პარტიაში აზრთა სხვადასხვაობისა და დაპირისპირების შემდეგ ქართული ოცნების წევრები შეიკრიბნენ. შეხვედრას არ ესწრება დავით ჭიჭინაძე, რომელიც სხვა თანაპარტიელების მიმართ მწვავე განცხადებებით გამოირჩეოდა.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე არჩილ თალაკვაძემ თქვა, შეკრების მიზეზი პარტიის წინაშე არსებული ამოცანების, პოლიტიკური დღის წესრიგის განხილვა და პარტიის ყრილობისთვის მზადებაა. ამავე პარტიის კიდევ ერთი დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნების ოფისში უმრავლესობის ხელმძღვანელები შეიკრიბნენ, გაფართოებული შეხვედრა კი მოგვიანებით გაიმართება.

"ქართველებს, ახლა, იუმორის გრძნობა გვაქვს. პიროვნული დაპირისპირება არ ყოფილა არის ხოლმე აზრთა სხვადასხვაობა და ჩემი აზრით, შესაძლებელია მექანიზმების ჩამოყალიბება, როდესაც აზრთა სხვადასხვაობა დაპირისპირებაში არ გადაიზრდება", - თქვა ოქრიაშვილმა.

ქართული ოცნების შიგნით არსებულ დაპირისპირებაზე საჯაროდ საუბარი მას შემდეგ დაიწყო, რაც საზოგადოებრივი მაუწყებლობის სამეურვეო საბჭოს მეურვედ ნინია კაკაბაძის კანდიდატურის მხარდაჭერის გამო გედევან ფოფხაძემ უმრავლესობის დატოვება გადაწყვიტა.

პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განცხადა, რომ იმ დეპუტატებს, რომლებიც ქართულ ოცნებაში არსებულ დაპირისპირებაზე ღიად ლაპარაკობენ, თანამშრომლობის გაგრძელების მიზნით წინაპირობებს წაუყენებენ. კობახიძის თქმით, წინაპირობები დისციპლინის საკითხებს უკავშირება. მისი განმარტებით, გაიწერება კონკრეტული წესები, რომელსაც შესაბამისი რეაგირების მექანიზმი მიემაგრება.