ანტარქტიდის მყინვარზე დაღუპული მეცნიერის ნაშთებს 66 წლის შემდეგ მიაგნეს
ფოტო: British Antarctic Survey
1959 წელს ანტარქტიდის ექსპედიციისას დაღუპული ბრიტანელი მეტეოროლოგის ნაშთებს ექვსი დეკადის შემდეგ მიაკვლიეს. ამის შესახებ ინფორმაცია ბრიტანეთის ანტარქტიკული კვლევის ინსტიტუტმა (BAS) გაავრცელა. მათ მეცნიერის იდენტიფიცირება დნმ-ის ანალიზის მეშვეობით შეძლეს.
დენის ბელი ფოლკლენდის კუნძულების დამოკიდებული ტერიტორიების კვლევით პროექტში მონაწილეობდა (მოგვიანებით მას სახელი შეეცვალა და BAS დაერქვა). იგი ანტარქტიდის მყინვარზე განხორციელებულ ექსპედიციაში ჩაერთო, რისთვისაც მეფე ჯორჯის კუნძულზე გაემგზავრა. იქ არსებულ ბაზაში მას 2 წელი უნდა გაეტარებინა, თუმცა 1959 წლის 26 ივლისს სამ სხვა მკვლევართან ერთად მყინვარზე ასვლისას მოულოდნელად მყინვარულ ნაპრალში ჩავარდა.
მისი სხეულის პოვნა ვერც მაშინ შეძლეს და ვერც მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ამის მიუხედავად, 2025 წლის 19 იანვარს იმავე კუნძულის ანცტოვსკის სახელობის პოლონური ბაზის სპეციალისტებმა დენის ბელის ძვლებს მიაგნეს. ისინი ყინულის ლღობის შედეგად გამოჩნდა.
"ეს აღმოჩენა ათწლეულების გაურკვევლობას უსვამს წერტილს და გვახსენებს, რომ ანტარქტიდის შესწავლის ისტორიაში ადამიანთა ამბებიცაა ჩაქსოვილი", — განაცხადა BAS-ის დირექტორმა, ჯეინ ფრენსისმა.
ძვლის ფრაგმენტები შესასწავლად ინსტიტუტის დევიდ ეტენბოროს სახელობის გემით ფოლკლენდის კუნძულებისკენ გაგზავნეს, შემდეგ კი დნმ-ის გამოსაკვლევად — ლონდონში. პოლონურმა ჯგუფმა მეცნიერის ნაშთებთან ერთად 200-ზე მეტ პირად ნივთსაც მიაკვლია, მათ შორის: რადიო მოწყობილობას, ფარანს, სასრიალო ჯოხებს, დანასა და წარწერიან მაჯის საათს.
"დენისი ერთ-ერთი ყველაზე გაბედული თანამშრომელი იყო, რომელმაც ანტარქტიდის საოცრად მკაცრ პირობებში ჩატარებულ ადრეულ სამეცნიერო კვლევებში დიდი წვლილი შეიტანა", — ამბობს ჯეინ ფრენსისი.
66 წლის შემდეგ ბრიტანელი მეტეოროლოგის ნაშთების პოვნა მოულოდნელი აღმოჩნდა მისი ოჯახის წევრებისთვისაც. დენისის ძმამ, დევიდ ბელმა, განაცხადა, რომ ის და მისი და "შოკირებულები და გაოცებულები" დარჩნენ. იგი აღნიშნავს, რომ უფროსი ძმა მისთვის ყოველთვის გმირი იყო.

კომენტარები