ლექსების გარდა იარაღი არა მქონია
ლექსებს ვატანდი გულის ნადებს და გულის წყრომას...
ლექსები იყო ჭეშმარიტი გამომსახველი
იმის რაც ჩემში სამუდამოდ ჩაკვდა თუ აღსდგა.

მარიჯანი

მაშინ, როდესაც პარლამენტმა ლგბტქ უფლებების შემზღუდველი საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტი შეიმუშავა, საქართველოში პირველად გამოიცა ქართული ქვიარ პოეზიის ანთოლოგია. პროექტი Creative Collective Spectrum-ისა და ჟურნალ ინდიგოს კოლაბორაციაა.

აღნიშნული ანთოლოგია ოთხი საუკუნის ქართულ პოეზიას აერთიანებს, წიგნის წინასიტყვაობა გიორგი მაისურაძეს ეკუთვნის, ხოლო რედაქტორი ანდრო დადიანია.

კრებული XVII-XVIII საუკუნის პოეტის, შამჩი მელქოს, იგივე მელქუა გულქანოვის ლექსით იხსნება და თანამედროვე ავტორების ტექსტებით სრულდება.

ფოტო: ეარი • Eari

რა ნიშნავს ქვიარ პოეზია?

ქვიარ პოეზიას მდიდარი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს, ეს ტექსტები საუკუნეების განმავლობაში დამალული, უხილავი იყო და ხშირად ცენზურის მსხვერპლი აღმოჩნდებოდა ხოლმე, თუმცა ავტორები მაინც ახერხებდნენ კოდირებული და დაშიფრული ტექსტებით გადმოეცათ საკუთარი სათქმელი, მაგალითად, უილტ უიტმენი ან ემილი დიკენსონი ის ავტორები არიან, რომლებიც საკუთარ ნაწარმოებებში ხშირად ეხებოდნენ ქვიარ თემებს.

მე-20 საუკუნის დასაწყისში, ჰარლემის რენესანსის დადგომასთან ერთად, ქვიარ პოეტები ღიად გამოჩნდნენ, მაგალითად ლენგსტონ ჰიუზი და კლოდ მაკკეი, რომელთა შემოქმედებაც იდენტობისა და სექსუალობის თემებით იყო სავსე. მოგვიანებით, 1970-იან წლებში, ისეთმა პოეტებმა, როგორიცაა ოდრი ლორდი, ალენ გინსბერგი და ედრიენ რიჩი, გადამწყვეტი როლი ითამაშეს ქვიარ პოეზიის ფორმირებაში, ისინი გახდნენ საკვანძო ფიგურები, რომლებმაც თავიანთი შემოქმედება ჰომოფობიის, რასიზმისა და სექსიზმის წინააღმდეგ გამოიყენეს.

ქვიარ პოეზიას იდენტობასთან, სიყვარულთან და საკუთარ ქვეცნობიერ სურვილებთან დაკავშირებული თემების შესწავლა ახასიათებს. ეს თემები კი ხშირად ერთმანეთთანაა გადაჯაჭვული და ქვიარ ავტორების რთულ და მრავალმხრივ გამოცდილებას ასახავს.

ქვიარ პოეზიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მონაპოვარი მისი ინტერსექციურობაა — იდეა, რომ ჩაგვრისა და იდენტობის სხვადასხვა ფორმები ურთიერთდაკავშირებულია.

ქვიარ პოეზია საქართველოში

საქართველოში, ისტორიულად ჰომოეროტიკული პოეზია არასდროს ყოფილა ბრძოლის ინსტრუმენტი, დღევანდელი დღისგან განსხვავებით. მიუხედავად მრავალი გამოწვევისა, რომლის წინაშეც დღეს ქვიარ ავტორები დგანან, ისინი ახერხებენ მარიჯანის მსგავსად ლექსი იარაღად აქციონ.

ყველა ჭეშმარიტი არტისტი კიდეზე ცხოვრობს და ეს არის ხელოვნად ყოფნის არსიც, სევდაც და ძალაც.

