საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა დაადასტურა, რომ მომავალ კვირას დონალდ ტრამპს ვაშინგტონში შეხვდება.

ამის შესახებ მან პირდაპირ ეთერში სოციალურ ქსელში კითხვებზე პასუხისას თქვა.

მისი თქმით, მომავალ კვირას ვაშინგტონში წავა, რათა დაარწმუნოს აშშ-ს პრეზიდენტი, რომ აშშ-ის ინტერესები ევროპელებთან მუშაობაა.

"მე ვაპირებ ვუთხრა ტრამპს, რომ ის არ უნდა იყო სუსტი პრეზიდენტ პუტინთან. ეს არ არის მისი ხასიათი, ეს არ არის მისი საფირმო ნიშა, ეს არაა მის ინტერესებში. მე ვეტყვი, რომ ‘თუ უკრაინას დათმობ, რუსეთი არ შეჩერდება. ის არა მხოლოდ გაძლიერდება და გააგრძელებს ინვესტიციას სამხედრო ინდუსტრიაში, ხელში ჩაიგდებს უკრაინას და მის არმიას, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდია, ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც ჩვენ მივაწოდეთ, მათ შორის ამერიკული.’ ეს უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნებოდა", — თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

თეთრმა სახლმა საფრანგეთის პრეზიდენტის ვიზიტი 24 თებერვალს ოფიციალურად დაადასტურა.

პარიზში ითქვა, რომ მაკრონი ევროპელების სახელით აშშ-ში ისაუბრებდა და იტყოდა, რომ უკრაინის მომავალი მათ გარეშე ვერ გადაწყდება.

19 თებერვალს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც სრულად უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის კრიტიკას მიეძღვნა. მან თქვა, რომ ზელენსკი დიქტატორია, უკრაინისთვის ომის აცილება შეეძლო და 4%-ის მხარდაჭერა აქვს.