უსახლკარობა და გამოსახლება — სად მიდიან ევროპელები, როცა წასასვლელი არ აქვთ?
ფოტო: On.ge
სოციალური პოლიტიკა — სამართლიანობის საფუძველი
სოციალურად და ეკონომიკურად მოწყვლადი ჯგუფები განეკუთვნებიან მოქალაქეთა იმ კატეგორიას, რომელიც ყველაზე ადრე გრძნობს ეკონომიკური პოლიტიკის წარუმატებლობას, ხოლო მის სარგებელს — ყველაზე გვიან. ქართულ რეალობაში ამ ჯგუფების ყოფას ამძიმებს ისიც, რომ მათი მდგომარეობა პოლიტიკური სარგებლის მიღების ინსტრუმენტია, მათგან დუმილის, მორჩილებისა და საარჩევნო ხმის მიღება ადვილია ხელისუფლებებისთვის. ეს ამ ადამიანთა უფლებათა სპექტრის კიდევ უფრო მეტად შევიწროვებასა და დარღვევას გულისხმობს, პირველ რიგში, ეს არის ღირსების — ადამიანის აბსოლუტური უფლების დარღვევა. ამგვარი პოლიტიკის წარმართვის პრევენციისთვის ცივილიზებული სახელმწიფოები შეთანხმდნენ იმ უფლებებზე, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მოქალაქეთა ღირსეული ყოფა და განსაზღვრონ მმართველთა მოქმედების ორიენტირი, კერძოდ:
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია (Universal Human Right Declaration), მუხლი 25:
"ყოველ ადამიანს აქვს უფლება ჰქონდეს ცხოვრების ისეთი დონე, საკვების, ტანსაცმლის, ბინის, სამედიცინო მოვლისა და საჭირო სოციალური მომსახურების ჩათვლით, რომელიც აუცილებელია თვითონ მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად, და უფლება უზრუნველყოფილი იყოს უმუშევრობის, ავადმყოფობის, შშმ პირობის, ქვრივობის, მოხუცებულობის ან მისგან დამოუკიდებელ გარემოებათა გამო არსებობის საშუალებათა დაკარგვის სხვა შემთხვევაში".
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საერთაშორისო პაქტი (International Covenant on Economic, Social and Cultural Rights), მუხლი 11:
"წინამდებარე პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ თითოეული ადამიანის უფლებას, მას და მის ოჯახს ჰქონდეს ცხოვრების სათანადო დონე, შესაფერისი კვების, ტანისამოსის და ბინის ჩათვლით; აგრეთვე უფლებას, განუწყვეტილივ იუმჯობესებდეს ცხოვრების პირობებს".
ევროპარლამენტის მიერ 2021 წელს მიღებულ რეზოლუციაში მითითებულია, რომ გამოსახლების პრაქტიკის ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობისათვის აუცილებელია, რომ იგი გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებდეს, კერძოდ:
"29.(...) ეფექტური კომუნიკაცია დაზარალებულთან, ყველა შესაძლო ალტერნატივის შესწავლა, დაზარალებულთა ადეკვატურ საცხოვრებლებში განთავსება მათი თანხმობის შესაბამისად, რათა არავინ დარჩეს სახლის გარეშე, ასევე წვდომა სასამართლოზე, რათა უზრუნველყოფილ იქნას პროცედურული სამართლიანობა და შესაბამისობა ადამიანთა უფლებებთან. (...) ამ კრიტერიუმების შეუსრულებლობის შემთხვევაში გამოსახლება ითვლება ძალმომრეობითად და წარმოადგენს საცხოვრებლის უფლების დარღვევას (…)".
როგორც ჩანს, იმ საერთაშორისო წესრიგის გათვალისწინებით, რომელშიც დღეს ვცხოვრობთ, სამართლიანობის აღდგენის, მშვიდობის უზრუნველყოფისა და საზოგადოებრივი წესრიგის დამყარების მექანიზმებს საფუძვლად ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დაცვა დაედო, რაც იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკის შემუშავებისას მნიშვნელოვანია თანმდევი შედეგების ადამიანთა ყოფაზე ზემოქმედების თავისებურებების გათვალისწინება.
