საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობს წარმოდგენა, რომ სსრკ ტექნოლოგიურად განვითარებული და მოწინავე სახელმწიფო იყო. ასევე, არსებობს მითი, რომ საბჭოთა კავშირში წარმოებული პროდუქცია განსაკუთრებული ხარისხითა და გამძლეობით გამოირჩეოდა.

რეალურად, საბჭოთა კავშირში წარმოებული ტექნოლოგიები, უმრავლეს შემთხვევაში კაპიტალისტური სამყაროდან პირდაპირ გადმოკოპირებული ტექნოლოგიების, საკმაოდ დაბალი ხარისხის ანალოგი იყო. სსრკ-ში ამ სტანდარტით ამზდებდნენ როგორც სატრანსპორტო საშუალებებს, ისე ტექნიკასა და საკვებს.

ავტომობილები

საბჭოთა კავშირში წარმოებული ავტომობილები დასავლეთში წარმოებული მანქანების ანალოგი იყო. საბჭოთა ავტომობილი Москвич-400 დასავლეთ გერმანიაში შექმნილი Opel Kadett K38-ის ზუსტი ორეულია. მეტიც, Москвич-400 იმ დაზგებზე იწყობოდა, რომელიც წითელმა არმიამ მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ რიუსელჰაიმში ოპელის ქარხნიდან ალაფად წამოიღო. ამ მოდელს საბჭოთა კავშირში 1946 წლიდან 1954 წლამდე პერიოდში აწარმოებდნენ.

ფოტო: pinterest.com

პირველი ზაპოროჟეცი, Запорожец ЗАЗ-965 იტალიური Fiat 600-ის იდენტური იყო. იტალიაში მოდელი ცნობილი იყო როგორც Topolino (თაგუნია) სსრკ-ში კი, მოდელი Горбатый-ის (კუზიანი) მეტსახელით გახდა ცნობილი. ზაპოროჟეცის ძრავის სიმძლავრე 23 ცხენის ძალა, მაქსიმალური სიჩქარე კი 80 კმ/სთ იყო. მოდელი 1961-1963 წლებში გამოდიოდა. სულ 300 ათასი ერთეული გამოუშვეს. ზაპოროჟეცი საბჭოთა კავშირში პირველ "სახალხო ავტომობილად" იქცა.

ფოტო: pinterest.com

ზაპოროჟეცის შემდეგი მოდელი Запорожец ЗАЗ-966 გერმანული NSU Prinz IV-ის ასლი იყო. მისი ყიდვა 1 800 რუბლად შეიძლებოდა. ამ დროისთვის საბჭოთა კავშირში საშუალო ხელფასი 90-100 რუბლის ფარგლებში მერყეობდა. ზაპოროჟეცის მოდელი გაცილებით უფრო იაფი იყო ვიდრე ვოლგა.

ფოტო: yaplakal.com

Волга ყოველი საბჭოთა მოქალაქის საოცნებო ავტომობილი იყო. განსაკუთრებით პოპულარული იყო შავი ფერის მოდელი. ამ მანქანით საბჭოთა ავტოწარმოება ამაყობდა. Волга-ს ფასი 5 500 მანეთი იყო, რაც იმ დროისთვის წარმოუდგენელი ფასი იყო საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის. მანქანა განკუთვნილი იყო პარტიული ბოსების, ხელოვნებისა და მეცნიერების ვარსკვლავებისთვის. რიგითი საბჭოთა მოქალაქისთვის ვოლგა ფუფუნების საგანი იყო. ვოლგის ყველაზე წარმატებული მოდელი ГАЗ-21 კი ამერიკული Ford Customline-ის ასლია.

ფოტო: pinterest.com

მოტოციკლები

საბჭოთა მოტოციკლი Урал ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი რუსული ბრენდია. წარმოების ყველაზე წარმატებული მოდელი, М-72 მძიმე სამხედრო მოტოციკლის ბაზაზე ააწყვეს, ხოლო სამხედრო მოტოციკლი კი, BMW-750 იდენტურია. მოტოციკლის მთავარი კონსტრუქტორი მეორე მსოფლიოს ომამდე სტაჟირებას BMW-ის საწარმოში გადიოდა. მოდელის წარმოება 1941 წლიდან დაიწყო.

ფოტო: vintagegermanmotorcycles.com

ფოტო: nevsedoma.com

1950-იან წლებში, როცა სახელმწიფო დაგეგმარების სამმართველომ გადაწყვიტა, რომ სსრკ-ს უფრო მეტი მოტოროლერი სჭირდებოდა "ახალი მოტოციკლის" შექმნის იდეა გაჩნდა. მწარმოებელი ქარხნის კონსტრუქტორებმა იტალიური სკუტერის Vespa 150GS-ს მოაშორეს ვესპას ლოგო. ასე დაიბადა პირველი საბჭოთა სკუტერი Вятка.

