რა გავლენა ექნება ტრამპის პრეზიდენტობას სამხრეთ კავკასიაზე?
აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შეთავაზებული საგარეო პოლიტიკური პოზიცია ხშირად ბუნდოვანი იყო, თუმცა ზოგადად შეიძლება გვესმოდეს, რომ მეტწილად იზოლაციონიზმისკენ იხრება. აშშ-ის "გათიშვა" სამხრეთ კავკასიიდან, ან ავტორიტარიზმის მდუმარე აღიარება რეგიონში ვაშინგტონის როლს გადააფასებს.
ზოგადად, ტრამპი საგარეო პოლიტიკის მკაფიო პოზიციებით ცნობილი ლიდერი არ არის, განსაკუთრებით ეს ისეთ რეგიონებს ეხება, რომლებიც აშშ-ის ინტერესებისათვის პერიფერიად აღიქმება — სამხრეთ კავკასია ერთ-ერთი ასეთია. თუ ტრამპის პირველი პრეზიდენტობისას ადმინისტრაციის ქცევას დავაკვირდებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ხელახლა არჩეული ტრამპის იზოლაციონისტური ტენდენციები გაორმაგდება იმ გამოცდილი დიპლომატების გარეშე, რომლებიც სახელმწიფო დეპარტამენტში იქამდე მსახურობდნენ.
არაპროგნოზირებადობა ტრამპის ერთ-ერთი განმსაზღვრელი თვისებაა, შესაბამისად ძალიან რთულია იმის ზუსტად პროგნოზირება, თუ როგორი იქნება მისი ადმინისტრაციის მიდგომა სამხრეთ კავკასიის მიმართ. მიუხედავად ამისა, მაინც შესაძლებელია ზოგადი პროგნოზების გამოთქმა იმაზე დაყრდნობით, რასაც წინა პრეზიდენტობისას ტრამპი და მისი გუნდის წევრები ამბობდნენ რეგიონზე.
საქართველო
მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ურთიერთობა გაუარესდა, აშშ დიდი ხანია საქართველოს რეგიონში თავის ყველაზე ახლო პარტნიორად მიიჩნევს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნისას, როცა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო, საქართველო აქტიურად ცდილობდა, შეერთებულ შტატებთან კავშირები გაეძლიერებინა, რითაც ვაშინგტონიც ბედნიერი იყო, რადგან ფეხის მოკიდებას ცდილობდა სივრცეში, რომელიც იქამდე რუსეთის უკანა ეზოდ მიიჩნეოდა.
ამჟამინდელი მმართველი პარტიის, ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ავტორიტარიზმისკენ გადახრამ და დემოკრატიის უკუსვლამ ვითარება შეცვალა და ვაშინგტონსა და თბილისს შორის განხეთქილება გამოიწვია. ქართველი პოლიტიკოსები, მათ შორის პარტიის ლიდერები, ქვეყანაში მყოფ აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ინსტიტუტებს რეგულარულად ნეგატიურად მოიხსენიებდნენ, მათ შორის ბრალს სახელმწიფო გადატრიალების მხარდაჭერაშიც სდებდნენ.
ტრამპს ხანგრძლივ პარტნიორებთან ურთიერთობების შენარჩუნება ნაკლებად აინტერესებს, ის დიპლომატიას ტრანსაქციურად უყურებს, შესაბამისად, ბუნდოვანია, მოხვდება თუ არა საქართველო ამ ადმინისტრაციის პრიორიტეტების სიაში.
პირველი პრობლემა, სავარაუდოდ, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან იქნება დაკავშირებული, რომელიც ქართული ოპოზიციისა და ევროპული ქვეყნების შეფასებით, საარჩევნო დარღვევებით ჩატარდა და ქართული ოცნების სასარგებლოდ გაყალბდა.
პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას ჯერჯერობით პირდაპირ არ უთქვამს, რომ არჩევნები არალეგიტიმურია, თუმცა ამ ნაბიჯისკენ ზეწოლა 2025 წლის იანვრამდე, დონალდ ტრამპის ინაუგურაციამდე, გაიზრდება.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის დამფუძნებლის, კორნელი კაკაჩიას თქმით, ეს სასურველი მიდგომა იქნება, რადგან სახელმწიფო დეპარტამენტში ჯერ კიდევ არსებობს გაგება, რომ ასეთი გადაწყვეტილებები მომავალ ადმინისტრაციასაც გადაეცემა.
ასეთ შემთხვევაში, ტრამპმა შესაძლოა კურსი შეაბრუნოს და წინა ადმინისტრაციის გადაწყვეტილება გააუქმოს, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ ამ კუთხით, უბრალოდ, აქტიური პოზიცია არ ექნება.
ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში არჩევნების ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, გადამწყვეტი იქნება აშშ-ის მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, განუცხადა კაკაჩიამ OC-Media-ს.
აშშ-ში მცხოვრები ანალიტიკოსები უფრო სკეპტიკურად არიან განწყობილი იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ქართულ დემოკრატიას დაეხმარება.
"ჩემთვის რთულად წარმოსადგენია, რომ ვინმე ტრამპის ადმინისტრაციაში საქართველოში დემოკრატიისათვის აქტიურად იბრძოლებს, ან დაინტერესდება უკანასკნელი არჩევნებით, რომელიც, ჩემი აზრით, გაყალბდა", — განაცხადა კოლუმბიის უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, პოლიტიკის ანალიტიკოსმა ლინკოლმ მიტჩელმა.
ამავდროულად, ქართული ოცნება, ტრამპის გამარჯვებას მხარს ღიად უჭერდა — მისალოც პოსტში, პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ 2025 წელს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვა სურს.
"ქართულ ოცნებას იმედი აქვს, რომ ტრამპის ადმინისტრაცია მეტად ტრანსაქციული გახდება და საქართველოში რამის შეცვლას არ ეცდება", — განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
კაკაჩიას აზრით, პოტენციური ხიფათი მოდის ტრამპის უარყოფითი შეხედულებებიდან ჩინეთის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია, შესაძლოა, სამხრეთ კავკასიით დაინტერესებული ნაკლებად იყოს, ის ნამდვილად დაინტერესდება იქ ჩინური გავლენით, რაც უბიძგებს, რომ უფრო ხისტი იყოს.
იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპს ვიქტორ ორბანის მსგავს ანტიდემოკრატიულ ლიდერებთან კარგი ურთიერთობის გამოცდილება აქვს, ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ის არჩევნების გაყალბების ბრალდებებითა და დემოკრატიის უკუსვლით დაინტერესდება.
მითუმეტეს, ქართული ოცნება აქტიურად ცდილობდა თავი ე.წ. "არალიბერალური დემოკრატიების" კლუბის წევრად წარმოეჩინა, რომლის წევრებიც ერთად დგანან ტრადიციული ღირებულებების დასაცავად. ამის მანიშნებელი ოცნების ორბანთან დაახლოების გარდა ისიცაა, რომ 2023 და 2024 წლებში საქართველოს ყოფილი და ამჟამინდელი პრემიერმინისტრები, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე, უნგრეთში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციებს (CPAC) ესწრებოდნენ, სადაც მთელი მსოფლიოდან ჩამოსული ულტრამემარჯვენე პოლიტიკოსები იკრიბებიან. ორივე მათგანი გამოსვლაში აკრიტიკებდა გლობალიზმს, "ვოუქ კულტურას", ხაზს უსვამდა "ტრადიციული ღირებულებებისა" და ქრისტიანობის დაცვას, ასევე არაერთ ისეთ თემას, რომელთაც ტრამპის MAGA (Make America Great Again) მოძრაობაშიც ხშირად ვხვდებით.
როგორც ასეთი, ტრამპის გადასხვაფერებულ რესპუბლიკურ პარტიას ქართულ ოცნებასთან არაერთი საერთო აქვს, განსაკთრებით სოციალური საკითხების მიმართულებით.
