შესაძლოა, ბნელი მატერია დიდი "ეგზოტიკური" ობიექტებისგან შედგებოდეს
ფოტო: Naeblys/Getty Images
ბნელი მატერიის არსებობაზე სამყაროს ის ზედმეტი მასა მიანიშნებს, რომელზეც ხილული მატერია არაა პასუხისმგებელი. ათწლეულების განმავლობაში ფიქრობდნენ, რომ შეიძლება ეს იდუმალი სუბსტანცია აქამდე უცნობი "ეგზოტიკური" ნაწილაკებისგან შედგებოდეს, რომლებიც მხოლოდ გრავიტაციული ზემოქმედებით ვლინდება, მაგრამ მათი პოვნა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.
ასევე, იხილეთ: ის აქ არის, მაგრამ ვერ ვხედავთ — ბნელი მატერია სამყაროსა და მზის სისტემაში
arXiv-ში გამოქვეყნებულ არარეფერირებულ ნაშრომში მეცნიერები ახალი ჰიპოთეზას გვთავაზობენ. მისი მიხედვით, ბნელ მატერიას შეიძლება არა უამრავი პატარა ნაწილაკის ერთობლიობა, არამედ მჭიდროდ განლაგებული დიდი ზომის ობიექტები ქმნიდეს.
მათ ორი ასეთი "ეგზოტიკური" კანდიდატი განიხილეს; პირველი ბოზონური ვარსკვლავია, რომელიც ულტრამსუბუქი ნაწილაკებისგან შედგება. ასეთი კვანტური ბუნების გამო ისინი გალაქტიკური მასშტაბით უფრო მეტად ტალღებს შეიძლება მოგვაგონებდეს, რომლებიც ზოგჯერ გრავიტაციის ძალით ერთმანეთს უკავშირდება, მაგრამ კოლაფსს არ განიცდის.
მეორე ამგვარი ობიექტი ე.წ. Q-ბურთებია; ამ მოდელის თანახმად, ბნელი მატერია ერთგვარი კვანტური ველია, რომელიც მთელს დრო-სივრცეს "ავსებს". შესაძლოა, უჩვეულო მახასიათებლების გამო მას ბურთის მსგავსი გიგანტური ნაწილები სწყდებოდეს და კოსმოსში გადაადგილდებოდეს.
დიდი ზომის მიუხედავად, ორივე ტიპის ობიექტების დაფიქსირება ძალიან რთული იქნებოდა, რადგან ისინი საკუთარ სინათლეს არ გამოყოფს, ამიტომ თითქმის უხილავია. კვლევის ავტორები ფიქრობენ, რომ ამ დაბრკოლების გადალახვა მიკროლინზირების ეფექტის მეშვეობით შეგვიძლია — თუკი რომელიმე მათგანი ჩვენსა და შორეულ ვარსკვლავს შორის ჩაივლის, მათი ძლიერი გრავიტაცია ამ მნათობის სინათლეს გრავიტაციულ ლინზად აქცევს. შედეგად, მისი მდებარეობა თითქოს შეიცვლება და შემდეგ ნორმალურ მდგომარეობას დაუბრუნდება.
თუ მეცნიერთა ვარაუდი მართალია, ისღა დაგვრჩენია, რომ ვარსკვლავებს ძალიან კარგად და დიდი ხნის განმავლობაში დავაკვირდეთ. საბედნიეროდ, მათ ტელესკოპი Gaia წლების განმავლობაში ისედაც აკვირდებოდა, ამიტომ ჩვენს ხელთ მდიდარი მონაცემებია. შესაბამისად, ამ ინფორმაციის შესწავლით შეიძლება ასტრონომების ეს ჰიპოთეზა დადასტურდეს ან პირიქით — არ დამტკიცდეს.
კომენტარები