მოდით, მოყოლა დასაწყისიდან დავიწყოთ. როდის გაიყო ჩვენი და ჩვენი მონათესავე, ადამიანის მსგავსი მაიმუნების გზები?

მეცნიერები ჯერ კიდევ ცდილობენ თარიღის ზუსტად, ან თუნდაც მილიონობით წლის შუალედით დადგენას. ბოლო რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში, ახალმა ტექნოლოგიებმა, მეთოდიკამ და აღმოჩენებმა, ადამიანის ევოლუციასთან დაკავშირებით, დიდი კითხვების მსგავსად, პასუხებიც წარმოშვა.

გენეტიკა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ინსტრუმენტი აღმოჩნდა ადამიანისა და უახლოესი ცოცხალი მონათესავე სახეობის, შიმპანზის ევოლუციური გზის გაყოფის თარიღის დასადგენად. 2005 წელს, როდესაც ჩვენი გენომის სრული შედარება მოხდა, აღმოჩნდა, რომ ამ ორ სახეობას დნმ-ის 98% საერთო აქვს. არსებული განსხვავებები კი, მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავენ იმის შესახებ, თუ რა დროის განმავლობაში ვითარდებოდა ჩვენი ევოლუციის ხაზები ერთანეთისგან დამოუკიდებლად. თაობებს შორის გენეტიკური მუტაციებისთვის საჭირო დროის მიახლოებითი გაანგარიშებისას, მეცნიერებისთვის გენეტიკური სხვაობები "მოლეკულური საათის" ფუნქციას ასრულებს, რომელიც ორი სახეობის გაყოფის თარიღის შესახებ, მიახლოებით წარმოდგენას გვაძლევს. გაანგარიშებების თანახმად კი, ჩვენი და შიმპანზის წინაპრების გაყოფა, დაახლოებით 4-8 მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო.

აღნიშნული თარიღი ბევრად უფრო გვიანდელ პერიოდზე მიუთითებს, ვიდრე გვეგონა. 1960-იან წლებში აღმოჩენილი ყბის ნაშთების მიხედვით, 14 მილიონი წლის განამარხებული ადამიანის მსგავსი მაიმუნი, სივაპითეკი მიიჩნეოდა ჩვენს ყველაზე ადრეულ წინაპრად. თუმცა, შემდგომმა დნმ-ის ანალიზმა აჩვენა, რომ თანამედროვე ადამიანის წინაპრის ევოლუციური ხაზი, გაცილებით მოგვიანებით გამოიყო - სივაპითეკი კი, დღეს, ორანგუტანგის წინაპრად მიიჩნევა.

ჩვენი და შიმპანზეების დნმ-ის 98% იდენტურია

ანუ, მეცნიერები ჯერ კიდევ ეძებენ "ნაკლულ რგოლს" (უცნობ ან სავარაუდო შუალედურ/გარდამავალ საფეხურს) ჩვენსა და ადამიანისმაგვარ მაიმუნებს შორის?

ჩვენ ჯერ არ ვიცით ადამიანისა და შიმპანზის უახლოესი წინაპრის ვინაობა, თუმცა, მეცნიერებს არ უყვართ ტერმინი "ნაკლული რგოლი", რადგან ეს გულისხმობს, რომ თითქოს, ევოლუცია სწორხაზოვნად და განსაზღვრული წესრიგით ვითარდება.

"ეს [ნაკლული რგოლი] ისეთ წარმოდგენას ქმნის, რომ თითქოს, არსებობს კონკრეტული გარდამავალი ფორმა, რომელიც, თანამედროვე მაიმუნსა და ადამიანს ჯადოსნურად აკავშირებს ერთმანეთთან, და რომ მთლიანი ევოლუციის პროცესი მხოლოდ ჩვენი ხაზის გარშემო უნდა აიგოს", ამბობს ლონდონის საბუნებისმეტყველო მუზეუმის, ადამიანის წარმოშობის განყოფილების უფროსი, კრის სტრინგერი.

რეალობა კი ბევრად უფრო ქაოტურია: ცალკეული განაყოფები განსხვავებული ტემპებით ვითარდება; ახალი სახეობები შესაძლოა დამოუკიდებლად და რამდენჯერმე აღმოცენდეს; ევოლუციური ხაზიდან გამოყოფა კი, შესაძლოა, როგორც ათასწლეულებში, ისე კონტინეტებზე იყოს გაფანტული, პოპულაციები კი შორდებოდნენ და შემდეგ ისევ ერწყმოდნენ ერთმანეთს. ამის გამო, სურათის უკეთ აღსაქმელად, სიცოცხლის ხე, უფრო ხშირტოტიან ბუჩქნარად უნდა წარმოვიდგინოთ.

