18 წარმოუდგენელი რამ, რაც 2025 წელს აიკრძალა
შესავალი
2025 წელს საქართველოს მთავრობამ დაგვარწმუნა, რომ გამოხატვის თავისუფლება ისევ არსებობს — უბრალოდ ამის თაობაზე შსს 5 დღის ვადაში უნდა გავაფრთხილოთ, 3 დღე ველოდოთ მათგან დასტურს და, წესის დარღვევის შემთხვევაში, 15 (ან მეტი) დღე გავატაროთ ციხის იზოლატორში.
თავისუფლების ეს ახალი ფორმა მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ რეგულაციებისა და აკრძალვების სიიდან, რომელიც ოცნების ხელისუფლებამ 2025 წელს მოქალაქეებს შესთავაზა.
მოდი, გავიხსენოთ, რა აიკრძალა წელს.
ტროტუარზე დგომა
თუ რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის მიმდებარედ, ტროტუარზე რამდენიმე წუთით შეყოვნდით და პოლიციამ აქციის მონაწილედ ჩაგთვალათ, მათ სრული უფლება აქვთ, დაგაკავონ და დაგაჯარიმონ.
ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 174-ე პრიმა მუხლის მე-10 პუნქტის მიხედვით, თუ დაგაკავეს, დიდი ალბათობით, შეგეფარდებათ 15 დღემდე პატიმრობა.
ახალი კანონი პარლამენტმა 10 დეკემბერს მიიღო და, მალევე, დაიწყო მოქალაქეებისთვის ოქმების გაგზავნა. კერძოდ, სამართალდარღვევათა ოქმი ანი ახმეტელმა, აქციის მონაწილემ, 23 დეკემბერს მიიღო. მას პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე გამართული საპროტესტო აქციის დროს ტროტუარზე დგომით ხალხისთვის დაბრკოლების შექმნაში ედავებიან.
აქციის გამართვა
თუკი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე, რეფორმაზე ან ნებისმიერ საკითხზე პროტესტის გრძნობა გაგიჩნდათ და გადაწყვიტეთ, თქვენი წუხილი საჯაროდ გამოხატოთ, აჯობებს ჯერ შინაგან საქმეთა სამინისტრო გააფრთხილოთ.
კანონის მიხედვით, აიკრძალა და შეიზღუდა სპონტანური აქციის გამართვა შსს-ს გაფრთხილების გარეშე.
გაფრთხილების შემდეგ, შსს-ს შეუძლიათ 3 დღის განმავლობაში განიხილოს პოტენციური ადგილები, სადაც შესაძლებელია შეკრება. თქვენ შეგიძლიათ მათი გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივროთ, თუმცა უარის შემთხვევაში, მაინც არ შეგეძლებათ სასურველ ადგილას შეკრება.
იმ შემთხვევაში, თუ პოლიციელი გადაწყვეტს, რომ თქვენ ამ წესს არღვევთ, "კანონის დარღვევის შესაწყვეტად" 15 წუთს მოგცემთ. მათი ნათქვამის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში დაგაპატიმრებენ 15 დღით, განმეორების შემთხვევაში — 1 წლით.
სასამართლოში გადაღება
2025 წლის 28 ივნისს, საქართველოს მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლში დაჩქარებული წესით შეიტანა ცვლილებები, რომელთა მიხედვით აიკრძალა სასამართლო პროცესის საჯაროობა.
შესაბამისად, ვეღარ გადაიღებთ ფოტო/აუდიო მასალას ვერც პროცესის მიმდინარეობისას, ვერც დერეფანში და ვერც სასამართლოს ეზოში. გამონაკლისები არიან მხოლოდ სასამართლოს თანამშრომლები ან სასამართლოს უფლებამოსილი პირები — მათთვის გადაღება დაშვებულია.
აქვე, ბონუსად, აიკრძალა მოსამართლის სახლთან საპროტესტო აქციის გამართვა.
საჯაროდ აზრის დაფიქსირება
აკრძალვების სიას 2025 წელს საჯაროდ აზრის დაფიქსირება დაემატა, მაგალითად — თუ აქციაზე გიჭირავს პლაკატი, რომელზეც რომელიმე თანამდებობის პირს, მაგალითად, პრემიერმინისტრს, რბილად რომ ვთქვათ, არ აქებ, ან დეპუტატებს "მონებს" ეძახი, თანამდებობის პირების "შეურაცხყოფისთვის" შესაძლოა 1 500-დან 4 000 ლარამდე ჯარიმა გადაგახდევინონ ან სულაც 45 დღით ციხეში გაგიშვან.
