ფული თუ დამატებითი პოპულარობა? — რატომ მიდიან ჰოლივუდის ვარსკვლავები სერიალებში
"სერიალში ხომ არ ითამაშებდით?" — ადრე ვინმეს ეს ფრაზა კინოს რომელიმე დიდი ვარსკვლავისთვის რომ ეთქვა, სავარაუდოდ, უარყოფითი პასუხის გარდა, ერთი-ორ სალანძღავ სიტყვასაც დაიმსახურებდა. აბა, როგორია, როცა კინოს ლეგენდას გეძახიან და ვიღაც იმდენს ბედავს, რომ მოვიდეს და სერიალში თამაში შემოგთავაზოს?
დიახ, იყო დრო, როდესაც სერიალების ყურება (მით უმეტეს, მასში თამაში) ცუდ ტონად ითვლებოდა. დღეს ამ მხრივ სულ სხვა ვითარებაა. ბოლო წლებში გაუმჯობესდა და შეიცვალა არა მხოლოდ სერიალების ხარისხი, არამედ მთელი ინდუსტრია. ამ სფეროში მომუშავე ადამიანებს ახალმა ტექნოლოგიებმა საშუალება მისცა, ჩანაფიქრი უფრო სრულყოფილი სახით მიეტანათ მაყურებლამდე.
შესაბამისად, ყოველწლიურად იმაზე ბევრად მეტი კარგი სერიალი გამოდის, ვიდრე წინა წელს. წამყვანი კომპანიები გაზრდილი კონკურენციის ფონზე უფრო და უფრო მეტ სცენარისტს ქირაობენ ახალი ისტორიის შესაქმნელად და რაც მთავარია, ეს საბოლოოდ ხარისხზეც აისახება.
საბედნიეროდ, დრო შეიცვალა და თუ ადრე ტელევიზიის ეკრანზე მხოლოდ მეორეხარისხოვანი მსახიობები ან მივიწყებული კინოლეგენდები ჩნდებოდნენ (მაგალითად, როგორც ეს ბეტი დეივისის ან ჯოან კროუფორდის შემთხვევებში მოხდა), დღეს ჰოლივუდის A კლასის ვარსკვლავები აქტიურად თანხმდებიან შემოთავაზებებს, მეტიც, თავად ითხოვენ ამა თუ იმ სერიალში თამაშს.
ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითია 2017 წელს გამოსული HBO-ს სერიალი დიდი პატარა ტყუილები, სადაც ისეთმა თანავარსკვლავედმა მოიყარა თავი, როგორიც არის - ნიკოლ კიდმანი, რიზ უიზერსპუნი და ლორა დერნი. მეორე სეზონში კი სამი ოსკარის მფლობელი მერილ სტრიპიც ითამაშებს.
სერიალებში ვარსკვლავების გამოჩენა აქტიურად იწყება 2000-იანი წლების დასაწყისიდან, ამ დროს ტელევიზია სულ უფრო და უფრო მიმზიდველი ხდება თავისი მრავალფეროვანი კონტენტით და ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან - ჯულიანა მური, ქეით უინსლეტი, რობინ უილიამსი და ა.შ. უფრო მარტივად თანხმდებიან ტელეეკრანზე გამოჩენას, თუნდაც ეპიზოდური როლით.
თანდათან კინოდან ტელევიზიაში გადაბარგებულ ვარსკვლავებს კი ემატებიან - ჯესიკა ლენგი, შონ პენი, ჯულია რობერტსი, ქეით ბლანშეტი, მაიკლ დუგლასი, ჯიმ კერი, ემა სტოუნი, დრიუ ბერიმორი, ემი ადამსი, შერონ სტოუნი და სხვები.
მიზეზი ძალიან ბევრია, თუმცა მათ შორის რამდენიმეა ყველაზე მთავარი - მრავალფეროვნება, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნის შესაძლებლობა, პრესტიჟი, საინტერესო ისტორიები და, რა თქმა უნდა, ჰონორარი. დღეს შოუ-ბიზნესში ყველაფერი ამ სიტყვების გარშემო ტრიალებს.
იმაზე, რომ ტელევიზიას დღეს ოქროს ხანა აქვს, ყველა თანხმდება, თუმცა განსხვავებული აზრები არსებობს იმ თემაზე, როდიდან იწყება სერიალების აღმავლობის ხანა.
კრიტიკოსების აზრით, თანამედროვე ტელევიზია ერთმა სერიალმა, დღეს უკვე საკულტო შოუდ აღიარებულმა სოპრანოს კლანმა განსაზღვრა.