ის, რაც თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე მოხდა, სახელმწიფო ინსტიტუტების მრავალწლიანი არასრულფასოვანი ფუნქციონირების შედეგია. სახელმწიფოს ფუნდამენტური როლი იყო დაესრულებინა "ომი ყველასი ყველას წინააღმდეგ", დღეს კი სახელმწიფო ქმნის მოცემულობას, რომელშიც ყველა ყველას უნდა დაუპირისპირდეს, ვინაიდან იგი [სახელმწიფო] არასდროსაა დამნაშავე, არასდროსაა პასუხისმგებელი, მოქალაქეები კი — ნგრევას შეწირული მოქალაქეები, მეწყერს შეწირული მოქალაქეები, ომს შეწირული მოქალაქეები, სიღარიბეს შეწირული მოქალაქეები — ყოველთვის პასუხისმგებელნი არიან თავიანთ ტრაგედიებზე. ვის უნდა მოთხოვოს რიგითმა მოქალაქემ პასუხი? ცხადია, სხვას, თავისივე მსგავსს, რადგან სწორედ ის "სხვა" არის შემოქმედი ტრაგედიისა. აქედან გამომდინარე, ის უპირველესი ფუნქცია, რაც სახელმწიფოს შექმნის საფუძველი გახდა, თავად ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩამარხეს თავშესაფრების ნანგრევებში.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ირკვევა, რომ ხელისუფლება თავადაც კი არ აღიარებს თავისივე ლეგიტიმაციას, ვინაიდან არ იღებს მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას. შესაბამისად, არ გვაქვს სამართალი, არ გვაქვს მშვიდობა.
ქვემდებარე ტექსტში ნახავთ როგორ უმკლავდებიან საცხოვრებლით უზრუნველყოფის პრობლემას ევროპულ ქვეყნებში.
პოლონეთი
პოლონეთის კანონმდებლობა მკაცრად იცავს მოიჯარეებს, მათ შორის მათაც, ვინც ქირას არ იხდის. არსებობს კონკრეტული აკრძალვები მფლობელთათვის, კერძოდ:
- თვითნებურად გამოსახლება — გამოსახლება შეიძლება განახორციელოს მხოლოდ აღსრულების ორგანომ, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე;
- კომუნალურების გათიშვა — ელექტროენერგიის, გაზის, წყლის ან სხვა კომუნალური მომსახურების გათიშვა შესაძლოა გახდეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი;
- საკეტების შეცვლა — საკეტების თვითნებურად შეცვლა ან მოიჯარესთვის ბინაში შესვლის სხვაგვარად ხელის შეშლა უკანონოა;
- შევიწროება — დაშინება ან შევიწროება, თვალთვალი, მუდმივი ზარები ან მუქარა უკანონოა.
კანონმდებლობა უსახლკაროთა ინტერესების დასაცავად
2005 წლის თებერვალში პოლონეთმა მიიღო კანონი, რომლითაც კრძალავს გამოსახლებას თუკი გამოსახლებული არ არის უზრუნველყოფილი ჩანაცვლებითი (დროებითი) საცხოვრებლით. კანონი ითვალისწინებს კონკრეტული ჯგუფების — ორსულების, უმცირესობების, შშმ პირების, მძიმე დაავადების მქონე პირების, სოციალურად დაუცველი პენსიონერების, უმუშევრების — სოციალური საცხოვრებლით უზრუნველყოფას.
მუნიციპალიტეტი თავადვე განსაზღვრავს დამატებით კრიტერიუმებს და გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა პირს სოციალური სახლით სარგებლობის უფლება.
რაც შეეხება ჩანაცვლებითი საცხოვრებლის კრიტერიუმებს, კანონი მათ შემდეგნაირად განსაზღვრავს:
- საცხოვრებლად ვარგისი;
- ერთ სულ მოსახლეზე მინიმუმ 5 კვადრატული მეტრი;
- უნდა მდებარეობდეს იმავე გეოგრაფიულ არეალში, რომელშიც გამოსახლებულის წინა საცხოვრებელი სახლი;
- უნდა ჰქონდეს წყალმომარაგება და ტუალეტი (თუნდაც შენობის გარეთ იყოს განთავსებული);
- უნდა ჰქონდეს ბუნებრივი განათება;
- უნდა იყოს აღჭურვილი ელექტროგანათების მოწყობილობებით, გათბობის სისტემით და სამზარეულოს ინვენტარის დასამონტაჟებლად საჭირო მოწყობილობებით;
- გამყოფი ნაგებობები უნდა იყოს თავისუფალი ტენიანობისგან.