თუ ეს განმეორდება, ჯარიმა 2500-დან 6000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო პატიმრობა — 60 დღით.
საქართველოს ხელისუფლებამ ამ კანონის აღსრულება ჯერ კიდევ ივნისში დაიწყო, როცა სამართალდარღვევათა ოქმები რამდენიმე ჟურნალისტს, აქტივისტსა თუ პოლიტიკოსს გაეგზავნა.
სულ ახლახან ამ მუხლით, 3 000 ლარით, ზუგდიდელი აქტივისტი, მარიამ სიჭინავა, დაჯარიმდა.
წიწაკის სპრეის, ელექტროშოკისა და აკუსტიკური იარაღის შეძენა
თუ გსურთ, რომ უსაფრთხოების მიზნით თან გქონდეთ წიწაკის სპრეი, ელექტროშოკი ან სხვა თავდაცვის ნივთი, მის შეძენამდე შსს უნდა გააფრთხილოთ.
გასულ კვირას პარლამენტმა დაამტკიცა კანონპროექტი, რომლის მიხედვით თქვენ მათ შეძენას მხოლოდ შსს-ის თანხმობის შემდეგ შეძლებთ. გარდა ამისა, წიწაკის სპრეის შეძენა შეუძლიათ მხოლოდ 18 წელს ზევით ადამიანებს, ხოლო ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა საერთოდ აიკრძალა.
პიროტექნიკის გამოყენება
პიროტექნიკის აკრძალვაზე მოქალაქეები რამდენიმე წელია ღიად საუბრობენ და წუხან იმ ფაქტზე, რომ პიროტექნიკური ნაწარმით ყოველწლიურად ასობით ადამიანი ზარალდება.
- ძველით ახალი წლის ღამეს ადამიანები პიროტექნიკით დაზიანდნენ, ერთს თითზე ოპერაცია დასჭირდა
- ახალი წლის ღამეს, ქვეყანაში პიროტექნიკით 40 პირი დაშავდა
საინტერესოა, რომ პარლამენტმა პიროტექნიკის შეძენა/გაყიდვის კანონი ჯერ კიდევ 2023 წელს დააინიციირა, თუმცა მისი აკრძალვა მხოლოდ მაშინ გადაწყვიტა, როცა 2024 წელს აქციის მონაწილეებმა მისი გამოყენება დაიწყეს.
კანონი 1-ელი აპრილიდან ამოქმედდა, რომლის თანახმადაც თუ ლიცენზიის/ნებართვის გარეშე შემოიტანთ ქვეყანაში პიროტექნიკას დაჯარიმდებით 5 000 ლარით, ხოლო მისი უკანონო შეძენის შემთხვევაში — 1 000 ლარით.
სახელმწიფო სასწავლო დაფინანსება (გრანტი)
ქართულმა ოცნებამ მესამე მოსმენით მიიღო კანონი, რომლის მიხედვით უქმდება სახელმწიფო გრანტი — რაც იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა იქნება უფასო, ხოლო კერძო უმაღლეს სასწავლებლებში სტუდენტები ვერ მიიღებენ სახელმწიფო დაფინანსებას (გრანტს).
ცხადია, კანონი არ ეხება მოქმედ სტუდენტებს.
გარდა ამისა, უმაღლეს სასწავლებლებში საბაკალავრო პროგრამები ხდება სამწლიანი, სამაგისტრო პროგრამა — ერთწლიანი, ხოლო სადოქტორო, მინიმუმ — სამწლიანი.
ერთი ქალაქი — ერთი ფაკულტეტი
საქართველოს პრემიერმინისტრმა, 16 ოქტომბერს, უმაღლესი განათლების ახალ რეფორმაზეც ისაუბრა.
კობახიძის თქმით, მათი მიზანია, დანერგონ პრინციპი — ერთ ქალაქში, ერთი უნივერსიტეტი. ეს ნიშნავს იმას, რომ ჰიპოთეტურად, თბილისში ერთი კონკრეტული ფაკულტეტი, მაგალითად — სამართალი, იქნება მხოლოდ ერთ სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ფაკულტეტები გადანაწილდება უნივერსიტეტების გამოცდილებისა და "ტრადიციული ფუნქციის" გათვალისწინებით.