"შესაძლებელია, რომ [ქართული ხელისუფლება] მართალია [ტრამპის ტრანსაქციონალიზმთან დაკავშირებით ვარაუდებში], იმ ფაქტზე დაყრდნობით, რომ თავად ტრამპი და რესპუბლიკელები იმავე ოჯახურ ღირებულებებსა და სხვა საკითხებს იზიარებენ და ახლოს არიან იმ ჯგუფებთან, რომლებთანაც ქართული ხელისუფლება მეგობრობს, მათ შორის ორბანთან და სხვებთან", — განუცხადა კაკაჩიამ OC Media-ს.
საქართველო დიდი ხნის განმავლობაში ეყრდნობოდა აშშ-დან მომავალ დახმარებას, მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისათვის და ბოლო წლებში სამხედრო შეიარაღებასაც კი. ტრამპის ადმინისტრაცია იყო პირველი, რომელმაც უკრაინასა და საქართველოს 2017 წელს "ჯაველინის" ტიპის ანტისატანკო რაკეტები მიაწოდა. 2021 წელს საქართველოს რაკეტები მიჰყიდა ჯო ბაიდენმაც.
არსებობს შესაძლებლობა, რომ საქართველო "რადარის მიღმა დარჩება" იმდენად მაინც, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის კარიერული დიპლომატები, ან რესპუბლიკური პარტიის კონგრესმენები, როგორიც ქართული ოცნების კრიტიკით გამორჩეული ჯო ვილსონია, ფინანსური დახმარებისა და იარაღის მიწოდებას შეინარჩუნებენ.
"ტრამპის ადმინისტრაციამ შეიძლება იფიქროს, რომ არ ღირს ბრძოლა საკუთარ მხარდამჭერებთან [საქართველოს მხარდაჭერასთან დაკავშირებით]", — განაცხადა კორნელი კაკაჩიამ.
ამავდროულად, არსებობს ნიშნები, რომ ტრამპის იზოლაციონიზმი ბოლო წლებში მხოლოდ გაძლიერდა, როგორც მისი ტრანზაქციონალისტური ბუნება, ამიტომ მისმა ადმინისტრაციამ, შესაძლოა დახმარების საპასუხოდ რაიმე მოითხოვოს.
"ფართო პერსპექტივაში, ივანიშვილის უზარმაზარი ქონებისა და საქართველოს ჩინეთთან მზარდი კავშირების გათვალისწინებით, აშშ-ის დაფინანსების მნიშვნელობა გადაჭარბებული იყოს. იმ თანხის გამოყოფა, რომელსაც აშშ საქართველოს აძლევს, ივანიშვილს უპრობლემოდ შეუძლია პირადი ანგარიშიდან. საქართველოს სურს ფული და არა ლექციები და ამას მიიღებს. ისინი ლექციებისა და ფულის გარეშეც კმაყოფილები იქნებიან", — განაცხადა ლინკოლნ მიტჩელმა
სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი
რაც შეეხება სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტს, ამ მიმართულებით არსებობს გამოცდილება, რომლის გადახედვის შემთხვევაშიც შეგვიძლია გამოვიცნოთ, როგორ მოიქცევა ტრამპის ადმინისტრაცია.
ტრამპი პირველი ვადით პრეზიდენტი იყო, როცა 2020 წელს მთიანი ყარაბაღის მეორე ომი დაიწყო, რომელიც 1994 წლის სამშვიდობო შეთანხმების შემდეგ ყველაზე მნიშვნელოვანი ესკალაცია იყო.
ომი 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე დაიწყო, როცა ტრამპი და ბაიდენი წინასაარჩევნო კამპანიით იყვნენ დაკავებული.
მაშინ ტრამპი ამბობდა, რომ სიტუაციას "ძალიან მკაცრად" უყურებდა, ჰქონდა ამ მიმართულებით ძალიან კარგი ურთიერთობები და ეცდებოდა ომის შეჩერებას.
ერთი თვის შემდეგ, როცა ომი ჯერ კიდევ მიმდინარე იყო, ტრამპმა თქვა, რომ მოლაპარაკებებში "შესანიშნავი პროგრესი" ჰქონდა.
