"მეზობელი ვარ" — ჩხრეკა მარიამ ბაჯელიძის სახლში
მარიამ ბაჯელიძე აღწერს 29 აპრილის დილას, როცა მასთან სახლში პროკურატურის თანამშრომლები შევიდნენ. ეს ოპ-ედი არის ნაწილი On.ge-ის სერიისა, რომელიც სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დევნაზე გვიყვება.
დილა
29 აპრილის წვიმიანი და მოჟამული დილაა. მაღვიძარა 07:15-ზე მიყენია, ჩემი პირველკლასელი შვილი უნდა გავამზადო, მეც გავემზადო, ვისაუზმოთ, სკოლაში დავტოვო და მე სამსახურში წავიდე. ეს ჩვენი ყოველდღიური რუტინაა. მაღვიძარას გაღვიძებას ვასწრებ, რადგან უცნაური სიზმარი მესიზმრება: ხათუნა სამნიძე, რომელსაც პირადად არასდროს შევხვედრილვარ, სიზმარში პასკას მჩუქნის, მეუბნება, რომ აუცილებლად უნდა გავსინჯო. ობიექტურად ყველაზე გემრიელი პასკაა, რაც იმ სეზონზე მიჭამია და ვაქებ, ვაქებ, ვიღვრები ქებად, თან ძალიან, ძალიან ბევრ პასკას ვჭამ.
ჩემი დიდი ბებიის სიზმრები მახსენდება, ვცდილობ, რამესთან დავაკავშირო, თუმცა, პასკის სიყვარულზე მეტად ვერაფერს ვუკავშირებ და ელის ვაღვიძებ. ტრადიციულად მთხოვს, 10 წუთი კიდევ იძინოს, ამიტომ ვდგები, ჩაიდნით წყალს ვადგამ და ბოლო 6 თვის რუტინულ ტოქსიკოზთან გამკლავებას ვცდილობ, გულს ვირევ, პირს ვიბან და ელისთან ვბრუნდები. ჩემთვის ყავას ვიმზადებ, მისთვის ნუთელიან პასკას ვდებ თეფშზე და ვუბარებ, რომ საბანაოდ შევდივარ. 20 წუთის შემდეგ, აბაზანიდან გამოსულს ელი საწოლში მძინარე მხვდება. ვცდილობ, გავაღვიძო. მთხოვს, რომ დღეს სახლში დარჩეს, რადგან თავს კარგად ვერ გრძნობს. ვუჯერებ, რადგან ელის მიმართ უპირობო ნდობა მაქვს, ვხვდები, რომ მართლა უენერგიოდ არის და არ მინდა, ზედმეტად დავსტრესო. ვუთანხმებ, რომ 11-ზე სამსახურში აუცილებლად უნდა ვიყო, ამიტომ 1 საათს დავაძინებ, შემდეგ კი ნუნუკასთან წავიყვან. მთანხმდება და წამებში ისევ ღრმად ეძინება. მე ზურგჩანთებში ტანსაცმელს ვულაგებ, ვფიქრობ, რომ რადგან მარტო ვარ, საღამოს მეც ნუნუკასთან დავრჩები, ამიტომ, ჩემს ტანსაცმელებსაც ვალაგებ და სამ ზურგჩანთას ვავსებ.
თავზე მწვანე პირსახოცი მაქვს შემოხვეული, ტანზე ვარდისფერი და ეგრე ვუწვები გვერდით, სადღაც 10-15 წუთი მაქვს, რომ დილის ამბები გავიგო. მახსოვს, რომ ელენე ქაიხოსროშვილის დაბადების დღის პოსტები მხვდება, რაღაც შეცდომით უწერია ფეისბუქზე და ხალხი ულოცავს. უცნაური დილაა, რომელიც ამ ამბავზე ხუმრობებით იწყება და არა რამე ტრაგედიით. პორტუგალიის ამბებსაც ვარკვევ, ეს იმ დღის შემდეგი დილაა, მთელ ესპანეთსა და პორტუგალიას რომ შუქი ჩაუქრა. ჩემი ქმარი ლისაბონშია, წინა ღამეს ველაპარაკე და საათობრივი ცვლილების გამო, ვცდილობ, მასთან მიწერის გარეშე გავარკვიო, კიდევ რამე ხომ არ მომხდარა. მშვიდობაა.
