7 თვე C.T. Park-თან კონტრაქტის გაწყვეტიდან — რა შეიცვალა თბილისში

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

თბილისის მერიასა და C.T. Park-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულება რამდენიმე წლის განმავლობაში აქტიურად განხილვადი თემა იყო. ოპოზიციური პარტიის წევრები და საზოგადოების ნაწილი ხშირად საუბრობდნენ იმაზე, რომ იმჟამინდელმა მერმა, გიგი უგულავამ C.T. Park-ს ზედმეტი უფლებამოსილება მიანიჭა, კომპანია მოქალაქეებს "ატერორებდა" და ხელშეკრულება უნდა გაეწყვიტათ. ძირითადი პრეტენზია C.T. Park-ის მიმართ მაღალი ტარიფები და საჯარიმო ავტოსადგომებზე გადაყვანის სიხშირე იყო.

რა ხდება?

მას შემდეგ, რაც C.T. Park-ის მიმართ კრიტიკამ მაღალ ნიშნულს მიაღწია, ქალაქის ახალმა მერმა, დავით ნარმანიამ განმარტა, რომ მერიას არ ჰქონდა 25 მილიონი ლარი ხელშეკრულების შესაწყვეტად. თუმცა, თბილისის მერის თანამდებობაზე მოსვლიდან მალევე, კახა კალაძემ განაცხადა, რომ კომპანიასთან ხელშეკრულებას წყვეტდა. მიზეზად კალაძემ C.T. Park-ის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა დაასახელა.

ხელშეკრულების გაწყვეტის შემდეგ C.T. Park-ის ფუნქციები თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ შეითავსა. თბილისის საპარკინგე სისტემას ხელმძღვანელობა შეეცვალა, მაგრამ ტარიფები და პრობლემების ნაწილი უცვლელი დარჩა.

რა მიზეზით გააუქმა მერიამ ხელშეკრულება C.T. PARK-თან?

საზოგადოებაში გავრცელებული აზრის მიუხედავად, მერიის მხრიდან ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზი არც ჯარიმის ოდენობა და არც დაჯარიმების სიხშირე გამხდარა. მერიამ უკმაყოფილება საპარკინგე ადგილების არასრულყოფილად მოწყობის გამო გამოთქვა.

საპარკინგე ადგილების მოწყობა გულისხმობს პარკირებისთვის განსაზღვრული ადგილების მოხატვას, პარკირების ნიშნის დადგმას, დგომის ხერხისა და საინფორმაციო დაფის განთავსებას. ამ ვალდებულებების შესრულების მოთხოვნით მერიამ კომპანიას გაფრთხილება გაუგზავნა.

როგორც C.T. Park-ის წარმომადგენელმა, თაკო შუბითიძემ On.ge-სთან საუბარში აღნიშნა, მერიიდან მიღებულ გაფრთხილებაში დარღვევად მიჩნეული ადგილების ნაწილი მათ უკვე მოხატული ჰქონდათ.

"ჩვენ ვუპასუხეთ, რომ განკარგულების მიღების დღისთვის უმეტესობა იმ ადგილებისა, რომელიც მათ ე.წ დარღვევად ჰქონდათ მიჩნეული აღარ არსებობდა. ახალი პარკირების ადგილების დახაზვა იყო კომპანიის ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი. შესაბამისად, მუდმივ რეჟიმში ხდებოდა ლოკაციების დახაზვა-განახლება, ან მოშლა საჭიროების შემთხვევაში", — აცხადებს შუბითიძე.

მერიის განკარგულება კომპანიამ სასამართლოში გაასაჩივრა. სასამართლო გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ იყო ცნობილი, როცა მერიის მთავრობის სხდომიდან კალაძემ საზოგადოებას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. C.T. Park-ში განაცხადეს, რომ საქმის კურსში არ იყვნენ და ხელშეკრულების შეწყვეტის გადავადება მოითხოვეს, თუმცა უშედეგოდ.

კომპანიაში ამბობენ, რომ ხელშეკრულების შეწყვეტის დღისათვის ქალაქში 2 000-მდე მისამართზე 32 000-მდე პარკირების ადგილი იყო განსაზღვრული. მათი თქმით, მერია 7 000-მდე ადგილის სრულყოფილად მოწყობას ედავება.

