დაუნის სინდრომის მქონე ნეანდერტალელი? — მეცნიერებმა პრეისტორიული ჩონჩხი შეისწავლეს
ესპანეთში მომუშავე მეცნიერებმა ვალენსიაში 1989 წელს მიკვლეული პრეისტორიული ნაშთები შეისწავლეს. მათ შორისაა შიდა ყურის ძვლები, რომლებზეც თანდაყოლილი დეფექტების კვალი შეიმჩნევა, ეს კი სმენის დაქვეითებასა და თავბრუსხვევას გამოიწვევდა.
"დაუნის სინდრომი ერთადერთია, რომელიც ნიმუშებში არსებულ მალფორმაციებს შეესაბამება", — აცხადებენ სპეციალისტები.
მათი თქმით, ეს ძვლები ეკუთვნის ნეანდერტალელს, რომელიც სულ მცირე 6 წლის ასაკში მოკვდა. ახალი მიგნება იმითაა მნიშვნელოვანი, რომ ამგვარი გენეტიკური დაავადების მქონე ადამიანები ადრეულ ეპოქებში, როგორც წესი, დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. შესაძლოა, შესწავლილი ინდივიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა სხვების მიმართ მასზე განსაკუთრებულ ზრუნვას უკავშირდებოდეს, რაც ნეანდერტალელთა შესახებ ღირებულ ინფორმაციას გვაწვდის.
დაუნის სინდრომი ადამიანის მსგავს მაიმუნებშიცაა გავრცელებული და ის პალეოლითის პერიოდშიც გვხვდებოდა. დღემდე მოღწეული ნაშთები მიუთითებს, რომ ამ პრობლემის მქონენი დიდხანს ვერ ცოცხლობდნენ. თავად ჰომო საპიენსებში მსგავსი დაავადების 5 უძველესი შემთხვევაა ცნობილი, რომლებიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე 3629-400 წლებს შორის პერიოდს მოიცავს. 16 თვეზე მეტხანს აქედან არცერთ ბავშვს უცოცხლია, ზემოხსენებული ნეანდერტალელი კი 6-7 წლის უნდა ყოფილიყო.
"ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი ამდენ ხანს გადარჩენა შესაძლოა, იმის დამსახურება იყოს, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში მასზე მუდმივად ზრუნავდნენ და ყურადღებას აქცევდნენ", — აცხადებენ ავტორები.
მათი თქმით, ნეანდერტალელებს, მაშინდელი პირობებიდან გამომდინარე, საკმაოდ აქტიური ცხოვრების წესი ჰქონდათ. შესაბამისად, ამ ინდივიდის მშობლები მის მოვლასა და პარალელურად სხვა აქტივობებისთვის თავის გართმევას რამდენიმე წელი გადაბმულად ვერ შეძლებდნენ. ამისთვის სხვების დახმარება იქნებოდა საჭირო როგორც ზრუნვაში, ასევე ყოველდღიურ საქმიანობაში, ან ორივეში.
მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ამას ადამიანებში უანგარო ემპათიური ქცევის საწყისებთან მივყავდეთ, რადგან პატარა ინდივიდი მათ სანაცვლოდ ვერაფერს მისცემდა.
ახალი ნაშრომი გამოცემაში Science Advances გამოქვეყნდა.
კომენტარები