მესენჯერის ჩატს ვხსნი და ჩემს მეგობარს ვწერ. ზუსტად ამ დროს, კარზე კაკუნი ისმის. არ ვიცი, ინტუიციის ბრალია, ცუდი ამინდის, ზოგადი განწყობის, ჰორმონების თუ რისი, მაგრამ პირველივე კაკუნიდან არ მომწონს ეს ამბავი და ჩემს მეგობარს ვწერ, რომ ვიღაცაა კარზე. კარზე ბრახუნი გრძელდება, ვუშვებ, რომ ვინმე მოწყალების სათხოვნელადაა, ან გაზის ჩვენების ჩასაწერად, მაგრამ ყველაფრისთვის ადრეა, ასე ადრე არავინ მოდის ჩემთან. ბრახუნი არ წყდება, მეჩვენება, რომ რამდენიმე ხელში აბრახუნებენ, უკვე ვხვდები, რომ ჩვეულებრივი ამბავი არაა, “წყალი ხომ არ ჩავუშვი”? ვფიქრობ წამიერად და კართან გავრბივარ.
- ვინ არის?
- მეზობელი ვარ, — მპასუხობს ქალის ხმა.
საქართველოში ქალებზე ძალადობა ხომ ნორმაა, ვრწმუნდები, რომ ვიღაც საშველია.
- ხომ მშვიდობაა? — ვუყვირი, ტანის პირსახოცს ვიძრობ და პირველი რაც მხვდება ხელში, იმ კაბას ვიცვამ. კარს მიღმა დუმილია, რაც მაეჭვებს. ანუ ქალმა, რომელმაც ჩემი მოტყუება გადაწყვიტა, მხოლოდ პირველი წინადადება დაგეგმა, დამაზუსტებელ კითხვაზე პასუხი აღარ მოუფიქრებია.
სანამ კარს გავაღებ ჭუჭრუტანიდან ვიყურები. ქალს მართლა ვხედავ, მაგრამ ასევე ვხედავ ორ კაცს მის გარშემო, კუთხეებში. ერთ-ერთს სამხრე კამერაც უციმციმებს წითლად. გაურკვევლობა, დაბნეულობა და შიში ერთიანად მივლის ტანში.
- ვინ ხართ? გხედავთ.
- პროკურატურიდან ვართ, საგამოძიებო პროცედურის ჩასატარებლად. გაგვიღეთ, — მესმის ისევ ქალის ხმა.
ამ დროს ელი კართან მოდის, — ვინაა? — მეკითხება. ვთხოვ, რომ დაწვეს, მაგრამ მპასუხობს, რომ არ წავა და აქ იდგება.
კარს მიღმა მდგომებს ვეუბნები, რომ ორსულად ვარ, ბავშვთან ერთად ვარ, მითხრან რაზე არიან მოსულები და ადვოკატს დავურეკავ. მეუბნებიან, რომ შემიძლია დავრეკო, მაგრამ კარი უნდა გავაღო და ყველაფერში გამარკვევენ. ვცდილობ, ჩემს იურისტს დავუკავშირდე, არ მპასუხობს, ამიტომ ეგრევე ჩემს მეგობართან, მარიამ გეგუჩაძესთან ვრეკავ და ვეუბნები, რომ პროკურატურიდან არიან, ელისთან ერთად მარტო ვარ და მოვიდეს.
კარზე ბრახუნი არ ჩერდება, ახლა უკვე კაცებიც მომიწოდებენ, რომ კარი გავაღო, თორემ ძალით შემოსვლის უფლება აქვთ. პირველი რაზეც ვფიქრობ ისაა, რომ სახლი როგორი არეულ-დარეულია, რა სირცხვილია. მერე ვფიქრობ, რომ ახლა რომ შემოვუშვა, რამე არ "ჩამიდონ", ისე, როგორც სხვა აქტივისტების, ნიკუშა კაციას, ანტონ ჩეჩინის და გიორგი ახობაძის საქმეშია. მაგრამ ეს ყველაფერი წამებში მეფიქრება. კარს მიღმა მდგომნი არ მაცლიან, სწორად ვიმოქმედო, ისევ მიმეორებენ, რომ ძალით შემოვლენ. კარის შემომტვრევის ყურება კი არც მე მინდა და მით უმეტეს, არც ელისთვის მგონია ნორმალური სანახაობა, თან რისთვის? ამიტომ, ვეუბნები, რომ შემოვუშვებ, მაგრამ ტელეფონით ვიღებ ყველაფერს.