"ამ ქვეყანაში ბევრი სომეხი ცხოვრობს. ისინი შესანიშნავი ხალხია და ჩვენ მათ დავეხმარებით", — აცხადებდა ტრამპი.
მიუხედავად ამისა, აშშ არ იყო ჩართული სამშვიდობო მოლაპარაკებებში, რომლებიც რუსეთის მედიაციით მიმდინარეობდა და რომელთა შედეგადაც ომი დასრულდა.
2024 წლის საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, ტრამპი შეეხო როგორც 2020 წლის ომს, ისე 2023 წელს განხორციელებულ აზერბაიჯანის თავდასხმას, რომლის შედეგადაც სომხური ძალები მთიან ყარაბაღში დამარცხდნენ და სომხურ მოსახლეობას ტერიტორიის დატოვება მოუხდა.
"კამალა ჰარისმა არაფერი გააკეთა, როცა 120 000 სომეხი ქრისტიანი იდევნებოდა და არცახიდან იძულებით გამოასახლეს. როცა პრეზიდენტი ვიქნები, დავიცავ ქრისტიანებს, შევაჩერებ ძალადობასა და ეთნიკურ წმენდას და ჩვენ აღვადგენთ მშვიდობას სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის", — დაწერა ტრამპმა თავის სოცმედიის პლატფორმა Truth Social-ზე.
კომენტარებში ტრამპს სომხებმა მალევე უპასუხეს და შეახსენეს, რომ ის არ იყო ჩართული 2020 წლის სამშვიდობო მოლაპარაკებებში.
ამერიკის სომხურმა ეროვნულმა კომიტეტმა (ANCA), ორგანიზაციამ, რომელიც აშშ-ში სომხების პოლიტიკას ლობირებს, ტრამპს ბრალი დასდო პრეზიდენტობის დროს აზერბაიჯანის შეიარაღებასა და გათამამებაში. ორგანიზაციის პრესრელიზში ეწერა, რომ ტრამპმა "განცხადებაზე მეტი უნდა გააკეთოს, მან რეალური შედეგები არჩევნების დღემდე უნდა დადოს".
კავკასიის საკითხების დამოუკიდებელი ანალიტიკოსის, შუჯაატ აჰმადზადას თქმით, ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ადგილს დაიკავებს სომხეთ-აზერბაიჯანისა და კავკასიის საკითხი ტრამპის ადმინისტრაციის პრიორიტეტებს შორის.
"მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის ნებისმიერი ადმინისტრაციისათვის რეგიონი მთავარი პრიორიტეტი არასდროს ყოფილა, არსებობს შანსი იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო პროცესს შეეხება, რათა სიმბოლურად მიიწეროს", — განაცხადა აჰმადზადამ OC-Media-სთან საუბარში.
ამავდროულად, შუჯაატ აჰმადზადას თქმით, ხსენებული ტრამპისტული იზოლაციონიზმი ქმნის ალბათობას, რომ აშშ-ის რეგიონში, ფაქტობრივად, არყოფნის პირობებში სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს რუსეთთან და ირანთან მიმართებით საგარეო პოლიტიკის შეცვლა მოუწევთ.
მოვლენათა განვითარების მესამე სცენარი შეიძლება იყოს ტრამპის ადმინისტრაციის ორი გავლენიანი ფიგურის, რობერტ კენედი უმცროსისა და ვივეკ რამასვამის ზემოქმედებით, აზერბაიჯანის მიმართ აშშ-მ უფრო მკაცრი პოლიტიკა გაატაროს, რადგან ორივე მათგანი სომხური პოზიციის ღია მხარდამჭერია.
არსებობს მოსაზრება, რომ ტრამპი ისეთ საკითხებზე საუბრისას, რომელთა მიმართაც პირადი ინტერესი არ აქვს, იმეორებს პირველივე ადამიანის პოზიციებს, რომელიც მას ამ თემაზე დაელაპარაკება. აჰმადზადას თქმით, ამის გამო ტრამპის კაბინეტში რამასვამისა და კენედი უმცროსის ყოფნა აზერბაიჯანისათვის შეიძლება დიდი პრობლემა იყოს.
