24 დეკემბერს, ქართულმა ოცნებამ სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ოცნების პრემიერი ირაკლი კობახიძე სასურსათო პროდუქტების ფასების მატებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, "ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა საკმაოდ დიდია" და ამის მიზეზი "სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატია, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს". ამავე ვიდეოში მან სუს-ს მოუწოდა, შეისწავლონ სასურსათო პროდუქტების ფასებთან დაკავშირებული საკითხი და დაადგინონ, ხომ არ იკვეთება დანაშაულის ნიშნები. ამას გარდა, ირაკლი კობახიძე პარლამენტს სთხოვს," შექმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც საკითხის შესაფასებლად შესაბამის საპარლამენტო ბერკეტებს გამოიყენებს".

ქართული ოცნების მაღალ ფასებთან ბრძოლის სტრატეგიის შესახებ NEWS.On.ge ეკონომისტ გიორგი ხიშტოვანს ესაუბრა.

რა არის რეალურად საქართველოში პროდუქტებზე ფასების ზრდის მიზეზი — მართლაც სუპერმარკეტები და სადისტრიბუციო კომპანიები, თუ არის კიდევ სხვა?

გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი

გიორგი ხიშტოვანი, ეკონომისტი: როდესაც ვსაუბრობთ კონკრეტული პროდუქციის ფასების ზრდაზე, დიდ სურათს უნდა შევხედოთ. ზოგადად ქვეყნებში ფასები ზოგჯერ სწრაფად იზრდება, ზოგჯერ — ნელა და ამაში გასაოცარი არაფერია. როგორც წესი, ამ საკითხზე ქვეყანაში პასუხისმგებელი არის ეროვნული ბანკი, მისი ერთ-ერთი მთავარი მანდატი ფასების სტაბილურობაზე ზრუნვაა. ის ადგენს სამიზნე ინფლაციის ნიშნულს და შემდეგ თავისი ქმედებებით ცდილობს, რომ ეს ნიშნული დაცული იქნეს.

ეროვნული ბანკის საქმეა ფასების სტაბილურობაზე ზრუნვა და მას გააჩნია შესაბამისი ინსტრუმენტები. ამასთანვე, მთავრობას შეუძლია დააინიციიროს კანონში ცვლილება და დააწესოს სხვა პროდუქტებთან შედარებით შეღავათიანი გადასახადები სურსათზე. მაგალითად, შემცირდეს სურსათზე დღგ 3 წლის განმავლობაში ან უვადოდ. ასევე, სახელმწიფოს ჰყავს უწყებები, პირობითად — კონკურენციის სააგენტო, რომელთაც შეუძლიათ დაეხმარონ მთავრობას, აღმოაჩინოს დარღვევები და ასე მოახდინოს მთავრობამ რეაგირება, იმ შემთხვევაში თუ ბაზარზე არაკეთილსინდისიერ პრაქტიკას აქვს ადგილი.

ნაცვლად ყველაფერი ზემოთ თქმულისა, ოცნებამ გადაწყვიტა, პირდაპირ მუქარაზე, ტერორზე, შანტაჟზე გადავიდეს და ამ გზით დაწიოს ფასები — ეს არის მიუღებელი და საშიში პრაქტიკა, როგორც ეკონომიკურად ისე პოლიტიკურად. ფასების მატება მნიშვნელოვანი შეფასების კრიტერიუმია კონკრეტული ხელისუფლების მმართველობაზე.

ირაკლი კობახიძემ გაზრდილი სურსათის ფასების საკითხის შესწავლა სუს-ს დაავალა და პარლამენტს მიმართა, რომ მის ხელთ არსებული ბერკეტები გამოიყენოს. რამდენად სწორია, რომ უსაფრთხოების სამსახური იძიებდეს ამ საკითხს? რეალურად ვინ უნდა აკონტროლებდეს ფასებს?

როდესაც ირაკლი კობახიძე საუბრობს, ფასების ზრდაში რა როლს თამაშობს ბიზნესი ეს იმას ნიშნავს, რომ ის მოსამართლის ფუნქციას ითავსებს. ნაცვლად იმისა, რომ მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ნაბიჯები გადადგას, რომ მოთოკოს ინფლაცია — ის ეძებს დამნაშავეს. ამ დამნაშავის ძიების დასტური არის კერძო სადისტრიბუციო კომპანიების და კერძო საცალო ვაჭრობის ქსელების პირდაპირ დამნაშავედ გამოცხადება. შემდეგ უკვე მითითება უწყებებზე, როგორიც არის სუს-ი და პროკურატურა, რომ მათ ეს საკითხი შეისწავლონ.

"ფაქტობრივად დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია ქართული ოცნების თვალში — ახლა მისი დასჯა უნდა მოხდეს"

ფაქტობრივად დამნაშავე უკვე იდენტიფიცირებულია ქართული ოცნების თვალში — ახლა მისი დასჯა უნდა მოხდეს.