ელი
ბავშვს ნუ ანერვიულებ
სრულიად დაბნეული ვრთავ ტელეფონის კამერას, კარს ვაღებ თუ არა, შემოდის ქალი და კიდევ 3 კაცი. ეგრევე მეუბნებიან, რომ ტელეფონი უნდა ჩამომართვან, რა დროსაც ვიაზრებ, რომ ვიდეოს გადაღება სრული სისულელეა, ტელეფონს წაიღებენ და ამ ვიდეოს ვერც ვერასდროს ვნახავ, ამიტომ ოთახში სწრაფად ვბრუნდები და ვცდილობ, ფეისბუქის ლაივი ჩავრთო. ისინი ფეხდაფეხ მომდევენ და ცდილობენ, ტელეფონი წაიღონ, ამიტომ, საწოლზე ვხტები და ვეუბნები, რომ არ მომიახლოვდნენ. იბნევიან. ლაივი ეშვება. დანარჩენი იმ ვიდეოშია. 9 წუთი მქონდა იმისთვის, რომ გადაღება მომესწრო, სანამ ძალით წამართმევდნენ. ამ 9 წუთში რამდენჯერმე ვინანე კარის გაღება, გავბრაზდი საკუთარ თავზე, რომ წესიერად არ ვიცნობდი ჩემს უფლებებს, გავბრაზდი პროკურატურის წარმომადგენელზე, რომელიც მეუბნებოდა, რომ დაგუგვლის მერე მეტყოდა რა მუხლებით არიან შემოსული. რა თქმა უნდა, ვინერვიულე ელიზე, რომელიც საწოლში გაშეშებული იწვა და რომელზეც მეუბნებოდნენ "ბავშვს ნუ ანერვიულებ", თითქოს მე ვიყავი მათ ოჯახში ბავშვთან ერთად შევარდნილი დასაწიოკებლად.
ვერც ვხვდები, ვინმე ნახულობს თუ არა ამ ლაივ ვიდეოს. 9 წუთის შემდეგ ტელეფონს ხელიდან მგლეჯენ და ჩანაწერი წყდება.
ამის შემდეგ ტონი იცვლება, ქალი განმიმარტავს, რა მუხლებზეა საუბარი. ვატო შაქარაშვილი? - ვეკითხები და თავის დაქნევით მიდასტურებს, რომ კი, ეგ ამბავია. ვიღაც შეუმდგარი, სამარცხვინო ქართველის მიერ დაწერილი "დანოსის" საფუძველზე შემომიცვივდნენ და გვანერვიულებენ ელის და მე და კიდევ ბავშვს მუცელში, რომელიც ისე მოძრაობს, რომ მგონია, მშობიარობა დამეწყება.
მერე რუტინა იწყება, ოქმის წერა, რომ ტელეფონი ძალით წამართვეს, რადგან არ დავთანხმდი გადაცემას. ვთხოვ, რომ სანამ სახლის ჩხრეკას დაიწყებენ, დაველოდოთ ადვოკატს, რადგან არ ვენდობი პროკურატურას და რადგან მინდა, რომ ვინმე ესწრებოდეს პროცედურას. მეუბნებიან, რომ ვერ დაელოდებიან.
ვგრძნობ, რომ ცუდად ვარ, თვალებში პერიოდულად მებინდება, თავბრუ მეხვევა და ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი. მინდა ვთხოვო, რომ სასწრაფო გამოიძახონ, მაგრამ ელიზე მეფიქრება, უარესად ინერვიულებს. ამიტომ პერიოდულად გავხედავ ხოლმე საწოლიდან მომზირალს, თვალს არ ახამხამებს, თითქოს არ უნდა, რამე გამორჩეს, გავხედავ და ხან გავუღიმებ, ხან თვალს ჩავუკრავ, ხან კოცნას ვუგზავნი. ვითომ ეგ არაფერი, ვითომ ისეთი არაფერი ხდება. რაღაცას ამოწმებენ და წავლენ. წავლენ და ჩვენი ცხოვრებაც ჩვეულებრივ გაგრძელდება.
რამდენიმე წუთში კარზე კაკუნია.
- არ გააღო! — მეუბნებიან მკაცრად. ჩემი მეგობარი თამუნა და დედამისი ნუნუკა არიან.
- ვერ გაგიღებთ, ქალებო, — ვცდილობ, მხიარულად ვუთხრა, რომ გაბზარულ ხმაში ნერვიულობა არ ამოიკითხონ და უარესად არ ინერვიულონ.
- ელის წავიყვანთ, გააღებინე, — მეუბნება თამუნა.
- ბავშვს გავატან, რა, — მუდარით ვეუბნები გამომძიებლებს. ეს იდეა მოსწონთ, რადგან დასტრესილი ელის ყოფნა, როგორც ვხვდები, მათაც რაღაც დოზით დისკომფორტს უქმნით, მორალურს თუ რა ტიპისას, მაგდენი არ ვიცი.
კარგი, წაიყვანონ.
ნუნუკა და თამუნა შემოდიან თუ არა, ელი საწოლიდან დგება. თამუნას ეხუტება, მერე ნუნუკას, არაადეკვატურად ბევრ ლაპარაკს იწყებს და მათი დანახვით შეგულიანებული ნუნუკას ხმადაბლა ეუბნება:
დებილები არიან ესენი
ელის ხმის გაგონებაზე ერთ-ერთი გამომძიებელი ხმამაღლა ამბობს:
- შეხედე შენ! რამდენი ლაპარაკი ცოდნია, ხმას რომ არ იღებდა.