რა ხდებოდა:

55მლნ წლის წინ
განვითარდნენ პირველი პრიმატები.

15მლნ წლის წინ
ჰომინიდები (ადამიანის მსგავსი მაიმუნები) გამოეყვნენ გიბონის წინაპრებს.

8მლნ წლის წინ
შიმპანზეებისა და ადამიანების ხაზი გამოეყო გორილებს.

4.4 მლნ წლის წინ
ჩნდება Ardipithecus kadabba (არდიპითეკუს კადაბა) - ადრეული "პროტო-ადამიანი" მოსაჭიდებლიანი ტერფით.

4 მლნ წლის წინ
ჩნდება Asutralopithecus (ავსტრალოპითეკუსი) - რომლის ტვინიც, მოცულობით, დაახლოებით შიმპანზის ტვინსხელაა.

2.3 მლნ წლის წინ
აფრიკაში პირველად გამოჩნდა Homo habillis (ჰომო ჰაბილისი - ქართ. მარჯვე ადამიანი).

1.85 წლის წინ
ხელის მტევნები იღებს "თანამედროვე" ფორმას.

1.6 მლნ წლის წინ
ანატკეცი მთავარი ტექნოლოგიური მიღწევაა.

800 000 წლის წინ
ჩნდება ცეცხლის გამოყენებისა და საჭმლის მომზადების კვალი.

700 000 წლის წინ
თანამედროვე ადამიანისა და ნეანდერტალელის გაყოფა.

400 000 წლის წინ
ნეანდერტალელები იწყებენ გავრცელებას ევროპასა და აზიაში.

300 000 წლის წინ
ადრეული Homo sapiens-ს კვალი მოროკოში.

200 000 წლის წინ
Homo sapiens-ის კვალი ისრაელში.

60 000 წლის წინ
თანამედროვე ადამიანი ტოვებს აფრიკას, რამაც საფუძველი ჩაუყარა ყველა დღევანდელ არა-აფრიკულ პოპულაციას.


კარგი, მაგრამ, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ჩვენი და ადამიანისმაგვარი მაიმუნების უკანასკნელი საერთო წინაპარი შიმპანზეს ჰგავდა?

არ არის აუცილებელი, რადგან შიმპანზეები ჩვენ განუვითარებელ ვერსიებად არ უნდა წარმოვიდგინოთ. ჩვენ ჰიპოთეტიურ საერთო წინაპარს, თანაბრად უნდა ჰქონოდა როგორც ადამიანისმაგვარი მაიმუნის, ასევე ადამიანისა და წინარე პრიმიტიული არსების მახასიათებლები, რომლებიც ორივე სახეობამ ევოლუციის გზაზე უკან მოვიტოვეთ. საერთო წინაპარი შესაძლებელია ოთხით გადაადგილდებოდა, ან შედარებით მეტად იყო წელში გამართული.

მეცნიერები ამ ევოლუციური ფაზლის აწყობას, მრავალფეროვანი, განამარხებული ნაშთების გამოკვლევით ცდილობენ. საქმეს ისიც ართულებს, რომ მათი უმრავლესობა არა პირდაპირ წინაპრებს, არამედ მონათესავე, პარალელურ ევოლუციურ ხაზებს განეკუთვნება

რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი განამარხებული ნაშთები, რომლებიც უნდა ვიცოდე?

ჩადში, აფრიკა, აღმოჩენილი Sahelanthropus tchadensis-ის 7-8 მილიონი წლის წინანდელი განამარხებული ნაშთები, ერთ-ერთ ყველაზე ძველია, რომელსაც ჩვენს ევოლუციურ ხაზს მიაკუთვნებენ. მას ადამიანისმაგვარი მაიმუნისთვის დამახასიათებელი დახრილი სახე აქვს, ფართო შუბლი და ძალიან მომცრო ტვინი, თუმცა, ეშვებს ადამიანისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს. ზურგის ტვინი თავის ქალის ქვეშ არის განთავსებული და არა მის უკან, რაც იმაზე უნდა მიუთითებდეს, რომ ეს არსება ორ ფეხზე დადიოდა. თუმცა, რადგან მხოლოდ თავის ქალა და რამდენიმე ძვალია აღმოჩენლი, ბევრი მოსაზრების 100%-ით დადასტურება რთულია.

