პოლიციელი გმირია?! – როცა ძალოვანი სტრუქტურა ავტორიტეტი ხდება
"პოლიციელი გმირია! პოლიციელი გმირია! პოლიციელი გმირია!" — ქართული ოცნების პროპაგანდისტული მანქანის მიერ მანტრად ქცეული ეს ფრაზა ყველა სოციალურ ქსელში ტრიალებს. სტანდარტულად, ამ სიტყვებს თან ახლავს მოწესრიგებული, სანდომიანი, გამჭოლი მზერით შეიარაღებული პოლიციელის ფოტო ან ვიდეო, რომელიც მნახველს, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმაზე, თუ რამდენად შორსაა სიტყვა გმირი დღევანდელი ქართული პოლიციისგან, სანდოობის განცდას უტოვებს და მის ქვეცნობიერში ტოვებს წარმოდგენას, რომ პოლიციელი მოქალაქეთა უპირობო პატივისცემასა და მორჩილებას იმსახურებს.
რეალურად, ეს ჰეროიკული სენტიმენტებით აღსავსე ფრაზა სხვა არაფერია, თუ არა პროპაგანდის უკვე კარგად ნაცადი და პოპულარული ხერხი, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმები ხალხის სამართავად სისტემატურად იყენებენ. პოლიციის ავტორიტეტად ქცევა და ისეთ შეუვალ ინსტიტუციად ჩამოყალიბება, რომლის უფლებამოსილებას ინდივიდი კითხვის ნიშნის ქვეშ ვერ დააყენებს, ძალადობრივი სისტემების წარმატებით ოპერირებას ნოყიერ საფუძველს უქმნის.
"პოლიციელი — შენი მეგობარი, შენი დამხმარე!" — 1941 წლის ნაცისტური პოსტერი
ფოტო: Alamy
რა როლი აქვს ავტორიტეტებს დიქტატურის განმტკიცებაში?
ჰანა არენდტი, მეოცე საუკუნის მოაზროვნე, წერდა, რომ "ავტორიტეტი, თავისი მნიშვნელობით, მხოლოდ იქ იარსებებს, სადაც მორჩილებაა." (რა არის ავტორიტეტი?, 1954) ავტორიტარული რეჟიმების ისტორიის კრიტიკულად გააზრების შემდეგ ბუნებრივად გვიჩნდება კითხვები სამოქალაქო საზოგადოების უმოქმედობასთან დაკავშირებით, რომლებიც უსამართლო, შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე მთავრობებს ლეგიტიმაციას აძლევდნენ და არც ეწინააღმდეგებოდნენ. რატომ არ დადგა გერმანელი ერი ჰოლოკოსტის წინააღმდეგ? რატომ არ დაიცვა მოსახლეობამ ერთმანეთი სტალინის რეპრესიებისგან? სიმართლე ხომ აშკარა იყო? — ყველაფრის მიზეზი, რეალურად, ავტორიტეტებში უნდა ვეძებოთ, რომლებიც წლების განმავლობაში არწმუნებდნენ ხალხს ჰიტლერის, კიმ ჩენ ინის, სტალინის, მაო ძედუნის, ფრანკოსა თუ სხვა უამრავი დიქტატორის იმპერიალისტური მისწრაფებების სისწორეში.
ადამიანის ფსიქიკა, რომელიც ათასწლეულებია, ორგანიზებულ პოლიტიკურ წყობაში ცხოვრებას, სოციალურ ნორმებსა და რელიგიურ ინსტიტუციებსაა მორგებული, ავტორიტეტებს მარტივად ეკედლება — მარტივია ცხოვრების წარმართვა სხვათა მითითებებით, რადგან ზედმეტი კითხვების დასმა საკუთარი უფლებების დაცვის პასუხისმგებლობას გვკიდებს. ასე ფიქრობდა ნიცშეც — "ახალგაზრდობის გაფუჭების ყველაზე საიმედო გზაა მათი დარიგება, რომ მსგავსად მოაზროვნეთა აზრს უფრო დიდი პატივი სცეს, ვიდრე მათ, ვინც განსხვავებულად ფიქრობს." თუმცა, რა ხდება მაშინ, როცა ავტორიტეტები უმოქმედობისა და მორჩილებისკენ მოგიწოდებენ, როცა შენ ირგვლივ გამეფებული უსამართლობა სწორედაც რომ ბრძოლას და ხმაურს მოითხოვს? დიქტატურამდე სწორედ ავტორიტეტებისადმი კითხვების დაუსმელობას მივყავართ.