2007 წელს, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ "მოიჯარეების დაცვის შესახებ კანონი" შეიცვალა: თუ სასამართლო მოიჯარეს სოციალური საცხოვრებლით სარგებლობის უფლებას მიანიჭებს, თუმცა მუნიციპალიტეტი არ უზრუნველყოფს მას საცხოვრებლით, მაშინ მოიჯარეს შეუძლია გააგრძელოს ბინაში ცხოვრება, ხოლო მფლობელს აქვს უფლება, მუნიციპალიტეტისგან ქირის სრული კომპენსაცია მოითხოვოს.
აღსანიშნავია, რომ პოლონური კანონმდებლობის თანახმად, 1-ელი ნოემბრიდან 31 მარტამდე შუალედში გამოსახლება აკრძალულია, თუკი მოიჯარე არ არის უზრუნველყოფილი ალტერნატიული საცხოვრებლით. გამონაკლისია ის შემთხვევა, თუკი მოიჯარე მძიმე კანონდარღვევას სჩადის.
ფინეთი
ფინური პრაქტიკა ასეთია, თუკი გამოსასახლებელი პირი ნებაყოფლობით არ დატოვებს ბინას დადგენილ ვადაში, მაშინ აღსრულების ეროვნული ორგანო ვალდებულია აღასრულოს სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტი. ამ შემთხვევაში, გამოსახლებულმა პირმა უნდა დატოვოს ბინა და გაიტანოს ბინაში არსებული ნებისმიერი ქონება. თუ ბინაში არის ქონება, რომელსაც ეროვნული აღსრულების ორგანო აღსრულების მიზნებისთვის ღირებულად მიიჩნევს, ქონება ამოღებული და ჩამორთმეული იქნება.
ეროვნული აღსრულების ორგანო შეადგენს გამოსახლების ოქმს, რომელიც მოიცავს ინფორმაციას ჩამორთმეული ქონების შესახებ, რამდენ ხანს იქნება ის შენახული. ჩამორთმეული ქონება გაიყიდება, თუ გამოსახლებული პირი მას დადგენილ ვადაში არ წაიღებს.
როგორც წესი, გამოსახლების ოფიციალური ბრძანების მიღებიდან ორიდან სამ კვირამდე ვადაში შენობა უნდა დაიცალოს. თუმცა აღმასრულებელს შეუძლია გამოსახლებულის მოთხოვნით — თუკი ეს მფლობელს განსაკუთრებულ დაბრკოლებას არ შეუქმნის — გადაავადოს გამოსახლება. მსგავსი გადაწყვეტილება თითოეული შემთხვევისთვის ინდივიდუალურად მიიღება.
უსახლკარობასთან გამკლავების ფინური პრაქტიკა
ფინეთის შემთხვევაში არსებობს ეროვნული პოლიტიკა, ე.წ. საცხოვრებელი უპირველეს ყოვლისა (Housing First), რომელიც მოსახლეობის საცხოვრებლით უზრუნველყოფას მოიაზრებს. ამ პოლიტიკის შედეგად თავშესაფრებსა თუ საერთო საცხოვრებლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად — 2008 წლიდან 2017 წლამდე — 76%-ით შემცირდა.
აღნიშნული პოლიტიკა შეიქმნა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უსახლკარობის დასაძლევად მნიშვნელოვანი დახმარება სჭირდებათ. ამ შემთხვევაში საცხოვრებლით უზრუნველყოფა არის მოსახლეობის დახმარების საწყისი წერტილი, ამას გარდა, იგი ორიენტირებულია სამიზნე ჯგუფების კეთილდღეობის, ჯანმრთელობისა და სოც. დახმარების ქსელების გაუმჯობესებაზე, რათა უზრუნველყოს ამ ადამიანების ჯანსაღი ინტეგრაცია საზოგადოებაში.
ნიდერლანდები
ნიდერლანდებში გამოსახლების მოთხოვნა მხოლოდ იურიდიულ საფუძველს უნდა ეფუძნებოდეს. გამოსახლებას მკაცრად არეგულირებს ნიდერლანდების სამოქალაქო კოდექსი, რომელიც იცავს მოიჯარეებს შემთხვევითი გზით გაძევებისგან.
როგორც წესი, გამოსახლება დაუყონებლივ არ ხდება და მას უნდა მოყვეს ფორმალური სამართლებრივი პროცესი. გასახლებულმა წინასწარ (3-დან 6-თვემდე) უნდა მიიღოს შეტყობინება გასახლების შესახებ, მიზეზის მითითებით. გასახლებულს აქვს სასამართლოს უფლება, შეზღუდული ფინანსური შესაძლებლობების მქონე პირებისთვის კი ხელმისაწვდომია იურიდიული დახმარება.