მორიგი მნიშვნელოვანი განამარხებული ნაშთები, კენიაში აღმოჩენილ, იმავე პერიოდის Orrorin tugenensis-ს მიეკუთვნება, რომელსაც ზედმეტსახელად ათასწლეულის კაცი შეარქვეს. მისი კბილებიც მომცრო ზომისაა, ხოლო ფეხის ძვლები პრიმიტიულად განვითარებული ბიპეტალიზმის ნიშნებს შეიცავს.

4.4 მლნ წლით თარიღდება Ardipithecus ramidus-ი (მეტსახელად "არდი"), ეთიოპიაში აღმოჩენილი შესანიშნავად შემონახული ქალის ჩონჩხი. არდის მკვრივი ძვლოვანი სტრუქტურა გააჩნდა, ხოლო მისი სიმაღლე ერთ მეტრს აღწევდა. მაიმუნის მსგავს წვრილ ხელებზე არსებული გრძელი ცერა თითი კი, იმაზე მიუთითებს, რომ კარგი მცოცავი უნდა ყოფილიყო. არდის ბიპედალური უნარების შესახებ მეცნიერების აზრი ორად იყოფა: ზოგიერთი ვარაუდობს, რომ იგი მუდმივად ორ ფეხზე დადიოდა, თუმცა, სხვების მოსაზრებით, არდი ამას მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში, აუცილებლობის მიხედვით ახერხებდა.

საკითხის საბოლოოდ გადაჭრას რამდენიმე გარემოება აფერხებს: არდის მენჯის ძველბი დამსხვრეულია, ხოლო მუხლის ძვლები არ არის შემორჩენილი. მთავარ მტკიცებულებას, იმის შესახებ, რომ არდი ადამიანის პირდაპირი, ან პირდაპირთან ახლოს მდგომი წინაპარია - მისი უბრალო და მცირე ზომის კბილები წარმოადგენს, რომელიც ძალიან ჰგავს თანამეროვე ადამიანისას. ამასთან ერთად, არდის, არ გააჩნდა შიმპანზის, გორილას ან სხვა გადაშენებული ადამიანისმაგვარი მაიმუნის მსგავსი დიდი ეშვები.

Ardipithecus ramidus-ს მოზრდილი ცერა თითი ჰქონდა, რაც მოჭიდებასა და ცოცვაში ეხმარებოდა.

ფოტო: Guardian Design Team

არდის შემდეგ კი, მოდის საყოველთაოდ ცნობილი "ლუსი" - 3.18 მილიონი წლის წინანდელი ჩონჩხი, რომელსაც სახელი არქეოლოგიური გათხრების საუნდტრეკის, The Beatles-ის სიმღერის "Lucy in the Sky with Diamonds"-ის მიხედვით ეწოდა. პალეონტოლოგიაში ლუსი უმნიშვნელოვანეს აღმოჩენად ითვლება. შიმპანზის ზომის ტვინით, მძლავრი ყბებითა და გრძელი, "ადამიანური" ხელებით, იგი პრიმიტიული ფორმების უნიკალურ ნაზავს წარმოადგენს. მისი ქვედა კიდურები, მუხლები და მენჯის ძვლები, საოცრად ჰგავს ჩვენს აგებულებას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ამ პერიოდიდან, ჩვენმა წინაპრებმა შეიძინეს სიარულისა და სირბილის გამორჩეულად ადამიანური უნარები.

ლუსის აღმოჩენამ აფრიკის კაცობრიობის აკვნად აღიარებასაც შეუწყო ხელი, რაც მისი სახეობის სამეცნიერო სახელშიც აისახა: Australopithecus afarensis. დღეისათვის, მეცნიერები თვლიან, რომ ავსტრალოპითეკუსის გვარი (ტაქსონომიკური იერარქიით გვარი სახეობის ცალკეული შემადგენელია), სამხრეთ და აღმოსავლეთ აფრიკაში, ეტაპობრივად განვითარდა და გავრცელდა და რომ სწორედ ამ სახეობის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა ჩაუყარა საფუძველი ჩვენი ევოლუციის მომდევნო ფაზას.

რატომ დაიწყეს ჩვენმა წინაპრებმა ორ ფეხზე სიარული?