სასამართლო, პარლამენტი, პოლიცია, ეკლესია — ეს იმ საყოველთაო ავტორიტეტების არასრული ჩამონათვალია, რომელთა მიერ დაკისრებული მოვალეობების კეთილსინდისიერ შესრულებას სახელმწიფოში დემოკრატიის უზრუნველყოფა შეუძლია. ორგანიზებულ სისტემაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეზე ყველაზე დიდი გავლენა ამ დაწესებულებებს აქვთ, თუმცა, ისტორიამ უამრავჯერ და კიდევ მეტჯერ გვიჩვენა, რომ თუ მათ არსებაში კორუფციამ შეაღწია და მათი ძალაუფლება ერთი პირის პოლიტიკური გაუმაძღრობის გამტარებლად იქცა, საზოგადოების ინტერესები ითელება. ავტორიტეტების უპირობო მორჩილება დიქტატურას აყალიბებს, ამიტომ ისინი, ვისაც განსხვავებული აზრის ჩახშობა უნდათ, ყველა ხერხს გამოიყენებენ, რათა მოსახლეობაში ავტორიტეტებისადმი მოწიწება მაქსიმალურად ჩანერგონ და გააღვივონ.
ვის გმირობაში გვაჯერებს ოცნება?
ირაკლი დგებუაძე
ფოტო: Intermedia.ge
ერთ-ერთი პოლიციელი, რომლის "გმირობაში" მოსახლეობის დარწმუნების დირექტივა "ოცნების" პროპაგანდისტებმა მიიღეს, ირაკლი დგებუაძეა. სწორედ ის ირაკლი დგებუაძე, რომელიც ბათუმის პოლიციის უფროსად სუს-ში მუყაითი შრომის შემდეგ დაინიშნა და რომელიც უამრავი ადამიანისთვის იქცა კოლექტიური პოლიციელის სახედ.
ირაკლი დგებუაძეზე ბევრი რამ ვიცით. საპროტესტო აქციების დაწყებიდან დღემდე მისი "საქმენი საგმირონი" იზრდება და მძიმდება. საზოგადოებამ დგებუაძე ყველაზე კარგად მზია ამაღლობელის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლისა და რედაქტორის, საქმიდან გაიცნო — სტიკერის დაკვრისთვის დაკავებული ამაღლობელი პოლიციის შენობიდან გამოშვებიდან მალევე მეორედ დააკავეს, იმიტომ, რომ დგებუაძეს სილა გააწნა.
მზია ამაღლობელის თქმით, დაკავებისას დგებუაძემ მას სახეში შეაფურთხა და მის საცემრად იწევდა. ბათუმის პოლიციის უფროსი ჟურნალისტს არ აძლევდა წყლის დალევის, ასევე ტუალეტით სარგებლობის საშუალებას. დგებუაძე რომ მზია ამაღლობელს დაკავების შემდეგ აგინებდა და სისხლის სამართლის მუხლით დაჭერით ემუქრებოდა, გადაღებულიცაა.
