National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერი საქართველოს რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება
National Geographic საქართველოს ოქტომბრის ნომერი ქართველი მკითხველისთვის განსაკუთრებულია. ის საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს ეძღვნება და ბრიტანეთის უმაღლესი კომისრის, სერ ოლივერ უორდროპის დღიურებს ექსკლუზიურად გვთავაზობს.
აღნიშნული დღიურები 2018 წლის 1 ივნისს ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდილიანის ბიბლიოთეკას გადაეცა. ბიბლიოთეკის თანამშრომლებისა და ქართველი მეცნიერის, ბექა კობახიძის შემდეგ, National Geogrpahic საქართველოს გუნდი პირველი იყო, ვისაც დღიურების ნახვისა და გადაღების საშუალება მიეცა.
ამ ფასდაუდებელ ჩანაწერებში ისტორიული ცნობების ნაცვლად, ნამდვილ ემოციებს და საყიდელი წიგნების სიასაც კი ნახავთ, რომელშიც "დროების" კალენდარი და ექვთიმე თაყაიშვილის წიგნიც შედის. ოლივერ უორდროპის დღიურების სკურპულოზურ შესწავლას ბექა კობახიძე სულ მალე დაიწყებს.
ნომრის მთავარი სტატია "დაუსრულებელი სიმფონია" 1918-1921 წლებში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის საერთაშორისო პოზიციების, მთავარი მიღწევებისა და შეცდომების შესახებ გვიამბობს. მასში მოცემულია არაერთი ცნობილი მეცნიერის მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა იყო ჩვენი ქვეყნის ყველაზე მთავარი დამსახურება და რა გახდა მიზეზი იმისა, რომ ჩვენი დამოუკიდებლობა ასე ცოტა ხანს გაგრძელდა.
"დაუსრულებელი სიმფონია" ამომწურავად მოგვითხრობს საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო, წინააღმდეგობებით სავსე და დღემდე ბოლომდე შეუსწავლელი პერიოდის შესახებ.
ჟურნალში ასევე წარმოდგენილია ზუსტად 100 წლის წინ National Geographic-ის პირველი საველე კორეპონდენტის, მეინარდ ოუენ უილიამსის მიერ დაწერილი სტატია და გადაღებული ფოტოები. უილიამსმა კავკასიაში იმოგზაურა რუსეთის იმპერიის დაშლის შემდეგ და აღწერა იმპერიის დაშლის შემდეგ არსებული მდგომარეობა. მის სტატიაში ვრცელი თავი ეთმობა საქართველოსა და ქართველებს. მისი აზრით, ქართველები ყველაზე საინტერესო ხალხია მათ შორის, ვინც კავკასიაში სახლობს.
უილიამსმა საკუთარი თვალით იხილა საქართველოში ავტოკეფალიის აღდგენისა და არჩევნების ჩატარების პროცესი, რასაც ემოციურად აღწერს კიდეც თავის სტატიაში. ის ძალიან საინტერესო სურათს ხატავს იმის შესახებ თუ რა მოლოდინები და წარმოდგენები არსებობდა, რა უხაროდათ და რა აწუხებდათ საქართველოში ზუსტად 100 წლის წინ.
უილიამსის სტატია 1918 წლის ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნდა National Geographic-ის მთავარ გამოცემაში. 100 წლის შემდეგ კი, საბჭოთა კავშირის ტოტალიტარულ რეჟიმში ყოფნისა და დამოუკიდებლობის აღდგენიდან 26 წლის თავზე, მისი სტატია კიდევ ერთხელ დაიბეჭდა National Geographic-ის ქართულ ნომერში.
ოქტომბრის ნომერში შეგიძლიათ წაიკითხოთ ალექსანდრე ჭავჭავაძე უმცროსის ოქროს ჯიბის საათის საინტერესო თავგადასავალიც. ცნობილი ფრანგი მესაათის, პაველ ბურეს მიერ დამზადებულ საათზე დატანილია ქართული არტ-ნუვოს იშვიათი ნიმუში - მფლობელის ინიციალები „აჭ“. ეს ისტორიული ნივთი სულ ცოტა ხნის წინ ასწლიანი მიგრაციიდან დაუბრუნდა ჭავჭავაძეების საგვარეულო მამულს და წინანდლის მუზეუმის მუდმივი ექსპოზიციის ნაწილი გახდა.
ჯიბის საათმა დიდი გზა განვლო, სანამ წინანდლის მუზეუმში მოხვდებოდა: ჯერ მფლობელთან ერთად იმოგზაურა ევროპაში პირველი მსოფლო ომის დროს, მერე კი რუსეთის მმართველობის დამხობასაც მოესწრო და ქართული სახელმწიფოს შექმნასაც. 1918 წელს საათმა ალექსანდრეს ვაჟთან, პავლე ჭავჭავაძესთან ერთად დატოვა საქართველო და მას შემდეგ ჯერ რუმინეთში, შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და, საბოლოოდ, ამერიკის შეერთებულ შტატებში აღმოჩნდა.
თავის მხრივ, არც საათის პირველი მფლობელის, ალექსანდრე უმცროსის ცხოვრების გზა ყოფილა მარტივი. ის "თეთრი გიორგის რაზმს" შეუერთდა და ამით საბჭოთა დაზვერვის ყურადღება მიიპყრო. ალექსანდრე 1930 წლის სექტემბერში დახვრიტეს საქართველოში საბჭოთა რეჟიმის გადატრიალებისა და ქვეყანაში მონარქიის აღდგენის მცდელობის ბრალდებით. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯიბის საათი, რომელიც გასაბჭოებულ საქართველოში ალექსანდრე ჭავჭავაძისა და მისი ოჯახის ტრაგიკული ბედის ცხადი დადასტურებაა, ასი წლის შემდეგ ისევ წიკწიკებს წინანდალში, ისევ დამოუკიდებელ საქართველოში.
ოქტომბრის ნომერში დაბეჭდილი სტატიების მოკლედ გასაცნობად შეგიძლიათ ეწვიოთ ლინკს.
კომენტარები