ავსტრალოპითეკი დაახლოებით 4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა და შიმპანზის ზომის ტვინი ჰქონდა.

ფოტო: Guardian Design Team

ტრადიციული "სავანის ჰიპოთეზა" თვლიდა, რომ კლიმატური ცვლილებების შედეგად, ხშირი ტყეების ვრცელი მინდვრებით ჩანაცვლებამ, და შესაბამისად, უფრო გრძელი დისტანციების დაფარვის სურვილმა, ჰომინიდებში ბიპედალიზმს ჩაუყარა საფუძველი. თუმცა, როგორც ჩანს, ბიპედალიზმზე გადასვლა აფრიკის კლიმატის გამოშრობასა და სავანების წარმოქმნამდე ბევრად უფრო ადრე, 6 მილიონი წლის წინ დაიწყო. მაგალითად, ლუსის ნაშთების უკანასკნელი ანალიზი ძვლების მრავლობით მოტეხილობაზე მიუთითებს - რაც მეცნიერების ნაწილს აფიქრებინებს, რომ ლუსი, შესაძლოა, ხიდან ჩამოვარდნის შედეგად გარდაიცვალა.

შედარებით ახალი მოსაზრების თანახმად, ბიპედალიზმი პირველად ტყეებში განვითარდა, რასაც განამარხებული ნაშთებიც და თანამედროვე პარალელებიც მოწმობს. მაგალთად, კუნძულ სუმატრას ორანგუტანგები, ტოტებზე ორი ფეხით გადაადგილდებიან, ხოლო ხელებს წონასწორობის შესანარჩუნებლად ან ჩამოსაკიდებლად იყენებენ - ეს მათ ისეთ წვრილ ტოტებზე გავლის შესაძლებლობას აძლევს, რაც სხვა შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა.

რაც არ უნდა ყოფილიყო ჩვენი ბიპედალიზმის საფუძველი, უდავოა, რომ ეს მილიონობით წლის წინ მოხდა და მის უკან ხეებსა და მიწაზე სიარულის გრძელი ისტორიაა.

კარგი, და რა მოხდა მას შემდეგ, რაც ორ ფეხზე დავიწყეთ სიარული?

ზუსტი ზღვარის გავლება თუ როდიდან ითვლებიან ჩვენი წინაპრები ადამიანებად, რთული და სუბიექტური საკითხია, თუმცა, მეცნიერები უდავო ათვლის წერტილად 2.4 მილიონი წლის წინ წარმოქმნილ სახოებათა ჯგუფს, Homo-ს (ადამიანი) მიიჩნევენ. დღეს ალბათ გასაოცარია, მაგრამ, დედამიწაზე ადამიანების (Homo) ჯგუფის უამრავი სახეობა ცხოვრობდა, თუმცა, ამჟამად, ჩვენ ამ ჯგუფის ერთადერთი შემორჩენილი სახეობა ვართ.

ჯგუფის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული წარმომადგენელი Homo habilis-ია, რომელიც აფრიკაში 2,4 - 1,4 მილიონი წლის წინ ცხოვრობდა. ქართულად მისი სახელწოდება "ხელმარჯვე ადამიანს" ნიშნავს, რადგან მიიჩნევდნენ, რომ ქვის იარაღის გამოყენება, პირველად, ამ სახეობამ დაიწყო (მას შემდეგ, აღმოაჩინეს წვერწამახული ქვები, ჩაქუჩები და გრდემლები, რომლებიც 3.3 მილიონი წლით თარიღდება). Homo habilis დაბალი, ერთი ან 1,4 მეტრის სიმაღლის იყო, წინ წამოწეული სახითა და მასიური კბილებით, რის გამოც ერთ-ერთ მათგანს მაკნატუნაც კი შეარქვეს. მისი ტვინის მოცულობა ავსტრალოპითეკისას 50%-ით აჭარბებდა, თუმცა, თანამედროვე ადამიანის ტვინის ნახევარს უტოლდებოდა.

ცეცხლის დაუფლებამ და საჭმლის მომზადებაზე გადასვლამ, შესაძლოა ყბის ფორმირებაზე იქონია გავლენა.