მზია ამაღლობელის მიერ დგებუაძისთვის გაწნული სილა (რომელსაც სილასაც ვერ დავარქმევთ) არაა პოლიციელის მიზანმიმართული შეურაცხყოფა. ესაა სწორედ იმ თავსმოხვეული ავტორიტეტებისადმი აჯანყება, რომელიც გვარწმუნებს, რომ საქართველოს ისტორიული მისიიდან გადახვევა ჩვენს ინტერესებში შედის, რომელიც ჩვენი ყურადღების გადატანას ცდილობს იმ ფაქტიდან, რომ პოლიცია მჩაგვრელ ძალად იქცა, რომელმაც ქვეყანაში გააქრო ჭეშმარიტი სამართალი და რომელიც მოსახლეობას აჯერებს, რომ პოლიციელი მასზე მაღლა დგას, მხოლოდ იმიტომ, რომ მუნდირი აცვია.
სრულიად აბსურდულ, კაფკასებურ რეალობაში აღმოჩენილ მზია ამაღლობელს "პოლიციელზე ფიზიკური ძალადობის" გამო 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება, მაშინ, როცა მოსახლეობაზე თავდამსხმელი შავნიღბიანებიდან, "ტიტუშკებიდან" და პოლიციელებიდან არცერთ პირს არ უგია პასუხი სამართლებრივად. მზია დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან შიმშილობს. მის მიმართ აქტიურად აწარმოებენ ე.წ. "გაშავების კამპანიას". ყალბ ანგარიშებს ამოფარებული პროპაგანდისტები თუ სწორედ მათი გავრცელებული პროპაგანდის მსხვერპლები მზიას შესახებ დაწერილ ყოველ ამბავს შაბლონური ტექსტით ეხმიანებიან — "პოლიციელზე სილის დარტყმისთვის არ უნდა დაისაჯოს?! პოლიციელი ხომ გმირია!"
დავუბრუნდეთ "გმირ" დგებუაძეს. აი, რას იხსენებენ ბათუმში დაკავებული დემონსტრანტები:
„…თვითონ დგებუაძე შემახტა, აჭარის ტელევიზიას აქვს კარგად ჩაწერილი ის კადრი, როცა თვითონ მაკავებს და უკვე რვა ადამიანს მივყავარ.
… ორ პოლიციელს ვეჭირე ხელით და ამ დროს ისეთ უშვერი სიტყვები წამოვიდა, რომ რა ვიცი. ჩვენ ყველანი 90-იანელები ვართ და მე ასეთი რაღაც არ გამიგონია, ყველაზე მეტად აი, ამან იმოქმედა. ასაკოვანი დედა მყავს, მამა – გარდაცვლილი და ყველას შეეხო.
ამ დროს, ციალამ თქვა, მე უკვე აღარ მახსოვს, კედელზე მიმარტყმევინა თავი და მერე, უკვე რომ მოვედი [გონს], თითქოს წამიერი იყო ეს ყველაფერი და მერე თქვეს, რომ სადღაც ათჯერ იმოქმედა [ფიზიკურად] და… შემიყვანეს ოთახში, იქაც რა თქმა უნდა გააგრძელა… თვითონ პოლიციელები აშველებდნენ, აკავებდნენ, უკვე ჭკუიდან იყო გადასული…“ – იხსენებს მალხაზ ირემაძე "ბათუმელებთან" საუბრისას.
„დერეფანია და აქეთ და იქით არის ოთახები… დაკავებული ჰყავდა მალხაზ ირემაძე და გოდერძი ფრანგიშვილი. დავინახე მალხაზ ირემაძე და „ხელოვანი კაციაო“ – მე მგონი მეორე დაკავებული ეუბნებოდა, „ამის ხელოვანიო“ და რაღაც მომენტში ზუსტად იმ კართან ჩამოიარა, სადაც მე ვიჯექი.
აშკარად პოლიციელებიც კი ცდილობდნენ მისი აგრესია და ბრაზი, რომელსაც დგებუაძე გამოხატავდა, შეეჩერებინათ. მე დავინახე ხელი როგორ მიადო [დგებუაძემ ირემაძეს] სახეზე და კარი რომ დამიკეტეს, ხმა გავიგონე კედელზე თავის მირტყმის.
