ყოველდღიური დიეტა ჩვენგან დიდ ძალისხმევასა და მოთმინებას მოითხოვს, მაგრამ შედეგის მისაღებად სხვა მეთოდიც არსებობს. მეცნიერებმა ახალი კვლევის ფარგლებში დაადგინეს, რომ 4:3 სტრატეგიით კალორიების პერიოდულად შეზღუდვა უფრო ეფექტიანია.

ეს მეთოდი შემდეგში მდგომარეობს: კალორიები კვირაში მხოლოდ სამი დღე იზღუდება, დანარჩენი ოთხი დღის განმავლობაში კი ჩვეულებრივ უნდა იკვებოთ. აშშ-ში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ გზით ერთ წელში საშუალოდ წონის 7.6%-ით დაკლებაა შესაძლებელი. შედარებისთვის, ყოველდღიური დიეტით 5%-ს იკლებენ. შესაძლოა, ეს დიდ სხვაობად არ მოგეჩვენოთ, მაგრამ ადასტურებს, რომ ზოგი ადამიანისთვის ასეთი მონაცვლეობითი რეჟიმი უფრო მოსახერხებელია.

4:3 სტრატეგიისა და ყოველდღიური დიეტის გავლენა სპეციალისტებმა 18-დან 60 წლამდე ასაკის 165 პირზე გამოცადეს, რომელთაც ზედმეტი წონა ან სიმსუქნე აღენიშნებოდათ. მათ რეკომენდაციაც მიიღეს, რომ სატესტო 12 თვის განმავლობაში ფიზიკურადაც ეაქტიურათ. პირველ გუნდს კვირაში სამი დღით კალორიები 80%-ით უნდა შეეზღუდა, მეორეს კი ყოველდღიურ რაციონში კალორიები 34%-ით უნდა შეემცირებინა.

შედეგები განსხვავებული იყო. პირველ ჯგუფში შემავალმა მონაწილეებმა საშუალოდ 7.7 კილოგრამი დაიკლეს, ხოლო მეორეში — 4.8. სხვაობების მიუხედავად, ორივე კატეგორიაში გაუმჯობესდა ჯანმრთელობის ისეთი ზოგადი ინდიკატორები, როგორიც სისხლის წნევაა.

"მნიშვნელოვანია, რომ ესაა კვებითი სტრატეგია, რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებული ალტერნატივაა. განსაკუთრებით იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც კალორიების ყოველდღიურად შეზღუდვა უკვე სცადეს, მაგრამ გაუჭირდათ", — ამბობს ენდოკრინოლოგი ვიქტორია კატენაჩი.

ამ შედეგების მიუხედავად, რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მონაწილეების რაციონს მეცნიერები მხოლოდ იმ სამი დღის განმავლობაში აკვირდებოდნენ, როცა ისინი კალორიებს ზღუდავდნენ. შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ მათ რაციონი დანარჩენ დღეებშიც ეკონტროლებინათ. დაკლებულ წონაზე შეიძლება ემოქმედა იმასაც, რომ 4:3 სტრატეგიის დიეტაზე მყოფი ჯგუფი რეჟიმს უკეთ იცავდა — ეს კი დადებითი ტენდენციაა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Annals of Internal Medicine გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.