ფოტო: yaplakal.com

მეტრო

მოსკოვის მეტროპოლიტენი სტალინური ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გრანდიოზული პროექტი იყო. მისი მშენებლობის მომენტისთვის სსრკ-ში არ არსებობდა და არც ფინანსური რესურსი იყო სპეციალური საბურღი საშუალებებისთვის. მოსკოვის საქალაქო კომიტეტის პირველ მდივანს და მომავალ საბჭოთა ბელადს, ნიკიტა ხრუშჩოვს გაუჩნდა იდეა, რომ ინგლისში შეეკვეთათ საბურღი მანქანა, ჩამოეტანათ, დაეშალათ და მის ბაზაზე აეწყოთ ახალი.

იდეა წარმატებული გამოდგა. 1932 წელს საბჭოთა კავშირს, შეკვეთის მიღების მოლოდინით, Siemens-მა რამდენიმე ერთეული ტექნიკა გამოუგზავნა. საბჭოელებმა მისი ანალოგის წარმოება დაიწყეს.

მოგვიანებით, სსრკ-მ Siemens-ს ექსკალატორების მწარმოებელი დაზგის ერთეული შეუკვეთა, თუმცა კომპანიამ შეკვეთა აღარ მიიღო.

საყოფაცხოვრებო ტექნიკა

საბჭოთა მოქალაქეები იმ ტექნიკით არ იყვნენ განებივრებულები, რომელიც მათ ცხოვრებას გაუმარტივებდა. 1980-იან წლებშიც საბჭოთა მოქალაქეების დიდ ნაწილს არ ჰქონდა არც მაცივარი და არც ტელეფონი, მოსახლეობის 30% კი, კომუნალურ სახლებში ცხოვრობდა. ამ დროს საბჭოთა კავშირი აწარმოებდა მტვერსასრუტებს Москва-სა და Чайка-ს. Москва ამერიკული Lewyt Model 40-ის, ხოლო მეორე ჰოლანდიური Erres-ის ასლია.

ფოტო: genby.livejournal.com

საბჭოთა კავშირში კაცებისთვის ერთ-ერთ საუკეთესო საჩუქრად ელექტროსაპარსი მიიჩნეოდა. ელექტრო საპარსი Агидель-М ნიდერლანდური Philishave SC 8010-ის ანალოგი იყო.

ფოტო: pikabu.ru

საბჭოთა კომპიუტერები

მსოფლიოს ტექნოლოგიური განვითარებისთვის ფეხის აწყობა საბჭოთა კავშირმაც გადაწყვიტა. Агат (აგატ) ამერიკული Apple 2-ის ასლია, თუმცა დიზაინით ეს ორ მოდელი მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა.

"მე არ მიცდია გამეხსნა მისი კორპუსი, თუმცა ღია სივრციდან ნანახმა შოკში ჩამაგდო. ეს იყო მავთულების კოშმარული და უაზრო კვანძი. ეს ყველაფერი გამოიყურებოდა ისე, თითქო ანტიკური დროში იყო აწყობილი. შემდეგ მე დავინახე, რაღაც დედაპლატის მსგავსი. მიუხედავად ამისა, ეს კომპიუტერი უფრო უკეთ მუშაობდა ვიდრე მოსალოდნელი იყო", - ასე აღწერა კომპიუტერული უზრუნველყოფის ამერიკელმა სპეციალისტმა, ლეონიდ ბორსმა პირველი საბჭოთა პერსონალური კომპიუტერი აგატი.

ზოგადად, გაუგებარი იყო თუ რატომ დაიწყო საბჭოთა კავშირმა პერსონალური კომპიუტერების წარმოება. კომპიუტერის წარმოების დროს არც ერთ საბჭოთა მოქალაქეს მისი გამოყენების საჭიროება არ ჰქონდა. ამასთან, საბჭოთა აგატის წარმოება რამდენიმეჯერ უფრო ძვირი ჯდებოდა, ვიდრე ამერიკული Apple. ყველა ხარჯის გათვალისწინებთ, ერთი საბჭოთა აგატის ასაწყობად 17 ათასი დოლარი იყო საჭირო.

თამაშები და ელექტრონიკა

1980-იან წლებში საბჭოთა კავშირში დაიწყო პორტატული ელექტრონული თამაშების წარმოება, მათ შორის იყო ყველასთვის კარგად ცნობილი Ну, погоди! (აბა დამაცადე), რომელიც ლეგენდის თანახმად, 1 000 ქულის დაგროვების შემთხვევაში მულტფილმს ანახებდა. ამ დროის წარმოებული ყველა საბჭოთა ელექტრონული თამაში იაპონური Nintendo-ს GameWatch-ის სერიის მსგავსი იყო.

ფოტო: flickr.com

საზღვაო ბრძოლა, იმ თამაშების რიცხვშია, რომელიც საბჭოთა კავშირმა ამერიკული Meccano-სა და Battleship-ის ანალოგად შექმნა.

