მეცნიერებმა ანტიკური სამეფოს ნანგრევებზე სრულიად ახალი ენა აღმოაჩინეს
ფოტო: Galeanu Mihai//Getty Images
ხეთების სამეფოს ანტიკური დედაქალაქი ხათუსა უძველესი ენების შესწავლაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყაროა. ეს სახელმწიფო გვიან ბრინჯაოს ხანაში მცირე აზიის ტერიტორიაზე მდებარეობდა.
მეცნიერები ბოღაზქოი-ხათუსას არქეოლოგიურ ძეგლს უკვე საუკუნეზე მეტია იკვლევენ. იქ დაახლოებით 30 ათასი ლურსმული დამწერლობის ნიმუში გამოვლინდა, რომლებიც ბრინჯაოს ხანის ანატოლიის ისტორიას, ტრადიციებსა და საზოგადოებას დეტალურად აღწერს. 1986 წელს ეს ტერიტორია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოცხადდა.
აღმოჩენილი ფირფიტების უმეტესობა ხეთურ ენაზეა შესრულებული, მაგრამ ამ უძველეს ტექსტებში რეგიონში გავრცელებული სხვა ენებიც გვხვდება. მათ შორისაა ლივიური, პალაური და ხათური.
2023 წელს ჩატარებული გათხრები მოულოდნელი შედეგით დასრულდა და არქეოლოგებმა სრულიად ახალი ენა აღმოაჩინეს.
"როგორ ჩანს, ხეთები უცხო ენებზე შესრულებული რიტუალებით ინტერესდებოდნენ", — ამბობს არქეოლოგი დანიელ შვიმერი პრესასთან ინტერვიუში.
ერთ-ერთ ასეთ უძველეს რელიგიურ ტექსტში წარწერა უცნობ ენაზე იყო შესრულებული. არქეოლოგების თქმით, ხეთურ ტექსტში კალასმას რეგიონის ენიდან ერთ-ერთი გამონათქვამია მოყვანილი. კონკრეტულად ეს ლურსმული წარწერა ექსპერტებს ჯერ არ გაუშიფრავთ, მაგრამ ადასტურებენ, რომ იგი ინდოევროპულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება.
ენათა ეს ოჯახი ევროპის ბევრ ქვეყანასა და ინდოეთის ნახევარკუნძულს მოიცავს. ამ რეგიონების ენების უმრავლესობა ერთი საერთო "დედაენიდან" იწყება (ბასკური ენა ამ კუთხით უცნაური გამონაკლისია). ექსპერტების აზრით, პროტო-ინდოევროპული ენა, დიდი ალბათობით, შავი ზღვის ახლოს, დღევანდელი სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე წარმოიშვა.
მტკიცებულებები მიუთითებს, რომ კალასმას რეგიონი თურქეთის თანამედროვე ტერიტორიაზე მდებარე ქალაქების, ბოლუს ან გერედეს მახლობლად მდებარეობდა. ეს ადგილი გეოგრაფიულად იმ არესთან უფრო ახლოსაა, სადაც პალაური ენა იყო გავრცელებული. საინტერესოა, რომ ახლად აღმოჩენილ ენას უფრო მეტი მსგავსება ლივიურთან აქვს. ეს ენა ხეთების სამეფოს სამხრეთ-აღმოსავლეთით იყო გავრცელებული.
დღესდღეობით კალასმას ენის ძალიან მცირე ნაწილია ცნობილი, მაგრამ ანატოლიის ვრცელ ტერიტორიაზე ამ დიდწილად დავიწყებული ენის სხვა ნაწილებიც იმალება. მეცნიერები მის აღდგენას სწორედ ასეთი არტეფაქტების დახმარებით ახერხებენ.


კომენტარები