ლელა კურტანიძე

ჩვენი საზოგადოების კონსერვატიულმა დამოკიდებულებამ გაართულა ლგბტქ პირებს ღიად და უსაფრთხოდ ცხოვრება, თბილისი, როგორც დედაქალაქი, ერთდროულად პროგრესული აქტივიზმის ცენტრიცაა და ლგბტქ უფლებების შესახებ ინტენსიური კონფლიქტის ადგილიც.

დღეს საზოგადოება მეტ-ნაკლებად წინ მიიწევს ქვიარ იდენტობების უკეთ გაგებისა და მიღებისაკენ, შესაბამისად, ქვიარ პოეზიის როლიც იზრდება, ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ზემოთ აღნიშნული ანთოლოგიის გამოცემა.

საინტერესოა როგორ შეიძლება პოეზია და განსაკუთრებით კი ქვიარ პოეზია დეზინფორმაციის, სიძულვილის ენისა და ზოგადად იმ ყველაფერთან ბრძოლის სიმბოლო გახდეს, რასთან ბრძოლაც სექსუალური უმცირესობების წარმომადგენლებს ან ქვიარ ავტორებს უწევთ ჩვენს ქვეყანაში?

ამ კითხვაზე ერთ-ერთი ავტორი, ლელა კურტანიძე, გვპასუხობს:

ლელა კურტანიძე

ლელა კურტანიძე

"ზოგჯერ ადამიანური ყოფა ძალიან კომიკურ მდგომარეობაში გვაგდებს ხოლმე. წარმოვიდგინოთ რიგითი ჰომოფობი, რომელიც გადაშლის წიგნს და მაგალითად, წაიკითხავს:

'თინას აკოცოს ანამ,
ანას აკოცოს თინამ,
მკერდზე აკოცოს მანამ,
სანამ თინას ქმარს სძინავს'.

მაგრამ ასევე წაიკითხავს ანა ჯავახიშვილის აქ არა იასე, სადაც ჰომოეროტიზმის ამსახველ ერთ სიტყვასაც ვერ იპოვის.

ასეთ უცნაურ გაუგებრობაში მოხვედრილი, დაუსვამს კითხვას თავს, 'რა ჯანდაბაა კაცო ეს ქვიარ პოეზია? სიტყვა ქვიარი არ მომწონს'.

არადა, არაფერია ქვიარ პოეზიაში ის, რისი მარცვალიც ყოველ ადამიანში არაა: ჩარჩოებიდან გასვლის, შეცნობის და შემეცნების, შენად ყოფნის სევდის და შენად ყოფის გამო შიშის შეგრძნებები. ამით ქვიარ ლიტერატურა არაფრით განსხვავდება იმ ლიტერატურისგან, რასაც ვიცნობთ.

ერთ ლექსში მაქვს: 'რაც ღმერთმა არ დაიფარა, ჩემი კალთიდანაც გადმოცვივდა'. აქ მითითება არაა ღმერთის, როგორც დამსჯელი გონის ძალაუფლების დემონსტრირებაზე, არამედ ყოფაში დამაგრების, სიცოცხლისა და არსებობის მინიჭების ფენომენზე, რომელიც თანხვედრაში უნდა იმყოფებოდეს სიმართლესთან. რაც ცრუა, ის აუცილებლად შეწყვეტს არსებობას, სიმართლე არის არსებობის ფუნდამენტი. ესაა მთავარი სიმყარე, რაც აქვს ლიტერატურას და ყველა მართალ ტექსტს. ეს სიმართლე აქვს ქვიარ პოეზიას და ყველაზე მეტად ამის შესახებ იმ ადამიანებმა ვიცით, ვისაც მანკიერი კულტურის წნეხი სხვადასხვა ფორმით საკუთარ თავზე გვაქვს განცდილი".

ქართული ქვიარ პოეზიის ანთოლოგიის პრეზენტაცია 26 ივნისს, ეარში შედგა.