"საქართველო არის ღირსეული, გამორჩეული პარტნიორი ევროკავშირისთვის და ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი საერთო ინტერესია, გავაღრმავოთ ჩვენი მეგობრობა იმაზე მეტად, ვიდრე აქამდე ვიყავით", - ამ სიტყვებით დაასრულა პრესკონფერენცია ევროპის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ფედერიკა მოგერინიმ.

ერთობლივი პრესკონფერენცია, პრემიერ კვირიკაშვილთან ერთად, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომის შემდეგ გაიმართა.

ფედერიკა მოგერინიმ ის ძირითადი მესიჯები გამოყო, რაც მისივე თქმით, ბოლო ერთ წელიწადში საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შედეგია.

მათ შორის პირველი უვიზო მიმოსვლა აღნიშნა და თქვა, რომ უფრო ახლო კონტაქტი ევროკავშირსა და საქართველოს შორის, არის უაღრესად მნიშვნელოვანი, ორივე მხარის ეკონომიკისთვის, ტურიზმისთვისა და ასევე, ერთმანეთის გაცილებით უკეთ გაცნობისთვის:

"ამჟამად, 170 000-ზე მეტმა საქართველოს მოქალაქემ ისარგებლა უვიზო მიმოსვლით ევროკავშირთან. როგორც დეკემბერის ევროკომისიის ანგარიშში ეწერა, ჩვენი შეთანხმება, ყველა კრიტერიუმის შესრულებასთან დაკავშირებით, ასევე წარმატებით მიმდინარეობს".

ფედერიკა მოგერინიმ მოკლედ მიმოიხილა თავისუფალი სავაჭრო სივრცის შედეგებიც:

"ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდეგ, ვხედავთ უფრო მეტ ქართულ პროდუქციას ევროკავშირში. ჩვენ უკვე ვიყავით საქართველოს პირველი სავაჭრო პარტნიორი და 2017 წლის პირველ 9 თვეში ქართული ექსპორტი ევროკავშირში 37%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი თავისუფალი სავაჭრო სივრცე დიდ გავლენის მოხდება შეუძლია. თუკი თქვენი მთავრობა რეფორმებს გააგრძელებს, მიღებული სარგებელი კიდევ უფრო დიდი იქნება, სამუშაო ადგილების შექმნისა და ვაჭრობის შესაძლებლობების პირობებში".

დღეს, 5 თებერვალს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს სხდომა იმართება.