მინდა ვუპასუხო, რომ ხმას იმის გამო არ იღებდა, რომ შეშინდა და დაიძაბა, მაგრამ ახსნის ნერვები არ მაქვს. ჩემ ნაცვლად თამუნა პასუხობს:
- მძინარეს რომ შემომვარდნოდით სახლში, არც მე ვიქნებოდი ხმის ამოღების ხასიათზე!
ამათ შემოსვლამდე ჩანთები რომ ჩავალაგე, გახსოვთ? ხომ თავისუფლად შეიძლება, რომელიმეში ელექტრონული მოწყობილობა მედოს, ან ასაფეთქებელი ნივთიერება, ან იარაღი, ან უცხო ქვეყნის რომელიმე სპეცსამსახურთან დადებული კონტრაქტები, ვინ იცის? ამიტომ, სანამ ელის გავუშვებ გამომძიებლებს ამ ზურგჩანთების შემოწმებას ვთავაზობ, მაგრამ არ აინტერესებთ. ზუსტად იციან, რომ ტელეფონის გამო არიან შემოსულები; ჩანთებში ქექვა არ სურთ.
სახლიდან გასვლის წინ ელი რამდენჯერმე მკოცნის, დარწმუნებული არ არის, რომ უნდა დამტოვოს, ამიტომ, არაერთხელ ბრუნდება და მეხუტება. თამუნა გამომძიებლებს ეუბნება, რომ დარჩენა უნდა. ისინი ზერელედ ეკითხებიან ვინაობას, ის პასუხობს რომ ჩემი დაა. არ არის ჩემი ბიოლოგიური და, მაგრამ დაზე მეტია. არ ვიცი, კამათი ეზარებათ თუ სადმე გულის სიღრმეში ჩემი ორსულობა აწუხებთ, გეგეჭკორი თანხმდება, რომ დარჩეს, მაგრამ ტელეფონი დადოს და არაფერი გადაიღოს.
ელის წასვლა და თამუნას დარჩენა შფოთვის დიდ ნაწილს მაშორებს. მთავარია, ელი წავიდა.
გიორგი დიღმელაშვილი
ოქმის შევსებას თამუნა ვახანია იწყებს. სახელი, გვარი, პირადი ნომერი მკითხა.
- დაბადების თარიღი?
- 20 თებერვალი, 1993.
ამ დროს ერთ-ერთ გამომძიებელს, გიორგი დიღმელაშვილს სახე უნათდება.
- 20 თებერვალს დაიბადე? მეც! — მეუბნება ბედნიერი.
- მართლა? მერე, რა გინდათ ამ პატიოსან თევზ კაცს ჩემს სახლში? — ვუღიმი მეც და ვხვდები, რომ დაძაბულობა ნელ-ნელა მივლის.
გიორგი დიღმელაშვილი ამ ოთხეულიდან ყველაზე მეტად ცდილობს, ჩემთან კომუნიკაცია დაამყაროს. ხან ბებიაჩემის ფოტოზე მეკითხება ვინ არის, როდის გარდაიცვალა, რა ახალგაზრდა ყოფილა. ხან ელიზე მეკითხება, რომელ კლასშია.
რაღაც დროს, მაგიდაზე დადებულ ელის წიგნს ხედავს, "დაუპატიჟებელი სტუმრები სატკბილეთში" ჰქვია. - ჰეჰეეე, — იცინის და თვალებში მიყურებს. მეღიმება, ვხვდები, რასაც ფიქრობს, — შეხედეთ, შეხედეთ, ეუბნება თავის კოლეგებს. ალექსანდრე ფუტკარაძე უახლოვდება და წიგნს უყურებს. ცალყბად ისიც იღიმება. იღიმება ვახანიაც. გეგეჭკორი ამ დროს ჩემი იმეი კოდის ამოწერითაა დაკავებული და სანახაობას აკლდება.
- ბავშვს რას არქმევ? — ისევ ეს დიღმელაშვილი მეკითხება უკვე მაშინ, როცა სახლის ჩხრეკის პროცესშია.
- არ ვიცი ჯერ.
- როგორ არ იცი, კაცო, მამაშენს რა ჰქვია, ან შენი ქმრის მამას?
მგონია, რომ მეხუმრება, ამიტომ კითხვას ვაიგნორებ, არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, მაგრამ არ მეშვება:
- აი, მე მაგრად მეწყინებოდა, ჩემმა შვილმა რომ არ დაარქვას ჩემი სახელი თავის შვილს.
- მართლა ამბობთ?
- ჰო, აბა? მეც მამაჩემის სახელი დავარქვი ჩემს შვილს, ნოდარი ჰქვია.