წლების წინ დევიდ ჩიზს ზემოთ ხსენებული შოუ ფილმად ჰქონდა ჩაფიქრებული, თუმცა პერსონაჟიდან და ისტორიიდან გამომდინარე, ფორმატი არ ჰყოფნიდა. ორი საათი საკმარისი ვერ იქნებოდა ტონი სოპრანოსა და მისი ბანდის ისტორიის მოსათხრობად.
დევიდ ჩიზმა სცენარისტებისა და რეჟისორების ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, სცენარი მრავალსერიიან პროდუქტად გადააკეთა და გადაწყვიტა, რომელიმე არხისთვის შეეთავაზებინა.
სანამ სოპრანოს კლანი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალი გახდებოდა, მასზე უარი CBS-მა, FOX-მა და ABC-იმ თქვეს, საკუთარი პოზიცია კი სხვადასხვა მიზეზით გაამყარეს. ზოგს მარტივი ისტორია სურდა, ზოგი თვლიდა, რომ სცენარში ზედმეტად ბევრი გინება იყო, საბოლოო უარის მიზეზი კი მაინც ის ხდებოდა, რომ ვერც ერთი არხის დირექტორმა ვერ გაიგო, რატომ უნდა გადაეღოთ სერიალი, რომელშიც მაყურებელს განგსტერისთვის უნდა ეგულშემატკივრა.
სწორედ ამ დროს გამოჩნდა HBO, საკაბელო არხი, რომელსაც შეზღუდული ფინანსები ჰქონდა. კრის ალბრეხტმა, რომელიც მაშინ არხში მთავარ გადაწყვეტილებებს იღებდა, ჩათვალა, რომ ამ სერიალის გაშვება მათთვის პრესტიჟის საქმე იყო, მით უმეტეს, რომ მათმა წინა პროექტმა, სექსი დიდ ქალაქში, რომელზეც იმედებს არავინ ამყარებდა, მაყურებლის სიყვარული დაიმსახურა.
საბოლოოდ, არხმა მიიღო ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო შოუ, რომელმაც ძირფესვიანად შეცვალა ტელევიზია.
სოპრანოს კლანს მოჰყვა Lost, The Wire, Breaking Bad, Mad Men და ა.შ. სწორედ ამ პროექტებმა აღუდგინეს სერიალებს გატეხილი სახელი.
მაგალითისთვის, გრეის ანატომიამ ABC-ის 3-მილიარდიანი შემოსავალი მოუტანა, ეს რიცხვი კი გაცილებით მეტია ისეთი შოუების შემთხვევაში, როგორებიც არის - Game Of Thrones, Westworld, House of Cards და ა.შ. რეკლამის დამკვეთები სულ უფრო მეტ თანხას დებენ ტელევიზიაში და შესაბამისად ის, რასაც ეკრანიდან ვხედავთ წლიდან წლამდე უკეთესი ხდება.
სერიალებით უფრო ფართო აუდიტორიის დაინტერესებამ ჰოლივუდის მსახიობებს პრესტიჟთან დაკავშირებული ბარიერი მოუხსნა. გარდა ამისა, ახლა სატელევიზიო ჰონორარს უკვე შეეძლო კონკურენცია გაეწია დიდი კინოკომპანიების მიერ გადახდილი თანხებისათვის. თანაც, სერიალი როგორც წესი, წლების განმავლობაში გრძელდება, ეს კი გარანტირებულ შემოსავალს ნიშნავს.
თუკი ერთ დროს Friends-ის ერთ სერიაში მსახიობების მიერ აღებული $1 მილიონი ჰონორარი წლების განმავლობაში ეს ამბავი ლეგენდად დადიოდა, დღეს ეს აღარავის უკვირს.
ისტორიულ მაქსიმუმს ჰონორარების კუთხით მიაღწიეს სამეფო კარის თამაშების მსახიობებმა - პიტერ დინკლიჯი, ნიკოლაი კოსტერ-ვალდაუ, ლინა ჰიდი, ემილია კლარკი და კიტ ჰარინგტონი თითო სერიაში - $2,6 მილიონს იღებენ.
მსახიობთა ჰონორარები სერიალის პოპულარობისა და მათი ხარისხის მიხედვით დგინდება. თუმცა უპირატესობა მაინც სერიალის რეიტინგს ენიჭება.
კიდევ უფრო დიდია ისეთი მსახიობების ჰონორარი, როგორებიც არიან - მერილ სტრიპი, ჯულია რობერტსი, ჯორჯ კლუნი და ა.შ. გარდა იმისა, რომ ისინი A კლასის ვარსკვლავებად ითვლებიან, მათთვის ეს ან პირველი სერიალია, ან ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ტელეეკრანზე დაბრუნება, რაც, რა თქმა უნდა, ფასს ზრდის.