"მე მინდა ვნახო მათი სიტყვების მოქმედებად ქცევა. წარსულში, ტრამპის ადმინისტრაციის მნიშვნელოვანი ფიგურები, მათ შორის ისინიც, ვინც მის კამპანიაში იყვნენ ჩართულები, სომხეთისა და მთიანი ყარაბაღის ეთნიკურად სომეხი მოსახლეობის მხარდამჭერ პირდაპირ განცხადებებს აკეთებდნენ. მიუხედავად ამისა, ეს განცხადებები არ ქცეულა ხელშესახებ ცვლილებებად აშშ-ის პოლიტიკაში და, ფაქტობრივად, რეგიონში უკვალოდ ჩაიარა. ბაქო ხსენებულ განცხადებებს ხედავდა, როგორც აშშ-ში სომხური საზოგადოებების მხარდაჭერის მოპოვების მცდელობებს", — განაცხადა ოლესია ვართანიანმა, სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტებისა და უსაფრთხოების საკითხების ანალიტიკოსმა OC-Media-სთან ინტერვიუში.
როგორც მსოფლიოს სხვა ადგილებში, ყველაზე სავარაუდო გავლენა შეიძლება იყოს აშშ-ს მხრიდან ყურადღების ნაკლებობის შედეგები, ვიდრე მიზანმიმართული, პროაქტიული პოლიტიკა.
რეალური პოლიტიკიდან მომდინარე კიდევ ერთი პოტენციური რისკი ეხება იმას, უნდა გააგრძელოს თუ არა ტრამპის ადმინისტრაციამ რესპუბლიკური პარტიის ათწლეულების განმავლობაში გატარებული მკაცრი მიდგომა ირანის მიმართ.
"აშშ-ის მკაცრმა დამოკიდებულებამ ირანთან მიმართებით, შესაძლოა, მნიშვნელოვნად შეზღუდოს სომხეთის თეირანთან ურთიერთობები. იმის გათვალისწინებით, რომ ირანი ერთ-ერთია სომხეთის იმ 2 მეზობელს შორის, რომლებთანაც ქვეყანას საზღვრები გასხნილი აქვს, მისი მნიშვნელობის უგულებელყოფა არ შეიძლება", — განაცხადა OC-Media-სთან ინტერვიუში დემოკრატიისა და უსაფრთხოების რეგიონული ცენტრის ხელმძღვანელმა ტიგრან გრიგორიანმა.
რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში
ანალიტიკოსების განცხადებით, რომლებიც OC-Media-ს ესაუბრნენ, სამხრეთ კავკასია არასდროს ყოფილა და, სავარაუდოდ, არც მომავალში იქნება აშშ-ის საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი — არ აქვს მნიშვნელობა რომელი პრეზიდენტი იქნება სათავეში.
მიუხედავად იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაციას შიდა პრობლემებზე ყურადღების გამახვილება ურჩევნია, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში მაინც ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება.
მიუხედავად იმისა, რომ ომი სამხრეთ კავკასიაში არ მიმდინარეობს, მისი შედეგი რეგიონისათვის დიდი მნიშვნელობის იქნება. რუსეთის გამარჯვება, თუნდაც ნაწილობრივი, გამოიწვევს კრემლის გათამამებას, რაც გამოხატული იქნება კავკასიაში რუსეთის გავლენის კლების ტენდენციის შებრუნებით. მეორე მხრივ, უკრაინის გამარჯვება ამ ტენდენციას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, რაც არაპროგნოზირებად შედეგებს გამოიწვევს.
ტრამპმა არაერთხელ თქვა, რომ არჩევის შემთხვევაში ომს 24 საათში დაასრულებდა. მიუხედავად იმისა, რომ ომი ჯერ ისევ მძვინვარებს, არჩევნების შემდეგ გამოიკვეთა რამდენიმე მინიშნება, თუ როგორ განხორციელდება ტრამპის პოლიტიკა პრაქტიკაში.