რა ფუნქციები ჰქონდა C.T. Park-ს?

კომპანიას საპარკინე ადგილების მოხატვის გარდა, დგომა-გაჩერების წესების დარღვევის ინსპექტირება და საჭიროების შემთხვევაში ევაკუაცია ევალებოდა.

ფოტო: გიორგი როსტომაშვილი

C.T. Park-ის ინსპექტორები საკრებულოს მიერ დადგენილი რეგულაციით მოქმედებდნენ.

კომპანია მოქალაქეებს აჯარიმებდა:

  • საფასურის გადახდის გარეშე დგომისთვის;
  • დგომის ხერხის დარღვევისათვის;
  • შშმ პირთათვის განსაზღვრულ ადგილას არაუფლებამოსული პირის პარკირებისთვის;
  • "დგომა აკრძალულია" ან "გაჩერება აკრძალულია" ნიშნის დაუცველობისთვის.

რა ფუნქციები გადაიბარა თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ?

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ C.T. Park-ის ფუნქციები სრულად გადაიბარა, მათ შორის ის სისტემაც, რომლითაც სითი პარკი მოქმედებდა.

"თვითონ საპარკინგე სისტემაში არანაირი ცვლილება არ მომხდარა, არც ტარიფებში და არც ჯარიმებზე, დარჩა ძველი", — განაცხადა On.ge-სთან საუბრისას სატრანსპორტო კომპანიის მარკეტინგის მენეჯერმა, თამაზ რობაქიძემ.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რობაქიძის განცხადებით, საპარკინგე ადგილების მოხატვა მოვალეობების გადაბარების პირველივე დღიდან დაიწყეს და პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს. მისი თქმით, საწყის ეტაპზე მოუწიათ 2 000-ვე მისამართზე საინფორმაციო დაფების ჩანაცვლება. ახალ საინფორმაციო დაფებზე დაეწერა ახალი მარეგულირებელი — თბილისის პარკინგი, კომპანიის ცხელი ხაზის ნომერი, დაყენების პრინციპი და სხვა დეტალები.

მისივე თქმით, საპარკინგე სივრცეების მოხატვა ხშირად რთულდება, რადგან პარკირების ადგილებზე მანქანები აყენია და ძირითად სამუშაოებს ღამით ასრულებენ.

კომპანიაში ამბობენ, რომ C.T. პარკისგან განსხვავებით საპარკინგე ადგილებს არა რაოდენობრივად, არამედ კვადრატული მეტრების მიხედვით ითვლიან. მათი განმარტებით, ამ ეტაპზე 8 000 მ2 აქვთ მოხატული. კომპანიაში ვერ გვიკონკრეტებენ დაახლოებით რამდენი მოიხატა იმ 7 000 საპარკინგე ადგილიდან, რომლებზეც მერია C.T. Park-ს სასამართლოში ედავება.

რა შეიცვალა მძღოლებისთვის C.T. Park-ის გაუქმების შემდეგ?

ამ კითხვით თბილისში ავტომობილების რამდენიმე მძღოლს მივმართეთ. მათი უმეტესობა გაურკვეველი მიზეზით, ან არასწორად დაპარკინგებული მანქანის დაჯარიმების შიშით მედიასთან ურთიერთობაზე უარს ამბობს. იმ მცირე ნაწილში, ვინც მხოლოდ პირად საუბარს დათანხმდა ამბობენ, რომ ცვლილებები არის, თუმცა საგრძნობი — არა.

თბილისი, ნუცუბიძის ქუჩა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

როგორც On.ge-სთან საუბრისას ნუცუბიძის ქუჩაზე "მოუხერხებლად" პარკირებული Mitsubishi Pajero-ს მძღოლი აცხადებს, მას ცვლილებები არ უგრძვნია, რადგან "საჭირო ადგილებში" საპარკინგე სივრცეები ისევ არ არის. აღნიშნული პირი საჭირო ადგილებში გულისხმობს სახლის და სამსახურის მიმდებარე ტერიტორიას.