ფოტო: morskoy-boy.15kop.ru

საკვები და სასმელი

შამპანური

ფოტო: n1.by

მეორე მსოფლიო ომამდე საბჭოთა კავშირში ხელმძღვანელ პირებს გაუჩნდათ იდეა, რომ ქვეყანაში უნდა ყოფილიყო "საზეიმო ალკოჰოლი". იმის მიუხედავად, რომ მე-19 საუკუნის შემდეგ საერთაშორისო სავაჭრო გაფორმებული ხელშეკრულება არსებობს საბჭოთა კავშირში Советское шампанское-ს (საბჭოთა შამპანურის) წარმოება დაიწყო. საერთაშორისო შეთანხმებით, შამპანურის სახეწლოდების გამოყენების უფლება მხოლოდ საფრანგეთში შამპან არდენის რეგიონში მოყვანილი მოსავლით დამზადებულ ღვინოს აქვს.

რძე

ფოტო: pap-a.livejournal.com

საბჭოთა კავშირის ნოსტალგიის ერთ-ერთი სიმბოლოა რძე სამკუთხა შეფუთვით. შეფუთვის იდეაც და წარმოების ტექნოლოგიაც სსრკ-მ შვედური კომპანია Tetra pak-ის გან აიღო. სსრკ-მ თავიდან შეფუთვის მწარმოებელი რამდენიმე დაზგა შეუკვეთა, თუმცა 1961 წლიდან მოსკოვის ერთ-ერთ საწარმომ თავად დაიწყო საჭირო ტექნიკის წარმოება.

უალკოჰოლო სასმელი

1973 წელს საბჭოთა კავშირის უალკოჰოლო სასმელების მწარმოებელმა საკავშირო სამეცნიერო კვლევითმა ცენტრმა ხელმძღვანელობისგან მიიღო დავალება, რომ შეექმნა Coca-Cola-ს და Pepsi-Cola-ს ალტერნატივა. ასე გაჩნდა გაზიანი სასმელი Байкал (ბაიკალი). სასმელებს შორის მსგავსება მხოლოდ ფერი იყო. იმის გამო, რომ ბაიკალი საბჭოთა მოსახლეობაში პოპულარული არ იყო და მისი წარმოება მალევე შეწყდა.

ფოტო: pap-alivejournal.com

ჰამბურგერი

ჯერ კიდევ 1936 წელს საბჭოთა კვებითი ინდუსტრიის ხელმძღვანელი, ანასთაზ მიქოიანი მივლინებით აშშ-ში იყო. მემუარებში მიქოიანი აღწერდა შთაბეჭდილებებს, რომელიც ამერიკული კვების ობიექტებისა და ტექნოლოგიების გაცნობის შედეგად განიცადა.

მისი იდეა იყო ამერიკული ჰამბურგერების წარმოების ტექნოლოგიების საბჭოთა კავშირში გადმოეტანა. მოგვიანებით, ეს ჩანაფიქრიც წარმატებით განხორციელდა, ჰამბურგერების გაყიდვა საბჭოთა ქვეყნების დედაქალაქებში დაიწყეს.

ნამდვილი უკეთესია

"მოიპარეთ საუკეთესო", - შეიძლება ითქვას, რომ ესაა სლოგანი, რითაც საბჭოთა კავშირი მუშაობდა. თავის მხრივ, დასავლურმა კომპანიებმა იცოდნენ თუ როგორ მუშაობდა საბჭოთა კავშირი და როგორ იპარავდნენ ისინი მათ ინოვაციებს.

ფლორიდის უნივერსიტეტის საიტზე განთავასებულია კომპანია VAX-ის ძველი მიკროპროცესორი, რომელიც ამერიკულმა კომპანიამ სსრკ-ში გააგზავნა. მიკროპროცესორზე წვრილი შრიფტით დატანილია წარწერა რუსულ ენაზე: "გეყოთ ქურდობა, ნამდვილი უკეთესია".

ფოტო: imgur.com

დღეს უკვე ნათელია, რომ საბჭოთა კავშირი თითქმის ვერანაირ სფეროში ვერ უწევდა კონკურენციას, კაპიტალისტური ეკონომიკური სისტემის მქონე სახელმწიფოებს. ამასთანავე, სსრკ-ში არსებული გეგმიური ეკონომიკა ვერ ახერხებდა, თუნდაც დაბალი ხარისხის ასლები საჭირო რაოდენობით ეწარმოებინა.

1975 წელს საბჭოთა მოქალაქეების მხოლოდ 61 პროცენტი ფლობდა ტელევიზორს, მაცივარი - 45% ჰქონდა, სარეცხი მანქანა - 64%, მტვერსასრუტი - 16%. საუბარია მხოლოდ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობაზე, საბჭოთა სოფლებში კი - მოწყვეტილნი იყვნენ ყოველგვარ ტექნოლოგიებს.