დიდი კინოდან სერიალებში გადანაცვლებულ რობერტ დე ნიროს ამაზონის ახალ სერიალში თითო ეპიზოდისთვის $750 ათასს გადაუხდიან, ხოლო მერილ სტრიპს, რომელიც ჯ. ჯ. აბრამსის მინისერიალში The Nix ითამაშებს - $1,8 მილიონს, ჯორჯ კლუნს Hulu-ს ახალ სერიალში მონაწილეობისთვის $1,5 მილიონს მისცემენ. თანხები, რომლებსაც ეს მსახიობები იღებენ, მხოლოდ დასაწყისია და იმ შემთხვევაში თუ შოუ პოპულარული გახდება, რა თქმა უნდა, ჰონორარიც ერთი ორად გაიზრდება.
შეიძლება იკითხოთ, ზემოთ ჩამოთვლილი მსახიობები ხომ ჰოლივუდის ლეგენდები არიან, რატომ აძლევებ მათ იმაზე ნაკლებს, ვიდრე სამეფო კარის თამაშების მსახიობებს, რომლებმაც პოპულარობა სწორედ ამ შოუში მონაწილეობით მოიპოვეს? გეთანხმებით, ეს მსახიობები ნამდვილად არიან ჰოლივუდის ლეგენდები, მაგრამ ეს მათ "სატელევიზიო ფასს" არ განსაზღვრავს. ასეთ დროს მთავარი ყურადღება შოუს მასშტაბს ექცევა.
მიუხედავად მაღალი ანაზღაურებისა, თანხმობის მთავარი მიზეზი მაინც ის შესაძლებლობებია, რომლებსაც დიდი ვარსკვლავები პატარა ეკრანზე იღებენ.
შეატყობდით, რომ ყოველწლიურად სულ უფრო მეტი კარგი და საინტერესო სერიალი ჩნდება, სადაც პერსონაჟებიც უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოები არიან, მსახიობს კი საშუალება ეძლევა თავისი გმირი არა რამდენიმე საათში, არამედ ეპიზოდიდან-ეპიზოდამდე გაგვაცნოს და მოგვცეს საშუალება, დავაკვირდეთ მათ მრავალფეროვნებას.
გარდა იმისა, რომ ტელევიზიამ არაერთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ჩაიგდო ხელში, უნდა ითქვას ისიც, რომ სერიალებმაც უამრავი კინოვარსკვლავი აჩუქეს კინოსამყაროს. ამის ყველაზე კარგი მაგალითი კი ჯორჯ კლუნია, რომლის კარიერაც სწორედ სამედიცინო დრამაში, ER, შესრულებული როლით დაიწყო.
დღეს ტელევიზიის ეკრანიდან დიდ კინოში გადმოსული ვარსკვლავების რიცხვი კიდევ უფრო მრავალფეროვანია.
მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ დიდ ეკრანზეც ხშირად ჩანდნენ, მაყურებლის უმრავლესობამ სწორედ სერიალების საშუალებით გაიცნო ისეთი დიდებული მსახიობები, როგორებიც არიან - სარა პოლსონი, ელიზაბეტ მოსი, ჯენიფერ გარნერი, კრის ჰემსვორტი და სხვები.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ე.წ. ნეტფლიქსის ეფექტი, რომელიც თანამედროვე ჰოლივუდში ვარსკვლავების ქარხანად მიიჩნევა.
როგორც ნეტფლიქსის აღმასრულებელი დირექტორი ამბობს, და რთულია, არ დაეთანხმო, არხმა სამყაროს აჩუქა ისეთი ვარსკვლავები, როგორებიც არიან - მილი ბობი ბრაუნი, ნოა ჩენტინეო და სხვები.
მსახიობების პოპულარობას მოწმობს მათი ინსტაგრამის გვერდებიც, რომლებიც ნეტფლიქსზე მათი შოუს გასვლის შემდეგ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მაგალითად, თუ Stranger Things-ის გამოსვლამდე, მილი ბობი ბრაუნის ინსტაგრამს რამდენიმე ათასი გამომწერი ჰყავდა, დღეს ეს რიცხვი 17 მილიონზე მეტია.
ჰოლივუდიდან ტელევიზიაში წასულ მსახიობთა უმეტესობა ძირითადად 45+ ასაკის არის, ეს გასაკვირი არც არის. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ასაკის მსახიობებისთვის (განსაკუთრებით ქალებისთვის) წლების განმავლობაში კინოეკრანი მხოლოდ დედებისა და მამების არც თუ ისე საინტერესო როლებით შემოიფარგლებოდა, ტელევიზიამ მათ შესთავაზა მთავარი - წამყვანი როლები საინტერესო პერსონაჟებითა და სთორილაინით.