6 ნოემბერს Wall Street Journal-მა გამოაქვეყნა სტატია, რომელიც შეიცავდა "გეგმებს" ტრამპის მრჩეველებისგან შესაძლო სამშვიდობო შეთავაზების შესახებ. ერთ-ერთი მათგანმა განსაკუთრებული ყურადღება მიიპყრო — დემილიტარიზებული ზონის შექმნა რუსეთ-უკრაინის საზღვარზე, სადაც ევროპელი ჯარისკაცები განლაგდებიან, უკრაინის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის რუსეთისათვის გადაცემა და პუნქტი, რომ უკრაინა NATO-ს წევრი 20 წლის განმავლობაში არ გახდება.
გეგმა შეიცავს ელემენტებს, რომლებიც მისაღები არც რუსეთისთვის იქნება და არც უკრაინისთვის.
ამის შემდეგ, ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ესაუბრა. გავრცელებული ცნობებით, საუბარში მონაწილეობდა მილიარდერი ილონ მასკიც. კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ეს ამბავი "სრულად გამოგონილი" იყო და ასეთი საუბარი არ შემდგარა.
არჩევნების დღემდე არსებობდა იმედები, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეინარჩუნებდა ჯონ მაკკეინის პერიოდის რესპუბლიკური პარტიის მსგავს მკაცრ პოლიტიკას რუსეთისა და ირანის მიმართ.
ამ იმედების მსხვრევა დაიწყო მაშინ, როცა ტრამპმა განაცხადა, რომ ახალ ადმინისტრაციაში არ იქნებოდნენ არც ყოფილი სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო და არც ნიკი ჰეილი — ორივე მათგანი ტრამპის პირველი ადმინისტრაციის ნაწილი იყო.
New York Times-მა ცოტა ხანში გაავრცელა ინფორმაცია ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით, რომ სახელმწიფო მდივნობის კანდიდატად მარკო რუბიო განიხილება — ერთ დროს ტრამპის ოპონენტი, რომელიც მეტად ძველი სტილის რესპუბლიკელადაა ცნობილი, ირანის, ვენესუელის, კუბისა და ჩინეთის მიმართ მკაცრი დამოკიდებულებით. რუბიო უკრაინისათვის დახმარებასაც ემხრობოდა, თუმცა მიდგომები ძალიან შეარბილა საპრეზიდენტო კამპანიის მიმდინარეობისას. საბოლოოდ, ის ერთ-ერთი იყო იმ 15 რესპუბლიკელი სენატორიდან, რომლებმაც 2024 წლის აპრილში დამატებითი $61-მილიარდიანი დახმარების გაცემის წინააღმდეგ მისცეს ხმა.
კიდევ ერთი სიახლე ადმინისტრაციაში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩევლად კონრესმენი მაიკლ უოლცის დანიშვნაა. უოლცი Economist-ისთვის წერდა და თვლიდა, რომ უკრაინისათვის მუდმივი დახმარება შეცდომაა, თუმცა, ამავდროულად, ემხრობოდა უკრაინისათვის ნაკლები შეზღუდვებით იარაღის მიწოდებას და რუსეთზე ზეწოლის გაზრდას, თუ ის ომის დასრულებაზე უარს იტყოდა.
გავრცელებული ცნობები ადმინისტრაციის შესახებ შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ ტრამპი არ არის მზად, რომ სრულად უარყოს რესპუბლიკური პარტიის ტრადიციული საგარეო პოზიციები.