სკოლაში სასწავლო პროცესში მობილური ტელეფონის გამოყენება
გარდა უმაღლეს სასწავლებლებში შეტანილი ცვლილებებისა, მთავრობამ ზოგად განათლებასთან მიმართებით რამდენიმე რეფორმაზე ისაუბრა.
მათ შორის, შესაძლოა, აკრძალოს ტელეფონების გამოყენება სასწავლო პროცესის დროს.
როგორც განათლების მინისტრმა, გივი მიქანაძემ თქვა, მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესის მაქსიმალურად ჩართვისთვის "მნიშვნელოვანია, სასწავლო პროცესში აკრძალონ მობილური ტელეფონის გამოყენება"
მისი განმარტებით, მოსწავლეებს შეეძლებათ მობილური ტელეფონების გამოყენება, მაგრამ არა საგაკვეთილო პროცესში.
სასკოლო პროცესში აუცილებელია სავალდებულო სასკოლო ფორმები
იმავე რეფორმის ფარგლებში, განათლების მინისტრმა სავალდებულო სასკოლო ფორმებზეც ისაუბრა, რაც, ჯერჯერობით, მხოლოდ პირველიდან მეექვსე კლასში მყოფ მოსწავლეებს ეხებათ.
მისი თქმით ყველა იმ ოჯახისთვის, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო 60 ათასი ქულით ან ნაკლებით შეაფასებს, სახელმწიფო მოსწავლეების ფორმების შეძენას დააფინანსებს.
სკოლაში 6 წლამდე ბავშვის შეყვანა
ახალი რეფორმის ფარგლებში, 2026 წლიდან პირველ კლასში მხოლოდ იმ მოსწავლეებს შეეძლებათ სწავლის დაწყება, რომლებსაც ყოველი წლის 15 სექტემბრამდე შეუსრულდებათ 6 წელი.
განათლების მინისტრმა რეფორმის კონცეფციის წარდგენაზე აღნიშნა, რომ 6 წლამდე ბავშვი არ არის მზად სრულფასოვანი განათლების მისაღებად.
"ექვს წლამდე ასაკის ბავშვებზე ზეგავლენას ახდენს სოციალურ-ემოციური კომპონენტები", — აღნიშნა მან.
არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისათვის უცხოური გრანტების გაცემა
აპრილში, ოცნებამ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიისთვის უცხოური გრანტის გაცემა, მათი ნებართვის გარეშე, აკრძალა.
მთავრობა გრანტის მიღების თაობაზე უკუკავშირს 10 დღის ვადაში მოგცემთ, ხოლო მათი ნებართვის გარეშე გრანტის მიღება აკრძალულია.
ეს წესი არ ვრცელდება საერთაშორისო სპორტული ასოციაციის, ფედერაციის და კომიტეტის მიერ გრანტის გაცემაზე, საქართველოს საზღვრებს გარეთ საშუალო და უმაღლესი განათლების მიღებისთვის და სამეცნიერო მუშაობისთვის გაცემულ ინდივიდუალურ სტიპენდიაზე.
დაკვირვების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს სრული უფლება აქვს, მედიას/არასამთავრობო ორგანიზაციას მოსთხოვოს ფინანსური ანგარიშები, ცრუ ინფორმაციის მიწოდების შემთხვევაში, ისინი 2 000 ლარით დაჯარიმდებიან (განმეორების შემთხვევაში თანხა, რასაკვირველია, ორმაგდება).
საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს ეზღუდებათ მეორე სამსახურში მუშაობა
2025 წელს მთავრობამ "კორუფციის შესახებ კანონში" მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა. უფრო ზუსტად, იმ ადამიანებს, რომლებიც საჯარო სამსახურში მუშაობენ, ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე არ შეუძლიათ მეორე სამსახურში მუშაობის დაწყება.
მაგალითად, თუ თქვენ მუშაობთ ბაღში პედაგოგად ან სკოლაში მასწავლებლად, ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე არ შეგიძლიათ — პირობითად — სხვა სკოლაში/ბაღში მუშაობა.
თუ ხელმძღვანელისგან უარი მიიღეთ, ვეღარ შეძლებთ სხვა სამსახურის დაწყებას.
როგორც უცხოური გრანტების კანონს, ამ უკანასკნელსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური გააკონტროლებს.
