კონცერტი, რომელიც სცენის საზღვრებს გასცდა - ანუ Wyclef Jean-მა რა ჰქმნა
თუ ვინმეს ეგონა, რომ შავი ზღვის ჯაზ-ფესტივალი ლეგენდარული რობერტ პლანტის კონცერტის შემდეგ დასრულდა და მუსიკის ზეიმის მოწყობა შეუძლებელი იყო, შეცდა. ფესტივალი არათუ გაგრძელდა, არამედ ქართული სცენის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული პერფომანსიც კი აჩუქა მსმენელს. ეს ყველაფერი კი შეუდარებელი Wyclef Jean-ის დამსახურებით.
უაიკლიფ ჟანელ ჟანი ჰაიტიელი ჰიპ-ჰოპ შემსრულებელი, მუსიკოსი, მსახიობი და პოლიტიკოსია. მართალია, უაიკლიფმა ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ გაიმარჯვა, მაგრამ მუსიკალური კარიერის განმავლობაში სამი გრემი მოიგო და არაერთი კარგი კონცერტი აჩუქა მსმენელს. თუკი აქამდე არ იცოდით, ახლა მას უკვე იცნობთ, უკეთ გასაცნობად კი გიამბობთ, როგორ დაიპყრო მუსიკოსმა ჯაზ ფესტივალის სცენა და მსმენელის გული.
მუსიკოსი სცენაზე საგულდაგულოდ ნასწავლი ქართული სიტყვებით წარდგა. გულის გასახარად ქართულადაც მოგვესალმა და უზარმაზარი, თავზეხელაღებული ნახტომით გადაეშვა მუსიკაში.
ათეულობით სხვადასხვა ჟანრისა და მუსიკოსის შემოქმედების ექსპერიმენტული ვერსიები წარმოგვიდგინა, მსმენელზე არანაკლები იცეკვა და ის იყო ვიფიქრეთ, დაიღალაო, რომ გასაგრილებლად შუა სცენაზე "წყალი გადაივლო".
ერთიანად სველმა მომღერალმა მაყურებელს შესჩივლა და სულ რამდენიმე წამში ადიდასის სპორტულ მაისურში გამოეწყო, რომელიც ფანს თავის სველ მაისურში გაუცვალა.
რეპი, ჯაზი, როკი, პოპი, მიკროფონი, გიტარა, დრამი - უაიკლიფი ელვის სისწრაფით ახერხებდა ყველაფრის შეთავსებას. ბობ მარლის, მაიკლ ჯექსონის, უიტნი ჰიუსტონის და სხვა უამრავი დიდი შემსრულებლის შემოქმედების მოსმენის შემდეგ გვეგონა ვეღარ გაგვაოცებდა, მაგრამ სცენიდან ქართული მრავალჟამიერი მოგვესმა. რთული წარმოსადგენი არ არის, როგორ შეხვდა ამას აუდიტორია.
სცენაზე ხტუნვის პროცესში მომღერალმა მსმენელს ამოსუნთქვის საშუალებაც კი არ მისცა და რიტმი ოდნავადაც არ დააგდო. მერე კი ყველასთვის გასაკვირად, სცენაზე ბერა გამოიყვანა და მასთან ერთად მისივე სიმღერა Parlez Vous Francais იმღერა.
მერე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მსმენელი, პატარა გოგო სცენაზე აიყვანა და მასთან ერთად იცეკვა. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ბავშვმა ბერას და უაიკლიფს მხარი აუბა და სცენაზე ენერგიული საცეკვაო შოუ გვაჩვენა.
ამის შემდეგ უაიკლიფმა გადაწყვიტა, რომ კონცერტზე მყოფ არც ერთ ბავშვს გული არ უნდა დაწყვეტოდა და პირდაპირი გაგებით, ყველას მოუხმო სცენაზე.
მათთან ერთად შაკირას კომპოზიციაზე იმღერა, იცეკვა, იხტუნა, ფოტოები გადაიღო, შთამაგონებელი სიტყვებით მიმართა და მოუწოდა, ცხოვრებით დამტკბარიყვნენ. მოკლედ, ყველაფერი მოასწრო რაც კი შესაძლებელი იყო.
