როგორ დაარღვია პლანტმა მეორედ საბჭოთა რკინის ფარდა - რეპორტაჟი ბლექ სი არენიდან
რობერტ პლანტმა ევროპული ტურნეს ფარგლებში შავი ზღვის ჯაზ ფესტივალი გახსნა. Led Zeppelin-ის ლეგენდარული სოლისტი ამჟამად ახალ ბენდთან ერთად მოღვაწეობს. მათი 2012 წლის ლაივ ალბომი, Sensational Space Shifters, Led Zeppelin-ის რეინტერპრეტირებული ვერსიებისა და ქავერების ნაზავია. ბოლო, მე-11 სტუდიური ალბომი Carry Fire, ჟურნალმა Rolling Stones 2017 წლის 50 საუკეთესო ალბომს შორის დაასახელა.
69 წლის რობერტ პლანტი შეკვეთილში, ბლექ სი არენას სცენაზე დგას. თუ წამით მზერას გაუშტერებთ და ეცდებით, აზრების სვლა შეაჩეროთ, შეიძლება გეგონოთ, რომ 1973 წელია, თქვენ კი ნიუ-იორკში, მედისონ-სკვერ-გარდენში გამართულ ცოცხალ კონცერტზე უსმენთ მის მომაჯადოებელ ხმას. ამდენი წლის შემდეგ მუსიკოსი იმავე ჟესტიკულაციას, სხეულის იმავე ენასა და ქარიზმას იყენებს, რომლითაც 24 წლის ასაკში მთელ მსოფლიოს დაამახსოვრა თავი.
საქართველოში პლანტის ჩამოსვლა იმდენად წარმოუდგენელი მოვლენა იყო, რომ მსმენელს დაჯერება გაუჭირდა. არაერთი შეტყობინება მივიღეთ კითხვით - "სიმართლეა?", "ოფიციალურად დადასტურდა?". მალე ყველა დარწმუნდა და კონცერტისთვის აქტიურ მზადებასთან ერთად აქტიური განხილვაც დაიწყო. "შეძლებს იმღეროს ისეთივე ენერგიით?", "მოახერხებს თუ არა მაღალი ნოტების ძველი ხარისხით აღებას?" - ამ კითხვებთან ერთად გაჩნდა პესიმისტური დამოკიდებულებაც, თითქოს ლეგენდა დაბერდა და სცენაზე ძველი პლანტის ხილვის მოლოდინი არ უნდა გვქონოდა.
ეს დამოკიდებულება იგრძნობოდა ბლექ სი არენას ტერიტორიაზეც. კონცერტამდე შეკრებილი სხვადასხვა თაობის მსმენელი აქტიურად განიხილავდა, რა კომპოზიციებს შეასრულებდა პლანტი და რისი მოლოდინი უნდა ჰქონოდათ.
70-იანი წლების ლეგენდას კონცერტზე "ძველი სულიერი მეგობრები" ეწვივნენ. ასე ეძახიან თავს პლანტის ერთგული ფანები, რომლებიც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირში უსმენდნენ Led Zeppelin-ს.
"ჩვენ ერთად გავიზარდეთ, უბრალოდ სხვადასხვა ქვეყანაში. იმდენად ახლო სულიერი მეგობრობა გვქონდა, რომ რკინის ფარდაშიც კი შემოიჭრა მისი მუსიკა და იმ დღიდან ვოცნებობდი მის კონცერტზე მოვხვედრილიყავი, მისი ენერგია გამეზიარებინა", - გვითხრა 62 წლის ნუგზარ გავაშელიძემ, რომელიც აღნიშნავს, რომ შვილიშვილების შეძენის შემდეგ ასეთი მნიშვნელოვანი დღე ცხოვრებაში არ ჰქონია.
კონცერტზე დასასწრებად თბილისიდან მეგობრებთან ერთად ჩამოვიდა მერაბ ქუფარაშვილი და თან ჩამოიტანა პლანტის პირველი ალბომი, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში ჩუმად შეძენილი. იმედი ჰქონდა, რომ კონცერტზე დასწრების გარდა კიდევ ერთ ოცნებას აისრულებდა და პლანტის ხელმოწერილი ვინილით დაბრუნდებოდა სახლში:
"საბჭოთა კავშირში დაბადებული ხალხი მოვედით პლანტის კონცერტზე, რას წარმოვიდგენდით. მისი მუსიკა რომ იგრძნო და გაიაზრო, ის ცხოვრება უნდა გამოგევლო, მაგრამ მიხარია ახალგაზრდების აქ ხილვა. მიხარია, რომ პლანტი მნიშვნელობას არ კარგავს და ახალი თაობაც ეზიარა კარგ მუსიკას."