ასევე საყურადღებოა პარლამენტში კომისიის შექმნა. მე ამას შევადარებდი ჩინურ პრაქტიკას, სადაც საჯაროდ ხდება "ბოროტი" და "ძუნწი" ბიზნესმენებისა და საჯარო მოხელეების გაკიცხვა და მერე ისინი დანაშაულებს საჯაროდ ინანიებენ.

სახელმწიფოს აქვს რესურსი შეცვალოს საგადასახადო სისტემა და შეეძლო კობახიძეს ეთქვა, რომ ფასების დარეგულირებისთვის, აი, ამ კონკრეტულ ნაბიჯს გადავდგამთ. ახლა კი მოხდა დამნაშავეების დასახელება და იდენტიფიცირება და შემდეგ მათ "დაემუქრნენ".

რეალურად ახლა რატომ წამოწია ეს თემა "ქართულმა ოცნებამ"? ექსპერტები საუბრობენ, რომ ფასების ზრდა ისედაც მოსალოდნელი იყო და ოცნებამ "თავი დაიზღვია"?

ეს ნამდვილად იყო ერთგვარი პრევენციული ზომაა. წარმოიდგინეთ, მომავალი 3 თვე ფასების ზრდა თუ გაგრძელდა და ეს, სავარაუდოდ, ასე იქნება... იანვარ-თებერვალში, როგორც წესი, ფასები იზრდება. შესაბამისად, მოხდა დასწრებაზე თამაში. თუ გაგრძელდა ფასების ზრდა, ქართული ოცნება იტყვის — "ხომ ვამბობდით ვისი ბრალიცააო".

ჩვენ გვახსოვს 2022-23 წლებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე ფასების ზრდაზე ისაუბრა. საინტერესო ის არის, რომ იმ პერიოდში ინფლაცია ძალიან მაღალი იყო. ამ ყველაფერს არ მოჰყვა მსვლელობა, რადგან 2023-ში ინფლაციამ უკვე დაიწყო კლება. 2023 წლის ინფლაციის სტატისტიკას რომ შევხედოთ, ძალიან კარგად დაინახავ, როგორ იკლებს ინფლაცია ამ პერიოდში.

ფოტო: საქსტატი

2023 წლის დასაწყისში ინფლაცია იყო 9,4%-იან ნიშნულზე. 2023 წლის თებერვალში ღარიბაშვილმა გამოაცხადა "ბრძოლა ფასნამატების და მაღალი მარჟების წინააღმდეგ" და შემდეგ უკვე მაისში ინფლაცია ჩამოვიდა 1,5%-ზე. შესაბამისად, ამ საკითხმა რელევანტურობა დაკარგა. ახლა ინფლაცია ისევ ავიდა 4,8%-მდე, სავარაუდოდ, დეკემბერში ინფლაციასთან დაკავშირებით უკვე მიიღო ინფორმაცია ქართულმა ოცნებამ და როგორც "ხალხის პარტიამ" გადაწყვიტა საჯაროდ დასაჯოს და "გაკიცხოს" ბიზნესები, რომელთაც ეს პრობლემა წინასწარ გადააბრალეს.

როგორ ხედავთ მოვლენების შესაძლო განვითარებას?

ერთ-ერთი სცენარი არის ის, რომ ფასების ზედა ზღვარი დაუდგინოს მთავრობამ ბიზნესს. პირობითად, ზეთი ვერ ეღირება 5 ლარზე მეტი. თუ ბიზნესისთვის შეუძლებელი იქნება, ასეთ ფასში გაყიდოს პროდუქტი, ის ზეთს აღარ გაყიდის. თუ ყველა პროდუქტზე ფასების ჭერს დავუწესებთ, მაღალი ალბათობით მოთამაშეების დიდი ნაწილი ბაზარს დატოვებს და მოხდება ბაზრის კონსოლიდაცია — ბევრი მოთამაშის მაგივრად დაგრჩება ცოტა მოთამაშე და, შესაბამისად, იმ დარჩენილი მოთამაშეებისთვისაც ბიზნესის წარმოება გართულდება.

განათლების რეფორმა რომ დააინიციირეს და თქვეს — "ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი" და მთავრობის დადგენილებით სურთ გადაწყვიტონ ვის რისი სწავლება შეუძლია და რა რაოდენობის სტუდენტის აყვანა, ესეც იგივეა — "ერთი უბანი — ერთი სუპერმარკეტი", "ერთი უბანი — ერთი აფთიაქი".

თუ მართლაც ქართული ოცნება ამ ზომებს მიიღებს, მივიღებთ მოდელს, სადაც ფასები წინასწარ არის განსაზღვრული და მაშინვე ჩნდება ასოციაციები საბჭოთა კავშირთან, სადაც ადრე თუ გვიან მივიღებთ იმას, რაც მოხდა — ცარიელ მაღაზიებს, სადაც დეფიციტური იქნება ნებისმიერი პროდუქტი.