რა არის ჯაველინი და რატომ არის მისი ჩვენთვის მოყიდვა მნიშვნელოვანი
20 ნოემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯაველინის ტიპის ტანკსაწინააღმდეგო სისტემების საქართველოსთვის მიყიდვაზე. შეგიძლიათ გაეცნოთ ოფიციალურ დოკუმენტს.
72 გამშვები და 450-ზე მეტი რაკეტა (პლუს სწავლება, სასწავლო რაკეტები და სისტემები) - სულ, ჯამში, 75 მილიონ დოლარად.
ფასის და ზუსტი რაოდენობების მითითება გვიჩვენებს, რომ გადაწყვეტილება თეორიული არ არის. კონკრეტული სერიული ნომრებითაც კია გარკვეული, თუ რომელი გამშვებები მოდის ჩვენთან.
ფასი, ერთი შეხედვით, ძვირად მოგეჩვენებათ, მაგრამ სინამდვილეში, თითო ახალი ჯაველინი 200 ათას დოლარზე მეტი ღირს და, პლუს თითო რაკეტაც, მიახლოებით ამდენივე ჯდება. ამ გადმოსახედიდან შეიძლება ითქვას, რომ კარგი ფასდაკლებაც გაგვიკეთეს.
და საერთოდაც ის, რომ ეს „ჯოკერი“ კავკასიის რეგიონის ქვეყანას მოგვყიდა ამერიკამ - ყველაზე დიდი სამხედრო ჩარევაა ამერიკის მხრიდან კავკასიის რეგიონის შეიარაღებაში, მთელს ისტორიაში.
რა არის ჯაველინი? რატომ არის ამხელა ამბავი?
მას შემდეგ, რაც მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო სისტემები ფართოდ გავრცელდა (მართვადი, ანუ - ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა, რომელიც იმართება გასროლის შემდეგაც) - მთელი მსოფლიო შეთანხმდა რომ ტანკების დღეები დათვლილია, რადგან ტანკების მთავარი ძალა ქვეითებისთვის შეუვალობა იყო, მართვადი რაკეტებით კი, ტანკი უბრალო ტახი გახდა - თოფით შეიარაღებული მონადირის წინ.
დღესდღეობით, ტანკების გამოყენების ტაქტიკა მთლიანად შეცვლილია, რათა რამენაირად გადარჩნენ თანამედროვე ბრძოლის ველზე. ტანკები იმხელა ძალას ვეღარ წარმოადგენს, რაც მეორე მსოფლიო ომის მიწურულს ჰქონდა, როცა მას რეალურად მხოლოდ სხვა ტანკი აჩერებდა - თანაც, ის მასზე დიდი და ძლიერი უნდა ყოფილიყო.
მაგრამ, ქვეითის მიერ გადასატან ყველა სარაკეტო სისტემას აქვს თავისი მინუსები:
RPG-7 სუსტია (ტანკს წინიდან ვერ აზიანებს) და სროლის მანძილი აქვს მოკლე (მაქს. 500-600 მეტრი).
Fagot და სხვა მოძველებული მართვადი სისტემები, ასევე მოკლე მანძილზე ისვრიან და მავთულით არიან დაკავშირებული მსროლელთან, ტანკის წინა ჯავშანი ვერც მათ გააქვთ ხეირიანად.
ახალი ტიპის მართვადი რაკეტები საკმაოდ ეფექტურებია, მაგრამ მათი წინა ჯავშანში მოხვედრა, ასევე ნაკლებ ეფექტურია. სამაგიეროდ, სროლის მანძილები უკვე 2 და მეტ კილომეტრამდეა გაზრდილი.
სროლის დიდი მანძილი საჭიროა იმიტომ, რომ ტანკი მარტო არ მოდის - ტანკს თან მოჰყვება სხვა ჯავშანტექნიკა და უამრავი ქვეითი, რომელთა გამოც, ტანკთან ახლოს მისვლა, მითუმეტეს, გვერდიდან ან უკნიდან - ძალიან რთულია.