საშინელი უშვერი სიტყვებით ლანძღავდა არა მხოლოდ მალხაზს, არამედ აქციის ყველა, თითოეულ მონაწილეს… — ამბობს "ბათუმელებთან" აქტივისტი ციალა ქათამიძე
„როდესაც შემიყვანეს შენობაში, წინ იდგა მალხაზ ირემაძე, რომელიც ასევე დაკავებული ჰყავდა ორ პოლიციელს.
ირაკლი დგებუაძე მომშორდა მე და მივიდა ირემაძესთან და ძალიან გამეტებით ურტყამდა თავში, ძალიან სასტიკად. მე დამაყენეს და მაყურებინეს, როგორ სცემდნენ მას. არ მახსოვს კონკრეტულად რას ვამბობდი, მაგრამ მახსოვს, მოვუწოდებდი, რომ ეს ადამიანი არაფერ შუაში არ იყო და არ გაელახათ.
დარტყმის დროს, ცემის დროს, სავარაუდოდ სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, იმიტომ, რომ ნეგატიური სიტყვები მოდიოდა. არ მახსოვს ზუსტად რას ამბობდა, იმიტომ, რომ იმდენად მოულოდნელი იყო თავში დარტყმები, სიტყვებს ვერ ვიხსენებ, მაგრამ მალხაზი გაკვირვებული იყო, არანაირად არ ელოდა, რომ ასე ცუდად მოექცეოდნენ. თავში ურტყამდა ძირითადად, მე რაც მახსოვს.
შემდგომ ეს ადამიანი შეიყვანეს კაბინეტში… [დგებუაძემ] დაუწყო სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც იყო უფრო მძიმე მოსასმენი… ძალიან ცუდ სიტყვებს ეუბნებოდა, კონკრეტულ სიტყვებს ვერ გეტყვით. იყო გინება ყველანაირი ფორმით, ანუ გინებაზე კი არ იყო, დაკნინება და დამცირება იყო, გინებაც იყო, რა თქმა უნდა. …ლანძღავდა ყველანაირად, ცდილობდა, რომ მორალურად გაენადგურებინა და ირემაძე ძალიან შეურაცხყოფილი იყო, რომ ასეთ რაღაცას ეუბნებოდნენ. — უყვება აქტივისტი გოდერძი ფრანგიშვილი "ბათუმელებს".
მზია ამაღლობელის დაკავების შემდეგ დგებუაძემ იერიში "ბათუმელების" რედაქციის სხვა წევრებზე მიიტანა. ინციდენტის მეორე დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დააკავეს ოპერატორი, გურამ მურვანიძე, მას შემდეგ, რაც პოლიციელებს უთხრა, რომ "ბათუმელებში" მუშაობს. მან რეჟიმის ტყვეობაში 8 დღე გაატარა.
დგებუაძის მიერ ძალადობრივ მოპყრობასა და ძალაუფლების გადამეტებაზე ამბები ვრცელდება, ხალხი საუბრობს, მოჰყავს მტკიცებულებები, მაგრამ მის ფოტოზე წარწერა "პოლიციელი გმირია" მაინც ტრიალებს სოციალურ ქსელებში. ეს ტაქტიკაა, რომელიც მარტივ მიზანს ისახავს — იმას, რომ პოლიციელის სიტყვა ეჭვქვეშ აღარ დავაყენოთ, რომ პოლიციელის მიერ თეთრზე ნათქვამი შავი უფრო სარწმუნო გახდეს ჩვენთვის, ვიდრე ცხვირწინ დადებული ფაქტები, რომ სიმართლეს გამოეცალოს საფუძველი, მოსახლეობას — კრიტიკულად აზროვნების უნარი, სიტყვა "გმირს" კი — მნიშვნელობა.
რა აქცევს პოლიციელს გმირად?