ამ დიალოგში ჩართვას თამუნა ვახანიაც ცდილობს, რომელმაც ის-ისაა ხელები ამოყო ჩემი ქურთუკის ჯიბიდან:
- აბა, ნოდარს კითხე, კმაყოფილია მისი სახელით? — ხუმრობას ცდილობს.
ჩხრეკისას, კომოდის ქვეშ დიღმელაშვილი სასტვენს პოულობს. ვარდისფერი, პლასტმასის სასტვენია, ღმერთმა იცის, რამდენი წლის წინანდელი:
- ნახე, ნახე, რა ჰქონია, — იწყებს მხიარულად.
- ეგ რა არის, კიდევ ისეთები მაქვს… — კარადაში დადებული აირწინაღი და თეთრი პულვერიზატორი მახსენდება.
- რა გაქვს? — ვერ ითმენს დიღმელაშვილი.
- აი, ნახავთ, — ჩემდა უნებურად ვცდილობ, მისივე მოსაწყენი რუტინა მცირე მოლოდინით გავახალისო. მგონი, ზედმეტი მომივიდა, იმიტომ, რომ როცა ნიღაბი და საღებავი ნახა, აშკარად იმედგაცრუებული დარჩა.
ალბათ იმიტომ, რომ ერთ დღეს ვიყავით დაბადებულები და კიდევ იმიტომ, რომ მომეჩვენა, მართლა მთელი გულით ცდილობდა ჩემთან მეგობრულ ურთიერთობას, ამ კაცის მიმართ განცდა გამიჩნდა, რომ თუ ვინმე, ის მაინც იაზრებდა, რომ კრიმინალთან, სამშობლოს გამყიდველთან და საბოტაჟის მომწყობთან არ იყო დაუპატიჟებლად მოსული, თუმცა, ეს ეჭვიც მალევე გამიქარწყლდა, რადგან რაღაც დროს მკითხა:
- სად მუშაობ?
- სამშენებლო კომპანიაში.
- რას აკეთებ?
- მარკეტინგის მენეჯერი ვარ.
- ეგრე არ ჯობია, კაცო? — ვატყობ, რომ გულწრფელად მეუბნება.
- რას, სამშობლოს ღალატს? — ვეკითხები და ვუღიმი.
- ჰო, — თავს მიქნევს და თავადაც მიღიმის. ვხვდები, რომ უფრო მეტად სჯერა იმის, რაც ჩემს გაცნობამდე უთხრეს, ვიდრე იმის, რაც მერე დახვდა.
- ჯობია, კი, მაგრამ თავისუფალ დროს ვასაბოტაჟებ მაინც ქვეყანას, — ვპასუხობ. ამაზე ფუტკარაძეს ეცინება.
როდესაც ჩხრეკის ბოლოს გავიაზრე, რომ ტელეფონი აღარ მაქვს, რაც დიდი პრობლემაა ჩემთვის, რადგან საქმის 80%-ს ტელეფონით ვაკეთებ, სასოწარკვეთილმა ვიკითხე, როდის დამიბრუნდებოდა დაახლოებით.
- უფფ, ახალი იყიდე, კაი ხანს არ დაბრუნდება, თან მოძველებული იყო უკვე შენი, — მპასუხობს უდარდელად.
- თქვენ გადამიხდით, თუ როგორ ვიყიდო?
- არა, მე როგორ გადაგიხდი.
- ააა, კარგი, მაშინ უცხოეთიდან დავარიცხინებ ტელეფონის ფულსაც, — ვეუბნები სრულიად სერიოზული ტონით.
ხუმრობას ისევ მხოლოდ ფუტკარაძე ხვდება. დიღმელაშვილს მგონი, სჯერა, რომ მართლა ჩამირიცხავენ ევროებსა თუ დოლარებს ახალი ტელეფონის საყიდლად.
ამ დიღმელაშვილზე კიდევ სამი ამბავი მაქვს:
- დიდი სიამაყით გამომიცხადა, შევარდნაძის პერიოდში რომ დაიწყო მუშაობა და დღემდე სისტემაშია. ისიც დააყოლა, რომ შევარდნაძეც მოილია, მიშაც, ამათაც მოილევს და ამათ შემდეგ ვინც იქნება იმათაც;
- ოქმზე ყველა გვერდზე უნდა მოეწერა ხელი, აშკარად ძალიან ეზარებოდა და პირდაპირ თქვა, რა საჭიროა, სულ რომ არ იყოს ჩემი ხელმოწერა, მაგას ვიტყვი, რომ ჩემი არ არისო?
