსეთის სანქციები შესაძლოა, 360-მდე კომპანიასა და 50-ზე მეტ ფიზიკურ პირს შეეხო. ამის შესახებ ერთდროულად რამდენიმე რუსული გამოცემა მთავრობაში არსებულ წყაროზე დაყრდნობით წერს. მათივე თქმით, მინისტრთა კაბინეტი სანქციებზე მუშაობას ასრულებს.

22 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც უკრაინის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები გატარდება.

სანქციების დოკუმენტში საუბარია, რომ მსგავსი ზომები მათ მიიღეს, რადგან უკრაინამ რუსეთის მოქალაქეებისა და კომპანიების მიმართ "არამეგობრული და საერთაშორისო სამართალთან საწინააღმდეგო ნორმები გაატარა". როგორც აღნიშნულია დოკუმენტში, ის გაუქმდება თუ უკრაინა რუსეთის მიმართ შეზღუდვებს უკან გაიწვევს.

2014 წელს ყირიმის ანექსიისა და დონბასში საომარი მოქმედებების გამო შემდეგ უკრაინამ სანქციები გაატარა რუსეთის 1 228 მოქალაქისა და 468 კომპანიის მიმართ. ისინი შეეხება რუს პარლამენტარებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, მაღალი თანამდებობის ჩინოვნიკებს, კულტურის მოღვაწეებსა და მედიის წარმომადგენლებს. მათ ეკრძალებათ უკრაინაში შესვლა.