ვაჟა ფშაველას გამზირზე სადარბაზოს შესასვლელთან პარკირებული ავტომობილის მძღოლს პარკირების წესების დაცვაზე საუბარი აღიზიანებს და აცხადებს, რომ მანქანას გზის მხარეს განსაზღვრულ საპარკინგე ადგილას ვერ გააჩერებს. მისი თქმით, იქ შეიძლება ავტომობილი ვინმემ მოიპაროს ან დააზიანოს.

მისივე თქმით, თუკი თბილისის მერიას უნდა, ხალხმა რაიმე ცვლილება იგრძნოს მაშინ საპარკინგე ადგილები "ყველგან უნდა დაიხატოს, სადაც საჭიროა".

"აბა, ეზოს შეხედეთ, თუ არ არის საჭირო", — ამბობს იგივე მძღოლი ეზოზე, სადაც მანქანებს შორის ქვეითებისთვის თითქმის აღარაა სივრცე დარჩენილი.

პარკირება პრობლემაა თბილისის ცენტრალური ქუჩებისთვის. მაგალითისთვის, ჭავჭავაძის გამზირზე მანქანებს "ოკუპირებული აქვთ" ტროტუარის უმეტესი სივრცე. On.ge-ს კითხვაზე, რატომ არ იყენებდნენ სპეციალურად დახაზულ სივრცეს მანქანის გასაჩერებლად, მძღოლები ასე პასუხობენ: "შორსაა", "მალე გავდივარ", "სხვები ცუდად დგანან, ამიტომ პარკირება გამიჭირდა".

თბილისი, ჭავჭავაძის გამზირი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ჭავჭავაძეზე ტროტუარის სავალ ნაწილში პარკირებული მსუბუქი ავტომობილის მძღოლი გვიამბობს, რომ C.T. Park-ის მუშაობით უკმაყოფილო იყო, რადგან "გააკოტრეს". მისი თქმით, კომპანიის ინტერესი მარტო "ფულის კეთება იყო და ხალხს არ ითვალისწინებდნენ".

მძღოლი ამბობს, რომ მისთვის გაურკვეველია რა შეიცვალა სახელის გარდა, როცა იგივე ოდენობის ჯარიმის გადახდა მოუწია. თუმცა, აქვე აღნიშნავს, რომ მისი მანქანა "ადრე უფრო ხშირად ხვდებოდა საჯარიმო სადგომზე".

რა შეიცვალა შშმ პირებისთვის?

პარკინგი განსაკუთრებული პრობლემაა შშმ პირებისთვის, რადგან ისედაც მცირე რაოდენობით არსებულ ადაპტირებულ სივრცეებს სხვა მძღოლები ადგილის უკმარისობის გამო იტაცებენ.

On.ge მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის გამგეობის წევრს, გიორგი ალავიძეს ესაუბრა. ალავიძე ეტლით მოსარგებლე პირია, რომელიც მანქანით გადაადგილდება.

ის ამბობს, რომ C.T. Park-ის შემდეგ სიტუაცია თითქმის არ შეცვლილა. მისი თქმით, ნაწილობრივ გამოსწორდა ადგილების დატაცების საკითხი, რადგან პატრული უფრო აქტიურად აკონტროლებს იმას, რომ შშმ პირთა ადგილებზე სხვამ არ დააყენოს მანქანა.

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

ალავიძე On.ge-სთან საუბარში აღნიშნავს, რომ ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ეტლით მოსარგებლე მძღოლებისთვის არასაკმარისი საპარკინგე ადგილები რჩება. მაგალითად მას კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა მოჰყავს. მისი თქმით, 50 საპარკინგე ადგილიდან შშმ პირებისთვის მხოლოდ ერთია გამოყოფილი.

მისივე თქმით, იმ მცირე ადგილების ნაწილი, რაც შშმ პირთათვის არის გამოყოფილი, სრულად ადაპტირებულია არ არის და მოუხერხებელია. ამბობს, რომ პრობლემაა საზოგადოებრივი თავშეყრის სივრცეები, ზოგიერთი სავაჭრო ცენტრი და რესტორნები, სადაც მათთვის საპარკინგე ადგილები ამ დრომდე არ არის.