თუ ტრამპის სიტყვას ვენდობით, უკრაინის ომის დასრულება უმთავრესი პრიორიტეტი იქნება, რაც შეიძლება გახდეს მისი ხელახალი არჩევის პირველი ხელშესახები გავლენა რეგიონზე. სხვა ვარაუდების გასაკეთებლად კი ჯერ ძალიან ადრეა.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
გადახედვაშსს: ზვიად ხარაზიშვილმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე შსს: ზვიად ხარაზიშვილმა ვარჯიშის დროს მიიღო დაზიანება, რის გამოც "ავერსის" კლინიკაში იმყოფებოდა შემოწმებაზე
-
გადახედვავოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენმა გუნდმა 189 უკრაინელის სახლში დაბრუნება მოახერხა
-
გადახედვამათე სოხაძე: მთავრობის ადმინისტრაცია 2025 წლის იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებს მათე სოხაძე: მთავრობის ადმინისტრაცია 2025 წლის იანვრიდან ხელშეკრულებას აღარ მიგრძელებს
-
გადახედვაილიაუნის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა ილიაუნის საჩივარი სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა
-
გადახედვალარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
-
გადახედვააქციაზე ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ ტელეფონი წაართვეს და ამის გამო $68 ათასის ღირებულების კრიპტო აქტივები დაკარგა. აქციაზე ნაცემი მოქალაქე ამბობს, რომ ტელეფონი წაართვეს და ამის გამო $68 ათასის ღირებულების კრიპტო აქტივები დაკარგა.
-
გადახედვააშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს აშშ უკრაინას რუსული გაყინული აქტივებიდან 15 მილიარდ დოლარს გადასცემს
-
გადახედვანიკო მანაგაძე: წერილი გამოგზავნეს, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაო ნიკო მანაგაძე: წერილი გამოგზავნეს, სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს გამოძიებაო
-
გადახედვასაია საკანონმდებლო ცვლილებების მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნებისთვის" სასათბურე პირობების შექმნას ასახელებს საია საკანონმდებლო ცვლილებების მიზნად ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში "ოცნებისთვის" სასათბურე პირობების შექმნას ასახელებს
-
გადახედვაბელორუსიაში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს ბელორუსიაში სანტა კლაუსი და Jingle Bells აკრძალეს
-
გადახედვაუფლებადამცველი თამარ ონიანი ნიღბის ტარების აკრძალვას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს უფლებადამცველი თამარ ონიანი ნიღბის ტარების აკრძალვას ადამიანის უფლებების დარღვევად აფასებს
-
გადახედვაყაზახეთი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიაში ანალიზისთვის გაგზავნის ყაზახეთი "აზერბაიჯანის ავიახაზების" თვითმფრინავის შავ ყუთებს ბრაზილიაში ანალიზისთვის გაგზავნის
-
გადახედვასაქპატენტმა "თოვლის ბაბუა" ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა საქპატენტმა "თოვლის ბაბუა" ინტელექტუალურ საკუთრებად დაარეგისტრირა
-
გადახედვაყოფილმა საჯარო მოხელეებმა "აზრის თავისუფლების ფონდი" დააფუძნეს ყოფილმა საჯარო მოხელეებმა "აზრის თავისუფლების ფონდი" დააფუძნეს
-
გადახედვასალომე ზურაბიშვილი: პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის მიუღებელი სალომე ზურაბიშვილი: პირველივე დღეს რეპრესიული კანონების მიღება არის მიუღებელი
-
-
გადახედვასოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს სოციალურ მუშაკთა გაერთიანება პრობაციის ეროვნული სააგენტოს წინააღმდეგ კოლექტიურ დავას იწყებს
-
გადახედვა10 სიმღერა, რომელიც ქართულ იუთუბზე წელს ყველაზე პოპულარული იყო 10 სიმღერა, რომელიც ქართულ იუთუბზე წელს ყველაზე პოპულარული იყო
-
გადახედვაგიორგი ჩაგელიშვილი: ადვოკატი ვითხოვე და უარი მეთქვა, მაგრამ სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ მე ვთქვი უარი ადვოკატზე გიორგი ჩაგელიშვილი: ადვოკატი ვითხოვე და უარი მეთქვა, მაგრამ სასამართლოზე აღმოჩნდა, რომ მე ვთქვი უარი ადვოკატზე
-
გადახედვადღეს, კლასიკურ გიმნაზიასთან ღონისძიება "გავაცოცხლოთ ხევსურული წერილი!" გაიმართება დღეს, კლასიკურ გიმნაზიასთან ღონისძიება "გავაცოცხლოთ ხევსურული წერილი!" გაიმართება
-
კომენტარები