მიშელ ფუკო წერდა, რომ პოლიციური ძალის რეალური მიზანი დანაშაულის შემცირება კი არა, არამედ ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების რეგულირებისათვის თანმიმდევრული, გათვლილი, დეტალური კონტროლის წარმოებაა (დისციპლინა და სასჯელი, 1975). დღევანდელი საქართველოს შემხედველი ნებისმიერი ადამიანი მიხვდება, თუ რას გულისხმობდა ფუკო ამ სიტყვებში — "გმირებად" წოდებული პოლიციელები საპროტესტო აქციებზე მონაწილე ადამიანებისთვის ფოტოების გადაღებით, მათთვის სახიდან ნიღბების ჩამოგლეჯით, ფეიერვერკების მსროლელთა ძებნით და შიშის დასანერგად მოქალაქეების სახლებთან ჩასაფრებით უფრო არიან დაკავებულები, ვიდრე სუსტებისა და ჩაგრულთა დაცვით.
ჩვენი თვალით ვიხილეთ არაერთი შემთხვევა იმისა, რომ პოლიციამ სრულიად უგულებელყო მოქალაქეების დაცვის მოვალეობა და მათზე სრული კონტროლის დამყარების პროცესში ხალხის მჩაგვრელად თვითონ იქცა. ზემოთ მოცემულია პოლიციის ტოტალური, დასამუნჯებელი გულგრილობის ამსახველი კადრებიდან ერთ-ერთი — ქუჩაში, დღისით, მზისით, პოლიციელის წინ სცემენ "პუბლიკის" ფოტოჟურნალისტს, მინდია გაბაძეს. პოლიციელი, რომელსაც მოქალაქეები საკუთარი სამსახურეობრივი ვალდებულების შესრულებისკენ მოუწოდებენ, ყველაფერს ხედავს, თუმცა არაფერს აკეთებს.
სასამართლოში მოწმეებად დაბარებული პოლიციელები
ფოტო: Salome Chaduneli (RFE/RL)
გულგრილობა ერთია, დანაშაულში თანამონაწილეობა კი — მეორე. გარდა იმისა, რომ დღევანდელი პოლიციელები ძალაუფლების გადამეტებით არბევენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ატერორებენ საკუთარი აზრის დაფიქსირების გამო და "ტიტუშკებად" წოდებული კრიმინალები (რომელთა ვინაობაც დადგენილი, გადამოწმებული და პოლიციისთვის გადაცემულია, თუმცა უშედეგოდ) საკუთარ პროტექტორატში ჰყავთ, მათ კორუმპირებული სასამართლო ცრუ მოწმეებად აქტიურად იყენებს.
პოლიციელები, რომელთათვის საქმის კეთილსინდისიერად შესასრულებლად მთავარი მეგზური სიმართლე უნდა იყოს, სხედან სასამართლო პროცესებზე და იტყუებიან. ეს ტყუილები იმდენად პრიმიტიული და სახელდახელოდ შეთხზულია, რომ პოლიციელები ხშირად ერთმანეთის ჩვენებების საწინააღმდეგოდაც მიდიან და მოსამართლეს, თუმცა ძალიანაც არ უნდა რომ ეს უწევდეს, მაინც უწევს მსჯავრდადებულთა "მარტივად" გათავისუფლება — რამდენიმე დღით ციხეში უშვებს ან არაპროპორციულად მაღალ ჯარიმას აკისრებს. მაგალითად, რადიო თავისუფლებასთან საუბრისას 2200 ლარით დაჯარიმებული მოქალაქე, რეზო დუმბაძე, თავისი პროცესის შემდეგ ამბობს: „შსს-ს თანამშრომელი, რომელიც მოწმედ დაიკითხა, ისე დაიბნა, რომ თქვა, მე არ ვყოფილვარ დაკავებაზეო, არადა, როგორც დამკავებელი ისე გამოიძახეს მოწმედ. ეს ნამდვილი სასამართლო არ იყო, ეს მოსყიდული სასამართლოა. თავს დამნაშავედ არ ვცნობ."
