"თავისუფლებაა ის, რაც საკუთარ თავს გაპოვნინებს — უარს გათქმევინებს ყველაფერზე, რაც არ გინდა და გაგაკეთებინებს იმას, რაც მართლა მოგწონს და გაინტერესებს.

ბავშვობიდან ყველაზე მეტად არჩევანის თავისუფლებას ვაფასებდი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, საკუთარი გზა თავად მეპოვა — დიდ გადაწყვეტილებებშიც და თითქოს უმნიშვნელო არჩევანებშიც. პროფესიაც არა დედაჩემის მოლოდინით, არამედ საკუთარი გადაწყვეტილებით ავირჩიე. არც ასპირანტურაში დავრჩი სასწავლებლად, რადგან ჩემთვის საინტერესო იქ ვერაფერი ვიპოვე. დღეს კი ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ და ეს საქმე ამ ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვნად მიმაჩნია".

ფოტო: საქართველოს ბანკი

მარიამ ჯორჯაძე 1996 წლიდან ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია ელკანაში მუშაობს, 2003 წლიდან კი დირექტორის პოზიციას იკავებს. მისი ჩართულობით და ხელმძღვანელობით, ელკანამ მრავალი პროექტი განახორციელა, რომლებიც მიზნად ქართული ენდემური სახეობებისა და უნიკალური ჯიშების გადარჩენასა და განვითარებას ისახავდა — ქვევრის ღვინის აღორძინებას, ბიომეურნეობების ხელშეწყობასა და ქართული ნატურალური პროდუქტის პოპულარიზაციას.

"1996 წელს ჩემი ყოფილი ლექტორი შემხვდა და შემომთავაზა, ელკანაში დამეწყო მუშაობა. სულ ორი წლის დაფუძნებული ასოციაცია იყო, კარგი მიზნებით და ბევრი საქმით, მათ შორის, უცხოელ პარტნიორებთან ურთიერთობის კუთხით. მანამდე ბევრი შემოთავაზება მქონდა სხვა კომპანიებისგან, მაგრამ ბიზნესი არასოდეს მაინტერესებდა.

ელკანაში ჩემი მისვლა საქართველოში სახელმწიფოს მიერ გენმოდიფიცირებული კარტოფილის შემოტანას დაემთხვა. ძალიან გამომადგა ბიოლოგის პროფესია და აქტიურად ჩავერთე ამ ფაქტთან დაკავშირებულ დისკუსიაში. ელკანამდე, ხილის შენახვის საკავშირო სამეცნიერო ინსტიტუტში ვმუშაობდი. გენმოდიფიცირებული პროდუქტების საკითხებზე სწორედ ამ ინსტიტუტთან, ჩემს ყოფილ კოლეგებთან მომიხდა დაპირისპირება. ეს ადვილი არ იყო, მაგრამ სიმართლისთვის ბრძოლა ნამდვილად ღირდა. ამ თემაზე პარლამენტშიც გვქონდა შეხვედრები. ამ დროს გავიგეთ, რომ სოროსის ფონდი ინტერნეტკავშირის პროექტებს ახორციელებდა. შევიტანეთ განაცხადი და გავხდით, ერთ-ერთი პირველი ქართული ორგანიზაცია, რომელსაც ინტერნეტი ჰქონდა. ასე დავუკავშირდით მთელს მსოფლიოს.

ფოტო: საქართველოს ბანკი

გენმოდიფიცირებული პროდუქტების პრობლემაზე ძალიან საინტერესო შეხვედრებზეც აღმოვჩნდი. განსაკუთრებით მახსენდება მეცნიერების შეხვედრა ბუდაპეშტში. მაშინ ჯერ კიდევ რუსები ვეგონეთ და მათთვის აღმოჩენასავით იყო ჩვენი აზროვნებაც, ჩვენი პოზიციაც და საკითხის მიმართ მებრძოლი დამოკიდებულებაც. იმ პერიოდში გამოვაქვეყნეთ პოპულარულ ენაზე დაწერილი ბევრი პუბლიკაცია. მოკლედ, ჩვენი ძალისხმევით და მწვანეთა მოძრაობის ჩართულობით, საქართველოში გენმოდიფიცირებული პროდუქტის შემოტანა აიკრძალა. ეს იყო პირველი რეალური გამარჯვება, რომელსაც შემდეგ ბევრი უმნიშვნელოვანესი პროექტი მოჰყვა.

