ევროპა, სად იწყები და სად მთავრდები? სად იწყება შენი რეზოლუციები და რამდენად დრეკადი საზღვრები გაქვს? რამდენის გაცემა შეგიძლია თანამოაზრეების დასაცავად? [...] რამდენი სისხლი უნდა დაიღვაროს შენ თვალწინ, რათა სხვას მკლავები შემოხვიო და დაიცვა?
[...] ევროპა, კიდევ რამდენი ბეჭედი, ხელმოწერა, შეთანხმება, საწინააღმდეგო აქტი, შესწორება, კანონპროექტი, კენჭისყრა გჭირდება დახმარების გასაცემად? [...] რამდენ ხანს უნდა გაგრძელდეს მოლოდინი? იმედიანი და თავდაჯერებული სიტყვებით სავსე კიდევ რამდენ დახმარების პაკეტს გასცემ, სანამ ხალხი შიმშილით სიკვდილამდე მივა? იმედი ხომ, სამწუხაროდ, საკმარისი არაა... შენი საზღვრები კი დნება და კოშმარებს დამცავი კედლები ვეღარ აკავებს.
სანამ შენ სუფრას ჯერ კიდევ ვერცხლის დანა-ჩანგლით მისჯდომიხარ და კარგი მანერების ჩვენებას ცდილობ, შენი ხარბი მეზობელი დიდი ხანია, ცარიელი ხელებით ჭამს, პირს აწკლაპუნებს, ნიკაპი ქონით და სისხლით მოსვრია, ჭამს და ჭამს, და კიდევ უფრო შივდება. რაც მეტს ჭამს, მით მეტი უნდა. [...] ეს მეზობელი ჩვენ გვერდით ცხოვრობს თითქმის 250 წელია, ჩვენთან ერთად ზის სუფრასთან და ჩვენს საკვებს მიირთმევს, ჩვენთან წვება, გვართმევს იმას, რაც ჩვენ გვეკუთვნის და ძარღვებში სისხლს გვიყინავს. [...] ის შენ დაგცინის და ჩვენ, ძვირფასო ევროპა, მისი სარკასტული, გამანადგურებელი სიცილის საფასურს ვიხდით; ჩვენ, ვისაც განგებამ შენს განაპირას და გოლიათის ფეხებქვეშ ცხოვრება მოგვისაჯა.
[...] ვიცი, რასაც ვლაპარაკობ. ეს წიგნებიდან ან ახალი ამბებიდან არ მისწავლია. მე და კიდევ უამრავი ადამიანი ამ კოშმარში ვცხოვრობთ გამუდმებით, თითქოს ვიღაცამ დაგვწყევლა, რომ არასდროს გამოვიღვიძოთ.
1991 და 1992 წლებში, როცა შენ ტუჩებს გახამებული თეთრი ხელსახოცით იწმენდდი და ფიქრობდი, სად იყო ეს მომცრო ტერიტორიები უცნაური სახელებით — აფხაზეთი და ოსეთი — მან მათ კბილები ჩაავლო და მანამ არ გაუშვა, სანამ დანარჩენ ტანს არ მოსწყვიტა. [...] როცა 2008 წელს საქართველოზე გაიგე, შუა ზაფხულში, საშვებულებო განწყობით, ქვეყნის რუკაზე მოძებნა აღარ დაგჭირვებია, შვებულების ადრე დასრულება და ჩარევა მოგიწია — შენებურად, თავაზიანი, კარგი მანერებით. შენი მცდელობა წარმატებულიც გამოდგა და ამისთვის მადლიერები ვართ, მაგრამ მერე თავდასხმა ეჭვქვეშ დააყენე და კითხვები გაგიჩნდა, საკუთარი თავის წინააღმდეგ ხომ არ წამოვიწყეთ ომი.
2014-ში შენი იდილია ისევ დაირღვა, ამჯერად ეს უკვე ყირიმი იყო, გოლიათს ისევ მოშივდა და ამ შიმშილმა შენთან მეტისმეტად ახლოსაც მოიყვანა. [...] 2022-ში თვალს ვეღარ აარიდებდი და ყურს ვეღარ დაიხშობდი, ვეღარ დარჩებოდი ნეიტრალური. ვეღარ იტყოდი, რომ ეს ქვეყნის შიდა საქმეა. ომი შენს საზღვრებთან მოვიდა, ყულფი კისერზე მოგიჭირეს. [...] სამი წლის შემდეგ, გოლიათი ისევ ბრდღვინავს, კვლავ არ დაკმაყოფილებულა და არ დაშოშმინებულა.
[...] ევროპა, ჩვენ სისხლისგან ვიცლებით. აღარ შეგვიძლია. ან ისევ ომში ვართ, ან — ბარიკადებზე და უკანასკნელი ძალ-ღონით ვცდილობთ იმის დაცვას, რაც გვასწავლე: დემოკრატია, თავისუფლება, ღირსება და თვით სიცოცხლე.
სანამ უკრაინაში ხოცვა გრძელდება, საქართველოში ახალი [ბრძოლა] იწყება. ამჯერად, მას ჯარი აღარ სჭირდება; უკვე დიდი ხანია, ჩუმად, მალულად, მაგრამ მთელი მონდომებით წვრთნის სხვა არმიას. ეს ჩვენი ხელისუფლებაა, რომელიც 12 წლის წინ ავირჩიეთ, ოქტომბრის მიწურულს კი გადავირჩიეთ, თუმცაღა, ამას ვერ ეგუება. ასე რომ, გოლიათის დახმარებით ჩვენს გაკოჭვას, გაჩუმებას და უკან, მონობაში დაბრუნებას ცდილობს.
[...] ევროპა, შენი საზღვრები უნდა დაიცვა. ჩვენ, ვინც აქ ჯერ კიდევ შემოვრჩით, შენი მოქმედება გვჭირდება, რათა ისევ განაგრძო მშვიდად ძილი. ხელსახოცები და ვერცხლის ჭურჭელი კი არა, შურდულით მოქმედება გჭირდება. რადგან ჩვენც, ამ სამყაროს დავითებს, ზოგჯერ ძალა აღარ გვყოფნის. ასე რომ, მითხარი, ევროპავ, კიდევ რამდენი მსხვერპლი გჭირდება შენი სიყვარულის დასამტკიცებლად?
კომენტარები