ევროპის ჩემპიონატისთვის გუნდების დაკომპლექტება მარტივი საქმე როდია. მწვრთნელები ამისათვის საკუთარ ცოდნასა და ინტუიციას იყენებენ, თუმცა ეს ზუსტ მეცნიერულ პრინციპებს არ ემყარება და მაყურებელშიც ხშირად იწვევს ბუნდოვანებას.

ფეხბურთელთა უნარების შეფასებისა და გუნდების დაკომპლექტებაში, შესაძლოა, მეცნიერებამ საკმაოდ დიდი წვლილი შეიტანოს, რასაც ბოლოდროინდელი კვლევები მოწმობს.

რამდენიმე ნაშრომის მიხედვით, თუ მარტივი ნეიროფსიქოლოგიური ტესტებით ფეხბურთელთა აღმასრულებელი ფუნქციონირებისა და მუშა მეხსიერების თავისებურებებს გავიგებთ, შესაძლოა, იმის პროგნოზიც შევძლოთ, რამდენ გოლს გაიტანენ, რამდენ პასს გადასცემენ ანდა საერთო ჯამში რამდენად წარმატებულად ითამაშებენ. ეს მოთამაშეებს სხვადასხვა ხარვეზის აღმოფხვრაშიც დაეხმარება.

ფეხბურთელებს, როგორც წესი, ადრეული ასაკიდანვე ირჩევენ მათი უნარებისა და სპორტულობის მიხედვით. ეს სისტემა, ასე თუ ისე, კომპლექსური და ბუნდოვანია. მაგალითად, ინგლისურ სისტემაში მოთამაშეები სრულგანაკვეთიანი წვრთნის კონტრაქტს, ჩვეულებრივ, 16 წლის ასაკში იღებენ. 21 წლისთვის უკვე მოთამაშეთა 75% ფეხბურთს თავს ანებებს.

როგორც წესი, ფეხბურთელებს ფიზიკური უნარების მიხედვით არჩევენ, თუმცა თამაში საბოლოოდ მაინც ტვინზეა დამოკიდებული. წარმატებულმა მოთამაშეებმა უზარმაზარი ინფორმაცია უნდა გადაამუშაონ ძალიან სწრაფად, თანაც უზარმაზარი ფსიქიკური და ფიზიკური წნეხის პირობებში. გადაწყვეტილებები მათ ძალიან სწრაფად უნდა მიიღონ, არარელევანტური ინფორმაცია გაფილტრონ და პარალელურად უაღრესად მოძრავ გარემოსთან ადაპტირდნენ. მოთამაშეებმა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში შემოქმედებითობა და სიზუსტეც უნდა გამოიჩინონ, რომ გუნდის დასახმარებლად საჭირო დროს საჭირო ადგილზე გაჩნდნენ.

თამაშის ინტელექტი

ფეხბურთში საჭირო კოგნიტიურ უნარებს სპორტის ფსიქოლოგიაში ხშირად "თამაშის ინტელექტს" უწოდებენ. ამ მახასიათებლის შეფასება ერთი შეხედვით შეუძლებელია, თუმცა კოგნიტიურ ფსიქოლოგიაში სხვადასხვა მეთოდი შეიმუშავეს აღმასრულებელი ფუნქციონირების შესაფასებლად. ეს უკანასკნელი ტვინში მიმდინარე მარეგულირებელი პროცესებია, რომლებიც კომპლექსურ აზროვნებასა და რთული მოქმედებების განხორციელებაში გვეხმარება, განსაკუთრებით არაორდინალურ სიტუაციებში.

რამდენიმე კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა ასობით უმცროსი თუ უფროსი ელიტარული მოთამაშე შეაფასეს და ნახევრად ელიტარულ, ახალბედა მოთამაშეებსა და ჩვეულებრივ მოსახლეობას შეადარეს.

ნეიროფსიქოლოგიური ტესტები, რომლებიც გამოიყენეს, არავერბალურია და, ჩვეულებრივ, კომპიუტერზე ან ფურცლითა და კალმით სრულდება. მათი მეშვეობით არაერთი უნარი ფასდება, მათ შორის: პრობლემების გადაჭრის, დაგეგმვის, ყურადღების, უკუკავშირის გამოყენების, ბევრი მოქმედების ერთდროულად შესრულების, კოგნიტიური მოქნილობისა და ახალ სიტუაციებთან გამკლავების.