ემიგრანტებისთვის არჩევნებზე ხმის მიცემა
თუ ემიგრაციაში ხართ, ქვეყნის ბედი გაღელვებთ და, ამავდროულად, ხელისუფლების შეცვლა გსურთ, პაპუაშვილის თქმით, ოთხ წელიწადში ერთხელ საქართველოში უნდა "ჩამობრძანდეთ" და ხმა საქართველოში უნდა მისცეთ.
იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანაში ემიგრანტების რაოდენობა დღითიდღე მატულობს და საქსტატის 2024 წლის მონაცემებით მათი რიცხვი, დაახლოებით, 120 ათასს ადამიანს შეადგენს. არჩევნებში ათი და ასი ათასობით ხმის "დაკარგვა" ნამდვილად სავალალოა.
კანონი ოფიციალურად 17 დეკემბერს დამტკიცდა.
სახის ნიღბით ან ნებისმიერი სხვა საშუალებით დაფარვა
ქართული ოცნების პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები 2024 წლის მიწურულს დაჩქარებული წესით შეიტანა. ამის მიუხედავად, კანონი 2025 წელს განსაკუთრებით გამკაცრდა.
ფოტო: ტბელ აბუსერიძე/NEWS.On.ge
კანონის მიხედვით, დაუშვებელია აქციაზე პირბადის გამოყენება ან სახის დაფარვა ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის ეს შეიძლება იყოს თბილი კაშნეც.
ამიტომ, თუ აქციაზე პირბადის გაკეთებას გადაწყვეტთ და, ამავდროულად, სუპსაც არ ჭამთ, გაითვალისწინეთ, რომ შესაძლებელია 2 000 ლარით დაჯარიმდეთ.
აქციაზე ლაზერული გამოსხივების მქონე საშუალების ქონა
მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ეს კანონიც 2024 წლის მიწურულს შემოიღო, წელს ის განსაკუთრებით გაამკაცრა და ჯარიმის ოდენობა 10-ჯერ და 20-ჯერ გაზარდა.
თუ ლაზერული გამოსხივების ან/და მკვეთრი გამოსხივების მქონე საშუალებით პოლიციამ აქციაზე დაგაფიქსირათ, შესაძლოა 2 000 ლარით დაგაჯარიმონ.
გაუგებარია, რას მიიჩნევენ პოლიციელები "მკვეთრ გამოსხივებად". ამის შესახებ კანონში დეტალური ინფორმაცია არ წერია.
საპროტესტო სტენსილის/წარწერის/პლაკატის უნებართვოდ განთავსება
სხვადასხვა სახის წარწერების, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად დაწერა ან გამოკვრა სახელმწიფო ორგანოების ტერიტორიაზე იმავე ცვლილების ნაწილია, რომელშიც აქციაზე ლაზერების გამოყენება და სახის დაფარვის აკრძალვა შედის.
ამიტომ, თუ გადაწყვეტთ, რომ საპროტესტო წარწერა გამოაკრათ, აუცილებლად გახსოვდეთ, რომ თქვენ 2 000 ლარით დაჯარიმდებით. ამ კანონს კიდევ ერთხელ თუ დაარღვევთ — 3 000 ლარით, ხოლო თუ მთავრობამ მიიჩნია, რომ სასჯელის ეს ზომები საკმარისი არ არის, შესაძლებელია 15 დღით დღის სინათლეს დაემშვიდობოთ.
სულ ახლახან, ამავე კანონის დარღვევით დააჯარიმეს ზუგდიდელი აქტივისტი, როსტო ზარანდია. ის სოფლის საძოვარზე დაწერილი წარწერის — MEGOBARI ACT — გამო, 2 000 ლარით დაჯარიმდა.
ხმაურიანი მანქანები და მოტოციკლეტები
ამავე წლის ივნისში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ცვლილება შეიტანეს და ე.წ "მაყუჩების" კანონი დაამატეს.
ამ კანონის მიხედვით, თუ გყავთ მანქანა ან მოტოციკლეტი, რომელსაც გადაკეთებული აქვს მაყუჩი, პოლიციელს სრული უფლება აქვს 200 ლარით დაგაჯარიმოთ და თქვენი ტრანსპორტი საჯარიმო მოედანზე გადაიყვანოს.
გარდა ამისა, კანონით ისჯება ტრანსპორტის განზრახ მოცურება, იგივე "დრიფტი". ამ წესის დარღვევის შემთხვევაში, თქვენ 300 ლარით დაჯარიმდებით.

კომენტარები