კინოში შეთავაზებული უინტერესო როლები გახდა ის, რომ დღეს ჰოლივუდის ლეგენდები - ჯეინ ფონდა, კეტი ბეიტსი, ჯესიკა ლენგი, ლილი ტომლინი და სიუზან სარანდონი სულ უფრო ხშირად თანხმდებიან როლებს ტელეეკრანზე.
ზემოთ ჩამოთვლილმა მსახიობებმა სწორედ ტელევიზიაში შესრულებული როლებით მიიღეს ის, რაც წლების წინ დაკარგეს - ყურადღების ცენტრში ყოფნა. მათ კარიერაში ახალი ერა დადგა, მიიღეს ნომინაციები პრესტიჟულ დაჯილდოებებზე და ამის ფონზე კინოეკრანსაც დაუბრუნდნენ - ჰოლივუდმა გადაწყვიტა, 45 წელს გადაცილებული მსახიობებისთვის მეტი დრო დაეთმო და სპეციალურად მათთვის შეექმნათ სცენარები.
გარდა მსახიობებისა, უნდა აღინიშნოს, რომ ტელევიზიის მიმართ სულ უფრო დიდ ინტერესს იჩენენ ლეგენდარული კინორეჟისორებიც.
მაგალითად, ორი ოსკარის ნომინანტი დევიდ ფინჩერი, რომელმაც ბანქოს სახლის ორი სერიის შემდეგ, Mindhunter გადაიღო, ოსკაროსანი რეჟისორი გილერმო დელ ტორო, რომელიც ნეტფლიქსისთვის ჰორორის ჟანრის სერიალს იღებს, მარტინ სკორსეზე, რომელმაც ტელევიზიას არაერთი საინტერესო პროექტი აჩუქა და ა.შ.
გარდა ამისა, მსოფლიო კინემატოგრაფში გარკვეულწილად კრიზისიც შეინიშნება, რაც თავის მხრივ რიმეიქების გადაღებითაც გამოიხატება. მეორე მხრივ კი, ძველი კლასიკური ფილმების ხელმეორედ გადაღება კინოკომპანიებისთვის ძალიან დიდი შემოსავლის წყაროა და მაყურებლისთვის კარგად მივიწყებული ძველის შეხსენების საუკეთესო საშუალება. ეს ყველაფერი მხოლოდ ტელევიზიის წისქვილზე ასხამს წყალს და ტელევიზიებიც უფრო გაბედულად თანხმდებიან სარისკო პროექტების დაფინანსებაზე.
მიუხედავად იმისა, რომ კინო და ტელე ინდუსტრია მშვენივრად ახერხებს თანაცხოვრებას ამ დიდი კონკურენციის ფონზე. ტელევიზია კინოსტუდიებს სულ უფრო მძაფრად უმტკიცებს თავის უპირატესობებს.
სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, პირველ რიგში, სერიალების ყურება, ეს არის სიამოვნება, რომელიც გრძელდება არა რამდენიმე საათით, არამედ - რამდენიმე თვის ან წლის განმავლობაში. თანაც, რაც მთავარია, ახალი ეპიზოდის სანახავად არც სახლიდან და არც კომფორტის ზონიდან გიწევს გასვლა, ის თავად მოდის შენთან, საყვარელი და გემრიელი სასუსნავის სახით, რომელსაც დღის ბოლოსთვის გადავინახავთ ხოლმე.
სერიალების ჩვენს ცხოვრებაში ასეთი დოზით "შემოჭრა" ბევრი მიზეზით არის გამოწვეული. თუნდაც იმით, რომ სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ვერ ახერხებს ყოველი ახალი პრემიერის დროს კინოში წასვლას, ეს განპირობებულია როგორც გადატვირთული გრაფიკით, ისე ეკონომიკური შესაძლებლობებითაც, სერიალმა კი მაყურებელს მისცა ის, რაც სჭირდებოდათ - სახლში, კომფორტულ პირობებში ენახათ არა ერთი, არამედ მრავალსერიიანი ფილმი, რომელიც ყოველდღიურად ახერხებს მოგვწყვიტოს რეალობას, შეგვახედოს სიეტლის საავადმყოფოში და მერიდიტ გრეისთან ერთად გვაცხოვროს, გადაგვაბარგოს ვესტეროსში, ცოტა ხნით გვაქციოს სასოწარკვეთილ დიასახლისად ან დაგვაფიქროს, როგორია სექსი დიდ ქალაქში.
კომენტარები