აშშ-ში TikTok-ის გაყიდვის საკითხი კვლავ აქტუალურია — ვინ გახდება მისი ახალი მფლობელი?

ფოტო: slate.com
დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ძალიან ახლოს არის TikTok-ის მყიდველის პოვნასთან, რათა შეთანხმება დადოს და თავიდან აიცილოს აპლიკაციის აკრძალვა აშშ-ში. ამის საფრთხე იმ შემთხვევაში დადგება, თუ მისმა მფლობელმა ჩინურმა კომპანია ByteDance-მა არ გაყიდა TikTok კვირის ბოლომდე.
გასულ წელს კონგრესმა ორპარტიული კანონი მიიღო, რომელიც ByteDance-ს TikTok-ის გაყიდვას აიძულებს. აპლიკაცია აშშ-ში ერთი დღით გათიშეს, მაგრამ ტრამპის ძალისხმევით კანონის აღსრულება 5 აპრილამდე გადაიდო.
ასევე იხილეთ: აშშ-ში TikTok დაიბლოკა
აშშ-ის მთავრობა ამტკიცებს, რომ TikTok ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს, რადგან ჩინეთის ხელისუფლებას შეიძლება უკანონო წვდომა ჰქონდეს მომხმარებელთა დიდი რაოდენობის პირად მონაცემებზე. ამ ფაქტს ოფიციალური პეკინი უარყოფს.
ვინ შეიძლება იყიდოს TikTok?
ხუთშაბათს, Air Force One-ში საუბრისას, ტრამპმა თქვა, რომ ახლოსაა რამდენიმე ინვესტორთან შეთანხმების მიღწევასთან. მან ასევე მიანიშნა, რომ შტატებმა TikTok-ის გაყიდვის სანაცვლოდ, ჩინეთს შეიძლება სავაჭრო ტარიფების შემსუბუქება შესთავაზოს.

ტრამპმა თავდაპირველად აპლიკაციის შეძენა ილონ მასკსა და ლარი ელისონს შესთავაზა
ფოტო: CBTnews.com
რამდენიმე პოტენციური მყიდველი უკვე დასახელდა:
- Amazon-მა თეთრ სახლს ბოლო წუთზე შესთავაზა TikTok-ის შეძენა, მაგრამ კომპანია აღნიშნულთან დაკავშირებით დამატებით კომენტარს არ აკეთებს.
- ტრამპმა აღნიშნა, რომ აპლიკაცია შესთავაზა კომპანია Oracle-ის თანადამფუძნებელ ლარი ელისონსა და ილონ მასკს, მაგრამ ამ უკანასკნელმა უკვე განაცხადა, რომ არ არის დაინტერესებული ამ ინვესტიციით.
- სხვა პოტენციური მყიდველები არიან მილიარდერი ფრენკ მაკკორტი და კანადელი ბიზნესმენი კევინ ო'ლირი ("Shark Tank"-ის ინვესტორი).
- Reddit-ის თანადამფუძნებელი ალექსის ოჰანიანი აცხადებს, რომ მზადაა შეუერთდეს მაკკორტის შეთავაზებას.
- მსოფლიოში ყველაზე ცნობილი იუთუბერი ჯიმი დონალდსონი, იგივე MrBeast, აცხადებს, რომ თავს TikTok-ის პოტენციურ ინვესტორად განიხილავს.
- OnlyFans-ის ბრიტანელი დამფუძნებელი თიმ სტოუკლი TikTok-ის შეძენას ასევე ცდილობს კომპანია Zoop-ის საშუალებით.
- ასევე დასახელებულნი არიან: Microsoft, Blackstone, Andreessen Horowitz და Perplexity AI.
- თეთრი სახლი აგრეთვე განიხილავს ვარიანტს, რომელშიც ByteDance შეინარჩუნებს TikTok-ის ალგორითმზე საკუთრებას, მაგრამ აპლიკაციის მართვის უფლებას ამერიკულ კომპანიაზე გაასხვისებს.

MrBeast მსოფლიოში ყველზე ცნობილი იუთუბერია.
ფოტო: fourthwall.com
სანამ პოტენციური მყიდველები ერთმანეთს ენაცვლებიან, აპლიკაციის აკრძალვის საბოლოო ვადა სულ უფრო მეტად ახლოვდება.
რა მოხდება, თუ შეთანხმება ვერ შედგება?
თუ შეთანხმება 5 აპრილამდე ვერ შედგება, აპლიკაციას კლავ ემუქრება აშშ-ში აკრძალვა და App Store-იდან წაშლა.
იანვარში ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც TikTok-ის აკრძალვას 75 დღით აყოვნებს, მაგრამ ეს ბრძანება არ აუქმებს კონგრესის მიერ მიღებულ კანონს, რომელიც უზენაესმა სასამართლომაც დაადასტურა. ტრამპს ასევე შეუძლია კანონი ძალაში დატოვოს, მაგრამ იუსტიციის დეპარტამენტს მისი იგნორირება მოსთხოვოს.

პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ "გაუხარდება თუ TikTok არსებობას განაგრძობს".
ფოტო: bbc.com
მას შემდეგ რაც მთავრობამ Apple-ს და Google-ს უთხრა, რომ აპლიკაციის დატოვების შემთხვევაში მათ საფრთხე არ ემუქრებათ, TikTok დაუბრუნდა App Store-ს და Play Store-ს.
ტრამპმა ასევე არ გამორიცხა, რომ აკრძალვის გადადების ვადა კიდევ გაახანგრძლივოს.
რას გამოიყენებენ მომხმარებლები TikTok-ის ნაცვლად?
TikTok აცხადებს, რომ 2024 წელს აშშ-ში 170 მილიონი მომხმარებელი ჰყავდა, რომლებიც დღეში აპლიკაციაში საშუალოდ 51 წუთს ატარებდნენ.
ექსპერტების აზრით, თუ ტრამპის მცდელობები ვერ გაამართლებს Instagram Reels და YouTube Shorts შეიძლება მთავარი ალტერნატივები გახდეს.
"წამყვანმა მარკეტინგის დირექტორებმა, განაცხადეს, რომ ბიუჯეტი TikTok-იდან Meta-სა და Google-ის ანგარიშებზე უკვე გადაიტანეს", — ამბობს ანალიტიკოსი კელსი ჩიკერინგი.
სარგებელს აგრეთვე ნახავს Amazon-ის პლატფორმა Twitch, რომელიც ცნობილია პირდაპირი ტრანსლაციის (Livestream) ფუნქციით, რაც TikTok-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ Twitch ძირითადად გეიმერებზეა მორგებული, აპლიკაციაში სხვა შინაარსის ფუნქციებიც სწრაფად ვითარდება.
აღსანიშნავია, რომ სხვა ჩინური პლატფორმა — Xiaohongshu (აშშ-ში ცნობილი როგორც RedNote), სწრაფად იძენს პოპულარობას შტატებსა და დიდ ბრიტანეთში.
კომენტარები