ალავიძემ გვიამბო, რომ საქალაქო სატრანსპორტო სამსახურში შესთავაზეს, მიეწოდებინათ მათთვის იმ ადგილების სია, სადაც სურთ შშმ პირთათვის განკუთვნილი საპარკინგე სივრცეების დამატება. მისი თქმით, ეს დიდ დროს და რესურს მოითხოვს რისი საშუალებაც შშმ პირებს არ აქვთ და ამას მერია უნდა კურირებდეს.

ალავიძე შშმ პირთა პარკირების პრობლემად ასახელებს პანდუსებთან პარკირებული ავტომობილებსაც.

თბილისი, მიცკევიჩის ქუჩა

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge

რა შეიცვალა რეალურად?

10 აპრილიდან, იმ დღიდან როცა სატრანსპორტო კომპანიამ უფლებები გადაიბარა, დაახლოებით 7 თვეში კომპანიას 240 000 ჯარიმა აქვს გამოწერილი. კომპანიის მარკეტინგის მენეჯერის, თამაზ რობაქიძის თქმით, ამავე პერიოდში საჯარიმო პარკინგზე გადაყვანილია 2 000-მდე მანქანაა.

ამ მონაცემების მიხედვით, სატრანსპორტო კომპანია თვეში საშუალოდ 35 000 საჯარიმო ქვითარს წერს. ამ მხრივ გაცილებით მაღალია C.T. Park-ის მონაცემები.

როგორც კომპანიის წარმომადგენელმა On.ge-ს უთხრა, ჯამურად C.T. Park-ის მიერ საჯარიმო ქვითარი თვეში 100 000-მდე იწერებოდა. მათი თქმით, ამაში იგულისხმება როგორც პარკირების საფასურის გადახდის გარეშე პარკირება, დგომა-გაჩერების წესების დარღვევა, ასევე ევაკუაცია.

"შეცვლით, რაც შეიცვალა, ეს არის მიდგომა. ვინაიდან ჩვენ არ ვართ კერძო კომპანია და არ ვართ დაინტერესებული, რაც შეიძლება მეტი მძღოლი დავაჯარიმოთ. ანუ ჩვენი მიზანი არის არა მძღოლების დაჯარიმება, არამედ საპარკინგე სისტემის გამართულად მუშაობა ქალაქში. ეს არის ჩვენი მიზანი და ჩვენი მიდგომა", — აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

სატრანპორტო კომპანიაში ამბობენ, რომ მერიას აქვს გეგმები თბილისის სატრანსპორტო სქემა მთლიანად შეცვალოს და მათ შორის საპარკინგე სისტემაც გააუმჯობესოს. უცნობია, როდის დასრულდება თბილისში პარკინგის სისტემის მოწესრიგება, მანამდე კი ქვეითებს ისევ ლაბირინთების გავლა უწევთ ტროტუარზე, მძღოლები კი ისევ საპარკინგე ადგილების სიმცირეს უჩივიან.

თბილისი, პეკინის გამზირი

თბილისი, პეკინის გამზირი

ფოტო: თამუნა გეგიძე / On.ge


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ბექა წიქარიშვილი: ეს ბიჭი თუ გახსოვთ, ქალბატონო თეა? ჩვენ გვახსოვს, არ ვივიწყებთ და მუდამ გვემახსოვრება.
  2. ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
  3. მაკა ბოჭორიშვილი: დიახ, ვარ "ქართული ოცნების" საკმაოდ ამაყი წარმომადგენელი
  4. ირაკლი ზარქუა: ჩვენ რამენაირად უნდა გავძლოთ 20 იანვრამდე და გავძლებთ კიდეც
  5. საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელთა ნაწილი განცხადებას ავრცელებს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

კასპარ ველდკამპი: მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ დასმულ კითხვებს უპასუხოს

გუშინ, ნიდერლანდების ინიციატივით, ეუთოს წევრმა 38-მა სახელმწიფომ ვენის მექანიზმი გაააქტიურა, მოვუწოდებთ საქართველოს…