მოკლედ: კომპანია Georgian Water and Power-ის ინფორმაციით, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანებული მონაკვეთები აღდგენილია.

  • აბონენტებს, რომელთაც წყალმომარაგება ამ ინციდენტის გამო ჰქონდა შეზღუდული, წყალმომარაგება დღეს, 24 ივნისიდან, ეტაპობრივად აღუდგება.

დეტალები: ჯივიპის ინფორმაციით, მიმდინარეობს მილსადენის რეცხვა, რის შემდეგაც დაიწყება ქსელის შევსება ლაბორატორიულად შემოწმებული სასმელი წყლით.

  • კომპანიის განცხადებაში ნათქვამია, რომ ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის სასმელი წყლით შევსება რთული და კომპლექსური პროცესია, რასაც მილსადენში წყლის მაღალი წნევით დატვირთვა განაპირობებს.
  • ქსელის შევსების შემდეგ, ჯივიპის ტექნიკური ჯგუფები დაიწყებენ მილსადენისა და მასთან დაკავშირებული ქსელების სრული პერიმეტრის დაკვირვებას და ახალი გადაბმის წერტილების ტექნიკურ მონიტორინგს.

კონტექსტი: 16 ივნისს, წიწამურთან დაზიანდა მაგისტრალური წყალსადენი, რომელიც თბილისში ვაკე-საბურთალოს და გლდანის რაიონების ნაწილს და ქალაქ მცხეთას ამარაგებს.

  • GWP-ის მიხედვით, მესამე მხარის მიერ დიდი ოდენობით დაყრილი მასალის ზეწოლამ გამოიწვია ჯივიპის ცენტრალური წყალსადენის რამდენიმე მონაკვეთის დეფორმირება და გადაბმის ადგილების ერთმანეთისგან დაშორება.
  • კომპანიაში აცხადებენ, რომ დამუშავდა და დატერასდა მეწყრული ფერდი, იდენტიფიცირდა დაზიანებული მონაკვეთების კოორდინატები და განისაზღვრა დაზიანების ხარისხი.