- და მესამე, გვარი რომ გავიგე, ვკითხე, საგარეჯოდან ხართ-მეთქი? შოთა დიღმელაშვილის ფესვები გამახსენდა და ამიტომ. კიო, საიდან იციო. შოთაც საგარეჯოდანაა-მეთქი. შოთა ჩემი ნათესავია, ჩვენი ბაბუები ძმები იყვნენო.
ანუ, მაგიტომ არ შედიხართ შოთასთან? — ვეკითხები, რა თქმა უნდა, ხუმრობით,
- რატომ უნდა შევიდე შოთასთან?
- რა ვიცი, შოთაც სირცხვილიას წევრი იყო.. ამ დროს თამუნა ვახანია ერთვება საქმეში და არ ვიცი ხუმრობით თუ მართლა, მაგრამ ამ ფრაზას ამბობს: "ააა, ანუ აღიარებთ, ხომ?"
ვერ გავიგე, რის აღიარებაზე იყო საუბარი და პასუხი არ გამიცია.
თამუნა ვახანია
თუ ვინმესგან მწყინდა და მიკვირდა გულცივი დამოკიდებულება, ალბათ, თამუნა ვახანია იყო. არ ვიცი, ჰყავს თუ არა შვილები, მაგრამ ვინმე პატარა ბავშვი ხომ მაინც ეყოლება, ვინც მთელი გულით უყვარს? რას იგრძნობდა, იმ ბავშვის სახლში მასავით მოტყუებით რომ ეცადა ვინმეს შესვლა? რას იტყოდა იმ ბავშვის საბნიდან მომზირალი შეშინებული თვალები რომ დაენახა?
ძალიან კარგად მახსოვს ამ ქალის შინდისფრად შეღებილი ფრჩხილები. დარწმუნებული ვარ, წინა დღით გაიკეთა შილაქი. თმაც ლამაზად ჰქონდა გადავარცხნილი და აწეული.
ოქმის წერისას ვკითხე, რატომ მომატყუეთ, რომ მეზობელი იყავით-მეთქი?
- სულ ჭრის, — მიპასუხა აუღელვებლად.
- ჰო, მგონი, პირველი შემთხვევა იყო, როცა არ გაჭრა, — უდასტურებს დიღმელაშვილი.
სახლის ჩხრეკისას ვახანია დაკვირვებით ეცნობოდა დოკუმენტებს და რაღაც დროს მკითხა:
- დედა ექიმია და პროფესორი, ხო? გინეკოლოგიის წიგნები და დისერტაციები შემხვდა.
კარადის გადმოლაგებისას, უცებ ფორმულას პატარა ჩანთას მოკრა თვალი.
- ეს ფორმულას ლოგო არ არის? — კითხულობს აღტკინებული, თითქოს რაღაცას მიაგნო, რაც დანაშაულია.
- კი, ვმუშაობდი ფორმულაში რამდენიმე წელი, — ვპასუხობ. იმედი უცრუვდება, ისეთს ვერაფერს მიაგნო, რაც კომპრომატად გამოადგებოდა.
ჩემი ძმის საძინებლის ჩხრეკისას რაღაც რვეული იპოვა და მეკითხება:
- ეს რა რვეულია?
- არ ვიცი, სკოლის რვეული იქნება, ჩემი ძმის.
- ფორმულა და რაღაცები წერია.
- მათემატიკის ხომ არ არის? — ვუღიმი, რადგან ვხვდები, რომ ძალიან უნდა, რამე იპოვოს, რაღაც, რაც ფიზიკურად არ არსებობს სამყაროში და ამ განწირული მისიისთვის მეცოდება, ბოლომდე ვერ ვიმეტებ.
- ააა, კი, მათემატიკისაა, — იშმუშნება უხერხულად და ამ უხერხულობის გადასაფარად უცებ მეუბნება, — ყველას ტექნიკური ნიჭი გაქვთ, როგორც ჩანს, თორემ სხვანაირად, ასე წარმატებული ვერ იქნებოდით.
ეს წინადადება მაფიქრებს. დედაჩემს ექიმობა შეუქო და დაუფასა, ჩემს ძმას მათემატიკის ნიჭი, ჩემი ტექნიკური ნიჭი სად დაინახა, სამშობლო გავყიდე კარგ ფასში, სხვაზე უფრო სწრაფად?
სხვათაშორის, ვახანიასი მადლობელი ვარ 2 მიზეზის გამო:
- ელის დაკარგული სათამაშო ტყლარწები მაპოვნინა, ზუსტად წინა დღეს მოიკითხა ელიმ და ვუთხარი, რომ მაგათი პოვნის იმედი პირადად მე არ მქონდა, აი, ვახანიამ კი მიაგნო.
- ვახანიამ იპოვა დედაჩემის ჩურჩხელების სამალავი. წარმოდგენა არ მქონდა, რომ სახლში ჩურჩხელები იყო და როგორც ჩანს, დედაჩემს ისე საგულდაგულოდ დაემალა თავის დროზე, რომ დავიწყებოდა კიდევაც მათი არსებობა. მადლობა, თამუნა, ჩხრეკის ორდენი გეკუთვნის.