ფოტო: Guardian Design Team

Homo erectus-ი ("წელში გამართული ადამიანი") რომელიც 1,7 - 1,8 მლნ წლის წინ ცხოვრობდა, ანატომიურად ბევრად უფრო ახლოს იყო თანამედროვე ადამიანთან. იგი homo sabilis-ს სიმაღლითაც (1,5-დან 2 მეტრამდე) და ტვინის მოცულობითაც აღემატებოდა, მაგრამ ყბები და კბილები ბევრად უფრო პატარა ჰქონდა, რაც განსხვავებულ კვებით როციონზე მიუთთებს.

ჰარვარდის უნივერსიტეტის ანთროპოლოგის, რიჩარდ რენგემის აზრით, ყბის ზომის რადიკალური ცვლილება იმის მანიშნებელია, რომ ჰომო ერექტუსმა ცეცხლის გამოყენება და საჭმლის მომზადება დაიწყო. ამით მას საკვების მოპოვება გაუადვილდა, რითაც მეტი ენერგია გამოუთავისუფლდა ტვინის განსავითარებლად.

Homo erectus-ს, ზოგჯერ, განსახლების შთამბეჭდავი გეოგრაფიული არეალის გამო, პირველ კოსმოპოლიტსაც უწოდებენ. მისი ნაშთები აფიკაში, ესპანეთში, იტალიაში, ჩინეთსა და ინდონეზიაშია აღმოჩენილი.

Homo sapiens-ის (ეს უკვე ჩვენ ვართ) ყველაზე ადრინდელი ნაშთები 300 ათასი წლით თარიღდება და მაროკოში, ერთ-ერთ მღვიმეშია ნაპოვნი. მინიმუმ ხუთი ადამიანის ნაშთი - იარაღებთან, გაზელის ძვლებთან და ხის ნახშირთან ერთად იქნა აღმოჩენილი. არქეოლოგიური გათხრების ხელმძღვანელის, მაქს პლანკის ინსტიტუტის ევოლუციური ანთროპოლოგიის მეცნიერის, ჟან-ჟაკ უბლენის თქმით: "აღმოჩენილი ნაშთების მსგავსი სახის ნაკვთებიანი ადამიანი, თავისუფლად შეიძლება შეგხვდეთ, მაგალითად, ლონდონის მეტროში".

როდის დატოვეს ადამიანებმა აფრიკა?

არც თუ ისე დიდი ხნის წინ, გენეტიკიდან, არქეოლოგიიდან და განამარხებული ნაშთებიდან მიღებული მტკიცებულებები, მოწმოდნენ, რომ თანამედროვე ადამიანი აფრიკიდან ევრაზიაში 60 ათასი წლის წინ გადასახლდა. თუმცა, უკანასკნელი აღმოჩენების მიხედვით, რომლებიც, ჩინეთში აღმოჩენლი 100 ათასი წლის წინანდელ ადამიანის კბილსა და ისრაელში აღმოჩენილ 200 ათასი წლის წინანდელ ყბის ფრაგმენტს მოიცავს - დგინდება, რომ Homo sapiens-მა დედამიწის გარშემო მოგზაურობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე გვეგონა.

მიუხედავად ამისა, იმ ჯგუფებმა, ვინც აფრიკა პირველებმა დატოვეს, ნაკლები გენეტიკური ზეგავლენა იქონიეს ჩვენს თანამედროვე პოპულაციაზე. სავარაუდოდ, ეს ჯგუფები გადაშენდნენ, ან შემდგომ მიგრაციულ ტალღებთან შეტაკებებისას დაიღუპნენ. მკვლევარებმა, საერთო წინაპრების ტრიანგულაციისას (მეთოდოლოგიების კომბინაცია ერთი და იმავე ფენომენის შესწავლის პროცესში), დაადგინეს, რომ დღევანდელი აფრიკული და არააფრიკული პოპულაციების წინაპრების გადაკვეთის წერტილი, 60 ათასი წლით განისაზღვრება.

იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი წინაპრები სახვადასხვა კონტინეტებზე მოგზაურობდნენ, მათ ადამიანის სხვა სახეობეიც უნდა შეხვედროდნენ, მაგალითად, ნეანდერტალელებს (ევრაზიაში), დენისოველებს (ციმბირში), "ჰობიტების" სახელით ცნობილ ჯუჯა სახეობებს (Homo floresiensis) (ინდონეზიის კუნძლებზე) და სხვა ჯერ კიდევ აღმოუჩენელ სახეობებს.

ადამიანის ევოლუციური გზა არ არის თანმიმდევრუალდ სწორხაზოვანი პროცესი.