მუსიკოსს არც უფროსები დაუტოვებია უყურადღებოდ. ორსაათიანი პროგრამის მსვლელობისას უაიკლიფმა ფესტივალზე მყოფი ყველა სტუმრის გაცნობა მოასწრო: ზოგს ხელი ჩამოართვა, ზოგს ჩაეხუტა, ზოგსაც წარმატებული ინსტაგრამ-სთორის გადაღებაში დაეხმარა.
მერე კი უაიკლიფმა სცენა დატოვა. ფესტივალის სტუმრები დაჟინებით ითხოვდნენ სცენაზე მის დაბრუნებას და მიზანს მიაღწიეს კიდეც.
თქვენი აზრით, რამდენ კომპოზიციას ასრულებს არტისტი ბისზე დაბრუნების შემდეგ? ორს? სამს? ხუთს? უაიკლიფისთვის მსგავსი სტანდარტი არ არსებობს. ბისზე დაბრუნების შემდეგ კონცერტი საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
როცა არტისტი მიხვდა, რომ ჯაზ-ფესტივალის სცენაც და მაყურებლის გულიც დაიპყრო, გადაწყვიტა ახალი მწვერვალები მოესინჯა. სხვა რა ახსნა უნდა ჰქონდეს იმ ფაქტს, რომ სცენის ჯებირებზე აძვრა და იქიდან გააგრძელა სიმღერა?
იქნებ უბრალოდ მსმენელს გადაავლო თვალი და გადაწყვიტა, რომ უკანა რიგებში ადამიანები უყურადღებოდ დარჩნენ? ესეც სავარაუდო პასუხია, რადგან რამდენიმე წუთში უაიკლიფი სცენიდან ჩამოვიდა და მაყურებელს შეუერთდა. განა რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და შორიდან გაუღმა მსმენელს? არა. ფესტივალის ტერიტორია მოიარა, სურათები გადაიღო, ხალხი გაიცნო დ ეს ყველაფერი სიმღერის შეწყვეტის გარეშე მოახერხა.
სცენაზე დაბრუნებულმა გადაწყვიტა, რომ გარემოს სრულად ასათვისებლად სცენაზე წამოწოლაც არ იქნებოდა ურიგო.ბოლოს შემსრულებელმა გვამცნო, რომ სცენაზე სხვა ჯგუფსაც სურდა გამოსვლა, მაგრამ ამ თემიდან საუბარი სხვა საკითხზე გადაიტანა და ჩვეულ რეჟიმში გააგრძელა სიმღერა. ვერავინ დაიჯერა, რომ ფინალი ახლოვდებოდა.
რამდენიმე წუთში უაიკლიფმა აფრიკული ფოლკლორის დამახასიათებელი ჟღერადობით და ჯაზის რიტმით წაიმღერა ერთადერთი სიტყვა Georgia და სრულიად ორგანულად შეუხამა ქართულ მრავალჟამიერს. სიმღერის დასრულების შემდეგ კი სწრაფად გაუჩინარდა სცენიდან.
არ ყოფილა თავის დაკვრა, მადლობა ან ნახვამდის. როგორც ჩანს, განშორება მისთვისაც რთული აღმოჩნდა. მაგრამ, ისტორია აქ არ მთავრდება. განა მხოლოდ ფესტივალის სტუმრებმა აიკლეს სოციალური ქსელი აღფრთოვანებული პოსტებით. კონცერტის დასრულების შემდეგ უაიკლიფმა თავისი მილიონი მიმდევრის წასაკითხად ქართველ მსმენელს ქართულად გადაუხადა მადლობა.
ჯაზ-ფესტივალმა დასავლეთ საქართველოში მუსიკის ნამდვილი ზეიმი მოაწყო, თუმცა დასასრულზე საუბარი ჯერ ადრეა. დღეს, 22 ივლისს ჯაზ ფესტივალს რობერტ გლასპერი და მისი ვარსკვლავური ბენდი დახურავს. მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში წვიმიანი ამინდია, არც ფესტივალს და არც სტუმრებს არ ეშინიათ, რადგან "წვიმიანი კონცერტები" როგორც წესი, შეუდარებლად კარგი აღმოჩნდება ხოლმე.
კომენტარები