ალექსანდრე ფუტკარაძე
ეს კაცია სამხრე კამერით. მასზე ბევრი მოსაყოლი არაფერი მაქვს, გარდა იმისა, რომ ტელეფონის ისე წართმევას ცდილობდა, რომ გათიშვის უფლებას არ მაძლევდა და რამდენადაც შემეძლო და მასაც გაწვდა სინდისი თუ უსინდისობა - მეჭიდავა. ვეუბნებოდი, რომ მაქვს გათიშვის უფლება და გავეშებული მპასუხობდა, რომ არ მაქვს. იმდენად ნათელი იყო, რომ სისულელეს მეუბნებოდა და იმდენად ესკალირდა დაძაბულობა ჩვენ შორის, რომ ვახანია ჩაერთო საქმეში და უთხრა, აქვს უფლება, რომ გათიშოსო.
საბოლოოდ, მაინც ამ კაცის სამხრე კამერის იმედად ვიყავი და როგორც უცხო ხალხთან წვეულებაზე ერთ ნაცნობს დაიგულებ და სულ მასთან გინდა დროის გატარება, ეგრე ვიყავი, ოთახიდან ოთახში გადაადგილებისას ვეძახდი, რომ ჩხრეკა კარგად დაეფიქსირებინა.
გეგეჭკორი
ამ კაცის სახელი არ მახსოვს, მხოლოდ გვარი, რადგან ჩემი საყვარელი ქართველი პოეტის, გივი გეგეჭკორის მოგვარეა. რომ გავიგე, გეგეჭკორია, ეგრევე გამახსენდა და ამეკვიატა:
დაიღუპე, ყველა მიხვდა შენს სიყვარულს,
ბავშვს რომ ქალი შეუყვარდა,
ალბათ, სტუმრებს,
ამ საღამოს ახარხარებს ვინმე, როცა,
შენს უცოდველ სიყვარულზე გაიხუმრებს
ეს ის კაცია, ლაივ ვიდეოს ბოლოში ტელეფონს რომ მგლეჯს ხელიდან და იქამდე მთავაზობს, რომ დაგუგლავს მუხლებს და მეტყვის, რატომაა ჩემთან შემოსული. ამ კაცს ყველაზე მეტი ნეგატიური კომენტარი დაუწერეს, სინამდვილეში კი, ის იყო ერთადერთი, რომელზეც ნამდვილად ვიგრძენი, რომ სინდისი გააჩნია.
ძალიან მაგრად ჰგავდა ჩემს დაღუპულ ნათესავს და მინდოდა, მეთქვა, რომ ამიკოს ჰგავს, ბიჭს, რომელიც ძალიან მიყვარდა, მაგრამ მთელ იმ არაადეკვატურ კონტექსტს კიდევ ასეთ აბსურდს ვერ დავუმატებდი. ამიტომ, არაფერი მითქვამს.
გეგეჭკორს ჩემი სახლის ჩხრეკის ოქმის შედგენა დაევალა, ოქმის წერის შუა პროცესში ვახანიამ ჩემი ლაივ ვიდეო აჩვენა. სავარაუდოდ, უკვე მედიებსაც ჰქონდათ წაღებული და უკვე რაღაც გამოხმაურებაც იყო. ამას ოქმის მეორე ნაწილზე მივხვდი. სახეაწითლებული, დარცხვენილი გეგეჭკორი გრამატიკულ შეცდომას შეცდომაზე უშვებდა, სიტყვებში ასოებს ყლაპავდა, რაღაცების გამოსწორებას გადაჯღაპნით ცდილობდა. ერთი სიტყვით, "აიჭრა" და ეს არ ემართებათ ადამიანებს, ვისაც ფეხზე ჰკიდიათ თავიანთი რეპუტაცია და სახელი. ეს რაღაც ღირსების მქონე ადამიანებს ემართებათ.
მადლიერი ვარ მისი, რომ რაღაც ემოცია გამოამჟღავნა და მაგრძნობინა, რომ ადამიანია. იმისთვისაც, რომ ჩემი მეგობარს ჩემთან დარჩენის საშუალება მისცა და იმისთვისაც, რომ ელის წაყვანაზე თანხმობა გასცა. იმედი მაქვს, უკეთესი მთავრობისა და სისტემის პირობებში მოუწევს მუშაობა და მისი კოლეგების მსგავსად, ბოლომდე არ გაიწყვეტს შეთხელებულ შუბლის ძარღვს.