მალევე არენას ტერიტორიაზე პლანტის ძველმა და ახალმა ფანებმა ერთმანეთი გაიცნეს, მუსიკაზე ისაუბრეს და ერთმანეთს მოლოდინები გაუზიარეს. პირად საუბრებში ხშირად იმეორებდნენ იმას, რომ პლანტს ასაკი დაეტყო და ეს კონცერტზე აისახებოდა, თუმცა სიტუაცია მაშინვე შიეცვალა, როცა კონცერტი დაიწყო. ყველა დარწმუნდა - ლეგენდა არ ბერდება.
თითქმის 90-წუთიან კონცერტზე 13 კომპოზიცია შესრულდა. მათ შორის, Black Dog-ის სრულიად ახლებური ვერსია, Going to California, Babe I'm Gonna Leave You და Whole Lotta Love-ც კი.
პლანტმა იმღერა თავისი ერთ-ერთი ახალი სიმღერა New World, რომელიც Led Zeppelin-ის Immigrant Song-ის თანამედროვე ვერსიაა და ამერიკაში ჩასულ ემიგრანტებს ეხება. ზუსტად ერთი თვის წინ, ამ სიმღერის კლიპი გამოვიდა და როგორც ჟურნალი Rolling Stones აღწერს, ის სამოგზაურო აკრძალვის ქსენოფობიურ ეპოქას ასახავს.
მსმენელებმა წინასწარ იცოდნენ, რომ Kashmir-ისა და Stairway to Heaven-ის მოსმენის იმედი არ უნდა ჰქონოდათ. ეს კომპოზიციები პლანტს არც ერთ ბოლოდროინდელ კონცერტზე არ შეუსრულებია.
მუსიკოსმა ქართველებს განსაცდელიც მოუვლინა. კონცერტის მიმდინარეობის დროს პლანტმა დარბაზს მასთან ერთად სიმღერა შესთავაზა, თუმცა ვოკალური მონაცემებით ცნობილი მუსიკოსისთვის ხმის შეწყობა ადვილი არ აღმოჩნდა. გაირკვა, რომ რიტმის შეგრძნება დამსწრეებიდან თითქმის არავის ჰქონია. შემსრულებელმა თავზე ხელი შემოირტყა და ის იყო ვიფიქრეთ, შევრცხვითო, როცა მაესტრომ, არც მეტი არც ნაკლები, შუა კონცერტზე მუსიკალური გაკვეთილები ჩაატარა. საბოლოოდ, როცა სასურველი შედეგი მიიღო, კმაყოფილმა მიკროფონი კიდევ ერთხელ დაატრიალა ჰაერში და სიმღერა განაგრძო.
11 სიმღერის შესრულების შემდეგ პლანტმა სცენა დატოვა. 1 წუთისა და 39 წამის განმავლობაში არენას სტუმრებმა სხეულის ყველა უჯრედი დაძაბეს და მთელი ძალისხმევა დახარჯეს იმის დასამტკიცებლად, რომ ბისზე გამოსვლის გარეშე პლანტს საქართველოდან არ გაუშვებდნენ. 1 წუთისა და 39 წამის განმავლობაში პლანტი კულისებში ტკბებოდა ქართველი მსმენელის ემოციებით და ბოლოს ამაყად დაუბრუნდა სცენას.
ბოლო სიმღერა, Whole Lotta Love მუსიკოსმა, რაღა თქმა უნდა, მსმენელთან ერთად შეასრულა და მშვიდად გვანიშნა, რომ ამჯერად ყველაფერი მართლა დასრულდა.
სცენიდან პლანტის გასვლის შემდეგ დარბაზში უხერხულობა ჩამოწვა. მიუხედავად იმისა, რომ საღამო შედგა, უკმარისობის შეგრძნებას ვერავინ იშორებდა. ენერგია, რომელიც მანამდე სცენიდან იღვრებოდა, ახლა მთელ დარბაზში გაფანტულიყო. რა უნდა გააკეთო პლანტის კონცერტის დასრულების შემდეგ? ხომ შეიძლება, ამაზე მაგარ მუსიკოსს ვეღარც მოუსმინო ცხოვრებაში?
დარბაზიდან გამოსული მსმენელები განუწყვეტლივ იმეორებდნენ, რომ ცდებოდნენ და შესაძლებელია დაბერდეს ყველა, მაგრამ არა - რობერტ პლანტი. როკის ტიტანმა 69 წლის ასაკში აჩუქა ქართველ მსმენელს თავისუფლება, რომელსაც მუსიკის მოყვარულებს პოლიტიკური რეჟიმი წლების განმავლობაში ართმევდა.
საბჭოთა კავშირში დაბადებულებისათვის ეს იყო მოგზაურობა საკუთარ ახალგაზრდობაში, ახალგაზრდებისთვის კი - დროებით იმ ეპოქაში აღმოჩენა, სადაც როკ-მუსიკას მსოფლიოს შეცვლა შეეძლო და ცვლიდა კიდეც.
კომენტარები