ძველი ეგვიპტე ჩრდილოეთ აფრიკაში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავლენიანი ცივილიზაცია იყო. ეს სახელმწიფო რეგიონში 3000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ლიდერობდა, დაახლოებით ძვ.წ. 3100-დან 30 წლამდე. ეგვიპტურმა ცივილიზაციამ დატოვა მრავალი ძეგლი, დოკუმენტი და ხელოვნების ნიმუში, რომლებსაც დღესაც სწავლობენ მეცნიერები.

მიუხედავად იმისა, რომ ცივილიზაციის მმართველები, ენა, დამწერლობა, კლიმატი, რელიგია და საზღვრები მრავალჯერ შეიცვალა ეგვიპტე კვლავ არსებობს, როგორც თანამედროვე სახელმწიფო.

ძველი ეგვიპტე მჭიდროდ იყო დაკავშირებული მსოფლიოს სხვა ნაწილებთან. ეს იყო იმპერია, რომელიც გარკვეულ პერიოდში აკონტროლებდა ტერიტორიას ახლანდელ სუდანში, კვიპროსში, ლიბანში, სირიაში, ისრაელსა და პალესტინაში.

მეორე მხრივ, თავად ეგვიპტეც გამხდარა დაპყრობის ობიექტი. დამპყრობლებად სხვადასხვა ეპოქაში გვევლინებოდნენ სპარსელები, ნუბიელები, ბერძნები და რომაელები.

ეგვიპტის რუკა, სადაც ნაჩვენებია ნილოსი, ქვემო ეგვიპტე და ზემო ეგვიპტე. წითლად მონიშნულია ქალაქები მემფისი (ძველი ეგვიპტის დედაქალაქი) და თებე (დღევანდელი ლუქსორი).

ფოტო: Getty Images

ქვეყნის მმართველებს დღეს როგორც ფარაონებს ისე მოიხსენიებენ, თუმცა რეალურად ანტიკურ პერიოდში მათ თითოეულს ტიტულატურის (სამეფო ტიტულების) სისტემა ჰქონდა, ანუ გამოიყენებოდა რამდენიმე სახელი და ტიტული, რაც მეფის იდენტობას განსაზღვრავდა.

რონალდ ლეპროჰონის, ტორონტოს უნივერსიტეტის ეგვიპტოლოგიის თქმით, სიტყვა ფარაონი მომდინარეობს ეგვიპტური ტერმინიდან "per-aa", რაც ნიშნავს "დიდ სახლს". ტერმინი პირველად სამეფო ტიტულში შევიდა თუტმოს III-ის მმართველობის დროს (ძვ.წ. 1479-1425წ).

პრეისტორიული ეგვიპტე

ეგვიპტეში, მოცურავეთა გამოქვაბულში, არქეოლოგებმა აღმოაჩინეს პრეისტორიული გამოქვაბულის ხელოვნების ნიმუში.

ფოტო: John Zada / Alamy

ზუსტად როდის ჩავიდნენ ადრეული ჰომინიდები ეგვიპტეში, უცნობია. ჰომინიდების ყველაზე ადრეული მიგრაცია აფრიკიდან თითქმის 2 მილიონი წლის წინ დაიწყო. მეორე მხრივ, თანამედროვე ადამიანები აფრიკიდან დაახლოებით 100 000 წლის წინ გაიფანტნენ. ბევრს მიაჩნია, რომ პრეისტორიულ ხანაში ეგვიპტის ტერიტორია აზიაში გასასვლელად გამოიყენებოდა.

სოფლის მეურნეობაზე დამოკიდებული დასახლებები ეგვიპტეში დაახლოებით 7 000 წლის წინ დაიწყო. ცივილიზაციის ყველაზე ადრეული წერილობითი ნიმუშები აქ 5 200 წლით თარიღდება. უკვე აქედან გარკვეული ინფორმაცია ჩნდება ეგვიპტის მაშინდელ მმართველებზე. ერთ-ერთი უძველესი მმართველი იყო ირი-ჰორი, რომელმაც, ჩანაწერების თანახმად, დააარსა მემფისი, ქალაქი, რომელიც ეგვიპტის დედაქალაქად მოგვევლინა. ტექსტებში ასევე ნახსენებია დედოფალი, სახელად ნეით-ჰოტეპი, რომელიც მართავდა ეგვიპტეს ახალგაზრდა ფარაონის, სახელად ჯერის, გვიან პრედინასტიურ პერიოდში.