თანაც, მართვადი სარეკეტო სისტემების აბსოლუტური უმრავლესობა მოითხოვს, რომ სამფეხა სამაგრი გაშალო, კარგად დააფიქსირო სამართავი პუნქტი და, მხოლოდ ამის შემდეგ გაისროლო. გასროლის შემდეგ კი, სანამ რაკეტა არ მოხვდება, მიერთებული ხარ რაკეტაზე და იძულებული ხარ მართო. არა და, რაკეტა გასროლისას ბოლის უზარმაზარ კუდს ტოვებს და, თუ მანამდე მოახერხე ფარულად გასროლა, გასროლის შემდეგ ყველა შენ გესვრის. თუნდაც ტანკის აფეთქება მოასწრო, შეიძლება უკვე შემდეგ დაიღუპო. თანაც, როცა გარშემო ტყვიები ატკაცუნდება, სულ არ არის რაკეტის დამიზნება ადვილი. რაკეტის ფრენის დრო კი ხშირად 5-15 წამია (1.5-2.5 კმ მანძილზე), რაც სრულიად საკმარისია მართვადი რაკეტის გასროლამდე ბევრჯერ დასაფიქრებლად...
ჯაველინის სისტემა არის უახლესი ჭკვიანი მართვადი ტანკ-საწინააღმდეგო სისტემა (რეალურად თითქმის 30 წლის სისტემაა, მაგრამ მასზე ახალი არაფერი შექმნილა).
ჯაველინის ძირითადი პლუსები
დამიზნების ვიდეო- და თერმული საშუალებები
ჯაველინი, RPG-7-ის მსგავსად, მრავალჯერადი მოხმარების სისტემაა და გასროლა რაკეტის ერთსა და იმავე დასამიზნებელ სისტემაზე დამაგრებით ხდება. დასამიზნებელი სისტემა მუშაობს არა უბრალოდ ოპტიკაში გახედვით, არამედ, სპეციალური ვიდეო სისტემით, რომელსაც თერმული ხედვის რეჟიმიც აქვს.
დამიზნებისთვის, არ არის საჭირო, ოპერატორმა მიზანს ზედმიწევნით ზუსტად დაამთხვიოს რაიმე ნიშნული ეკრანზე. საკმარისია უბრალოდ კამერაში დაინახოს მიზანი და მონიშნოს იგი. ამის შემდეგ, მიზანი რაკეტას გადაეცემა და გასროლისას, იგი ობიექტს თავად უმიზნებს საკუთარ თავს.
გაისროლე და დაივიწყე
გასროლის შემდეგ, რაკეტა ავტონომიურად, საკუთარი თერმული და ვიდეო კამერებით მიფრინავს მიზნისკენ. (რაკეტის ცხვირი წვეტიანი არ არის, მომრგვალებული შუშის ფანჯარაა რომელშიც კამერები ამაგრია.) შედეგად, მსროლელს შეუძლია გასროლისთანავე დაიმალოს და აღარ წარმოადგენდეს მიზანს მოწინააღმდეგისთვის.
სწორედ მასში ჩაშენებული ამდენი ტექნიკის გამოა თითო რაკეტის ფასი ძალიან მაღალი.
შეტევა ზემოდან
ჯაველინს აქვს პირდაპირი სროლის რეჟიმიც, მაგრამ ძირითადად, იგი ზემოდან შეტევის (top attack) რეჟიმში გამოიყენება. ასეთი გასროლისას, რაკეტა ჯერ ფრინდება ზევით, მიწიდან 50 მ სიმაღლეზე, მხოლოდ ამის შემდეგ მიფრინავს მიზნისკენ და ზემოდან ეცემა მას.
ტანკების ზედა ჯავშანი ზოგ ადგილზე იმდენად თხელია, რომ მსხვილ კალიბრიანი ჯავშან-გამტანი ტყვიაც ხვრეტს. ასეთი შეტევის გამო, პრაქტიკულად უგულვებელყოფა ხდება ტანკის ჯავშნის და სულერთი ხდება, თუ რა მოდელ ტანკს უტევს ჯაველინი.
გარდა ამისა, ჯაველინის სამიზნე ტანკს აღარც დაბალი საფარების უკან დამალვა შველის.
