ძალადობა და ბულინგი - მუდმივი, გარიყვა - ნორმა — გაეროს ექსპერტი ლგბტ პირებზე საქართველოში
"თავისუფლება ის ღირებულებაა, რაც სანუკვარია ლგბტ თემისთვის საქართველოში", — გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი, ლგბტ პირთა უფლებრივ მდგომარეობას აფასებს. 24 სექტემბრიდან 5 ოქტომბრის ჩათვლით იგი თბილისს, ქუთაისსა და ბათუმს ეწვია და შეხვდა, როგორც აღმასრულებელ, ისე საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წევრებს.
ლგბტ პირების ყოფა
გაეროს ექსპერტის წინასწარ ანგარიშში ნათქვამია, რომ მისი ვიზიტის დროს, ფაქტობრივად, ყველა საუბარმა დაუდასტურა, თუ რამდენად ფართოდაა გავრცელებული საქართველოში ძალადობა და დისკრიმინაცია ლგბტ პირების წინააღმდეგ:S
"ცემის ფაქტები და ბულინგი — მუდმივი, ხოლო განათლებისა და ჯანდაცვის სისტემებიდან, ასევე სამუშაო ადგილებიდან ლგბტ პირების გარიყვა — ნორმა".
ექსპერტი აღწერს, რომ საქართველოში ვიზიტის დროს ისეთი სისტემური ფაქტორები დააფიქსირა, რომლებიც ხელს უშლიან ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ და ტრანსგენდერ პირებს გამოიყენონ თანასწორ გარემოში ცხოვრების უფლება საკუთარ თემებში, სკოლებსა და დასაქმების ადგილებში:
"არსებობს ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, რომ ამგვარი იდენტობის ქონა ცოდვაა, სამარცხვინოა ან პათოლოგიაა... ამგვარ რწმენას, რომელსაც აღვივებს ეკლესია, ასევე ხელს უწყობენ პოლიტიკური აქტორები, სამთავრობო და სამართალდამცავი უწყებები და, რა თქმა უნდა, მასმედიისა და სოციალური მედიის საშუალებებიც".
ანგარიშში ნათქვამია, რომ ასეთი "ხმაშეწყობილი შეტევები" იწვევს ლგბტ პირების მიმართ ძალადობასა და მათ გარიყვას ჯანმრთელობისა და განსახლების სერვისებისგან, უსპობს მათ დასაქმებისა და ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას:
"ეს მავნე ენერგია საბოლოოდ ყველაზე დიდ დარტყმას საქართველოს ყველაზე უუფლებო, დამცირებულ და მოწყვლად ჯგუფს აყენებს".
ოჯახში ძალადობა
გაეროს ექსპერტის შეფასებით, ოჯახში ძალადობის აღმოფხვრის მიმართულებით სახელმწიფოს მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს განმტკიცება სჭირდება, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება სექსუალურ ორიენტაციასა და გენდერულ იდენტობას.
ანგარიშის თანახმად, არ არის ჩამოყალიბებული კონცეპტუალური ჩარჩო ან სისტემები, რომლებიც იძლევიან მონაცემთა დახარისხების საშუალებას.
ექსპერტს მაგალითისთვის მოჰყავს უზენაესი სასამართლოს მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ოჯახში ძალადობის 1 578 შემთხვევის შესახებ. მისი თქმით, უწყებას არ აღმოაჩნდა მონაცემი, თუ აქედან რამდენი დანაშაული იქნა ჩადენილი სექსუალური ორიენტაციის ან გენდერული იდენტობის საფუძველზე:
"ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღმოფხვრისაკენ მიმართული ზომები, მხოლოდ ჰეტერონორმატიული პერსპექტივით იქნა შემუშავებული".
მისივე ცნობით, შსს-დან და პროკურატურიდან მიღებული მონაცემები უფრო იმედისმომცემია, ვინაიდან უწყებებში სტატისტიკის შეგროვების პროცესი დაწყებულია.
რეკომენდაცია: სახელმწიფომ უნდა გააორმაგოს მცდელობები, რათა უზრუნველყოს სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი ოჯახური ძალადობის შემთხვევების იდენტიფიცირება და საქმეების განხილვა.
სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაული
ვიზიტის ფარგლებში, გაეროს ექსპერტის მიერ მოპოვებული ცნობებით ირკვევა, რომ სამართალდამცავი ორგანოები იშვიათად, სასამართლოები კი არასდროს იყენებენ დამამძიმებელ გარემოებას სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის კვალიფიკაციისას. (სისხლის სამართლის კოდექსის 53.31 მუხლი)
ექსპერტი საუბრობს იმ პრობლემებზეც, რასაც პოლიციისთვის მიმართვის დროს აწყდებიან თემის წევრები. მისი თქმით, ეს განსაკუთრებით მწვავეა ტრანსგენდერ სექსმუშაკებთან მიმართებით:
"მრავალი საჩივარი მოვისმინე პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ძალაუფლების ბოროტად გამოყენების, ჰომო-ტრანსფობიურ დამოკიდებულებასთან დაკავშირებით. შევიტყვე, რომ რიგ შემთხვევებში, პოლიციის ოფიცრები დაცვის სანაცვლოდ სქესობრივ კავშირს ითხოვენ ტრანსგენდერი ქალებისგან და მათ წლების განმავლობაში ჩამოყალიბებული აქვთ მათთან ამგვარი ურთიერთობა. თუმცა, ძალადობის ამგვარი შემთხვევების შესახებ ინფორმაცია არასდროს ფიქსირდება პოლიციის საინფორმაციო ბაზებში, რაც, ცხადია, იმას ნიშნავს, რომ ეს შემთხვევები გამოუძიებელი დარჩება, ხოლო დამნაშავე — დაუსჯელი".