ფოტო: Guardian Design Team

ნეანდერტალელები ჩვენ ამოვხოცეთ?

როგორ წესი, ნეანდერტალელები, პრეისტორიული სამყაროს წარბშეჭმუხნულ, აგრესიულ არსებებად არიან წარმოდგენილნი, რომლებიც ჩვენს წინაპრებს, შესანიშნავ ინტელექტსა და ნადირობის ოსტატობაში ვერც კი შეედრებოდნენ. მაგრამ, ეს, შესაძლოა, უსამართლო სტერეოტიპი იყოს. ნეანდერტალელებს ჩვენზე დიდი ტვინი ჰქონდათ, ამზადებდნენ სამკაულებს, ასრულებდნენ დაკრძალვის ცერემონიებს და ტომობრივი კუთვნილების აღსანიშნად, საღებავსაც იყენებდნენ.

ისიც მართალია, რომ ნეანდერტალელების რიცხვი მკვეთრად შემცირდა 40 ათასი წლის წინ, როდესაც ჰომო საპიენსმა აფრიკიდან ევრაზიისკან დაიწყო გადმონაცვლება. შესაძლოა, ისინი რესურსების გამო წარმოქმნილ კონფლიქტებს შეეწირნენ, ან უბრალოდ ნაკლებად იყვნენ ადაპტირებული იმ კლიმატური ცვლილებებისათვის, რამაც ჩვენს წინაპრებს ჩრდილოეთითა და აღმოსავლეთით მიგრაციის საშუალება მისცა.

თუმცა, ნეანდერტალელების ისტორია აქ არ მთავრდება. მიუხედავად იმისა, რომ ნეანდერტალელები, როგორც სახეობა, გადაშენდნენ - გარკვეული გაგებით, ისინი ჯერ კიდევ არსებობენ, რადგან ყველა ცოცხალი არააფრიკელი ადამიანი 1-დან 5%-მდე ნეანდერტალელის დნმ-ს ატარებს.

მოიცა... ჩვენ რა, სხვა სახეობებთან ვჯვარდებოდით?

კი, გენეტიკურმა კვლევება დაადგინეს, რომ ჩვენი წინაპრები, აფრიკის კონტინეტის გარეთ, ნეანდერტალელებთან ჯვარდებოდნენ. მსგავსი ფაქტები დასტურდება კიდევ ერთ უძველეს ჯგუფთან, დენისოველებთან. იმის გამო, რომ მათი განამარხებული ნაშთები ფრაგმენტული სახით არის შემორჩენილი, ჩვენ ზუსტად არ ვიცით თუ როგორ გამოიყურებოდნენ ჩვენი უძველესი ბიძაშვილები [დენისოველები], თუმცა, ციმბირში აღმოჩენილი 41 ათასი წლის წინანდელი დენისოველი გოგონას თითის ძვლიდან, მეცნიერებმა, მაღალი ხარისხის დნმ-ის ამოღება შეძლეს.

საინტერესოა, რომ დღეს, დენისოვური დნმ მხოლოდ თანამედროვე ავსტრალიელ აბორიგენებსა და პაპუა ახალ გვინეელებს შორის გვხვდება. როგორც ჩანს, მათი წინაპრები, მსოფლიოს გარშემო მიგრაციისას, დენისოვლებთან გადაიკვეთნენ, სავარაუდოდ სადმე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში.

აღნიშნული შეჯვარებების წინაპირობებისა და გარემოებების შესახებ ჩვენ მხოლოდ ვარაუდი შეგვიძლია.დანამდვილებით იმის თქმა, რომ ეს პროცესები მშვიდობიანი თანაცხოვრების ან სხვადასხვა ტომების კონფლიქტური შეტაკებების შედეგია, შეუძლებელია.

გასაოცარია, მაგრამ, იყო დრო როდესაც დედამიწაზე ადამიანის მრავალი სახეობა თანაცხოვრობდა და ზოგიერთი მათგანის გზები, ჩვენს უშუალო წინაპრებთან იკვეთება.

ფოტო: Guardian Design Team

შეგვიძლია თუ არა ჩვენი გადაშენებული ნათესავების კლონირება?

თეორიულად ნეანდერტალელის ან დენისოველის მუტაციის თანამედროვე ადამიანის გენომში კოპირება, შემდეგ მისი კვერცხუჯრედად გარდაქმნა და ნაყოფის სუროგატ დედის მეშვეობით გაზრდა - შესაძლებელია.

