ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესდება საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყანაში უკანონო მიგრაციის ხელშეწყობისთვის.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, სასჯელის ოდენობა შემდეგი წესით განისაზღვრება:

  • საქართველოს მოქალაქის უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანისთვის ან/და მისთვის უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნა გამოიწვევს თვისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე;
  • საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყანაში თავშესაფრის მიღების უფლების ბოროტად გამოყენებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ექვს წლამდე;
  • ქმედება ჩადენილი არაერთხელ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ყალბი საბუთების გამოყენებით, გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით ხუთიდან რვა წლამდე;
    ჯგუფურად ჩადენილი აღნიშნული დანაშაული გამოიწვევს თავისუფლების აღკვეთას ვადით შვიდიდან ათ წლამდე;

ცვლილების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები: არჩილ თალაკვაძე, ეკა ბესელია, მამუკა მდინარაძე, გიორგი ვოლსკი, ოთარ დანელია, კახა კუკავა, გიორგი ხატიძე და ზვიად კვაჭანტირაძე.

კანონპროექტის მიზანია ხელი შეუშალოს საქართველოს მოქალაქეების უცხო ქვეყნის საზღვარზე უკანონოდ გადაყვანას, ასევე მათი უცხო ქვეყანაში უკანონოდ ყოფნას.

ამავე თემაზე: ქართველ მესაზღვრეს შეეძლება მოქალაქეს შენგენის ზონაში გამგზავრების ნება არ მისცეს - კანონპროექტი