მკვლევრებმა მაიას კლასიკური ეპოქის (250-900 წლები) მათემატიკური და ასტრონომიული მიგნებების კონკრეტული ავტორის იდენტიფიცირება პირველად შეძლეს. მათი თქმით, წარწერები ეკუთვნის მეცნიერს, რომელსაც საკ ტან ვააქსი (Sak Tahn Waax, "თეთრმკერდა მელა") ერქვა.

ეს პერიოდი მაიას ცივილიზაციის ოქროს ხანად მიიჩნევა. ამ დროს მათ არქიტექტურაში, ქალაქების მშენებლობაში, ხელოვნებაში, დამწერლობაში, მათემატიკასა და ასტრონომიაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს. ამის მიუხედავად, აქამდე უცნობი იყო, ვის შეჰქონდა წვლილი ამგვარ წინსვლაში.

სპეციალისტებმა ასეთი ინდივიდის ვინაობა გვატემალაში მდებარე უძველეს ქალაქ შულტუნის არქეოლოგიური ძეგლის შესწავლისას დაადგინეს. იქ არსებულ მცირე ნაგებობაში მათ 50-ზე მეტ მოკლე წარწერას მიაგნეს: თარიღებს, რიცხვებსა და მათემატიკურ გამოთვლებს. ნახაზების, ფოტოებისა და ციფრულად დამუშავებული გამოსახულებების დახმარებით ერთ-ერთი ტექსტის გაშიფვრისას მეცნიერებმა უნიკალური მათემატიკური ფორმულა და მისი ავტორის სახელი აღმოაჩინეს.

მეცნიერთა მიერ გაშიფრული სახელი.

ფოტო: Rossi et al., Antiquity, 2026

მკვლევრების თქმით, ეს ფორმულა მაიას სხვა ცნობილ ტექსტებში არ გვხვდება. იგი ვენერასა და სხვა ციური სხეულების მოძრაობას აღწერს და სხვადასხვა დროითი ციკლის ერთმანეთთან დაკავშირებას ეფუძნება. მათ შორისაა 260-დღიანი რიტუალური კალენდარი, მზის წელიწადი, ასევე ვენერასა და მარსის ციკლები.

ასეთ გამოთვლებს მაიას საზოგადოებაში პრაქტიკული დანიშნულება ჰქონდა. ციური სხეულების მოძრაობის მიხედვით ისინი სამეფო ცერემონიების თარიღებს განსაზღვრავდნენ და სამშენებლო პროექტებს გეგმავდნენ. მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ფორმულის უნიკალურობის გამო მის ავტორს აღიარება სურდა, ამიტომ ჩანაწერთან საკუთარი სახელიც მიუთითა.

ამჟამად მეცნიერები შულტუნში აღმოჩენილ სხვა "მიკროტექსტებსაც" იკვლევენ. მათი თქმით, შესაძლოა, ზოგიერთი ნიმუში ასევე საკ ტან ვააქსს ეკუთვნოდეს. ეს საშუალებას მისცემდათ, რომ მისი წერის სტილი და გამოთვლების მეთოდი სხვა ტექსტებთან შეედარებინათ.

მკვლევრების თქმით, უკანასკნელი აღმოჩენა კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რამდენად განვითარებული იყო მაიას ცივილიზაცია მათემატიკასა და ასტრონომიაში. ასევე, ეს ისტორიკოსებს საშუალებას აძლევს, მაიას კულტურის გამოჩენილი მეცნიერები იმ ეპოქის სხვა ცნობილი მოაზროვნეების (ბერძნების, ჩინელების, ინდოელების...) გვერდით დააყენონ.

ნაშრომი გამოცემაში Antiquity გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, გამოიწერე ჩვენი ინსტაგრამი.