ჰარვარდის უნივერსიტეტის გენეტიკოსი, ჯორჯ ჩარჩი, წიგნში "რეგენეზისი: როგორ შეგვქმნის ხელახლა სინთეტიკური ბიოლოგია ჩვენ და ბუნებას", გადაშენებული სახეობების, გენეტიკური ინჟინერიის მეშვებით რეპოპულაციის შესაძლებლობებს განიხილავს: "თუკი საზოგადოებას დადებითი დამოკიდებულება ექნება კლონირების მიმართ, და დაინახავს ადამიანების რეალური მრავალფეროვნების საჭიროებას, მაშინ, სრულყოფილი ნეანდერტალელი ადამიანის დაბადება სუროგატი შიმპანზის ან ექსტრემალური თავგადასავლების მოყვარული, მდედრობითი ადამიანის დახმარებით - პრობლემას არ წარმოადგენს.

დღეისათვის, მსგავს ექსპერიმეტს ბევრად უფრო ეთიკური ფორმით ახორციელებენ მეცნიერები. ისინი ნეანდერტალელურ უჯრედებსა და ორგანოებს - მინიატურულ ტვინებს და ღვიძლებს - ლაბორატორიულ პირობებში ზრდიან, რათა უკეთ შეისწავლონ თუ რით განსხვავდებოდა ნეანდერტალელის ბიოლოგია თანამედროვე ადამიანისაგან.

როდის დავიწყეთ ლაპარაკი?

კარგი შეკითხვაა. საქმე იმაშია, რომ მეტყველების უნარი განამარხებულ ნაშთებზე კვალს ვერ ტოვებს, ხოლო, თანამედროვე ნეირომეცნიერებას ბოლომდე არ აქვს დადგენილი თუ როგორ "წარმოქმნის" ტვინი სასაუბრო ენას. ნაწილის აზრით, პრიმიტიული მეტყველება ჰომო საპიენსის გამოჩენამდე უნდა არსებულიყო. მათი აზრით, ამაზე კოლექტიური ნადირობისა და სხვა კომპლექსური თანაქმედების დადასტურებული კვალი მიგვითითებს.

ამას გარდა, დამატებითი მინიშნებების მიღება, ეგრედწოდებული "ენის გენიდან", FOXP2-დანაც შეიძლება, რომელიც მეტყველებისთვის ერთ-ერთი აცულებელი შემადგენელია. ჰომო საპიენსში, აღნიშნული გენი, იმ მუტაციის მატარებელია, რომელიც შიმპანზეებსა და სხვა ცხოველებს არ ახასიათებთ, თუმცა, დღესათვის უკვე ცნობილია, რომ ნეანდერტალელები აღნიშნული გენის მატარებლები იყვნენ.

რა იქნება მომავალში?

ადამიანის ევოლუცია არ დამთავრებულა, თუმცა, შეუძლებელია იმის წინაწარმეტყველება თუ როგორ შევიცვლებით. საკმაოდ მაცდუნებელია აზრი, რომ ჩვენ, ინტელექტუალური განვითარების უმაღლეს საფეხურს მივაღწიეთ - მაგრამ ამის დადასტურება შეუძლებელია. სინამდვილეში, უკანასკნელი 20 ათასი წლის განმავლობაში, ადამიანის ტვინი 5-10%-ით შემცირდა. შესაძლებელია ეს ფაქტი იმასაც დავუკავშიროთ, რომ შინაურ ცხოველებს, მათ გარეულ ნათესავებთან შედარებით, თითქმის ყოველთვის უფრო პატარა ტვინი აქვთ. "შეიძლება ჩვენ საკუთარი თავი მოვიშიანურეთ და ტვინის ის ნაწილები, რომლებიც ჩვენი წინაპრებისთვის მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ აღარ გვჭირდება", ამბობს სტრინგერი.

ასევე, სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენ, ინდივიდუალურ გონებრივ შესაძლებლობებს, კოლექტიური ინტელექტის ფორმებით ვანაცვლებთ. "ჩვენი ტვინი ენერგეტიკულად საკმაოდ ძვირი შესანახია - იგი სხეულის ენერგიის თითქმის 20%-ს მოიხმარს', ამბობს სტრინგერი, "ამიტომ, თუკი ევოლუცია პატარა ტვინით განვითარების შესაძლებლობას დაინახავს, ეს ასეც მოხდება".