როგორ და როდის გაერთიანდა ძველი ეგვიპტე ერთ სამეფოდ, კამათის საგანია არქეოლოგებსა და ისტორიკოსებს შორის. ერთი შესაძლებლობა ისაა, რომ რამდენიმე პატარა სახელმწიფო გაერთიანდა ორ სამეფოდ (ზედა და ქვედა ეგვიპტე). უკვე ამის შემდეგ ეს ორი სამეფო უნდა გაერთიანებულიყო. ეგვიპტის გაერთიანების შემდეგ ფარაონებს ხშირად გამოსახავდნენ ორი გვირგვინით. ერთი ქვემო ეგვიპტის გვირგვინს განასახიერებდა, ხოლო მეორე ზემო ეგვიპტისას.

ეგვიპტის კლიმატი პრეისტორიულ ხანაში გაცილებით ნოტიო იყო, ვიდრე დღესაა და ზოგიერთი ტერიტორია, რომელიც ახლა უნაყოფო უდაბნოა, ოდესღაც ნაყოფიერი იყო. ერთ-ერთი ცნობილი არქეოლოგიური ადგილი, სადაც ეს შეიძლება ნახოთ, არის 9 000 წლის წინანდელი კლდის ხელოვნება "მოცურავეთა გამოქვაბულში".

მღვიმე ახლა უდაბური უდაბნოთია გარშემორტყმული, თუმცა კლდეზე შესრულებული ნამუშევარი გვიჩვენებს ადამიანებს, რომლებიც ცურავენ. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ათასობით წლის წინ აქ წყალი იყო.

"ნოტიო კლიმატი ეგვიპტეში 5 000 წლის წინ დასრულდა", — განუცხადა Live Science-ს ჯოზეფ მანინგმა იელის უნივერსიტეტის პროფესორმა.

ერთ-ერთი უძველესი პაპირუსი უძველეს, რომელშიც დოკუმენტირებული იყო გიზას დიდი პირამიდის მშენებლობა.

ფოტო: Egyptian Ministry of Antiquities

"ძველი ეგვიპტის ისტორია ტრადიციულად იყოფა 30 დინასტიად. მეორე მხრივ, ეგვიპტის დინასტიები რეალურად მხოლოდ რეტროსპექტიული კონსტრუქციებია", — თქვა მანინგმა.

თანამედროვე მეცნიერები ხშირად აჯგუფებენ ეგვიპტურ დინასტიებს რამდენიმე პერიოდად. პირველი და მეორე დინასტიები დაახლოებით 5 000 წლით თარიღდება და მათ "ადრეულ დინასტიურ" ან "არქაულ" პერიოდს უწოდებენ. პირველი დინასტიის პირველი ფარაონი იყო მენესი. ის ცხოვრობდა 5 000 წლის წინ და მიუხედავად იმისა, რომ ძველი მწერლები ხანდახან მას ერთიანი ეგვიპტის პირველ ფარაონობას მიაწერდნენ, არქეოლოგიური კვლევები ვარაუდობს, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება.

ბოლოს აღმოჩენილი წარწერები მოგვითხრობს მმართველებზე, როგორიც იყო მაგალითად, ირი-ჰორი, რომელიც, როგორც ჩანს, უფრო ადრე მართავდა ეგვიპტეს, ვიდრე მენესი.

მესამედან მეექვსე დინასტიებამდე (ძვ.წ. 2650 წლიდან 2150 წლამდე) პერიოდს ძველ სამეფოს უწოდებენ. ამ პერიოდში შემუშავდა პირამიდების აგების ტექნიკა და აშენდა გიზას პირამიდები.

ძვ.წ. 2150 წლიდან 2030 წლამდე (დრო, რომელიც მოიცავს მეშვიდიდან მეათე დინასტიებს) ეგვიპტეში ცენტრალური მთავრობა სუსტი იყო და ქვეყანას ხშირად აკონტროლებდნენ სხვადასხვა რეგიონული ლიდერები. რატომ დაინგრა ძველი სამეფო, მეცნიერთა შორის კამათის საგანია. კვლევების თანახმად, გვალვამ და კლიმატის ცვლილებამ მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ამ ყველაფერში. ეს ის პერიოდია, როცა ახლო აღმოსავლეთის ქალაქები და ცივილიზაციები განადგურდა. არქეოლოგიურ ობიექტებზე მტკიცებულებები აჩვენებს, რომ გვალვისა და მშრალი კლიმატის პერიოდი მთელ რეგიონში იყო.