სასამართლოში დაბარებული მოქალაქეები, რომელთაც ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის კანონის დარღვევას ედავებიან, ხშირად ამბობენ, რომ მათ "დამკავებელ" პოლიციელებს პირველად ხედავენ. ცრუ მოწმეებად გამოძახებული პოლიციელების არგუმენტებს ადვოკატები უსწრაფესად ანეიტრალებენ, თუმცა სასამართლო, რომელსაც ივანიშვილის კლანი მართავს მურუსიძის ხელმძღვანელობით, მხედველობაში მხოლოდ წინასწარ დარიგებული პოლიციელების პათეტიკურ ჩვენებას იღებს. პოლიციელი ხომ გმირია — როგორ შეიძლება, გმირი იტყუებოდეს?
სამოქალაქო სექტორის მიერ ამოცნობილ პოლიციელთა მცირე სია, რომლებსაც სასამართლო ცრუ მოწმეებად იყენებს
ფოტო: ტაბულა
ერთ მხარესაა უღირსი ტყუილი, თანამოქალაქეებზე ნადირობა, ძალადობა, დანაშაულის დაფარვა, კრიმინალთა დაუსჯელობა, რუსული ინტერესის გატარება და სხვა უამრავი ამორალური საქციელი, რაც პოლიციელების მხრიდან ბოლო თვეებისა და, ზოგადად, წლების განმავლობაში ვიხილეთ, მეორე მხარეს კი სიტყვა გმირი — სიტყვა, რომლის რეალური მნიშვნელობა უამრავი ქართველის მიერ სიცოცხლისა და თავისუფლების გაწირვის შემდეგ, ჩვენი ქვეცნობიერისთვის მშობლიურია. ვინაა გმირი? ირაკლი დგებუაძე, მხოლოდ იმიტომ, რომ მუნდირი მოსავს, თუ მზია ამაღლობელი, რომლის ღირსება და შეუპოვრობა არასდროს დამდგარა კითხვის ნიშნის ქვეშ და რომელიც პატრიოტობისა და მართალი სიტყვის ერთგულების გამო ციხეში გამოკეტეს?
ის ინსტიტუციები, რომლებიც დღეს პოლიციელის მუნდირის მორჩილებისკენ მოგვიწოდებენ და ძალადობრივი რეჟიმის დამყარებაში მონაწილე პაიკებს გმირებს უწოდებენ, ასი წლის წინ გერმანელებს ებრაელი ერის განადგურების აუცილებლობასა და არიული რასის უპირატესობაში არწმუნებდნენ. სწორედ ამ ავტორიტეტების მორჩილების გამო დაიჯერეს ქართველებმაც, რომ მიხეილ ჯავახიშვილი, პაოლო იაშვილი, ტიციან ტაბიძე და სხვა საზოგადო მოღვაწეები უცხო ქვეყნების აგენტები იყვნენ, ამიტომ ომების დაწყება, მეზობელთა და ნათესავთა დასმენა, სისხლით შეღებილი ქუჩები და ფარსად ქცეული სასამართლო პროცესები ახალ ნორმად იქცა. პოლიციელი გმირია მაშინ, როცა დაკისრებულ პასუხისმგებლობას პირნათლად ასრულებს, ემსახურება ხალხს, დგას სიმართლის მხარეს, იჩავს ჩაგრულს. ყველა გმირი პოლიციელი არ არის და არც ყველა პოლიციელია გმირი — საპირისპიროში მოსახლეობის დარწმუნება პოლიციური რეჟიმის დასამყარებლად შექმნილი პროპაგანდის ნაწილია. დიქტატურა სწორედ ავტორიტეტების უტყვი მორჩილებით ყალიბდება, ამიტომ, როგორც მზია ამაღლობელმა თქვა, უნდა ვიბრძოლოთ, სანამ შეგვიძლია — მუდმივად დავსვათ კითხვები, ვიყოთ კრიტიკულები და არავის მივცეთ უფლება, თავსმოხვეული ავტორიტეტებით დაგვათმობინონ თავისუფლება.