2018 წლის იანვრიდან გამოვლინდა სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი შესაძლო დანაშაულებების 40 ფაქტი. მათგან 20 სექსუალურ ორიენტაციას უკავშირდება, 10 კი ბრალის წაყენებით დასრულდა.
ლგბტ პატიმრები
გაეროს ექსპერტის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში ჩამოყალიბებულია "საზოგადოებისგან გარიყულების სისტემა", რომელშიც ათავსებენ ლგბტ პატიმრებს. მისივე ცნობით, ეს პატიმრები განცალკევებით იხდიან სასჯელს და ასრულებენ ყველაზე მეტად დამამცირებელ სამუშაოს, როგორიცაა ჰიგიენური და დასუფთავების სამუშაოები, მათ აბუჩად იგდებენ და დასცინიან არა მხოლოდ დანარჩენი პატიმრები, არამედ ხშირად ციხის ადმინისტრაციაც კი:
"მაგალითად, ციხეში, რომელიც მოვინახულე, მიუხედავად მრავალი მცდელობისა შეექმნათ ინკლუზიური გარემო, ჯერ კიდევ შეუძლებელია ლგბტ პირებისთვის ან მათთვის, ვისაც ამ კატეგორიას მიაკუთვნებენ, მონაწილეობა მიიღონ საკვების დარიგებაში, რადგან სხვა პატიმრები უარს იტყვიან მათ მიერ მოწოდებული საკვების მიღებაზე".
ანგარიშის თანახმად, გენდერის აღიარების იურიდიულმა ბარიერებმა შესაძლოა შექმნას ისეთი სიტუაცია, სადაც ტრანსგენდერ ქალებს კაცებისთვის განკუთვნილ დაწესებულებაში მოუწევთ სასჯელის მოხდა და ყველა ამ საფრთხის დაქვემდებარება:
"საჭიროა, სასწრაფოდ გაუქმდეს ყველა ის შეურაცხმყოფელი მოთხოვნა, რაც წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტში გენდერული მარკერის შეცვლის წინაპირობას".
17 მაისი
"ჩემზე შთაბეჭდილება მოახდინა, თუ როგორ აფასებს სხვადასხვა მონაწილე მხარე — მთავრობა, ლგბტ თემი, სამოქალაქო საზოგადოება და ეკლესია ამ მოვლენას [2013 წლის 17 მაისს], როგორც "სირცხვილის წყაროს", "საზოგადოებრივ ტრავმას", ან "უკანასკნელ დროს საქართველოს საზოგადოებისთვის ყველაზე სამარცხვინო ფაქტს", — წერია გაეროს ექსპერტის ანგარიშში.
ექსპერტი "შემაშფოთებელს" უწოდებს ამ მოვლენების ზეგავლენას ლგბტ თემის შესაძლებლობაზე, ეფექტიანად გამოიყენოს გამოხატვის თავისუფლება და აღნიშნავს, რომ მომდევნო წლებში მათ ვეღარ შეძლეს თავისუფლად გამოსვლა 17 მაისს.
რეკომენდაცია: სახელმწიფომ გაითვალისწინოს ღონისძიებების განხორციელების შესაძლებლობა 2013 წლის 17 მაისის მოვლენებთან დაკავშირებული ფაქტების დადგენისა და მათზე შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით.
ეკლესია
საქართველოში ვიზიტისას გაეროს ექსპერტი, ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი შეხვდა მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს მაღალი იერარქიის სასულიერო პირებს, ასევე, სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებს, მათ შორის მუსლიმთა მუფთსა და საქართველოს ებრაელთა საბჭოს თავმჯდომარეს.
"მიუხედავად განსხვავებული მოსაზრებებისა, მოხარული ვარ, რომ შევძელით შემდეგი საერთო პოზიციის გამოკვეთა: გაუმართლებელია, მიუღებელია და დასაგმობია ძალადობა და დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა და იდენტობის საფუძველზე", — წერია მის ანგარიშში.
ექსპერტი ამბობს, რომ მასსა და სასულიერო პირებს შორის კონსტრუქციული დიალოგი შედგა:
"როდესაც ასეთი კონფლიქტია ორ მხარეს შორის, ერთადერთი, რაც საჭიროა ეს დიალოგის წარმართვაა. ჩემი საპატრიარქოში ვიზიტისას მე წამოვჭერი "ოჯახის სიწმინდის დღის" დაწესება, რომ ის შესაძლოა, უფრო კონფლიქტს წარმოშობდეს, ვიდრე მშვიდობიან თანაარსებობას უზრუნველყოფდეს. ეს იყო რაზეც ვიმსჯელეთ. შეიძლება ალტერნატივისა და პრობლემის გადაჭრის გზების მოძებნა, მაგრამ მხოლოდ და მხოლოდ საჭიროა, ყველა დაინტერესებული მხარე ჩაერთოს დიალოგში".
ექსპერტი ვიქტორ მადრიგალ-ბორლოზი ვიზიტის საბოლოო ანგარიშს საქართველოში ლგბტ თემის უფლებრივ მდგომარეობაზე, რეკომენდაციების ჩათვლით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 2019 წლის ივნისში წარუდგენს.
კომენტარები