გასროლის საშუალება დახურული სივრცეებიდან
ალბათ ბევრს სმენია, რომ RPG-7-ის გასროლა ოთახიდან (ფანჯრიდან) ან კედელთან ახლოს დგომისას (მაგალითად, ორღობის კუთხიდან) არ შეძლება. მისი რაკეტის უკუცემული ჭავლი იმდენად ძლიერია, რომ მსროლელს აზიანებს (ასეთ დროს, სასიკვდილო შემთხვევებიც ხშირია).
ჯაველინის რაკეტა ჯერ პატარა ამაჩქარებლით ტოვებს ლულას, შორდება მსროლელს და, მხოლოდ ამის შემდეგ რთავს ძირითად ძრავს, რის გამოც, მისი გასროლა ფანჯრიდანაც შეიძლება, არც მსროლელს აყრუვებს, ბოლიც ნაკლებია მისი პოზიციის აღმოსაჩენად და. ეს ყველაფერი, რაკეტის „დამიზნების ხარისხზე“ გავლენას არ ახდენს, რადგან, როგორც უკვე ვთქვი, იგი გზაში, თავისით ერგება მიზანს.
ანუ, თუ გასროლა მოხდა, 98%-ით მიზანსაც მოხვდება და გამანადგურებელ ზიანსაც მიაყენებს.
შედეგად, დღეს დღეისობით ჯაველინის სისტემა არის „ჯოკერი“ მოწინააღმდეგის ტექნიკისთვის და ითვლება რომ ფართოდ გავრცელების შემთხვევაში, ბევრი ქვეყანა უბრალოდ უარს იტყვის ჯავშანტექნიკაზე და განსაკუთრებით - ტანკებზე.
ერთადერთი შემაჩერებელი ფაქტორი არის ფასი
სწორედ ამიტომ, ჯაველინები ძირითადად გამოიყენება მხოლოდ ტანკების წინააღმდეგ, მიუხედავად იმისა, რომ ის ასევე ეფექტურია ნებისმიერი სხვა ტექნიკის და შენობების წინააღმდეგადაც - ეკრანზე მონიშნავ ფანჯარას, სადაც სნაიპერია, გაფრინდება რაკეტა და მოხვდება ზუსტად. მაგრამ, იმ სნაიპერის ლიკვიდაცია უნდა გიღირდეს 200 ათასი დოლარი (ან, უფრო ნაკლები, რადგან ჩვენ ცოტა ძველ მოდელებს გვაძლევენ. მაგრამ მაინც, თითო რაკეტა ერთი ტოიოტა პრადოს ფასი ღირს).
ამიტომ, ქვეყანას ჯაველინების გარდა კიდევ ბევრი, იაფიანი, „ჩვეულებრივი“ ტანკ-საწინააღმდეგო რაკეტა უნდა ჰქონდეს. მათ შორის, მართვადი (რომელსაც ოერატორი მართავს) - ჯავშან-ტრანსპორტიორების და სხვა საშუალებების წინააღმდეგ სასროლად.
მაგრამ ჯაველინი, უდაოდ თანამედროვე ბრძოლის „ღმერთია“ ტანკებთან ქვეითის წინააღმდეგობის საკითხში.
ფასის მხრივ კი... ტანკის ერთი გასროლა 5-10-15 ათასი ჯდება, 10 გასროლა კი უკვე ერთი ჯაველინის ფასია.
ერთი ნორმალური რუსული ტანკიც კი, მილიონნახევარი მაინც ღირს, უახლესი ტანკები - 4-7-9 მილიონი, კონფიგურაციის მიხედვით.
გარდა ამისა - ტანკის 1 წელი ექსპლუატაცია მშვიდობიანობის ჟამს - ანუ, წვრთნები, მოვლა, გეგმიური გადაადგილება - 1 მილიონი დოლარი ჯდება.
შედეგად, რუსული ტანკი, რომელიც 15 წლის წინ ჩადგა მწყობრში - რუსეთის არმიას 20 მილიონამდე უჯდება.
მოფრინდება (პირობითად) 100 ათასიანი ჯაველინი და 20 მილიონი წყალში გადაყრილია. მისი მსროლელი 2-კაციანი ჯგუფი კი უკვე შემდეგ მიზანს ეძებს. მათ ერხელ გაწვრთნი - წელიწადში ერთხელ ფეხით გაიყვან მინდორში და სასწავლო რაკეტის გაშვებას გააკეთებინებ, საბრძოლო რაკეტები კი ალაგია საწყობში - სულ ეგ არის საექპლუატაციო ხარჯები.