ყველაზე მეტად მეამაყება ქართული ხორბლის ენდემური სახეობებისა და უნიკალური ჯიშების გადარჩენა. საბჭოთა კავშირის დროს მათი მოყვანა იკრძალებოდა, ურჩი გლეხები კი ჯარიმით ან გადასახლებით ისჯებოდნენ.

ბოტანიკის ინსტიტუტმა კი მოახერხა, შეენარჩუნებინა და დაეკონსერვებინა ხორბლის კოლექციები, მაგრამ, იმ პერიოდში უკვე ფინანსების გარეშე დარჩენილებს, ძალიან უჭირდათ და მემკვიდრეობაც დაღუპვის პირას აღმოჩნდა. დახმარების თხოვნით მოგვმართეს და მაშინ ასოციაციის ერთ-ერთი წევრის ნაკვეთზე მოვახერხეთ თესლების განახლება და გადარჩენა. მას შემდეგ აგრარული ბიომრავალფეროვნების პროექტს ვახორციელებთ. დღეს არაერთ ფერმერს მოჰყავს ქართული ხორბლის და სხვა მარცვლეულის უნიკალური ჯიშები.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ასევე, ჩემთვის განსაკუთრებულია ასოციაციის როლი ქვევრის ღვინის გაცოცხლებასა და აღორძინების საქმეში. ელკანამ თავის წევრ მეურნეებთან ერთად პირველმა დავწერეთ ქვევრის ღვინის სტანდარტი. ახლა ვიხსენებ, მეღვინეების ნაწილი როგორ ეწინააღმდეგებოდა სტანდარტების დანერგვას. ვთქვით და ეს საქმე ბოლომდე მივიყვანეთ. სამაგიეროდ დღეს არსებული ბიო და ქვევრის მარნების უმრავლესობა ჩვენი ხელშეწყობით ამუშავდა და განვითარდა. ქვევრის ღვინო დღეს ხომ საქართველოს მთავარი სავიზიტო ბარათია.

ყველა პროექტს ვერც ჩამოვთვლი, მაგრამ ყველა მათგანმა განსაკუთრებული როლი შეასრულა ქვეყნის ბიომეურნეობების განვითარებაში.

თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იმ საქმეს ვაკეთებ, რომელიც მნიშვნელოვანია. გაჩერებასაც არ ვაპირებ.

ამ გზაზე უამრავი წინააღმდეგობა შემხვდა. ხანდახან ვფიქრობ, როგორ შევძელი არ დამეხია უკან, მაშინ, როცა ერთი შეხედვით გამოსავალი არ ჩანდა. შეიძლება ჩემი ახალგაზრდობიდან ერთმა მძაფრმა მოგონებამ შემაძლებინა ბევრი რამ.

ფოტო: საქართველოს ბანკი

ფოტო: საქართველოს ბანკი

1978 წელს აქტიურად ვიყავი ჩართული სტუდენტურ მოძრაობაში. ჩვენ 14 აპრილისთვის ვემზადებოდით. ქართული ენის სახელმწიფო ენის სტატუსის დასაცავად ხელმოწერებს ვაგროვებდი , მეგობრებთან ერთად ყველა საკითხზე ვმუშაობდი და იმ დღეს, როცა ამდენი ხალხი ქუჩაში გავიდა და გამარჯვებას მიაღწია, მე დედაჩემის გადაჭარბებული მზრუნველობის და ღელვის გამო სახლში დავრჩი. ამდენი წელი გავიდა და ამ დღეს ვერ ვივიწყებ. ერთი რამ კი ვისწავლე, არასოდეს მითქვამს უარი ჩემს მიზანზე და არც ძალ-ღონე დამიშურებია მის მისაღწევად.

სტუდენტობის დროს გაჩენილი სურვილი — აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული ქვეყნისთვის ყველა გადამწყვეტ ბრძოლაში, ენის დაცვა იქნებოდა ეს თუ მერე, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა — დღეს ქართული უნიკალური სახეობებისა და ჯიშების გადარჩენით გრძელდება. მთავარია, ყველა წინაღობა დავძლიოთ და არ გავჩერდეთ”.

საქართველოს ბანკი იმ ადამიანების აღმოჩენას განაგრძობს, რომლებიც არ ჩერდებიან. იმისათვის, რომ მათი გამოცდილების შესახებ კიდევ უფრო მეტმა გაიგოს და თითოეული ისტორია მოტივაციად იქცეს, გთავაზობთ სტატიების სერიას, რომელიც მკითხველს დაუღალავი, გაუჩერებელი წინსვლისა და განვითარების შესახებ უამბობს.