მეთერთმეტე, მეთორმეტე და მეცამეტე დინასტიები დაკავშირებულია ჰიქსოსებთან. ისინი სავარაუდოდ დღევანდელი სირიის ტერიტორიიდან შემოვიდნენ და მმართველობა ხელთ იგდეს. ამის შემდეგ ყველაზე საინტერესოა მეთვრამეტე და მეოცე დინასტიები. მკვლევრები ამ პერიოდს "ახალ სამეფოდ" მოიხსენიებენ. ეს პერიოდი ძვ.წ. 1550-დან 1070 წლამდე გაგრძელდა. ამ პერი დროსაც ჰიქსოსებს ამარცხებენ და ეგვიპტე კვლავ ერთიანდება.

"ახალი სამეფოდან" სამეფოდან ყველაზე ცნობილი არქეოლოგიური ადგილია მეფეთა ველი, სადაც ინახება ამ პერიოდის მრავალი ეგვიპტის მმართველის სამარხი, მათ შორის ტუტანხამონი (მეფობა დაახლოებით 1336-დან 1327 წწ. ძვ. წ.), რომლის მდიდარი სამარხი ხელუხლებელი იქნა ნაპოვნი 1922 წელს.

შემდეგ დინასტიებში ეგვიპტე კვლავ სუსტდება და ჩნდებიან ახალი დამპყრობლები, რომლებიც წყლებიდან მოდიან. ოცდამეხუთე და ოცდამეექვსე დინასტიების პერიოდში ჩნდებიან სპარსელები და ასურელები. სწორედ ისინი იგდებენ ხელში ძალაუფლებას ეგვიპტეზე.

ძვ.წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა განდევნა სპარსელები ეგვიპტიდან და ქვეყანა მაკედონიის იმპერიას შეუერთა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ხელისუფლებაში მოვიდა მმართველთა ახალი დინასტია (ალექსანდრეს ერთ-ერთი გენერლის, პტოლემეი სოტერის შთამომავალები).

კლეოპატრას სიკვდილი

ფოტო: Getty Images

პტოლემეის შთამომავლებიდან უკანასკნელი იყო კლეოპატრა VII, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა (ძვ.წ 30 წელს). მისი გარდაცვალების შემდეგ ეგვიპტე რომის იმპერიაში შევიდა.

ძველი ეგვიპტის რელიგია და ღმერთები

ვინტაჟური ილუსტრაცია პაპირუსიდან, სადაც ნაჩვენებია ოსირისი (მარცხნივ) ისისთან ერთად (მარჯვნივ) გრაგნილზე დაკრული იეროგლიფებით, დაახლოებით ძვ. წ. 1250.

ფოტო: Getty Images

ეგვიპტის უძველესი ისტორიის ძირითად ნაწილში მოსახლეობა პოლითეისტურ რელიგიას მიჰყვებოდა. ღმერთებიდან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ოსირისი, ქვესკნელის ღმერთი. აბიდოსი მისთვის მნიშვნელოვანი საკულტო ცენტრი იყო და მის პატივსაცემად ამ ადგილზე მრავალი ტაძარი და სალოცავი აშენდა.

მნიშვნელოვანი იყო ამუნ-რაც. ის მზესთან დაკავშირებული ღმერთი იყო. ამუნ-რა განსაკუთრებით აქტუალური გახდა ახალი სამეფოს პერიოდში და ასოცირდებოდა ქალაქ ლუქსორთან (ძველი თებე). კარნაკის ტაძრის კომპლექსი აშენდა ლუქსორის მახლობლად ამ ღმერთის პატივსაცემად.

ძველი ეგვიპტელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო "ქვესკნელში" (სიკვდილის შემდგომ სამყაროში) სწორად ნავიგაცია, რადგან სჯეროდათ, რომ თუ მართებულად გაივლიდნენ ამ გზას, მოხვდებოდნენ სამოთხეში, სადაც შეძლებდნენ მარადიულ ცხოვრებას.

ამისათვის ეგვიპტელები ხშირად მუმიფიცირებდნენ მიცვალებულებს, რათა სხეული შენარჩუნებულიყო. ასევე, ჰქონდათ შელოცვები და ტექსტები, რომლებიც მკვდრებს ქვესკნელში მოგზაურობაში უნდა დახმარებოდა. ასეთი შელოცვები შედიოდა ე.წ. "მიცვალებულთა წიგნში" (Book of the Dead), რომელიც სხვადასხვა ტექსტებისა და შელოცვების ნაკრებს წარმოადგენდა.

ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში, ქვესკნელში ნავიგაცია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იყო, რაც ადამიანის გავლილი ცხოვრების აწონას მოიცავდა (მაატის ბუმბულით). მაატი იყო ღმერთი, რომელიც ასოცირდებოდა სიმართლესთან, სამართლიანობასთან და წესრიგთან. თუ ადამიანს დიდი დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, მისი გული ბუმბულზე უფრო მძიმე იქნებოდა და მისი სული განადგურდებოდა. მეორე მხრივ, თუ ადამიანის ცხოვრება სუფთა იყო, ის ქვესკნელის გადალახვას შეძლებდა და სამოთხეში მოხვდებოდა.

ეგვიპტური რელიგია არ იყო სტატიკური, ის დროთა განმავლობაში მუდმივად იცვლებოდა. ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ფარაონ ეხნატონის (დაახლოებით ძვ.წ. 1353-დან 1335 წლამდე) მეფობის დროს. ეს იყო მმართველი, რომელმაც მოახდინა რელიგიური რევოლუცია, რომლის შედეგადაც ეგვიპტური რელიგია ფოკუსირებული იყო მზის დისკის "ატენის" თაყვანისცემაზე. ეხნატონმა უდაბნოში სრულიად ახალი დედაქალაქი ააშენა და ბრძანება გასცა ეგვიპტის ზოგიერთი ღვთაების სახელიც კი შეეცვალათ. ეხნატონის სიკვდილის შემდეგ მისმა ვაჟმა, ტუტანხამონმა, დაგმო მამის გადაწყვეტილებები და ქვეყანა ძველ რეალობაში დააბრუნა.

როდესაც ეგვიპტე ბერძნული და რომაული მმართველობის ქვეშ მოექცა, ახალი მმართველების ღმერთები და ქალღმერთები ეგვიპტურ რელიგიაშიც აღმოჩნდნენ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა ჩვენი წელთაღრიცხვით პირველი საუკუნის შემდეგ, როდესაც ქრისტიანობა გავრცელდა მთელ ეგვიპტეში. ამ დროს გნოსტიციზმი, რელიგია, რომელიც აერთიანებდა ზოგიერთ ქრისტიანულ რწმენას, ასევე გავრცელდა მთელ ეგვიპტეში და გნოსტიკური ტექსტების დიდი ნაწილი აღმოაჩინეს 1945 წელს სამხრეთ ეგვიპტეში ქალაქ ნაგ ჰამადის მახლობლად.

ისლამი ეგვიპტეში ახ. წ. 641 წლის შემდეგ გავრცელდა, როდესაც ქვეყანა მუსლიმთა არმიამ დაიპყრო. დღეს ეგვიპტის მცხოვრებთა უმრავლესობა მუსლიმია, ხოლო უმცირესობა ქრისტიანია.

ეგვიპტური დამწერლობა

ფოტო: Factsanddetails

ეგვიპტური ადრეული წარწერები დაახლოებით 5 200 წლით თარიღდება და იეროგლიფური დამწერლობით იქმნებოდა.

ეგვიპტური წერის ძირითადი ფორმა გამოხატავდა ბგერებს (ხშირად თანხმოვნებს) და ზოგიერთ განსაკუთრებულ ხმოვან ბგერასაც. მთლიანობაში, ეს იყო იეროგლიფური წერის უფრო პრაქტიკული, სწრაფი ვარიანტი, რომელიც გამოიყენებოდა ყოველდღიურ ცხოვრებასა და სასულიერო ტექსტებში.

ათასწლეულების განმავლობაში იცვლებოდა ეგვიპტური ენაც. მეცნიერები ამ ენებს ყოფენ როგორც ძველი ეგვიპტურს, შუა ეგვიპტურსა და გვიან ეგვიპტურს.

ბერძნული ენა ფართოდ გამოიყენებოდა ალექსანდრე მაკედონელის მიერ ეგვიპტის დაპყრობის შემდეგ. მე-19 საუკუნის ბოლოს, არქეოლოგებმა ნახევარი მილიონი პაპირუსის ფრაგმენტი აღმოაჩინეს, რომელთა უმეტესობა ბერძნულად იყო დაწერილი.

კოპტური, ეგვიპტური ენა, რომელიც იყენებს ბერძნულ ანბანს, ფართოდ გამოიყენებოდა მას შემდეგ, რაც ქრისტიანობა მთელ ეგვიპტეში გავრცელდა. ამან იეროგლიფური წერის სტილის გამოყენება შეამცირა და საბოლოოდ ის ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნეში სრულიად გაქრა. უკვე 641 წლიდან ეგვიპტეში არაბული ენა გავრცელდა და ის დღესაც ფართოდ გამოიყენება.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.