საერთო ჯამში, იმდენად არარენტაბელურს ხდის ეს „ჯოკერი“ ტანკებს, რომ სწორედ ამიტომ არის საუბარი მომავალში ტანკების საერთოდ ამოღებაზე, თუ ეს სიტემა ფართოდ მოედო ყველა ქვეყნის ჯარს.
საბედნიეროდ, ჯერ რუსეთს მსგავსი არაფერი აქვს და შესაბამისად, „ჭკვიანი“ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების ბაზარს დასავლეთი მართავს.
ამ ფონზე, უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა ამერიკისგან მათი ჩვენთვის მოყიდვა. ეს ერთი და სხვა მრავალი. ჯაველინების მოყიდვა ნიშნავს, რომ ბევრ სხვა შეიარაღებაზეც აღარ გვექნება უარი.
ასევე, ამერიკისგან ეს ძალიან მკაცრი მესიჯია რუსეთისთვის, იმიტომ, რომ ამიერიდან ჩვენთან ომი რუსეთის ტექნიკისთვის ძალიან ცუდ დღეს ნიშნავს - დიდ დანაკარგებს და შიდა პოლიტიკურ პრობლემებს.
როგორი მაგარიც არ უნდა იყოს, მთავარი ჯაველინის ეფექტი მაინც ფსიქოლოგიურია - ხვალ დილიდან ცხინვალის სამხედრო ბაზაზე ტექნიკის ყველა ოპერატორს, ყოველ დილას შეუჭამს ტვინს აზრი, რომ თუ ტყვია გავარდა და ტექნიკის დაძვრა მოგიწია, სადღაც 2 კმ-დან ვინმე ქართველი დაგიმიზნებს და, ღილაკს თუ ხელი დააჭირა, 98%-ით მკვდარი ხარ.
დღეს სამსახურში რომ წახვალთ, გარშემო იყურეთ, მანქანის მართვისას, გაზომეთ რამდენია 2 კმ თქვენს გარშემო და წარმოიდგინეთ, რომ ნებისმიერი მხრიდან შეიძლება რაკეტა გესროლოთ ვინმემ, რომელიც 98% თქვენს მთელს ცხოვრებას, ფეისბუქ აქტივობას და დაგეგმილ შვებულებას წლის ბოლოს - ხაზს გადაუსმევს...
ამერიკამ რომ სტინგერები მიჰყიდა მოჯაჰედებს, ამიტომ წააგო ავღანეთი საბჭოთა კავშირმა. და დღეს, საქართველოსთვის, ჯაველინების მიყიდვა ყველაზე ღია და მკაცრი სამხედრო ჩარევაა ამერიკის მხრიდან კავკასიაში, რაც კი რამე მომხდარა ჩვენს ისტორიაში. კავკასიას კი რუსეთი თავისად თვლის და „კოზირის“ ჩვენთვის მოცემა, შეიძლება ესკალაციის მიზეზიც იყოს... ომები ნაკლებისთვისაც დაწყებულა.
ამ ფონზე აღსანიშნავია, რომ ჯაველინების ყიდვის ინფორმაცია გაჟღერდა ზამთრის დადგომამდე ერთი კვირით ადრე, ანუ როდესაც კავკასიონზე თოვლი უკვე დევს და მალე მთლიანად გაუვალი გახდება.
რუსეთი ამიერკავკასიაში ზამთარში ომს ვერ დაიწყებს. და თუ დაიწყებს, დაიწყებს მხოლოდ მათ იმედად, ვინც ბაზებზე ჰყავს ქედას აქეთ და მათი გაწირვა მოუწევს.
ამერიკამ იგივე ხრიკი იხმარა, რასაც რუსეთი ხმარობს. რუსეთი გაზაფხულის ბოლოსკენ იწყებს ვითარების დაძაბვას და დიდ გულზეა ხოლმე წინ, ზაფხულის იმედად.
ახლა კი მთელი ზამთარი ჩუმად მოუწევს ჯდომა. მომავალში, უკვე აღარ იქნება აქტუალური.
კომენტარები