-
სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა სტაჟირების პროგრამის ფარგლებში თიბისის გუნდმა სტუდენტებთან შეხვედრების სერია გამართა
-
25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი? 25 ივნისიდან თბილისი-ბათუმის რეისზე რეგულარული ფრენები იწყება — რა ეღირება ბილეთი?
გადახედვა
-
მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს მარნეულის მუნიციპალიტეტში 13 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს
გადახედვა
-
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გოგა მემანიშვილი დაინიშნა — საკადრო ცვლილებები შსს-ში
გადახედვა
-
სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო სომხეთის საბაჟომ ირანიდან შემოსულ ტვირთში დამალული 26კგ ბუნებრივი თმა ამოიღო
გადახედვა
-
რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე? რატომ გვიყვება ყველა ჩატბოტი მუდმივად ერთსა და იმავე პერსონაჟზე — Elias Thorne-ზე?
გადახედვა
-
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამაში მაისის თვეში 500-ზე მეტი მეწარმე ჩაერთო
-
ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე ეს იყო პირველი შეხვედრა სამუშაო დონეზე, რომლის ფარგლებშიც მოხდა პოზიციების გაცვლა — მაკა ბოჭორიშვილი ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს" რიკარდ იოზვიაკი: EU-ს წარმომადგენლები საქართველოსთან ვიზების შესახებ გამართულ დიალოგს აფასებენ, როგორც "საკმაოდ უშედეგოს"
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს" ირაკლი კობახიძე: "საქართველო ყირგიზეთს განიხილავს არა მხოლოდ როგორც მნიშვნელოვან და საიმედო პარტნიორს, არამედ როგორც მეგობარ სახელმწიფოს"
გადახედვა
-
ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს ისტორიული მნიშვნელობის ბრძოლა — ილია თოფურია ტიტულს თეთრ სახლში დაიცავს
-
ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს ჩემს მუსიკას ბარბაროსული სისულელეებისთვის ნუ იყენებთ — არიანა გრანდე თეთრ სახლს მიმართავს
გადახედვა
-
8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან 8 ლიცენზირებული TIR PARK-ის მოქმედი და ყოფილი მეწილეები და დირექტორები ქართული ოცნების წარმომადგენლები და მათთან დაკავშირებული პირები არიან
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა ირაკლი კობახიძე სადირ ჟაპაროვს შეხვდა
გადახედვა
-
შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე შანტაჟისთვის გამოიყენება ვიზალიბერალიზაციის საკითხი — ირაკლი კობახიძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
ჯეიმს ბონდის ფილმების გადაღებაზე უარი ორჯერ მითხრეს, ახლა მათთვის ზედმეტად ძვირი ვარ — სტივენ სპილბერგი ჯეიმს ბონდის ფილმების გადაღებაზე უარი ორჯერ მითხრეს, ახლა მათთვის ზედმეტად ძვირი ვარ — სტივენ სპილბერგი
გადახედვა
-
Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს Pokémon GO-ს მონაცემები სამხედრო დრონების AI სისტემისთვის გამოიყენეს
გადახედვა
-
"მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი" — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე "მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ — ჩვენი, პოზიტიურად ვარ განწყობილი" — გიორგი ტაბატაძე ევროკომისიასთან შეხვედრაზე
გადახედვა
-
დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება დიპლომატიური პასპორტებისთვის უვიზოს შეჩერებაზე, უსამართლოა — საგარეო უწყება 11 ივნისის შეხვედრაზე
გადახედვა
-
მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა მაკა ბოჭორიშვილი ყირგიზ კოლეგას, ჟეენბეკ კულუბაევს შეხვდა
გადახედვა
-
ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ ირანის ელჩი საქართველოში: მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ირანს არასოდეს განუხორციელებია აგრესია მეზობელი ქვეყნების ტერიტორიის წინააღმდეგ
გადახედვა

კომენტარები