კვლევების შედეგები აჩვენებს, რომ აღმასრულებელი ფუნქციონირება თამაშის ინტელექტთან არის დაკავშირებული, ხოლო ამ მაჩვენებლებში ელიტარულ ფეხბურთელებს არაელიტარულებზე უკეთესი შედეგები აქვთ.

ნაშრომის მიხედვით, ამ ტესტების შედეგების მიხედვით იმის პროგნოზირებაც მოხერხდა, თუ რამდენ გოლს გაიტანდა ფეხბურთელი ან რამდენის გატანას შეუწყობდა ხელს. პროგნოზები ტესტების გაკეთებიდან მინიმუმ ორი წლის განმავლობაში მართლდებოდა.

გუნდების მეცნიერება

წარმატება არამხოლოდ ცალკეულ მოთამაშეებზე, არამედ გუნდში მათი განაწილებაზეც არის დამოკიდებული. მეცნიერები სხვადასხვა პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელთა ტვინის პროფილებსაც იკვლევენ.

საწყისი მიგნებების მიხედვით, წარმატებისათვის საჭიროა, რომ ნახევარმცველებმა ძალიან კარგი აღმასრულებელი ფუნქციონირება შეინარჩუნონ. ამ მოთამაშეებს შეუძლიათ, სხვა ფეხბურთელების პოზიციებს მთლიანი თამაშის განმავლობაში ადევნონ თვალყური, რათა ერთმანეთთან თანამშრომლობით წარმატებული პასები განახორციელონ და მატჩები მოიგონ.

ამის საპირისპიროდ, თავდამსხმელებმა ძალიან სწრაფი და იმპულსური გადაწყვეტილებები უნდა მიიღონ, რომ გოლის გატანა შეძლონ.

მეორე მხრივ, მცველებს აღმასრულებელი ფუნქციების განსხვავებული პროფილები აქვთ. ნაცვლად მუდმივად სივრცეზე ფიქრისა, მათ სხვების სვლების პროგნოზირება უნდა შეძლონ და სწრაფი თავდასხმების მოგერიება მოახერხონ თავდამსხმელებისგან და სტრატეგიული ნახევარმცველებისგან.

ეს ყველაფერი ცალკეული მოთამაშეების წარმატებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ფეხბურთი გუნდური სპორტია და სხვა საკითხების გათვალისწინებაც გვმართებს. წარმატებისთვის მწვრთნელებმა ინდივიდთა უნარები უნდა შეკრიბონ და ისეთი გუნდი შექმნან, რომელიც უბრალოდ ნაწილთა ერთობლიობაზე მეტი იქნება.


ამჟამად, ასე თუ ისე, მაყურებლისთვის გაუგებარია, რა ინტუიციური პრინციპებით არჩევენ მწვრთნელები მოთამაშეებს. მეორე მხრივ, სავარაუდოა, რომ ნეირომეცნიერების წყალობით გუნდების დასაკომპლექტებლად ბევრად ზუსტი მეთოდები გვექნება.

ეს არაერთი კუთხით შეიძლება იყოს სასარგებლო. მაგალითად, ნიჭიერი ფეხბურთელები ადრეული ასაკიდანვე შეირჩევიან; მოთამაშეები შეძლებენ, საკუთარი ძლიერი თუ სუსტი მხარეები უკეთ განსაზღვრონ და ხარვეზები გააუმჯობესონ. მწვრთნელებს საშუალება ექნებათ, ეს მეთოდები პროფილების შესარჩევად გამოიყენონ და გუნდის წარმატების შანსები გაზარდონ.

წინ არაერთი საინტერესო თამაში გველის, მეცნიერება კი თამაშის ოპტიმიზაციასაც გვპირდება. ცნობისთვის, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიებსაც იყენებენ. ამის შესახებ მეტს ამ ბმულიდან გაიგებთ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.