მესაკუთრის მიერ სასამართლოს თანხმობის გარეშე გამოსახლების ნებისმიერი მცდელობა — საკეტების შეცვლა, კომუნალური მომსახურების გათიშვა ან მუქარა — უკანონოდ მიიჩნევა.
იმ შემთხვევებში, როდესაც სასამართლოს მფლობელის სასარგებლო ვერდიქტი გამოაქვს, მეპატრონე ვალდებულია დაეხმაროს გასახლებულს ახალი საცხოვრებლის პოვნაში. ამასთან, მხარეს შეუძლია ისარგებლოს გადაადგილების შემწეობით.
თუ კანონიერი გამოსახლების შემდეგ მხარე უარს იტყვის წასვლაზე, ქონების მესაკუთრეს ან გაქირავების სააგენტოს შეუძლია გამოაგზავნოს აღმასრულებელი ორგანო სახლის დასაცლელად.
რას სთავაზობს ნიდერლანდები ეკონომიკურად და სოციალურად მოწყვლად ჯგუფებს?
ნიდერლანდებში არსებობს სოციალური საცხოვრებლები, რომელთათვისაც ქულების სისტემას იყენებენ. იგი დაბალი შემოსავლის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, შშმ პირებს და საჭიროების მქონე სხვა ჯგუფებს საცხოვრებლით უზრუნველყოფს. ქულების მეშვეობით ადგენენ ქონების ღირებულებას შესაბამისად ქირას. ქულები გროვდება სახლის ზომის, კეთილმოწყობისა და მისი თვითკმარობის (ეკუთვნის თუ არა მთლიანად კერძო პირს) მიხედვით. ეს მექანიზმი სოციალური სახლების შემთხვევაში ქირის ფასის ზედა ზღვარს აწესებს, რაც დაბალი შემოსავლის მქონე ჯგუფებს საცხოვრებლით დაკმაყოფილების საშუალებას სთავაზობს.
პოლიტიკური ნება, რომელიც არ გვაქვს
ამდენად, შეიძლება ჩაითვალოს, რომ გამოსახლების პრაქტიკები მჭიდროდაა დაკავშირებული არამარტო სამართლებრივ, არამედ პოლიტიკურ მდგენელთან. სხვაგვარად რომ ვთქვათ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია, რომ გამოსახლების პროცედურები და შემდგომი ეტაპები ადამიანის უფლებათა ჩარჩოს მოერგოს. ერთადერთი პრევენციული მექანიზმი, რომელსაც ამ სფეროში კანონის უზენაესობისა და საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა შეუძლია, არის ადეკვატური სოციალური პოლიტიკა, რომელიც ობიექტურ საჭიროებებსა და მოქალაქის ინტერესების დაპრიორიტეტებას ეფუძნება. ამგვარ პირობებში შესაძლებელია, რომ კონკრეტული პოლიტიკის სიკეთეები ყოფით დონეზე, რიგითი მოქალაქეებისათვის იყოს ხელმისაწვდომი. როდესაც ჩვენ ევროინტეგრაციაზე ვსაუბრობთ, სწორედ ამ უკანასკნელის მიღწევას ვგულისხმობთ. პოლიტიკური კურსი — მათ შორის საგარეოც — საბოლოო ჯამში ფასდება იმით, როგორ გააუმჯობესა მოქალაქეთა ყოველდღიურობა, რამდენად საგრძნობია იმ კავშირებისა და შეთანხმებების სიკეთეები, რომელთაც ქვეყანა უერთდება. ამრიგად, ევროპული პრაქტიკების მიმოხილვა გვაჩვენებს, რა იქნება ჩვენი სამომავლო პერსპექტივა და სწორედ ამ კუთხითაა იგი საინტერესო.
ცხადია, ცალკეული ქვეყნების შემთხვევაში სურათი განსხვავებულია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ მიერ ნანახი ქართული პრაქტიკა — მათ შორის სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისადმი იმგვარი ბრალდებების წაყენება, რომელთა სამართლებრივი საფუძველი მტკიცებულებების სახით არ არსებობს — აჩენს გონივრულ ეჭვს, რომ მიმდინარე გამოწვევები და ის სისტემური წარუმატებლობა, რომლის ფაქტობრივი მტკიცებულება არის სულ მცირე გამოსახლების ბოლო პრეცედენტი, ახლო მომავალში ვერ აღმოიფხვრება. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე რიტორიკის დონეზე ჩანს, რომ არსებობს მხოლოდ პასუხისმგებლობის არიდების და არა პრობლემაზე მუშაობის პოლიტიკური ნება.
კომენტარები