22 მაისს მეგარაკეტა Starship V3-ს გაუშვებენ — როგორ ვუყუროთ
ფოტო: SpaceX
ილონ მასკის კომპანია SpaceX სულ მალე, 22 მაისს, განახლებული Starship-ის გაშვებას აპირებს. ამ მეგარაკეტას V3 ეწოდება და ის წინამორბედებთან შედარებით უდიდესი და უმძლავრესია.
მისია სუბორბიტალურ ფრენას ითვალისწინებს, რომლის 90-წუთიანი ფანჯარაც თბილისის დროით ღამის 02:30-ზე იხსნება. რაკეტის დებიუტი სამხრეთ ტეხასში მდებარე კოსმოდრომზე Starbase შედგება, რომელიც კომპანიას ეკუთვნის.
მართალია, ეს V3-ის პირველი ფრენაა, თუმცა Starship-ისთვის რიგით მე-12 საცდელი მისიაა. პირველად იგი 2023 წელს გაუშვეს, რაც აფეთქებით დასრულდა; იგივე კიდევ რამდენჯერმე განმეორდა, თუმცა SpaceX ამ შემთხვევებისას მოპოვებული მონაცემებით მოდელების დახვეწას განაგრძობდა. საბოლოოდ, უკანასკნელმა ორმა მისიამ წარმატებით ჩაიარა და რაკეტის პირველი საფეხური უკან ორივეჯერ უსაფრთხოდ დაბრუნდა.
ცნობისთვის, რაკეტის პირველი საფეხური (ამაჩქარებელი) Super Heavy-ა, მეორე კი — Ship. ისინი Raptor-ის ტიპის ძრავებითაა აღჭურვილი და მრავალჯერადი გამოყენებისთვისაა შექმნილი, რათა მთვარესა და მარსზე გამგზავრება გაამარტივოს.
რაც შეეხება მე-12 მისიას, მის ფარგლებში Ship-მა ორბიტაზე Starlink-ის ტიპის 20 სატელიტის უფუნქციო მოდელი და სპეციალურად მოდიფიცირებული 2 რეალური თანამგზავრი უნდა განათავსოს. მათი მეშვეობით რაკეტის სითბოსგან დამცავ საფარზე დაკვირვება და სურათების გამოგზავნა იგეგმება.
მთლიანი სუბორბიტალური ტესტირება დაახლოებით საათზე ოდნავ მეტხანს გაგრძელდება, თუკი ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება. ამ შემთხვევაშიც Super Heavy უკან უნდა დაბრუნდეს, რაც აფენიდან 7 წუთშია მოსალოდნელი, Ship კი 58 წუთში დაეშვება.
ეს დაახლოებით ბოლო 7 თვეში Starship-ის პირველი მისიაა, თანაც V3 ყველაზე დახვეწილი ვერსიაა, ამიტომ კომპანიას დიდი მოლოდინები აქვს. პროცესებს ყურადღებით აკვირდება NASA-ც, რადგან მის მთვარის პროგრამაში ამ რაკეტის გამოყენება განიხილება. SpaceX-ის კონკურენტი ჯეფ ბეზოსის კომპანიის აპარატი Blue Moon-ია.
მისიის დროის ათვლას შეგიძლიათ კომპანიის ვებგვერდზე მიადევნოთ თვალი — www.spacex.com.
პირდაპირი ტრანსლაცია:
კომენტარები