ჩხრეკის შემდეგ
ნამდვილი ამბები ჩხრეკის შემდეგ იწყება. არ დავწერ, ოფისი როგორ გამიჩხრიკეს, ტროლ-ბოტები როგორ შემოასიეს ჩემზე პოსტებსა და ვიდეოებს "თუ პატიოსანია, რატომ ინერვიულააა", "მუცელს ამოფარებული ძუკ*ა!" და ა.შ. ამ ტროლების უკანაც ხო ნამდვილი ადამიანები დგანან, იმათ მე რა უნდა ვუთხრა და ვუსურვო, უკვე დაკარგული აქვთ ადამიანობა და ამაზე უარესი ვეღარაფერი დაემართებათ. მაგრამ რაც უნდა მოვყვე ესაა თანადგომა და ამ თანადგომის უდიდესი ძალა.
ჩხრეკის შემდეგ გავიგე, რომ ქვემოთ უამრავი ადამიანი დგას. ჩემი მოქმედი თუ ყოფილი თანამშრომლები, ჩემი ნათესავები, ჩემი მეგობრები, სრულიად უცხო ხალხიც. ზოგის სახეზე ისეთი შეშფოთება და ბრაზი იკითხებოდა, რომ მივხვდი, ვიღაცებმა ჩემზე მეტადაც განიცადეს ჩემი ამბავი. ამაზე დიდი რა უნდა იყოს?
უტელეფონოდ დარჩენილს 2 საათში სრულიად ახალი ტელეფონიც მქონდა, ჩემი ყოფილი თანამშრომლისგან, სიკეთის განსახიერება ბიჭისგან, რომელმაც მითხრა, რომ ჩემგან იმდენი სიკეთე ახსოვს, რომ ეს არაფერია. მე ერთი სიკეთეც ვერ გავიხსენე, რა შეიძლება ახსოვდეს.
მანქის დამსახურებით აღვადგინე სოციალური ქსელები და დავუბრუნდი საწყისებს. თათუშა გახდა ჩემი პრესსამსახური, მრთავდა ეთერიდან ეთერში და როცა ვიღლებოდი, ზრდილობიანად აუარებდა ჟურნალისტებს.
თავისი სახლისა და ნანუკას სახლის ჩხრეკის პარალელურად, გეგუ ჩემთვის იცლიდა, ხან ახალ ამბებს მიყვებოდა და ხან უბრალოდ გვერდით მყავდა.
ასეთი სახელი და თანადგომა კიდევ ბევრია, ყველა მახსოვს და ცხოვრების ბოლომდე მადლიერი ვიქნები.
აბსოლუტურად გულწრფელად რომ ვთქვა, რაც არ უნდა უაზრობად ჟღერდეს, წლებია, აქტიურ პროტესტში ვარ. 2019-დან ლამის ჩემი ყოველდღიურობა გახდა უსამართლობის გაკრიტიკება და ბრძოლა უკეთესი მომავლისთვის და ამდენი წლის განმავლობაში, როცა ჩემი მეგობრების უმეტესობა ერთხელ მაინც დაუჭერიათ, ზოგი უცემიათ კიდევაც, ზოგს ხელი მოტეხეს, ზოგი სხვა ფორმით დააზიანეს, ზოგი ტარგეტირებულად დევნეს და ა.შ. ამ ფონზე 1 ადმინისტრაციული ჯარიმაც კი არ მაქვს. მანქანაც კი არ მყავს, რომ არასწორად დამეპარკინგებინა და მაგის გამო მაინც მქონოდა რაღაც "კრიმინალური ჩანაწერი" ისტორიაში. ჰოდა, როდესაც ფეისბუქზე გამოხმაურებების კითხვისთვის მოვიცალე, ვიღაც კაცის კომენტარი შემხვდა ჩემს ამბავზე: "ამ მუხლით ბაბუაჩემი დახვრიტეს 1937-ში" და უცებ მივხვდი, რომ ბევრად დიდის ნაწილად ვიქეცი, ვიდრე ვიყავი და უდიდესი პატივია, იმ ადამიანების გვერდით მოხვედრა, ვინც სამშობლოს სიყვარულის გამო დასაჯეს და სამშობლოს ღალატი დააბრალეს.
ერთი რამ დაზუსტებით ვიცი, თუ ვინმეს ინტერესი გამიტარებია ცხოვრებაში - ეს ელია. ჩემი 7 წლის საუკეთესო შვილი, რომელმაც 1 დღეში კიდევ უფრო გაზრდილი და დაჭკვიანებული ადამიანივით მითხრა, რომ კი არ შეშინდა, არამედ გაბრაზდა იმის გამო, რაც მოხდა. ჩვენ ამ ამბავს გადავიტანთ, უფრო ძლიერები გამოვალთ და უკეთესად ვიქნებით. თქვენ რას აპირებთ?
კომენტარები